Facebook Twitter

№აs-310-295-2016 4 ოქტომბერი, 2016 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ც.ქ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,ლ.ბ.“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2016 წლის 24 თებერვლის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ილ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ც.ქ–ძე (შემდეგში მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) 2008 წლიდან პენსიონერია. საპენსიო თანხა მას სს „ლ.ბ–ში“ (შემდეგში-მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან ბანკი) ერიცხება.

2. მოსარჩელე იღებს სოციალურ პაკეტს მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობებით - უვადოდ და ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით. იმავდროულად, 2014 წლის აგვისტოს ჩათვლით, ის რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მის ოჯახს ყოველთვიურად ერიცხებოდა საარსებო შემწეობა - 108 ლარი.

3. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2008 წლიდან დაიდო სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო პენსიის ავანსის ხელშეკრულებები. ავანსის მოქმედების ვადა იყო 2 ან 3 თვე, შესაბამისად, მოსარჩელეს ავანსად ერიცხებოდა 2 ან 3 თვის თანხა.

4. 2008 წლიდან მოსარჩელეს ყოველთვიურად თავისი ანგარიშიდან გაჰქონდა მხოლოდ ერთი თვის სახელმწიფო პენსიისა და საარსებო შემწეობის თანხები.

5. მხარეთა შორის დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელის ანგარიშზე ყოველთვიურად დარიცხული საპენსიო და სოციალური დახმარების თანხები მთლიანად მიექცეოდა მისი ძველი დავალიანებების დასაფარად, შესაბამისად, იგი თანხების განაღდებას ვეღარ ახერხებდა.

6. ბანკის მიერ აღნიშნული თანხების დაკავება, მოსარჩელემ უკანონოდ მიიჩნია. 2015 წლის 14 ივლისს, მან სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ 4 552.07 ლარის დაბრუნების მოთხოვნით. სარჩელი დასაბუთებული იყო შემდეგი გარემოებებით:

6.1. პენსია მას მოპასუხე ბანკში ერიცხება, საპენსიო ამონაწერებში შეყვანილია გზავნილები, რომლებიც ავანსადაა გატარებული.

6.2. მან ოჯახისთვის თავის სახელზე შეიძინა ნივთები, რომლის თანხებსაც საკუთარი სახელით სს „ს.ბ–ის“ მეშვეობით სს „მ.ო.კ–ში“ რიცხავდა. მის მიერ შეტანილი თანხები მოპასუხე ბანკის ამონაწერში ავანსის სახითაა გატარებული, ბანკს მისთვის დასაბრუნებელი აქვს 4 552.07 ლარი, რომელიც უკანონოდ აქვს დაკავებული 2008 წლიდან.

7. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამებაოდა სინამდვილეს და არ დასტურდებოდა სასარჩელო განცხადებაზე თანდართული მტკიცებულებებით.

7.1. შესაგებლის ავტორის მოსაზრებით, ასევე, უსაფუძვლო იყო მოსარჩელის განმარტება, რომ იგი სხვადასხვა ბანკებში ფარავდა შეძენილი ნივთების დავალიანებას, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში გაუგებარია, თუ რა პრეტენზია გააჩნდა მას ბანკის მიმართ.

7.2. მოპასუხემ მიუთითა, რომ მოსარჩელემ ანალოგიური სასარჩელო მოთხოვნით მიმართა თერჯოლის მაგისტრატ სასამართლოს და მოითხოვა 2014 წლიდან 2015 წლამდე არსებული მიუღებელი საპენსიო თანხების ბანკისათვის დაკისრება, თუმცა აღნიშნული სასარჩელო განცხადება 2015 წლის 25 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით უარყოფილ იქნა. მოპასუხეს მიაჩნდა, რომ ამ ნაწილში საქმის წარმოება, სსსკ-ის 272-ე მუხლის „ბ“ ქ/ პუნქტის თანახმად, უნდა შეწყვეტილიყო.

8. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 623-ე, 624-ე, 867-ე მუხლები.

9. ამავე სასამართლოს 2015 წლის 29 ოქტომბრის საოქმო განჩინებით, 2014 წლის 11 ოქტომბრიდან 2015 წლის 13 მარტამდე პერიოდში ჩარიცხულ თანხებთან დაკავშირებულ სასარჩელო მოთხოვნაზე, სსკ-ის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შეწყდა საქმის წარმოება.

10. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ მისი გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგი საფუძვლებით:

10.1. გადაწყვეტილება იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული;

10.2. სასამართლო სხდომაზე მოპასუხის 2009 წლიდან 2015 წლამდე ამონაწერში ამოღებულია რიცხვები და წლები, გარდა ამისა, მას აქვს ორი სხვა ამონაწერი, რითაც სარგებლობს. ყოველივე ეს კი, იძლევა საფუძვლიან ეჭვს, რომ ბანკმა უკანონოდ შეუზღუდა მას უფლებები.

11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 27 იანვრის მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი, რის გამოც მოწინააღმდეგე მხარემ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა იშუამდგომლა {საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 387-ე მუხლის პირველი ნაწილი}.

12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 27 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით აპელანტს უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

13. აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება აპელანტმა გაასაჩივრა. მან პროცესზე გამოუცხადებლობის მიზეზად უამინდობა დაასახელა.

14. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 24 თებერვლის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, იმ მიზეზით, რომ არ არსებობდა სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საპატიო გარემოებები.

15. 2016 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება და იმავე წლის 24 თებერვლის განჩინება, რომლითაც ძალაში დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, საკასაციო წესით გაასაჩივრა კასატორმა, მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვა, შემდეგი დასაბუთებით :

15.1. სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული;

15.2. დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, ვინაიდან 2016 წლის 27 იანვრის სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი უამინდობა იყო, რაც იმავე დღეს ეცნობა სასამართლოს.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი, სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.

სამოტივაციო ნაწილი:

17. საქმის მასალების გაცნობა, მათი შესწავლა და ანალიზი, ასევე, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმება, საკასაციო სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს, გამოიტანოს დასკვნა საჩივრის უსაფუძვლობის თაობაზე.

18. სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

19. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ კანონის სრული დაცვით მიიღო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ასევე სწორად არ დააკმაყოფილა კასატორის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

20. საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგს:

20.1. სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით {სსსკ-ის 372-ე მუხლი}.

20.2. აპელანტის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და 2016 წლის 4 იანვრის განჩინებით, 2016 წლის 27 იანვარს, 11:00 საათზე, დაინიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა {სსსკ-ის 373-ე და 376-ე მუხლები};

20.3. საქმეში განთავსებული 2016 წლის 8 იანვარს გაგზავნილი სასამართლო უწყება, სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოწვევისა და გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე, აპელანტს გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე და 2016 წლის 10 იანვარს ჩაბარდა გადასაცემად მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს (იხ. ს.ფ. 154)

20.4. სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტი არ გამოცხადდა; მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი ნაწილით და გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი. კასატორის მტკიცება, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინამძღვრები დაუსაბუთებელია;

20.5. უტყუარადაა დადგენილი, რომ მხარის გამოუცხადებლობას არ გააჩნდა საპატიო მიზეზი. სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა საქმის გარემოებები და დაასკვნა, რომ 2016 წლის 27 იანვრის სხდომის თარიღისა და ადგილის შესახებ, ასევე, გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებზე, კასატორს კანონით დადგენილი წესით ეცნობა სხდომის ჩატარებამდე დიდი ხნით ადრე, 10 იანვარს {სსსკ-ის 74-ე მუხლის პირველი ნაწილი}.

21. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოობის შესაფასებელ წინაპირობებად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მხარისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას.

კასატორის არგუმენტი, რომ მის გამოუცხადებლობას საპატიო მიზეზი ჰქონდა, კერძოდ, უამინდობა, დამაჯერებლობასაა მოკლებული. ამ გარემოების დამადასტურებელი ობიექტური მტკიცებულება მხარემ ვერ წარუდგინა სასამართლოს. მისი განმარტების ანალიზი კი, მხოლოდ იმას მოწმობს, რომ იგი ყურადღებით არ გაეცნო უწყებაში მითითებულ სხდომის გამართვის დროის შესახებ ინფორმაციას, რაც განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად ვერ შეფასდება.

22. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 241-ე მუხლი განსაზღვრავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამ კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. შესაბამისად, გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ გადაწყვეტილებას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები. სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილი იმ შემთხვევების ჩამონათვალს იძლევა, რომელთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, აღნიშნული ნორმის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები (შდრ. სუსგ საქმე #ას-914-876-2014, 19.02.2014, # ას-1243-1166-2015, 9.03.2016); აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილთაგან არცერთი გარემოება საქმეზე დადგენილი არ ყოფილა.

23. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მის შვილს - ვ.ქ–ეს ჩაბარდა სასამართლო უწყება, რომელშიც მითითებული იყო 2016 წლის 27 იანვრის სასამართლო სხდომაზე მოწვევისა და გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე. საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს და ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რომ მან ვერ შეძლო სასამართლო სხდომაზე დროულად გამოცხადება ცუდი ამინდის გამო, ამასთან, ვერც საკასაციო საჩივარზე თანდართული თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გაცემულ ცნობას ექნება საქმისათვის მტკიცებულებითი მნიშვნელობა. აღნიშნულთან მიმართებით, პალატა განმარტავს, რომ კასატორს შეეძლო წინასწარ ეცნობებინა სასამართლოსათვის მოსალოდნელი დაგვიანების შესახებ {სსსკ-ის 241-ე მუხლის ბოლო წინადადება}, ასევე, სსსკ-ის 233-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ პუნქტებით განსაზღვრული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ წარდგენილ საჩივარში მიეთითებინა გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, რაც მას არ გაუკეთებია. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ და მატერიალურ სამართლებრივ საფუძვლებს, ანუ არ შეიცავს იმ საპატიო გარემოებათა აღწერას, რაც აპელანტის სხდომაზე გამოუცხადებლობის პირობებში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას გამორიცხავდა.

24. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ვინაიდან არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სსსკ-ის 393-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-7, მე-8, 257.1, 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ც.ქ–ძეს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2016 წლის 24 თებერვლის განჩინება;

3. კასატორი განთავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მზია თოდუა

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი