Facebook Twitter

საქმე №ა-525-ბ-3-2016 30 აგვისტო, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი(მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – შპს „ს-ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „დ-ა“ (მოპასუხე)

განმცხადებლის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 სექტემბრის განჩინების ბათილად ცნობა და საქმისწარმოების განახლება

დავის საგანი– უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული შემოსავლის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ს-ის“ (შემდეგში: გამყიდველი, მოსარჩელე ან კასატორი) სარჩელი შპს „დ-ას“ (შემდეგში: მყიდველი, მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) წინააღმდეგ, უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული შემოსავლის დაბრუნებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 385-ე, 976.1 „ა“, 879-ე. 991-ე, 408-ე, 427-ე მუხლები) დაკმაყოფილდა.

2. გამყიდველის სასარგებლოდ მყიდველს დაეკისრა 200 000 ლარი, ასევე, 160 000 ლარის წლიური 48 %-ის გადახდა, 2013 წლის 24 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; ასევე, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 5 000 ლარის, იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული 1 000 ლარისა და სასამართლოსგარეშე ხარჯის - 468 ლარის ანაზღაურება.

3. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით მყიდველის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გამყიდველის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 სექტემბრის განჩინებით გამყიდველის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ, 391-ე, 401-ე მუხლები).

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, 2016 წლის 10 თებერვალს განცხადებით მომართა მოსარჩელემ, მოითხოვა ამავე სასამართლოს 2015 წლის 28 სექტემბრის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.

8. განცხადება მოტივირებულია იმით, რომ საქმის მომხსენებელ მოსამართლეს, ნ. ბ-ს (თავმჯდომარე, მომხსენებელი) არ უნდა მიეღო მონაწილეობა საქმის განხილვაში, იქედან გამომდინარე, რომ ნ. ბ-ი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არჩევამდე, სამართლებრივ მომსახურებას უწევდა, მათ შორის, საბანკო სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, სს „ს-ს“ (შემდეგში - ბანკი). განსახილველ დავაში მოწინააღმდეგე მხარე არის ბანკის შვილობილი კომპანია. საქმის მომხსენებელი მოსამართლე კი იყო იურიდიული კომპანიის „ნ-ი“ (შემდეგში - იურიდიული კომპანია) პარტნიორი. იურიდიული კომპანია სამართლებრივ მომსახურებას უწევს და უწევდა როგორც ბანკს, ასევე, მის შვილობილ კომპანიას. კასატორის განმარტებით, ზემოთ დასახელებული მიზეზის გამო, მოსამართლე ვერ იქნება ობიექტური და მიუკერძოებელი განსახილველ დავაში, რაც სსსკ-ის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების მიხედვით მოსამართლის აცილების საფუძველია. განმცხადებლის მითითებით, მოსამართლეს მყიდველთან (მოპასუხესთან) ვალდებულებები აკავშირებდა, სწორედ ამიტომ ის დაინტერესებული იყო საქმის შედეგით. ყველა შემთხვევაში ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საქმის მომხსენებელი მოსამართლე წარმოადგენდა იმ იურიდიული კომპანიის პარტნიორს, რომელიც სამართლებრივ მომსახურებასა და კონსულტაციას უწევდა საქმეში მონაწილე ერთ-ერთ მხარეს, ეჭვს იწვევს მოსამართლის მიუკერძოებლობაში. განმცხადებელი უთითებს, რომ საქმის მომხსენებელი მოსამართლის დასახელებულ იურიდიულ კომპანიაში პარტნიორობისა და ბანკისათვის სამართლებრივი მომსახურების გაწევის შესახებ, მისთვის ცნობილი გახდა გაზეთის “ქ-+“-ის რეპორტაჟის მომზადებისას, რომელიც მეორე დღეს - 19 იანვარს გამოიცა საგაზეთო სახით, ამდენად, მხარეს დაცული აქვს სსსკ-ით დადგენილი ერთთვიანი ვადა განცხადების წარმოდგენის დროს (იხ. განცხადება- ტ.2, ს.ფ.141-144; სსსკ-ის 426.1 მუხლი).

9. განმცხადებელმა დამატებითი წერილობითი არგუმენტები წარმოადგინა 2016 წლის 11 ივლისს, სადაც აღნიშნა, რომ მე-7 პუნქტში შეტანილ განცხადებაზე, მომხსენებელმა მოსამართლემ თვითაცილება განაცხადა, ხოლო საქმის სხვა მოსამართლისათვის - ბ. ა-ისათვის გადაცემის შემდეგ, ამ უკანასკნელმაც აიცილა საქმის განხილვა (იხ. ქვემოთ 16-19, 21-22 პუნქტები). საქმის განხილვაზე მეორე მოსამართლის მიერ გაცხადებული თვითაცილების მოტივმა, კიდევ უფრო დაარწმუნა განმცხადებელი საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 28 სექტემბრის განჩინების უკანონობაში. განმცხადებელმა ისიც აღნიშნა, რომ საქმის მომხსენებელმა მოსამართლემ, ერთ-ერთ საქმეზე, სადაც მხარედ მონაწილეობდა ამ განჩინების მე-8 პუნქტში დასახელებული ბანკი, თვითაცილება განაცხადა და არ განიხილა საქმე. ამ საქმის შესახებ განმცხადებლისათვის ინფორმაციის მიწოდებაზე, უზენაესმა სასამართლომ უარი განაცხადა მასში დაფიქსირებული პერსონალური მონაცემების საფუძვლით. მოსარჩელის მოსაზრებით, ორივე მოსამართლეს - ნ. ბ-სა და ბ. ა-ეს თავიდანვე უნდა განეცხადებინათ თვითაცილება კონკრეტული საკასაციო საჩივრის განხილვაზე. განმცხადებელი იმ საფრთხეზეც უთითებს, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ კანონიერი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლებელია, რისკის ქვეშ დადგეს ის 20-მდე საქმე, სადაც კონკრეტული ბანკია მხარე და ამ მომხსენებელ მოსამართლეს აქვს მონაწილეობა მიღებული. განმცხადებელი, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სამართლიანი სასამართლოს უფლების (მე-6 მუხლი) წესის დარღვევის გამო, ითხოვს განცხადების განხილვას და უზენაესი სასამართლოს 28.09.2015წ. განჩინების ბათილად ცნობას.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 2 მარტის განჩინებით გამყიდველის განცხადება მიჩნეულ იქნა დასაშვებად, ხოლო იმავე წლის 28 ივლისს დანიშნული განხილვა გადაიდო 30 აგვისტოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კასატორის მიერ წარმოდგენილი განცხადების შესწავლის, საქმის მასალების შემოწმებისა და გაანალიზების შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

11. სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (სსსკ-ის 422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ (სსსკ-ის 423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

12. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებლის პრეტენზია, საქმის მომხსენებელი მოსამართლის მიკერძოებულობისა და განსახილველი საქმის შედეგისადმი დაინტერესების შესახებ, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, რადგან წინამდებარე განჩინების მე-8 პუნქტში მითითებული მოტივაცია მარტოოდენ მხარის სუბიექტურ შეფასებასა და აღქმას ეფუძნება და არ არის გამყარებული ისეთი ფაქტების მითითებით, რომელიც სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - „კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ: ა) გადაწყვეტილების მიღებაში მოანწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში“ - განსაზღვრულ კლასიკურ შემთხვევას წარმოადგენს. მიუხედავად აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო ამ განჩინების მიღების სამართლებრივი მოტივაციის მითითებამდე, იმ ფაქტობრივ წინაპირობებზე იმსჯელებს, რომლებიც სამართლებრივად მნიშვნელოვანია განცხადების განხილვისას და რომელთა ერთობლიობამაც განაპირობა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

13. განმცხადებელი, რომლის ინიციატივითაც დაწყებული სასამართლო დავა წარმატებული აღმოჩნდა პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას, სააპელაციო სასამართლოში აპელანტის (მოპასუხის) პროცესუალურ მოწინააღმდეგეს წარმოადგენდა და ამ ეტაპზე დავა აპელანტის სასარგებლოდ გადაწყდა (იხ. ამ განჩინების 1-4 პუნქტები).

14. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა განმცხადებელმა (მოსარჩელემ) და საქმე საკასაციო სასამართლოში დარეგისტრირდა 2014 წლის 10 სექტემბერს. საკასაციო სასამართლოს იმავე წლის 16 სექტემბრის განჩინებით, მოსამართლე თ. თ-ამ წარმოებაში მიიღო მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, მისი დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად (იხ. ტ.2, ს.ფ. 106, 108). მოსამართლის რეფერენტმა 2014 წლის 16 სექტემბერს 15:35 საათზე სატელეფონო შეტყობინებით აცნობა კასატორს სასამართლოს მიერ ამავე დღეს მიღებული განჩინება (საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი), ხოლო მოწინააღმდეგეს გაუგზავნა სასამართლოს განჩინებისა და საკასაციო საჩივრის ასლები (იხ. ტ.2, ს.ფ. 110-111).

15. საქმის მასალებში განთავსებული 10.03.2015წ. ცნობის მიხედვით, აღნიშნულ საქმეზე მომხსენებელ მოსამართლეს (თ. თ-ას), 2015 წლის 25 თებერვალს, ამოეწურა სამოსამართლო უფლებამოსილების ათწლიანი ვადა, რის გამოც საქმე განსახილველად გადაეცა მოსამართლე ნ. ბ-ს (იხ. ტ.2, ს.ფ. 116).

16. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2015 წლის 28 სექტემბერს, შემდეგი შემადგენლობით: ნ. ბ-ი (თავმჯდომარე, მომხსენებელი), ზ. ძ-ი, ბ. ა-ე მიიღო განჩინება, რომლითაც დაუშვებლად იქნა ცნობილი მოსარჩელის საკასაციო საჩივარი (იხ. განჩინება - ტ.2, ს.ფ. 117-131), ხოლო განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი იმავე წლის 9 ოქტომბერს ეცნობა კასატორს (იხ. შესაბამისი აქტი - ტ.2, ს.ფ. 133).

17. აღნიშნული განჩინების შინაარსის მხარისათვის შეტყობინების შემდეგ, კასატორმა 2016 წლის 10 თებერვალს მომართა საკასაციო სასამართლოს (იხ. 7-8 პუნქტები).

18. განცხადება, დადგენილი წესით, გადაეცა მომხსენებელ მოსამართლეს, რომელმაც 2016 წლის 18 თებერვალს წერილობით მიმართა სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარეს, სადაც მიუთითა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 სექტემბრის განჩინების ბათილად ცნობას, განმცხადებელი ითხოვდა იმ საფუძვლით, რომ მომხსენებელ მოსამართლეს არ უნდა მიეღო მონაწილეობა საქმის განხილვაში, რაც განცხადების წარმოებაში მიღებისა და დასაშვებად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს უნდა შეეფასებინა. ამ მოტივით მოსამართლემ მოითხოვა საქმის სხვა მოსამართლისათვის გადაცემა (იხ. მომხსენებელი მოსამართლის განცხადება - ტ.2, ს.ფ. 140).

19. სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 2 მარტის განჩინებით, მოსამართლე ბ. ა-ემ, განცხადება დასაშვებად მიიჩნია (იხ. განჩინება - ტ.2, ს.ფ.162-163). აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი იმავე დღეს ეცნობა განმცხადებელს, ხოლო მოწინააღმდეგეს გაეგზავნა განჩინებისა და განცხადების (თანდართული მასალებით) ასლები.

20. განმცხადებლის პროცესუალურმა მოწინააღმდეგემ (მოპასუხემ) 2016 წლის 11 მარტს წერილობითი პასუხი წარმოადგინა მოსარჩელის განცხადებაზე და განმარტა, რომ არ ეთანხმებოდა ოპონენტის მიერ მითითებულ გარემოებებს, რადგან დაუსაბუთებელი იყო არგუმენტები 2015 წლის 28 სექტემბრის განჩინების მიმღები სასამართლო შემადგენლობიდან მომხსენებელი მოსამართლის აცილების შესახებ (იხ. მოპასუხის პოზიცია - ტ.2, ს.ფ. 167-168).

21. სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ბ. ა-ემ, პალატის თავმჯდომარეს, 2016 წლის 3 მაისს წერილობით მიმართა და განმარტა, რომ მისთვის ცნობილი გახდა, რომ განმცხადებელი საწარმოს პარტნიორსა და ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან - მ. კ-ესთან აკავშირებს არა ერთი საერთო ნაცნობი. შესაბამისად, მოსამართლემ ამ გარემოების შეტყობიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ არსებობდა მისი აცილების სსსკ-ის 31.1. მუხლი “დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობა („არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მოსამართლის მიუკერძოებლობაში“) და მოითხოვა აღნიშნული საკითხის განხილვა.

22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 3 მაისის განჩინებით საკასაციო სასამართლომ განიხილა მოსამართლე ბ. ა-ის განცხადება და ააცილა იგი საქმის განხილვას.

23. საკასაციო სასამართლომ 14-22 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი წინაპირობების დეტალური გაანალიზების შედეგად, იმსჯელა რამდენიმე საკითხზე, რომელიც ფუნდამენტურია სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მოსამართლის მიუკერძოებლობის კონტექსტში. „მართლმსაჯულება არა მარტო უნდა განხორციელდეს, არამედ ასევე უნდა ჩანდეს, რომ ის ხორციელდება“ (იხ. De Cubber v. Belgium, 26.10, 1984, პარ. 26, სერია A no. 86). სასამართლო დამოუკიდებლობისა და მოსამართლის მიუკერძოებლობის ცნებები ურთიერთდაკავშირებულია, ამასთან, ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია სამართალწარმოების მონაწილე მხარეთა უფლება, იცოდნენ, როგორც საქმის მომხსენებელი მოსამართლის ვინაობა, ისე განმხილველი კოლეგიური შემადგენლობა, რათა მიეცეთ შესაძლებლობა, მოიძიონ საჭირო ინფორმაცია, რათა თავად დარწმუნდნენ, არსებობს თუ არა კონკრეტული მოსამართლის აცილებისათვის, კანონით გათვალისწინებული ისეთი საფუძველი, რომლის დასაბუთებაც ობიექტური და არა სუბიექტური კრიტერიუმებით ხელეწიფება მხარეს.

24. საკასაციო სასამართლო, კვლავაც უთითებს ამ განჩინების მე-12 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ერთი მოსამართლისაგან მეორისათვის საქმის გადაცემის დროს (იხ. 14-16 პუნქტები), არ მომხდარა მხარეთა ინფორმირება საქმის მომხსენებელი მოსამართლის შეცვლის შესახებ, რაც შესაძლებლობას მისცემდა თითოეულ მათგანს, სცოდნოდა მოსამართლის ვინაობა და კანონით გათვალისწინებული აცილების უფლება გამოეყენებინა, თუმცა, მარტოოდენ ეს გარემოება არ არის სამართლებრივად მნიშვნელოვანი. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს განმცხადებლის მტკიცებას, რომ 2015 წლის 28 სექტემბრის სადავო განჩინების მიმღები სასამართლო შემადგენლობიდან მომხსენებელი მოსამართლის მიკერძოებულობასა და საქმის შედეგით დაინტერესებას ადასტურებს ის, რომ იგი კონკრეტული იურიდული ფირმის პარტნიორი იყო და მოწინააღმდეგეს სამართლებრივ მომსახურებას უწევდა, რაც მხარისათვის ცნობილი გახდა საგაზეთო რეპორტაჟის მომზადებისას.

25. საკასაციო სასამართლოს მოსამართლეთა ბიოგრაფიული და პროფესიული მონაცემები საჯარო და ხელმისაწვდომია უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე (www.supremcourt.ge), ამასთან, საგაზეთო პუბლიკაციებსა თუ მედიის სხვა საშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია, არ შეიძლება მიჩნეული იქნეს სარწმუნო და უტყუარ მტკიცებულებად, რომელიც მოსამართლის აცილების საკითხს უპირობოდ განსაზღვრავს. წარსულში კონკრეტულ იურიდიულ კომპანიაში პარტნიორის თუ სხვა პოზიციაზე მუშაობა და ზოგადად კონკრეტული პირებისათვის სამართლებრივი რჩევის, კონსულტაციის გაწევა არ ადასტურებს, რომ სწორედ სასამართლოს მიერ განსახილველი დავითა და მისი შედეგით არის დაინტერესებული მოსამართლე. სასამართლო საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებაზეც უთითებს, კერძოდ, საკასაციო განაცხადის საპროცესო კანონით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების შემოწმებისას, სასამართლო კოლეგიურად ღებულობს გადაწყვეტილებას (სსსკ-ის მე-400 მუხლის მე-3 ნაწილი), რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი არ არსებობს მოსამართლის განსხვავებული მოსაზრება, კოლეგებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება. ამასთან, თითოეული მოსამართლე დამოუკიდებელია გადაწყვეტილების მიღებისას და ეყრდნობა საქმის კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლის ნორმებს, რომლებიც განსახილველი ურთიერთობის მომწესრიგებელ იურიდიულ შედეგს განაპირობებენ. თუმცა, აღნიშნული მსჯელობის საჭიროება მხოლოდ საქმის კოლეგიური განხილვისა და გადაწყვეტის სპეციფიკურობაზე ხაზგასასმელად არის მნიშვნელოვანი, რადგან განმცხადებლის არცერთი არგუმენტი საქმის მომხსენებელი მოსამართლის მიკერძოებასა და კონკრეტული საქმის შედეგისადმი დაინტერესებაზე არ არის დასაბუთებული. ასევე, უსაფუძვლოა განმცხადებლის მითითება იმ ფაქტზე, რომ კონკრეტულ საქმეზე, სადაც ბანკი იყო ჩართული, მოსამართლემ თვითაცილება განაცხადა. განსახილველი საქმის თითოეული კომპონენტი თანაბრად მნიშვნელოვანია მოსამართლის მიერ კანონით დადგენილი წესით თვითაცილების საკითხის დასაყენებლად, რასაც პალატის კოლეგიური შემადგენლობის სხვა ორი წევრი იხილავს და, ინდივიდუალური შესწავლის საფუძველზე, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ღებულობს გადაწყვეტილებას მოსამართლის საქმის განხილვისაგან აცილების თაობაზე.

26. საქართველოს სამოსამართლო ეთიკის კოდექსის პრეამბულა განამტკიცებს იმ ღირებულებებს, რომლითაც თოთოეული მოსამართლე აცნობიერებს, რომ საზოგადოებრივი რწმენა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების უმთავრეს ღირებულებას; მოსამართლის ქცევა, როგორც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ისე სხვა საქმიანობის განხორციელების დროს წარმოადგენს საზოგადოების სასამართლოსადმი ნდობის და სასამართლო ავტორიტეტის განმტკიცების მნიშვნელოვან საფუძველს. აღნიშნული ვალდებულებების, როგორც ეთიკის წესების, მიზანია მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და სასამართლო ხელისუფლების ერთიანობის განმტკიცება, სასამართლო ხელისუფლებისადმი საზოგადოების ნდობისა და რწმენის ამაღლება, მოსამართლის თანამდებობის პრესტიჟისა და ავტორიტეტის დაცვა.

27. სასამართლოსადმი მიმართვის კონსტიტუციით გარანტირებული პრინციპი, უთუოდ გულისხმობს სასამართლოს, როგორც ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას, ისე თითოეული მოსამართლის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას. დამოუკიდებლობის კონტექსტში მნიშვნელოვანია, როგორც ხელისუფლების ორი დანარჩენი შტოსაგან, ისე, სამართალწარმოების მხარეებისაგან დამოუკიდებლობა.

28. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასა და სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობაზე მსჯელობისას, სამართლებრივი სახელმწიფოსა და დემოკრატიის არსებობის აუცილებელ პირობაზე უთითებს (იხ. Miroshnik v Ukraine, 27.11.2008წ., განაცხადი 75804/01, პუნქტი 61). მიუკერძოებლობის კრიტერიუმის შეფასებისას კი ორგვარი კრიტერიუმით ხელმძღვანელობს ევროპული სასამართლო, ესენია „სუბიექტური“ და „ობიექტური“ მიუკერძოებლობა. საქმეზე Kipranou v. CYO (15.12.2005წ. გადაწყვეტილება, განაცხადი #73797/01, პუნქტი 121), სასამართლომ „სუბიექტური“ მიკერძოებულობა უარყო იმგვარ ვითარებაში, როდესაც სასამართლოს ერთ-ერთი მსაჯული იყო ბრალდების მოწმის ფირმის თანამშრომელი. იმავე სასამართლომ, სწორედ „სუბიექტური“ მიკერძოებულობის საფუძვლით, დარღვევად მიიჩნია, როდესაც მოსამართლე ერთ-ერთი მხარისადმი მტრულად იყო განწყობილი ან პერსონალური მოტივებით ცდილობდა, რომ საქმე მას გადასცემოდა განსახილველად (იხ. Kipranou v. CYO, 15.12.2005წ. გადაწყვეტილება, განაცხადი #73797/01, პუნქტი 119, NJW 59 (2006) 2901). „ობიექტური“ მიკერძოებულობის კვლევისას, ევროპული სასამართლო შეისწავლის და აფასებს იმგვარ გარემოებებს, რომლებითაც დასტურდება საქმის შედეგით მოსამართლის დაინტერესებულობა (მაგ. Haan v. NDL, 26.08.1997წ., განაცხადი # 22839/93, 51-55 პუნქტები).

29. განმცხადებლის მტკიცების საწინააღმდეგოდ, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, იმ გარემოებაზე რომ ბათილად ცნობის მოთხოვნით წარმოდგენილი განცხადების სხვა მოსამართლის მიერ განხილვა თავად მომხსენებელმა მოსამართლემ მოითხოვა (იხ. ამ განჩინების მე-18 პუნქტი), იმ პირობებში, როდესაც არ არსებობდა სსსკ-ის 428-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები განცხადების განხილვისაგან ამ მოსამართლის ჩამოსაცილებლად. საკასაციო სასამართლო ხაზსგასმით აღნიშნავს, რომ ზოგადად არ არის ადვილი მოსამართლის მიკერძოებულობის დამტკიცება, თუმცა, აღნიშნავს, რომ მინიმალური სტანდარტით დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაშიც კი, სასამართლო იმსჯელებდა მხარის თითოეულ არგუმენტზე.

30. საკასაციო სასამართლომ წინამდებარე განჩინების მიღებისას, იხელმძღვანელა მაღალი სტანდარტით, რომელიც უკავშირდება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რადგან კანონის უზენაესობის ფუნდამენტური ასპექტია უდავო სამართლებრივი რწმენა... და, შესაბამისად, სასამართლო საქმიანობა არ უნდა იქნეს დაყენებული კითხვის ნიშნის ქვეშ (Driza v. Albania, 13,11.2007). დემოკრატიულ საზოგადოებაში ფუნდამენტური მნიშვნელობის არის სასამართლოების მხრიდან საზოგადოებისთვის, მათ შორის, სამართალწარმოების მხარეთათვის ნდობის შთაგონება (იხ. DN v. Switzerland,29.03.2001, No. 27154/95 , 46-ე პარაგრაფი) და ამ განჩინების 21-22, 24-ე პუნქტებში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, იმ პირობებში, როდესაც საკასაციო სასამართლოს 28.09.2015წ. განჩინების, რომლის ბათილად ცნობასაც განმცხადებელი მოითხოვს, შემადგენლობიდან ერთი მოსამართლის (საქმის განმხილველის) მიმართ მხარეს წამოყენებული აქვს პრეტენზია, ხოლო იმავე შემადგენლობის მეორე მოსამართლემ თვითაცილება განაცხადა, მხარეთა თანასწორობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განმცხადებლის პრეტენზიების მინიმალური სტანდარტით დასაბუთების არარსებობის პირობებშიც კი, სწორედ სასამართლო არის ვალდებული, უზრუნველყოს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა სანდოობის, დამაჯერებლობისა და მაღალი ლეგიტიმაციისადმი ნებისმიერი ეჭვისა და ვარაუდის გაქარწყლება, რის გამოც წინამდებარე განჩინების 14-22, 24-ე პუნქტებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლიობის გაანალიზებით მიიღო გადაწყვეტილება.

31. განსახილველ კონკრეტულ საქმეზე, სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის ფართო განმარტებით, სამოსამართლო ქცევის ბანგალორის საერთაშორისო პრინციპების, მოსამართლეთა საყოველთაო ქარტიის მე-5 მუხლის საფუძველზე, საქართველოს სამოსამართლო ეთიკის კოდექსის მე-3 მუხლში ასახული ღირებულების, როგორც სავალდებულო ქცევის წესის: „მოსამართლე ინსტიტუციონალურ და ინდივიდუალურ დონეზე უნდა განამტკიცებდეს საზოგადოებრივ რწმენას მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობისადმი“ გათვალისწინებით, ვინაიდან არსებობს გარემოებათა არაორდინალური ერთობლიობა: საქმის მომხსენებელი მოსამართლის ვინაობის არცოდნა, მისი აცილების შესახებ, სათანადო დასაბუთებით, მხარის მიერ შუამდგომლობის დასაყენებლად, მომხსენებელი მოსამართლისადმი თუნდაც მხარის დაუსაბუთებელი პრეტენზია და მეორე მოსამართლის თვითაცილება, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს განმცხადებლის მოთხოვნა და ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 28 სექტემბრის განჩინება საქმეზე # ას-871-833-2014წ. - მხარეები შპს „ს-ი“ - საკასაციო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) და შპს „დ-ა“ - მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე).

32. მართლმსაჯულებისადმი სანდოობის ტესტი ვერ შეასრულებს საკუთარ ფუნქციას საზოგადოებაში, თუკი, არსებობს მინიმალური ეჭვიც კი გადაწყვეტილების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით. ამგვარი ეჭვის არიდება სწორედ სასამართლოს დანიშნულებაა, რაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ზედმიწევნით, ინდივიდუალურად უნდა იქნეს გამოკვლეული და შეფასებული. კონკრეტულ ფაქტობრივ წანამძღვართა ერთობლიობამ განაპირობა წარმოდგენილი განცხადების დაკმაყოფილება, მიუხედავად იმისა, რომ თავად განმცხადებლის არგუმენტები დაუსაბუთებელია. სასამართლო კონტროლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დანიშნულება მიღებული გადაწყვეტილებების ლეგიტიმაციასა და მართლმსაჯულებისადმი სანდოობაში გამოიხატება, რაც წინამდებარე განჩინების მიღების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 422-ე, 430-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ს-ის“ განცხადება, საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 სექტემბრის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 სექტემბრის განჩინება და განახლდეს საქმის წარმოება შპს „ს-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე;

3. სამოქალაქო საქმეთა პალატის კოლეგიური შემადგენლობა (მოსამართლეები: მ. თოდუა, ე. გასიტაშვილი, პ. ქათამაძე) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე