საქმე №ას-103-98-2014 28 ივლისი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - რ. უ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - გ. გ-ა (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის უარყოფა, მორალური ზიანის ანაზღაურება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რ. უ-ს (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი), გ. გ-ა (შემდეგში: მოპასუხე) და ვ. შ-ს (შემდეგში: მესამე პირი, ადრესატი) შორის, დაახლოებით 20 წლის ნაცნობობის განმავლობაში, ჩამოყალიბდა ახლო მეგობრული ურთიერთობა. მოსარჩელე და მოპასუხე, ბოლო პერიოდში, საქმიანი პარტნიორებიც იყვნენ, რა დროსაც მათ შორის წარმოიშვა უთანხმოება და დაეძაბათ ურთიერთობა. მოსარჩელე და მესამე პირი საქმიანი პარტნიორები არიან, კერძოდ, ორივე მათგანი შპს „ს-ს“ (შემდეგში: საწარმო) დამფუძნებელი და იმავდროულად დირექტორიცაა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 13-14).
2. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 01 მაისის №01/05/05 განკარგულებით, საწარმოს, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად, საკუთრებაში გადაეცა დაბა მესტიაში მდებარე 8423 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სასტუმროს მოწყობისა და არანაკლებ 1 200 000 ლარის ინვესტიციის განხორციელების პირობით (იხ. განკარგულება - ტ. 1, ს.ფ. 15 -16).
3. მოპასუხემ, 2013 წლის 12 თებერვალს, ელ-ფოსტით წერილი გაუგზავნა მოსარჩელეს და კიდევ ერთხელ მოსთხოვა ვალისა და საწარმოს ქონების დაბრუნება, ამასთან, ერთი დღე - 13 თებერვლამდე, მისცა ვადა, ვალის – 4200 ლარის დასაბრუნებლად, რომელიც ამ უკანასკნელს კრედიტორის ანგარიშზე უნდა შეეტანა ბანკში. წერილში ისიც იყო მითითებული, რომ ვალისა და ქონების დაუბრუნებლობის შემთხვევაში, მოპასუხე ყველა საერთო ნაცნობს გააგებინებდა, თუ როგორი მატყუარა იყო მოსარჩელე სინამდვილეში (ტ. 1, ს.ფ. 17-22).
4. მოპასუხემ, 2013 წლის 13 თებერვალს, სოციალურ ქსელში „Facebook“, პირად „ჩათში“ (რაც მხოლოდ ამ უკანასკნელისათვის იყო განკუთვნილი და ხელმისაწვდომი), მესამე პირს მისწერა, რომ მოსარჩელემ არ დაუბრუნა ვალი და, შეტყობინების ადრესატს, როგორც მოსარჩელის პარტნიორს, მოუწოდა სიფრთხილისკენ: „მოსარჩელე ქურდი და არამზადა“, ასეთ უპატიოსნო ადამიანს „შეუძლია 1 ვერცხლად გაყიდოს ნებისმიერი...“ (იხ. ტ.1. ს.ფ. 23-25).
5. მოპასუხის წერილს გამოეხმაურა მესამე პირი და მიუთითა, რომ, თავის მხრივ, მოსარჩელეც გამოთქვამდა მისდამი (მოპასუხისადმი) პრეტენზიებს. მესამე პირი აღნიშნავდა, რომ მას არ სურდა მათ კონფლიქტში ჩაღრმავება, მაგრამ ვითარებიდან გამომდინარე (მოსარჩელესთან ერთობლივი პროექტი), სხვა გამოსავალს ვერ ხედავდა და მოპასუხეს მოსთხოვა თანხმობა, რათა შეკითხვები დაესვა მოსარჩელისთვის, რასაც მოპასუხე დაეთანხმა.
6. მოსარჩელემ, 2013 წლის 25 მარტს, სასამართლოში წარდგენილი სარჩელით, მოითხოვა მისი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემცველი ინფორმაციის უარყოფა და მისი გავრცელებისათვის მოპასუხისათვის მორალური ზიანის 4000 ლარის დაკისრება (იხ. მოსარჩელის შუამდგომლობა და საოქმო განჩინება, ტ.1, ს.ფ. 77-78, დისკი - ს.ფ. 81).
7. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი წარადგინა და განმარტა, რომ მიმოწერა პირად „ჩათში“ განხორციელდა, სოციალურ ქსელში, რომელიც არ არის საინფორმაციო პორტალი და ამ ფორმით შეტყობინების მიწერა ვერ ჩაითვლებოდა პატივისა და ღირსების შემლახავი ინფორმაციის გავრცელებად.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს, მოპასუხის სასარგებლოდ, დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული 830 ლარის ანაზღაურება.
9. სასამართლომ იმსჯელა, რომ მოპასუხის მიერ მესამე პირისათვის პირად „ჩათში“ გაგზავნილ შეტყობინებაში გადმოცემული იყო მოპასუხის შეფასებითი მსჯელობა, მისი აზრი, რითაც გამოხატა თავისი დამოკიდებულება მოსარჩელისადმი. მოპასუხის მიერ ადრესატისათვის გაგზავნილ შეტყობინებაში დაფიქსირებული სადავო გამონათქვამები – სიტყვები და წინადადებები არ წარმოადგენდა დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს. ამ გამონათქვამებით მოპასუხე, რომელიც განაწყენებული და აღშფოთებული იყო მოსარჩელის ქმედებით – ვალის დაუბრუნებლობით თუ ბიზნეს-ურთიერთობებში უთანხმოებით, მათ საერთო მეგობართან გამოხატავდა თავის გულისტკივილს, განრისხებას, ემოციას.
10. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს, სადავო გამონათქვამების (სიტყვების, წინადადებების) მესამე პირისათვის მიწერით არ გაუვრცელებია მოსარჩელის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ცნობები, არ დაურღვევია მისი რომელიმე პირადი არაქონებრივი უფლება, არ დასტურდებოდა მოპასუხის ქმედებით მოსარჩელისათვის მატერიალური და მორალური ზიანის მიყენების ფაქტი.
11. სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-17-ე, მე-19 მუხლებზე, 42-ე მუხლის პირველ პუნქტზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) მე-2 მუხლის პირველი ნაწილზე, მე-4 მუხლზე, სსკ-ის მე-18 მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციის (შემდეგში: დეკლარაცია) მე-10, 19.2.-19.3.-ე მუხლებზე, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის (შემდეგში: პაქტი) მე-19 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონის) პირველი მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, მე-4.1. და მე-7 მუხლებზე.
12. სასამართლომ განმარტა, რომ პატივისა და ღირსების კანონით დადგენილი წესით დასაცავად უნდა არსებობდეს შემდეგი გარემოებანი: 1. სახეზე უნდა იყოს პირის პატივისა და ღირსების შელახვა; 2. გავრცელებული უნდა იყოს პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობები; 3. გავრცელებული ცნობები შეუსაბამო უნდა იყოს სინამდვილესთან. სასამართლოს განმარტებით, ამ უფლებათა შელახვა გულისხმობს პირის შესახებ სინამდვილესთან შეუსაბამო და თან ისეთი ცნობების გავრცელებას, რომლებიც შეიცავენ მტკიცებას მის მიერ კანონის ან მორალის ნორმების დარღვევის, უღირსი საქციელის ჩადენის შესახებ; ჩამოთვლილ უფლებათა შემლახავი ცნობების გავრცელება გულისხმობს ასეთი ცნობების გამოქვეყნებას პრესაში და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით, სიტყვიერად თუ წერილობით მათ მიწოდებას დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის, ერთი, რამდენიმე ან მრავალი პირისათვის.
13. სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონით მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა.
14.სასამართლომ დეკლარაციის მე-19 მუხლზე მიუთითა: „ყოველ ადამიანს აქვს აზრისა და მისი თავისუფლად გამოხატვის თავისუფლება. ეს თავისუფლება მოიცავს ადამიანის უფლებას, ჰქონდეს საკუთარი აზრი და დაუბრკოლებლად მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები ყოველგვარი საშუალებით, მიუხედავად საზღვრებისა“. ამასთან, კონვენციის მე-10 მუხლით: „ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩარევის გარეშე და საზღვრების მიუხედავად“. პაქტის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კი, თითოეულ ადამიანს აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე; ეს უფლება მოიცავს თავისუფლებას, მიუხედავად საზღვრებისა, მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ყველა სახის ინფორმაცია და მოსაზრებები ზეპირად, წერილობით ან პრესის მეშვეობით, ხელოვნების სახით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით საკუთარი არჩევანისამებრ. პაქტის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, „ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობა განსაკუთრებულ ვალდებულებებსა და განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გულისხმობს. შესაბამისად, იგი შეიძლება დაექვემდებაროს გარკვეულ შეზღუდვებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია: ა. სხვა პირთა უფლებებისა და რეპუტაციის პატივისცემისათვის...“.
15. ზემოთ დასახლებული პუნქტი მიუთითებს „სხვათა რეპუტაციაზე“, რასაც აშკარად იცავს პაქტის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი. აღნიშნული ვითარება წარმოშობს კლასიკურ კონფლიქტს ადამიანის უფლებებსა (გამოხატვის თავისუფლებას) და პიროვნების დაცვას შორის. მითითებულ ნორმათა შედარებიდან იკვეთება საერთაშორისო პაქტის მონაწილე სახელმწიფოთა ვალდებულება, უზრუნველყონ საკანონმდებლო დაცვა არასწორი მტკიცებებით პატივისა და რეპუტაციის ხელყოფის წინააღმდეგ.
16. სასამართლომ, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც უზრუნველყოფს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლებას თითოეული ადამიანისათვის. ხოლო ძირითადი კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით: „ ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით“, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველ პუნქტში „ჩამოთვლილ უფლებათა განხორციელება შესაძლებელია შეიზღუდოს პირობებით, რომლებიც აუცილებელია ... სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად...“.
17. სპეციალური კანონის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განცხადება არის – ინფორმაცია, რომელიც განმცხადებელმა საჯაროდ გაავრცელა ან მესამე პირს გააცნო; ის განცხადება, რომელიც არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება, მოხმობილი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, არის ცილისწამება. ამავე კანონის მე-13 მუხლის მიხედვით, პირს ეკისრება სამოქალაქო პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისთვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა.
18. სპეციალური კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, ხოლო პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აზრი არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე, ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულებების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს; ხოლო ამავე მუხლის „ფ“ ქვეპუნქტის თანახმად, აბსოლუტური პრივილეგია ნიშნავს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრულ და უპირობო გათავისუფლებას.
19. სასამართლომ სპეციალური კანონის მე-7 მუხლის დეფინიციაზეც მიუთითა, რომლის საფუძველზე, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისას, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ამ უფლებების (თავისუფლებების) შეზღუდვის საწინააღმდეგოდ (მე-2 პუნქტი). აზრის ან ფაქტის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას, ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს მოყვანილი ცნობებისათვის აზრის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ (მე-5 პუნქტი).
20. სასამართლოს შეფასებით, სოციალურ ქსელში, პირადი „ჩათის“ მეშვეობით მესამე პირისათვის (მხარეთა საერთო მეგობრისათვის) გაგზავნილ წერილში, მოცემული სადავო ინფორმაცია (გამონათქვამები) არ შეიცავდა უშუალოდ მოსარჩელის შესახებ არსებითად მცდარ ფაქტს, ამასთან, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი არ მიდგომია. სადავო ინფორმაციაში, გამოხატული იყო მოპასუხის აზრი, შეხედულება, მისი დამოკიდებულების შესატყობინებლად მესამე პირისათვის მოსარჩელის შესახებ.
21.სასამართლომ, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლებზე დაყრდნობით, აღნიშნა, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა თავისი სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობა მოპასუხის წინააღმდეგ, რამაც განაპირობა სარჩელის უარყოფა.
22.მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
23. აპელანტმა შემდეგ პრეტენზიებზე მიუთითა:
23.1. მოსარჩელე და მოპასუხე არასოდეს ყოფილან საქმიანი პარტნიორები;
23.2. სასამართლომ არასწორად დააკისრა მას მტკიცების ვალდებულება, რომ არ ჰქონდა მოპასუხის ვალი;
23.3. მოპასუხის მიერ სოციალური ქსელით 13.02.2013 წ. გავრცელებული ინფორმაცია (იხ. წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტი) წარმოადგენს მოსარჩელის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახავ ინფორმაციას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის თანახმად, ქურდობა არის დანაშაულებრივი ქმედება და ამდენად, აღნიშნული სახის ინფორმაციის გავრცელებით უდავოდ ილახება პირის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია, რამდენადაც ამგვარი ფაქტის შემცველი ინფორმაციის გავრცელებით, პირი საზოგადოებაში შეიძლება აღქმულ იქნეს დამნაშავედ, რაც იწვევს პირის დისკრედიტაციას.
23.4. მცდარია სასამართლოს მსჯელობა, რომ გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს მოსაზრებას/შეფასებით მსჯელობას და არა განცხადებას/ფაქტს, რომელიც დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით. გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე არის ქურდი, არამზადა, არასანდო ადამიანი, მითითება, მოპასუხის კუთვნილი ფულის მოპარვასა და დახარჯვაზე, უნდა დაკვალიფიცირდეს, როგორც კერძო პირის ცილისწამება. მოპასუხეს ინფორმაციის გავრცელებით უნდოდა, ხელი შეეშალა მოსარჩელის ურთიერთობებისათვის მის საქმიან პარტნიორებთან.
24.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით (სსსკ-ის 390.3. მუხლის „ გ“ ქვეპუნქტი).
25. სასამართლომ იმსჯელა დავის საგანზე - სოციალურ ქსელში, პირად „ჩათში“, მოპასუხის მიერ ადრესატისათვის გაგზავნილი წერილით, მოსარჩელის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის უარყოფაზე და აღნიშნა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ეყრდნობოდა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოპასუხემ სოციალური ქსელის მეშვეობით გააფრთხილა მოსარჩელის საქმიანი პარტნიორი, როგორც დიდი ხნის მეგობარი, რომ არ შეიძლებოდა მოსარჩელის ნდობა (იხ. ამ განჩინების მე-4 პუნქტი).
26. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მისი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის უარყოფის მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტი (ამ განჩინების მე-4 პუნქტი) საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომლის უსწორობის დადასტურების მტკიცების ტვირთი, სპეციალური კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტისა და მე-13 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ეკისრებოდა თავად მოსარჩელეს, იმ პირს, რომელიც თავს რეპუტაცია შელახულად მიიჩნევდა, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად, პირველ რიგში, უნდა დადგენილიყო, კონკრეტულად რა სახის ინფორმაციის შემცველი წერილი/გაფრთხილება გაუგზავნა მოპასუხემ ადრესატს. გაგზავნილი წერილი წარმოადგენდა ინფორმაციას ფაქტის შესახებ“/განცხადებას თუ კონკრეტული ინდივიდის შესახებ გამოთქმულ „შეფასებით მსჯელობას“/მოსაზრებას. მათ შორის განსხვავების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ „აზრის თავისუფლება“ მიჩნეულია კერძო საკითხად, რომელიც გონების სფეროს მიეკუთვნება და ამდენად, იგი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და სხვა უფლებებისაგან განსხვავებით, არ შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ ფორმალობებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია სხვათა რეპუტაციის ან უფლებათა დაცვისათვის. აზრის საწინააღმდეგოდ კი, „ფაქტში“ იგულისხმება ნამდვილი, რეალური ან არსებული გარემოებები და საგნები, რომლებიც ექვემდებარება მტკიცებულებებით დადასტურებას და იგი მიეკუთვნება რელატიურ (შეფარდებით) უფლებათა კატეგორიას.
27. სასამართლომ იმსჯელა, რომ აზრისა და ფაქტის ერთმანეთთან მჭიდრო კავშირის გამო, მათი გამიჯვნა საკმაოდ რთულია, ამიტომ სადავო გამონათქვამის სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციისათვის, უპირველესად, უნდა შემოწმებულიყო, თუ რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგებოდა გამონათქვამი, კერძოდ, მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი. სასამართლომ დაასკვნა, რომ ამ განჩინების მე-4 პუნქტში მითითებული სიტყვებით, რომელიც მესამე პირს პირად „ჩათში“ გაუგზავნა მოპასუხემ, არ არის გავრცელებული უშუალოდ მოსარჩელის კონკრეტული ქმედების ამსახველი ფაქტები, როგორიცაა „მოიპარა“ ან სხვა, რომელთან ერთობლიობაში შესაძლებელი იქნებოდა მსჯელობა, როგორც მომხდარის შესახებ განხორციელებულ ქმედებაზე, ფაქტის შემცველი ინფორმაციის მიწოდებაზე.
28. სასამართლომ განმარტა, რომ წერილის ტექსტი შესაძლებელია ატარებდეს შეურაცხმყოფელ ხასიათს, თუმცა, იგი არ წარმოადგენს რაიმე სახის ინფორმაციის შემცველს განცხადებას, იგი არ შეიცავს ფაქტის შემცველ ცნობებს პირის შესახებ. სადავოდ ქცეული წერილის შინაარსი მისი ავტორის მოსაზრება/“შეფასებითი მსჯელობაა“, რომელიც სპეციალური კანონით დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით (იხ.მე-4 მუხლის პირველი პუნქტი), რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობას. კერძოდ, მითითებული კანონის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, „აზრი“ არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე, ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს. „აზრში“ იგულისხმება ნებისმიერი შეფასებითი გამონათქვამი, რომელიც შედგება განსჯის, დამოკიდებულებისა და შეფასების ელემენტებისაგან, რომლის სისწორე თუ მცდარობა მთლიანად პირად წარმოდგენებზეა დამოკიდებული და მისი, როგორც შეხედულების, თავისუფლება არ ექვემდებარება რაიმე სახით შეზღუდვას.
29.სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აზრისა და გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის მართლზომიერი საფუძველი მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებოდა და განმარტა: მხოლოდ ის გარემოება, რომ სისხლის სამართლის კოდექსით ქურდობა წარმოადგენს დანაშაულებრივ ქმედებას, უპირობოდ არ ნიშნავს, რომ მოსარჩელის მისამართით გამოთქმული მოსაზრება „ქურდია“, ავტომატურად იწვევს მისი პიროვნების გაიგივებას ქურდობის ბრალდებით დამნაშავედ ცნობილ პირთან, ვინაიდან სისხლის სამართლის კოდექსი მხოლოდ 177-ე მუხლით გათვალისწინებული მაკვალიფიცირებელი გარემოების არსებობის, კანონით დადგენილი წესით, დადასტურებისა და მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მიიჩნევს პირს დამნაშავედ. ამდენად, მოსარჩელის მიმართ გამოთქმული მოსაზრება „ქურდია“, ყოველგვარი სხვა მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, არ იწვევს მისი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვას, რომლის გამოც შესაძლებელია დადგეს მოპასუხის პასუხისმგებლობის საკითხი.
30. მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
31.საკასაციო საჩივარი შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებს ემყარება:
31.1.გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია;
31.2. სოციალურ ქსელში მოპასუხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს მოსარჩელის პატივისა და ღირსების შემლახავ ქმედებას;
31.3.გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას (საქმე # ას-1477-1489-2011, 03.04. 2012 წ.) და განსხვავებულად ადგენს სპეციალური კანონით მინიჭებული გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს, არასწორად აფასებს გავრცელებულ განცხადებას აზრად;
31.4. კასატორის მტკიცებით, მოპასუხემ, ორაზროვნების გარეშე განაცხადა, რომ მოსარჩელემ მას მოჰპარა თანხა, რომ იგი ქურდია. საკასაციო სასამართლოს ზემოთ მითითებული გადაწყვეტილებით, პირის ქურდად მოხსენიება არ არის შეფასება, არამედ, არის განცხადება მომხდარ ფაქტზე, რომელიც შეიძლება დადასტურდეს ან ვერ დადასტურდეს. უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით, მსგავსი ინფორმაციის გავრცელება კვალიფიცირდება კერძო პირის ცილისწამებად.
31.5. კასატორი აკრიტიკებს სასამართლოს შეფასებას, რომ მოპასუხეს არ გაუვრცელებია უშუალოდ მოსარჩელის კონკრეტული ქმედების ამსახველი ფაქტები, რომლებთან ერთობლიობაში შესაძლებელი იქნებოდა გავრცელებულ ინფორმაციაზე, როგორც მომხდარ ფაქტზე მსჯელობა;
31.6. სასამართლომ უსამართლოდ დაუჭირა მხარი მოპასუხეს, რითაც წაახალისა იგი მომავალში მსგავსი ქმედებისათვის;
31.7. მოპასუხემ ინფორმაციის გასავრცელებლად აირჩია მოსარჩელის ბიზნესპარტნიორი. საქმეში წარდგენილია მტკიცებულებები, რომ მოსარჩელე და მესამე პირი საქართველოს ტერიტორიაზე ერთობლივად ახორციელებენ მრავალმილიონიან პროექტს, რომელსაც უძღვება მოსარჩელე და ნდობა პარტნიორულ ურთიერთობებში გადამწყვეტია, რადგან პროექტი ფინანსდება მესამე პირის მიერ, რომელიც ცხოვრობს რუსეთში, ხოლო მშენებლობას უძღვება მოსარჩელე. სასამართლომ არ გააანალიზა მოპასუხის სუბიექტური დამოკიდებულება, ანუ რა განზრახვით მოქმედებდა იგი, როდესაც კონკრეტული ადრესატი აირჩია შეტყობინების გასაგზავნად. მოპასუხე ერთმნიშვნელოვნად მიზნად ისახავდა კონკრეტულ ვიწრო საზოგადოებაში-მოსარჩელის საქმიანი პარტნიორების წრეში, მის დისკრედიტაციას. მოპასუხე წინასწარ საზღვრავს თავისი ქმედების შედეგს: „შენ შეგიძლია იყვირო, რომ ჩემთვის არაფერი მოგიპარავს და არაფერი გმართებს - მაგრამ ეს კიდევ სასაცილო იქნება, სიამოვნებით დაგაკვირდები“, როდესაც პირად მიმოწერაში მოპასუხე წერს მოსარჩელეს, რითაც ღიად განმარტავს, თუ რა მიზანი აქვს ამ ცილისწამებით;
31.8. მოპასუხის მიერ ადრესატისათვის ინფორმაციის მიწოდებას მხოლოდ ერთი დანიშნულება ჰქონდა, დაეეჭვებინა ეს უკანასკნელი მოსარჩელის პიროვნებაში, მიეყვანა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ შეეწყვიტა მასთან საერთო ბიზნესი. „მინდა გაგაფრთხილო, ვიცი რომ მასთან ერთად წამოიწყე სასტუმროს მშენებლობა სვანეთში, ყოველ შემთხვევაში ასე აცხადებს, რომ შენთან ერთად აშენებს სასტუმროს, შენ მასთან საქმე სულ სხვა თანხებზე გაქვს. და ისეთ უპატიოსნო ადამიანს, როგორიცაა მოსარჩელე შეუძლია 1 ვერცხლად გაყიდოს ნებისმიერი. ფრთხილად იყავი. მე გირჩევდი, ყოველგვარი საქმიანი ურთიერთობა გაგეწყვიტა მასთან“ - აღნიშნული სიტყვები ასახავს მოპასუხის ქმედების მოტივაციას - პირდაპირ განზრახვას, ცილისწამების ობიექტს მიაყენოს არა მხოლოდ მორალური, არამედ მატერიალური ზიანი; მოპასუხის ქმედება გამოხატვის უფლების ბოროტად გამოყენების მცდელობაა. სსკ-ის 115-ე მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. შესაბამისად, გამოხატვის უფლება, რომელიც პირდაპირ და უშუალოდ წინასწარ გამიზნულად ზიანს აყენებს მოსარჩელის პატივსა და ღირსებას, ექვემდებარება რეგულირებას;
31.9.სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს მორალური ტკივილიც, რომელიც მიადგა მოსარჩელეს, რომელიც იძულებული გახდა, თავი იმართლოს, რომ არაფერი მოუპარავს და ბუნებრივია, განიცადა ყველა ის უარყოფითი ემოცია, რაც უსამართლო შეურაცხყოფასა და ცილისწამებას მოსდევს. კონკრეტულ შემთხვევაში, საფრთხეში აღმოჩნდა პროექტიც, ვინაიდან დაიჯერა თუ არ დაიჯერა მომხდარის შესახებ მესამე პირმა, ეს ფაქტი მაინც აისახება მის შემეცნებაში, როგორც მისი პარტნიორის უარყოფითი დახასიათება, რამაც შესაძლოა განაპირობოს ეჭვი და უნდობლობა ურთიერთობებში;
31.10. სასამართლომ არ იმსჯელა სააპელაციო მოთხოვნაზე ადვოკატისათვის გადახდილ თანხებთან დაკავშირებით. განჩინებაში არ ჩანს, რატომ არ გაიზიარა სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა არასასამართლო ხარჯებთან დაკავშირებით. პირველი ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა ადვოკატისათვის გადახდილი თანხის დამადასტურებელი ქვითრებისა და ხელშეკრულების წარდგენის თაობაზე, თუმცა ადვოკატს ხელშეკრულება არ წარუდგენია, რასაც არ მოჰყოლია სასამართლოს ადეკვატური მოქმედება; სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში შეადგენდა 4000 ლარს, სსსკ-ის 53-ე მუხლით დადგენილი წესით, სასამართლო ვალდებული იყო, დაეკმაყოფილებინა ადვოკატის ხარჯი მხოლოდ 4%-ის ანუ 160 ლარის ოდენობით, თუმცა, სასამართლომ მოპასუხეს 800 ლარი დააკისრა, ხოლო მეორე ინსტანციის სასამართლომ, მიუხედავად სააპელაციო მოთხოვნისა, არ იმსჯელა რამდენად სამართლიანად მიაჩნდა თანხის ოდენობა.
32. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი 2014 წლის 18 ივლისის განჩინებით დასაშვებად ცნო, სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერების, საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიაჩნია, რომ მოსარჩელის საკასაციო განაცხადი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
33. სსსკ-ის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა და/ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
34. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში კასატორსდასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
35.მხარეთა შორის დავის საგანია პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურება.
36. საკასაციო სასამართლოს შესაფასებელია, სააპელაციო სასმართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მოპასუხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის თუ არა მოსარჩელის სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით დაცულ სფეროში იმგვარი ჩარევა, რასაც სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მოჰყვება.
37. გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია მე-4 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოება, რომლის სამართლებრივი შეფასებისას, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აზრისა და გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის მართლზომიერი საფუძველი მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობდა, ვინაიდან წერილში მითითებული ინფორმაცია არ წარმოადგენს იმგვარ განცხადებას, რომელიც შეიცავს ფაქტის შემცველ ცნობებს პირის შესახებ. სადავოდ ქცეული წერილის შინაარსი წარმოადგენს მისი ავტორის მოსაზრებას/“შეფასებით მსჯელობას“, რომელიც კანონით დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით (იხ. სპეციალური კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი), რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობას.
38. სპეციალური კანონი, ამ ნორმატიული აქტის მიზნებისათვის, შემდეგნაირად განმარტავს ტერმინებს: „აზრი – შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვაა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს“ (პირველი მუხლის ‘ბ“ ქვეპუნქტი), ხოლო ცილისწამება – არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადებაა“ (პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). პირს ეკისრება სამოქალაქო პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისთვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა (იხ.მე-13 მუხლი).
39.ზემოაღნიშნული სპეციალური სამართლებრივი მოწესრიგების გათვალისწინებით, განსახილველ დავაში, იმის გადასაწყვეტად, მოპასუხის გამონათქვამი შეიცავს თუ არა ცილისმწამებლურ განცხადებას, რაც სსკ-ის 18.2. მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის საფუძველია, უნდა გაირკვეს მოპასუხის მსჯელობა წარმოადგენს „აზრს“ თუ „არსებითად მცდარ ფაქტს“. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად: „სიტყვა „აზრი“ ფართოდ განმარტებისას გულისხმობს განსჯას, დამოკიდებულებასა თუ შეფასებას, რომლის სისწორე თუ მცდარობა დამოკიდებულია მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე. ფაქტები კი, ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ანუ ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ფაქტი შევამოწმოთ და ვნახოთ, ის რეალურად არსებობდა თუ არა. სწორედ ამიტომ, ფაქტების გადამოწმება და მისი ნამდვილობასთან შესაბამისობის დადგენა შესაძლებელია. ხშირ შემთხვევაში, აზრები და ფაქტები ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდებიან და მათი გამიჯვნა რთულია. ეს განპირობებულია იმით, რომ გამოთქმის ორივე ფორმა იშვიათად გვხვდება სუფთა სახით. უმთავრესად, სჭარბობს სწორედ ისეთი გამონათქვამები, რომლებშიც თავს იყრის, როგორც შეფასებითი, ასევე ფაქტობრივი ელემენტები. აზრი ხშირად ეყრდნობა და ეხება ფაქტებს, ფაქტები კი, თავის მხრივ, აზრის საფუძველია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს მათ, ამიტომაც ხშირად საკამათო გამონათქვამის, როგორც შეხედულების ან როგორც ფაქტის გადმოცემის, კვალიფიცირების დროს, შესაძლებელია გამოთქმის კონტექსტის მიხედვით მისი ცალკეული ნაწილების იზოლირება, მაგრამ ეს მეთოდი გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამით არ იკარგება ან არ ყალბდება გამონათქვამის შინაარსი და ნამდვილი აზრი. თუკი ასეთი იზოლირება შეუძლებლია გამონათქვამის შინაარსის გაყალბების გარეშე, მაშინ ეს გამონათქვამი უნდა ჩაითვალოს მთლიანად აზრის გამოთქმად, ანუ შეხედულებად, შეფასებით მსჯელობად და, შესაბამისად, მთლიანად უნდა იქნეს შეყვანილი ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში“ (იხ. სუსგ # ას-1278-1298-2011, 20.02.2012 წ.). აზრისა და ფაქტის ერთმანეთთან მჭიდრო კავშირის გამო, მათი გამიჯვნა საკმაოდ რთულია, ამიტომ სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება გამონათქვამი (იხ. სუსგ, №ას-1477-1489-2011, 03.04.2012 წ.). ცილისწამების მაკვალიფიცირებელი ერთ-ერთი მთავარი ნიშანია განმცხადებლის მიერ იმ ფაქტების მითითება, რომლებიც რეალობასთან არც ისე შორსაა, უფრო კონკრეტულია და არა ზოგადი ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე სუბიექტური, და, რაც მთავარია, მისი დადასტურება (დამტკიცება) შესაძლებელია (იხ. სუსგ, №ას-179-172-2012, 01.10.2014 წ.).
40. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მოსაზრების (შეფასებითი მსჯელობის) ფაქტებით დამტკიცება შეუძლებელია, ამიტომ არც ის შეიძლება, რომ ვინმეს ამ მოსაზრების სისწორის დამტკიცება დაევალოს. „შეფასებითი მსჯელობის სიმართლის დამტკიცება გადაუჭრელი ამოცანაა. ფაქტის არსი შეიძლება დემონსტრირებული იქნეს, მაგრამ შეფასებითი მსჯელობის სიმართლე არ შეიძლება მტკიცების საგანი იყოს. შეფასებითი მსჯელობის სიმართლის დამტკიცების მოთხოვნა წარმოადგენს იერიშის მიტანას აზრის თავისუფლებაზე“ (იხ. სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ“, 08.08.1986). იმ დროს, როდესაც შესაძლებელია ფაქტების არსებობის დემონსტრირება, სუბიექტური შეფასების ჭეშმარიტების დამტკიცება შეუძლებელია. „სუბიექტური შეფასების ჭეშმარიტების დამტკიცების მოთხოვნა შეუსრულებელია და ეს მოთხოვნა არღვევს თვით აზრის თავისუფლებას. როდესაც გამონათქვამი სუბიექტურ შეფასებას უთანაბრდება, შეზღუდვის პროპორციულობა შეიძლება დამოკიდებული იყოს იმაზე, არსებობს თუ არა საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი განსახილველი გამონათქვამისათვის, ვინაიდან სუბიექტური შეფასებაც კი, ყოველგვარი ფაქტობრივი საფუძვლით გამყარების გარეშე შეიძლება ზედმეტი იყოს“ (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „დიჩანდი და სხვები ავსტრიის წინააღმდეგ“, 2002წ., ასევე, სუსგ # ას-1052-1007-2014, 30.09.2015 წ.)
41. მითითებული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობასა და დასკვნებს (იხ. წინამდებარე განჩინების 19-21 პუნქტები), რომ მოპასუხის მიერ სოციალურ ქსელში, პირად „ჩათში“, მესამე პირისათვის გაგზავნილი წერილით (იხ. მე-4 პუნქტი) არ არის გავრცელებული უშუალოდ მოსარჩელის კონკრეტული ქმედების ამსახველი ფაქტები, როგორიცაა „მოიპარა“ ან სხვა, რომელთან ერთობლიობაში შესაძლებელი იქნებოდა გავრცელებულ ინფორმაციაზე, როგორც მომხდარის შესახებ განხორციელებულ ქმედებაზე-ფაქტის შემცველი ინფორმაციის მიწოდებაზე მსჯელობა.
42.სასამართლოს შეფასებით, განაწყენებულმა და შურაცხყოფილმა მოპასუხემ მესამე პირთან, პირად წერილში გამოხატა თავისი გულისწყრომა, უარყოფითი დამოკიდებულება მოსარჩელის პიროვნებისადმი იმით, რომ შეაფასა იგი კონკრეტული გამონათქვამით. მოპასუხის მიზანი წერილშივეა დაფიქსირებული, რაც გულისხმობს მოწოდებას წერილის ადრესატისადმი, ყურადღებით მოეკიდოს მოსარჩელესთან ურთიერთობას, აფრთხილებს, რომ დიდი ალბათობით თვითონაც არ აღმოჩნდეს მოსარჩელესთან ურთიერთობით გაწბილებული.
43. სპეციალური კანონის 7.1 „ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს“ , 7.5 - „აზრის ან ფაქტის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს განცხადებაში მოყვანილი ცნობებისათვის აზრის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ“ და 7.6 - „სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ“ მუხლების საფუძველზე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გამოთქმის კონტექსტის, ცალკეული ნაწილების იზოლირებულად შეფასების, შინაარსისა და ნამდვილი აზრის გათვალისწინებით, მოპასუხის გამონათქვამი უნდა ჩაითვალოს მთლიანად აზრის გამოთქმად, ანუ შეხედულებად, შეფასებით მსჯელობად.
44. სასამართლო აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხის სუბიექტური შეფასების გამომხატველი სადავო გამონათქვამი, შეურაცხმყოფელი, მტკივნეული, უარყოფითი ემოციისა და გარკვეული დისკომფორტის შემქმნელია მოსარჩელისათვის, წინამდებარე განჩინების 25-29 პუნქტებში მითითებული მოტივაციით, გამორიცხავს, ცილისწამების გამო, სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივ შესაძლებლობას.
45. საკასაციო სასამართლო ამ განჩინების სამოტივაციო ნაწილში განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით, დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის პრეტენზიებს (იხ. 31-ე პუნქტი) იმის თაობაზე, რომ 2013 წლის 13 თებერვალს, სოციალური ქსელით მესამე პირისათვის პირად „ჩათში“ მოპასუხის მიერ გაგზავნილი შეტყობინება წერილი მოსარჩელის პატივისა და ღირსების შემლახავი ქმედებაა.
46. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კასატორის მიერ მითითებულ სუსგ-ში განვითარებული მსჯელობა არ ეწინააღმდეგება და შესაბამისად, ვერ აბათილებს სააპელაციო სასამართლოს განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს (25-29 პუნქტები), რასაც ეთანხმება და იზიარებს საკასაციო სასამართლო.
47.იმის გათვალისწინებით, რომ არ დადასტურდა სსკ-ის 18.2. მუხლით გათვალისწინებული პირადი არაქონებრივი უფლებების დარღვევის ფაქტი, დაუსაბუთებელი და გაუმართლებელია მოსარჩელის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ.
48.საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას გასაჩივრებული განჩინების უკანონობაზე, დაკისრებული ბაჟის ნაწილში (იხ. ამ განჩინების 31.10 ქვეპუნქტი) და კანონიერად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს განჩინება.
49. საკასაციო სასამართლომ წარმოდგენილი საკასაციო განაცხადისა და საქმეში განთავსებულ მტკიცებულებათა გაანალიზებით დაასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონშესაბამისია, საკასაციო საჩივარი კი ფაქტობრივ-სამართლებრივად დაუსაბუთებელი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. უ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 დეკემბრის განჩინება;
3. კასატორს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე