15 ივლისი, 2016 წელი,
№ას-511-488-2016 თბილისი
ას-511-488-2016- ნ-ი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – ნ. ნ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ნ. დ-ია
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ფოთის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ. დ-იამ (შემდეგში მოსარჩელემ) ნ. ნ-ის (შემდეგში მოპასუხის) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის, მის სასარგებლოდ, 4300 აშშ დოლარის ექვივალენტი 7095 ლარის დაკისრება.
2. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით:
- სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
- მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა 50 ლარის, 3800 აშშ დოლარის შესაბამისი ექვივალენტი ლარისა და მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 189.60 ლარის გადახდა.
3. დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
4. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სასამართლოს და, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, მოითხოვა ყადაღის დადება მოპასუხის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე, ქ.ფოთი, გ-ის ქ.№...-ში, ს/კ ...). განმცხადებლის განმარტებით, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა განპირობებული იყო იმ საშიშროებით, რომ, ვალდებულების შესრულებისაგან თავის არიდების მიზნით, მოპასუხე გაასხვისებდა მის საკუთრებაში არსებულ ქონებას, რაც საფრთხეს შეუქმნიდა გადაწყვეტილების აღსრულებას.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის განჩინებით:
- მოსარჩელის განცხადება დკმაყოფილდა;
- ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის გაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხეს (პ/ნ ...) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ.ფოთი, გ-ის ქ.№...-ში. ს/კ ... - გასხვისება და უფლებრივი დატვირთვა.
6. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 271-ე მუხლზე, ასევე, ამავე კოდექსის 191-ე მუხლზე და განმარტა, რომ გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო ინდივიდუალურად, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი უთითებდა ისეთ გარემოებაზე, რომელიც ასაბუთებდა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საჭიროებას, ვინაიდან არსებობდა მოპასუხის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისების საშიშროება.
7. დასახელებული განჩინება საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება. საჩივრის ავტორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებით მას და მის ოჯახს ადგებოდა მნიშვნელოვანი ზიანი, ვინაიდან იგი ვერ ახერხებდა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვასა და ბანკიდან სესხის აღებას მცირე ბიზნესის საწარმოებლად.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მაისის განჩინებით:
- მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
- საჩივარი, საქმის მასალებთან ერთად, გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
9. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სსსკ-ის 271-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად.
11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ამ თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება, შესაძლოა ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი კონცენტრირებულია სსსკ-ის 191-ე მუხლში, კერძოდ კი იმ წინადადებაში, რომლის თანახმად, თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. ყველა საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლომ, პირველ რიგში, ყურადღება უნდა გაამახვილოს სარჩელის უზრუნველყოფის საფუძველზე, კერძოდ, სამომავლოდ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღუსრულებლობის საშიშროებაზე. მოსარჩელემ უნდა მიუთითოს იმ კონკრეტული გარემოებების არსებობა, რომლებიც ადასტურებენ ვარაუდს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.
12. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებდა, რომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხის ქონების გასხვისების აკრძალვის აუცილებლობა გამოწვეული იყო მოპასუხის მიერ იმ ქონების გასხვისების საშიშროებით, რომელზეც მომავალში უნდა მომხდარიყო გადაწყვეტილების აღსრულების მიქცევა. ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებდა ან შეუძლებელს გახდიდა ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სსსკ-ის 271-ე და 191-ე მუხლებით და მართებულად განახორციელა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა.
13. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებით მას უკანონოდ ეზღუდება საკუთრებით სარგებლობის შესაძლებლობა და ადგება ზიანი, ვინაიდან იგი ვერ ახერხებს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვასა და ბანკიდან სესხის აღებას.
14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ზოგიერთი ღონისძიების გამოყენება მართლაც უკავშირდება მოპასუხის მნიშვნელოვან კონსტიტუციურ უფლებას, კერძოდ, საკუთრების უფლებას. ყადაღის, მათ შორის, ქონების გასხვისების ან უფლებრივად დატვირთვის აკრძალვის დაწესება წარმოადგენს კანონმდებლის ჩარევას ადამიანის ძირითადი უფლების კონსტიტუციით დაცულ სფეროში, ხოლო ამგვარი ჩარევის (შეზღუდვის) გამართლება უნდა მოხდეს თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის საჯარო მიზნისა და საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული კერძო ინტერესის ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ყადაღის დაწესებით, კანონმდებელმა აუცილებელ საჭიროებად მიიჩნია მოსარჩელის მატერიალურ უფლებათა რეალური განხორციელების უზრუნველყოფა სასამართლო პროცესის დასრულებამდე, რაც სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და სასამართლო გადაწყვეტილებათა ეფექტური და დაუბრკოლებელი აღსრულების საჯარო ინტერესის დაცვის მიზანს ემსახურება. ეს კი, უდაოდ მნიშვნელოვანია სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის და დემოკრატიული ინსტიტუტების ქმედითობას უწყობს ხელს, შესაბამისად, საკუთრების უფლების შეზღუდვისას ამგვარი მიზნის მითითება ლეგიტიმურია. ამასთან, საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.
15. საპროცესო კანონში სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის გათვალისწინება გულისხმობს აღნიშნული ინსტიტუტის გამოყენების დაწესებას ისეთი შემთხვევებისათვის, როდესაც იგი გამართლებულია, ხოლო, არის თუ არა გამართლებული, ამის შესახებ სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ უნდა დაადგინოს, რომ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადება წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების ეფექტური და დაუბრკოლებელი აღსრულების აუცილებელ და ერთადერთ საშუალებას. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არაა, რომ ყადაღადადებული ქონება წარმოადგენს მოვალის ერთადერთ აქტივს, რომელზედაც შეიძლება მოხდეს გადაწყვეტილების აღსრულების მიქცევა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ თავად საჩივრის ავტორის განმარტებით, მას სურს საბანკო კრედიტის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დატვირთოს ეს ქონება, რაც, ცხადია, ზრდის იმის საშიშროებას, რომ, საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოხდეს მოვალის ქონების რეალიზაცია ბანკის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ასეთ ვითარებაში, საკასაციო პალატის მოსაზრებით, გამართლებულია მოპასუხის ქონების მიმართ გასაჩივრებული განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
16. სსსკ-ის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო სსსკ-ის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
17. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, შესაბამისად, მოპასუხის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
18. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 1971 მუხლის მე-4 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ნ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ე. გასიტაშვილი