საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-33-33-2016 28 ივლისი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ვ. ქ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი. კ-ი, ი. ბ-ე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სს „ვ-ას“ (შემდეგში: იპოთეკარი, ბანკი) და ი. კ-ს (შემდეგში: პირველი მოპასუხე, გამყიდველი ან მესაკუთრე) შორის, 2009 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, იპოთეკით დაიტვირთა ქ. ქუთაისში, გ-ას ქ. 21 /ყოფილი ნ-ის ქ. N271 ა/ მდებარე მესაკუთრის კუთვნილი უძრავი ქონება (შემდეგში: უძრავი ქონება - იხ. ს.ფ. 17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 286-ე, 289.1-ე მუხლები), რომლითაც უზრუნველყოფილი იქნა კრედიტორთან იმავე დღეს გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებითა და მის საფუძველზე დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით ი. ბ-ის (შემდეგში: მეორე მოპასუხე, პირველი მოპასუხის თავდები) მიერ აღებული სესხის დაბრუნება.
2. გამყიდველსა და ვ. ქ-ეს (შემდეგში: მყიდველი, მოსარჩელე, გამჩუქებელი, აპელანტი ან კასატორი) შორის, 2010 წლის 14 მაისს, გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ამ უკანასკნელს 35 000 ლარად მიჰყიდა გამყიდველმა მის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება (იხ. პირველი პუნქტი; იხ. ს.ფ. 16, სსკ-ის 477.1.-ე მუხლი).
3. მყიდველმა (მოსარჩელემ), ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე - 2010 წლის 19 აპრილს, ხოლო ამ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ - 18 მაისს და 19 ივლისს, პირველ პუნქტში დასახელებულ საბანკო დაწესებულებაში მეორე მოპასუხის სახელზე, სამ ეტაპად შეიტანა 1974 ევრო, რამაც ჯამში სულ 5923 ევრო შეადგინა. ამავე გადახდის ქვითრების რეკვიზიტებში თანხის შემტანად მითითებულია მყიდველი, მიმღებად-მეორე მოპასუხე, ხოლო გადახდის დანიშნულებად - ”შემოსავლები სესხების დასაფარად” (ს.ფ. 28-30).
4. 2010 წლის 8 ნოემბერს, მოსარჩელესა და გ. კ-ას (შემდეგში: დასაჩუქრებული, უძრავი ნივთის თავდაპირველი მესაკუთრე ან მოწმე) შორის გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მყიდველმა ქონების თავდაპირველ მესაკუთრეს უსასყილოდ, ჩუქების ხელშკრულებით, საკუთრებაში გადასცა უძრავი ქონება (სსკ-ის 524-ე, 525.2.-ე მუხლები; ს.ფ. 21)
5. მოსარჩელემ 2015 წლის 28 აპრილს სარჩელი აღძრა პირველი და მეორე მოპასუხეების წინააღმდეგ და მოითხოვა ამ უკანასკნელთათვის, მის მიერ გადახდილი 5923 ევროს (იხ. ამ განჩინების მე-3 პუნქტი) სოლიდარულად დაკისრება. მოსარჩელის განმარტებით, მან იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, გადახდის განაწილვადებით, 35 000 ლარად იყიდა გამყიდველისაგან, ამ უკანასკნელის მიერ ამ განჩინების პირველ პუნქტში დასახელებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დაფარვის მიზნით კი, სამჯერ გადაურიცხა მეორე მოპასუხეს ჯამში სულ 5923 ევრო. 2010 წლის ნოემბერში კი, მყიდველისათვის ცნობილი გახდა, რომ გამყიდველს არამართლზომიერად ჰქონდა შეძენილი უძრავი ქონება მისი თავდაპირველი მესაკუთრისაგან (იხ. ამ განჩინების მე-4 პუნქტი), რის გამოც, პირველი მოპასუხისავე თხოვნით, ჩუქებით დაუბრუნა ქონება თავდაპირველ მესაკუთრეს იმ პირობით, რომ გამყიდველი მყიდველს დაუბრუნებდა მის მიერ საბანკო დავალიანების დასაფარად, ნასყიდობის საფასურის სახით გადახდილ თანხას, თუმცა, ამ უკანასკნელს ეს პირობა არ შეუსრულებია. მოსარჩელემ ისიც მიუთითა, რომ, პირველ მოპასუხესთან ნასყიდობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკების პერიოდში, 2010 წლის მაისში, ორივე მოპასუხეს გადასცა 4500 აშშ დოლარი, რაც, ასევე არ დაუბრუნებიათ მისთვის. აღნიშნული მოთხოვნებით, მოსარჩელემ რამდენჯერმე მიმართა წერილობით მოპასუხეებს, თუმცა, ამ უკანასკნელებმა რეაგირების გარეშე დატოვეს მოსარჩელის მცდელობა, დაებრუნებინა გადახდილი თანხა.
6. მოპასუხეებმა მოსარჩელის მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით არ ცნეს მათ წინააღმდეგ აღძრული სარჩელი და მიუთითეს, რომ მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის 2010 წლის 14 მაისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, მყიდველს ეტაპობრივად უნდა გადაეხადა უძრავი ქონების შესაძენად თანხა და სწორედ ამის საფუძველზე გადაიხადა მან ის თანხა, რასაც ამჟამად სარჩელით ითხოვდა, მან საკუთრებადაც დაირეგისტრირა ბინა, ხოლო მოგვიანებით რატომ გააჩუქა ქონება, მოპასუხეთათვის უცნობი იყო, თუმცა, ეს მესაკუთრის უფლება იყო. მეორე მოპასუხემ უარყო მოსარჩელისაგან 2010 წელს 4500 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტი. მოპასუხეებმა მოითხოვეს სარჩელის უარყოფა, მისი დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის მოტივით.
7. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 04 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელის მოთხოვნის უარყოფის სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ სსკ-ის 316-317-ე, 477-ე, 524-ე, 341-ე მუხლები გამოიყენა.
8. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ამ განჩინების 1-4 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ისიც დაადგინა, რომ მეორე მოპასუხე პირველის თავდები იყო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში. სასამართლომ აღნიშნა,რომ 2015 წლის 11 თებერვალს, მოსარჩელემ წერილობით მიმართა მოპასუხეებს და მოსთხოვა მათ 5923 ევროს, მეორე მოპასუხეს კი - დამატებით 4500 აშშ დოლარის დაბრუნება.
9. მტკიცებულებათა არარსებობის გამო, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება, რომ მან 2010 წლის მაისში მეორე მოპასუხეს გადასცა 4500 აშშ დოლარი, ხოლო 5923 ევროს დაბრუნების თაობაზე, მოსარჩელის მოთხოვნასთან დაკავშირებით, სასამართლომ განმარტა, რომ მყიდველმა ვერ დაადასტურა ქონების ნასყიდობისათვის გადახდილი თანხის დაბრუნებაზე გამყიდველთან რაიმე შეთანხმების არსებობა. ამასთან, მოსარჩელეს, მის საკუთრებად აღრიცხული ბინის თავდაპირველი მესაკუთრისათვის ჩუქების გამო, მოესპო გამყიდველისაგან (პირველი მოპასუხე) ნასყიდობის თანხის დაბრუნებაზე დავის შესაძლებლობა, რადგან აღარ არსებობდა სადავო ქონების გამყიდველისათვის დაბრუნების ობიექტური შესაძლებლობა, რაც გამორიცხავდა თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენას.
10. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ თანხის დაბრუნების თაობაზე ამ უკანასკნელის წერილობითი მოთხოვნის უპასუხოდ დატოვება, უნდა მიჩნეულიყო დუმილად, რაც ვალის აღიარება იყო. მოსარჩელის მტკიცების საწინააღმდეგოდ, სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 341-ე მუხლზე „იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას“ და განმარტა, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ვალის აღიარებას არც წერილობით და არც ზეპირად მოპასუხეთა მხრიდან ადგილი არ ჰქონია, მოპასუხეები არ იყვნენ ვალდებული, ეპასუხათ მოსარჩელის წერილზე, შესაბამისად, მოპასუხეთა უმოქმედობა (დუმილი) ამ შემთხვევაში რაიმე სამართლებრივ შედეგს არ იწვევდა.
11. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, რასაც შედეგად მოჰყვა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, კერძოდ, არასწორად იქნა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხა წარმოადგენდა ნასყიდობის ხელშეკრულებით გადასახდელ თანხას, მაშინ, როცა ნასყიდობის ხელშეკრულებაში მსგავსი ჩანაწერი არ არსებობს. აღნიშნული თანხა წარმოადგენდა არა ნასყიდობის თანხას, არამედ ეს თანხა შეცდომით, სხვის მაგივრად იქნა მყიდველის მიერ გადახდილი, რაც უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე ექვემდებარებოდა უკან დაბრუნებას (იხ. სააპელაციო საჩივარი - ს.ფ.107-115).
12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 04 ივნისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
13. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ქვემდგომი სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებშია მითითებული.
14. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თავად მოსარჩელე ადასტურებდა მხარეთა შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე უძრავი ქონების ღირებულებას, ანუ ნასყიდობის საფასურს გადაიხდიდა ნაწილ-ნაწილ, კერძოდ, დაფარავდა ბანკის წინაშე გამყიდველის ვალს.სარჩელის დავის ფაქტობრივი გარემოებების გრაფაში იგი აღნიშნავდა, რომ ნასყიდობის საფასური - 35 000 ლარი მოსარჩელეს უნდა გადაეხადა განაწილვადებით, 2009 წლის 19 სექტემბერს, ბანკსა და პირველი მოპასუხის (გამყიდველის) თავდებს (მეორე მოპასუხე) შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით დადგენილი წესით (იხ. სარჩელი - ს.ფ. 5) .
15. მხარეთა განმარტებებითა და წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტში მითითებული გადახდის ქვითრების შეფასებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებისამებრ, მოსარჩელემ უძრავი ქონების ღირებულების, ნასყიდობის განაწილვადებით გადახდის მიზნით, დაფარა ბანკის წინაშე გამყიდველის ვალი.
16. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება, რომელიც წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტშია მითითებული. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე ვერ ადასტურებდა უძრავი ნივთის გამყიდველთან რაიმე სხვა შეთანხმების არსებობას. საქმის მასალებით კი მხოლოდ ის ირკვეოდა, რომ მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის არსებობდა ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობა, რომლითაც მოსარჩელემ მოპასუხისაგან შეისყიდა სადავო უძრავი ქონება. მოსარჩელის განმარტება სარწმუნოდ არ დასტურდებოდა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზითაც.
17.სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელის მოთხოვნა მეორე მოპასუხისათვის (თავდებისათვის) 2010 წლის მაისში გადაცემული 4500 აშშ დოლარის დაბრუნების თაობაზე, დაუსაბუთებელი იყო, რადგან საქმეში არ არსებობდა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება.
18. სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის 85.3.-ე მუხლის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მე-4, 102-ე მუხლების საფუძველზე მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში არ არსებობდა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა მოსარჩელის წინაშე თანხის დაბრუნების თაობაზე მოპასუხეთა სახელშეკრულებო ან კანონისმიერი ვალდებულების არსებობა.
19. მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგ არგუმენტებზე დაყრდნობით:
19.1. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა გამოყენებული კანონი, კერძოდ, არასწორად შეაფასა მოსარჩელის მოთხოვნა. სარჩელით მოთხოვნილი იყო სხვის სასარგებლოდ არასწორად გადახდილი თანხების დაბრუნება, რაც სასამართლომ უგულებელყო და იმსჯელა ნასყიდობის ხელშეკრულების შესრულების პირობაზე. სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებდნენ 5 923 ევროს სხვის, მეორე მოპასუხის (თავდების) ანგარიშზე გადახდას, რომელსაც შემხებლობა არ ჰქონდა მყიდველსა და გამყიდველს (პირველი მოპასუხე) შორის გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებასთან;
19.2. მოსარჩელემ პირველი თანხა ბანკში გადარიცხა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე, ანუ მოსარჩელემ ხარჯი გაწია სამეწარმეო სუბიექტზე - ინდ. მეწარმეზე - მეორე მოპასუხის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით, მოპასუხეთა მიერ ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე და სხვის მაგივრად შეცნობით ან შეცნობის გარეშე გადახდილი თანხები ექვემდებარება უპირობოდ დაბრუნებას, უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების საფუძველზე, ეს თანხა არ არის მხარეთა გარიგებით გადასახდელი თანხა. ასევე, მოსარჩელემ გადაიხადა 4500 აშშ დოლარი, რომელიც წერილობითი შეტყობინების მიღებისას მოპასუხეებმა არც უარყვეს და არც გააბათილეს. უსაფუძვლოდ თანხების მიღებით მოპასუხე გამდიდრდა, ხოლო მოსარჩელეს მიადგა ზიანი;
19.3. სასამართლომ არ გაიზიარა (არც შეაფასა) მოწმის (თავდაპირველი მესაკუთრის) ჩვენება, რომელმაც პირდაპირ დაასახელა, რომ პირველმა მოპასუხემ (გამყიდველმა) მოატყუა მის მეზობელთან, რასაც ასევე ადასტურებს მოსარჩელესა და მოწმეს შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება, რომელიც არ დარეგისტრირდა მასში არსებული „ჩანაწერის“, კერძოდ, პირველი მოპასუხის მიერ ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულთან დაკავშირებით, რაც სასამართლოს საფუძველს აძლევდა, დაეკმაყოფილებინა მოსარჩელის მოთხოვნა. მყიდველმა სადავო ქონება სწორედ მოპასუხეთა მითითებით დაუბრუნა თავდაპირველ მესაკუთრეს.
19.4. სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნა, საქმეში არსებული მტკიცებულებების შინაგანი რწმენის საფუძველზე შეფასების თაობაზე, სამართლებრივად არასათანადოდ გააანალიზა ფაქტები, რაც გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2016 წლის 26 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო იმავე წლის 8 აპრილის განჩინებით დასაშვებად ცნო საკასაციო განაცხადი, დასახელებული სამართლის ნორმის მე-5 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებების შეჯერებისა და გაანალიზების, საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის არსებითად განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო განაცხადი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილოდეს და საქმე განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგი მოტივაციით:
21. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის პრეტენზიათა ნაწილი დასაბუთებულია და დამატებით კვლევას საჭიროებს გარკვეული ფაქტები, რომლებიც მნიშვნელოვანი იქნება საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად.
22. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის მოთხოვნაზე და ამ ფარგლებში, მოსარჩელის მიერვე მითითებულ ფაქტებსა და მათ დამადასტურებელ მტკიცებულებებზე, შემდეგ კი მოპასუხეთა შესაგებელზე (იხ. ამ განჩინების მე-5 და მე-6 პუნქტები), ამ კონტექსტში კი მნიშვნელობას ანიჭებს საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სააპელაციო საჩივარში მითითებულ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებს, რომლებიც სააპელაციო სასამართლოს განსჯის საგანი გახდა (სსსკ-ის 377-ე მუხლი).
23. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მართებულად მიუთითა, რომ სსსკ-ის 102-ე მუხლის საფუძველზე, „სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით“ (იხ. სააპელაციო სასამართლოს განჩინება -ს.ფ.174-175- პ.4.21-4.22).
24. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარში მოსარჩელე უთითებს იმავე არგუმენტეზე, რაც საკასაციო საჩივრის 19.1 ქვეპუნქტშია ასახული, ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე სააპელაციო პრეტენზიისაგან განსხვავებულ ფაქტებს უთითებს სარჩელში, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ სსსკ-ის 377.1-ე მუხლის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლო ვალდებულია, სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შეამოწმოს გასაჩივრებული განჩინება, ამ უკანასკნელში არ არის ასახული მსჯელობა და დასკვნები აპელანტის არგუმენტების უარყოფაზე, რომელიც დავის უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებით მოწესრიგებას ეხება (იხ. სააპელაციო საჩივარი - ს.ფ.107-115)..
25. საკასაციო სასამართლო იმასაც აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ 19.2 ქვეპუნქტში მითითებული პრეტენზია, რომ მან თანხა შეცდომით ჩაურიცხა მეწარმე სუბიექტს- ინდ. მეწარმეს (მეორე მოპასუხეს) არ არის გასაზიარებელი, რადგან, გაუგებარი და დაუსაბუთებელია, თუ რისი დამტკიცება სურს ამით კასატორს. გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია ფაქტი, რომ მოსარჩელემ სამჯერ ჩაურიცხა თანხა მეორე მოპასუხეს (თავდებს), ხოლო თუ რა მნიშვნელობა აქვს მეწარმე თუ არამეწარმე პირისათვის თანხის ჩარიცხვას, ეს არ დაუსაბუთებია კასატორს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის როგორც სააპელაციო, ისევე საკასაციო პრეტენზიის მთავარი არგუმენტი ისაა, რომ მან სხვის მაგივრად გადაიხადა თანხა, რაც უპირობოდ უნდა დაუბრუნდეს (იხ. გასაჩივრებული განჩინების პ. 4.6 და 4.7.- ს.ფ. 171-172 და ამ განჩინების 19.2 ქვეპუნქტი, სააპელაციო საჩივარი - ს.ფ. 107-115). ამ კონტექსტში კი სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია და არ შეუფასებია შემდეგი გარემოებები: 35 000 ლარიდან, რომელიც დადგენილია, რომ მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით უძრავი ქონების ღირებულება იყო, 5923 ევროს გადახდა პირველი მოპასუხის თავდებისათვის, უნდა ჩათვლილიყო თუ არა განაწილვადებით შეძენილი ქონების საფასურში; იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელში მითითებული ფაქტები მნიშვნელოვანია სააპელაციო სასამართლოსათვის, მოწმის განმარტება, რომელიც სადავო უძრავი ქონების თავდაპირველი მესაკუთრე იყო, სხვა მტკიცებულებებთან ერთად უნდა შეფასდეს, რადგან კასატორი უთითებს, რომ სწორედ ამ მოწმის განმარტებით, რომელიც არ შეაფასა სასამართლომ, დადგინდება, თუ რა გარემოებები უძღოდა მის მიერ ნაყიდი ქონების გაჩუქებას.
26. ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობის შესაფასებლად, სააპელაციო სასამართლომ დამატებით უნდა გამოიკვლიოს და სხვა მტკიცებულებებთან ერთად შეაფასოს მოწმის ჩვენება, რომელიც 2015 წლის 4 ივნისის სხდომის ოქმშია ასახული (იხ.ს.ფ. 97 -ზე განთავსებულ კომპაქტ-დისკზე საოქმო ჩანაწერი - 13.55.05-დან 14.11.47-მდე). მოწმის განმარტების დამატებითი გამოკვლევითა და სხვა მტკიცებულებებთან შეჯერებით უტყუარად უნდა დადგინდეს: მოსარჩელემ მეორე მოპასუხეს, თავდებს უსაფუძვლოდ გადაუხადა სამ ეტაპად თანხა, თუ 5923 ევროს გადახდა ნიშნავს ნასყიდობის მხარეთა შორის შეთანხმებული 35 000 ლარის გადახდას სრულად. უძრავი ქონების 35 000 ლარად შეძენაზე შეთანხმება დადასტურებულია ნასყიდობის ხელშეკრულებით, ხოლო საფასურის განაწილვადებით გადახდაზე - მოსარჩელის მიერ მოპასუხეთათვის გაგზავნილი 15.02.2015 წ. წერილით, სარჩელსა და შესაგებელში მითითებული ფაქტებით, საქმის სასამართლოში წარმოებისას მხარეთა განმარტებებით. დასადგენია ფაქტი, ნასყიდობის ხელშეკრულებას უკავშირდება თუ არა მოსარჩელის მიერ მეორე მოპასუხის სახელზე, სამ ეტაპად, თანხის გადარიცხვა საბანკო დაწესებულებაში. თუკი სასამართლოს მიაჩნია, რომ ეს ფაქტი უტყუარად არის დადგენილი, მაშინ მან დასაბუთებულად უნდა უარყოს აპელანტის არგუმენტები კონკრეტულ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე მითითებით, რომ მოსარჩელეს მეორე მოპასუხისათვის სხვის მაგივრად არ გადაუხდია სამ ეტაპად თანხა - პირველ მოპასუხესთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე ერთხელ, ხოლო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ- ორჯერ (იხ. ამ განჩინების მე-3 პუნქტი).
27. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს გასაჩივრებული განჩინების 4.5-4.7 ქვეპუნქტებზე (იხ. ს.ფ. 171-172), რომლითაც დადგენილი ფაქტი ასახულია ამ განჩინების მე-15 პუნქტში. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მხარეებზე, რომელშიც პირველი მოპასუხის ბინაა იპოთეკით დატვირთული, მსესხებლის - მეორე მოპასუხის მიერ 14.09.2009წ. დადებული გენერალური ხელშეკრულებისა და მის საფუძველზე დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად. გენერალური ხელშეკრულებით საკრედიტო ლიმიტი 500 000 აშშ დოლარია, ხოლო მისი მოქმედების ვადა 2019 წლის 31 აგვისტომდეა. ეს ფაქტები შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს სადავო სამართალურთიერთობისათვის, სადაც არაა დადგენილი პირველი მოპასუხის ვალი, ეს უკანასკნელი იპოთეკით დატვირთული ბინის მესაკუთრეა მხოლოდ, ხოლო მსესხებელი მეორე მესაკუთრეა. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელემ გადაიხადა პირველი მოპასუხის ვალი, დამატებითი კვლევა და დასაბუთება სჭირდება (იხ. გასაჩივრებული განჩინების 4.7. ქვეპუნქტი - ს.ფ. 171-172).
28. საკასაციო სასამართლო იმასაც აღნიშნავს, რომ თავად კასატორის არგუმენტები ურთიერთსაწინააღმდეგოა, რადგან, ერთი მხრივ, იგი აპელირებს უსაფუძვლოდ, სხვის ნაცვლად, სამ ეტაპად გადახდილი თანხების უპირობოდ დაბრუნებაზე, ხოლო, მეორე მხრივ, აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ შეაფასა სადავო ქონების თავდაპირველი მესაკუთრის, რომელიც მოწმის სახით იყო მიწვეული საქალაქო სამართალწარმოების ეტაპზე, განმარტება, რომელიც პირველი მოპასუხის მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაზე უთითებდა. სადავო ქონების თავდაპირველი მესაკუთრე მოატყუეს მოპასუხეებმა და სწორედ ამ უკანასკნელთა მითითებით დაუბრუნა მოსარჩელემ ქონება თავდაპირველ მესაკუთრეს (იხ. ამ განჩინების 19.3 ქვეპუნქტი, ასევე საკასაციო საჩივარი - ს.ფ. 184). მიუხედავად მოსარჩელის წინააღმდეგობრივი პოზიციისა საქმის
განხილვის სხვადასხვა ეტაპზე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია,
რომ არასაკმარისად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები,
არ იძლევა შესაძლებლობას, რომ საქმეზე გამოტანილი
იქნეს დასაბუთებული გადაწყვეტილება, რადგან სამართლებრივ კვალიფიკაციამდე, მნიშვნელოვანია მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლებისა და მასთან დაკავშირებული მტკიცებულებების ერთობლიობით შესწავლა-გაანალიზება, რაც დასაბუთებული დასკვნების გამოტანის წინაპირობა გახდება.
29. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ დამატებით არ უნდა გამოიკვლიოს მოსარჩელის პრეტენზია, მეორე მოპასუხისათვის თითქოსდა გადახდილი 4500 აშშ დოლარის დაბრუნების თაობაზე, რადგან ამ ნაწილში, სასარჩელო წარმოებიდან დაწყებული საკასაციო სამართალწარმოების ეტაპის ჩათვლით არ არის წამოყენებული დასაბუთებული შედავება, სასამართლოს მართებულად აქვს გამოტანილი დასკვნა, რომ საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ მეორე მოპასუხისათვის დასახელებული თანხის გადახდას.
30. საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შედეგად, გაუქმებულია გასაჩივრებული განჩინება და, სსსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე, საქმე ხელახალი განხილვისათვის უბრუნდება სააპელაციო სასამართლოს წინამდებარე განჩინების 22-28 პუნქტებში მითითებული სამართლებრივი შეფასების ფარგლებში დამატებითი გამოკვლევისათვის.
31. კასატორს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. ქ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. კასატორს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე