Facebook Twitter

საქმე №ას-159-155-2016 28 ივლისი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ლ. ბ-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – კ. ჩ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება/განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 1 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2015 წლის 4 ნოემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში არსებითად განსახილველად

დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ლ. ბ-ამ (შემდეგში მოსარჩელე, საჩივრის ავტორი ან კასატორი) სარჩელი აღძრა კ. ჩ-ის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი) წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხის მიერ, თბილისში, ა-ის ქუჩა #21-ში (შემდეგში: უძრავი ქონების მისამართი) მდებარე საცხოვრებელი სახლის საერთო სადარბაზოთი სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა და მისთვის სადარბაზოს კარის გახსნისა და პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის დავალდებულება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, სსკ,172.2.-ე მუხლი.)

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს აეკრძალა საერთო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის სადარბაზოთი მოსარჩელის მიერ სარგებლობის ხელშეშლა, დაევალა სადარბაზოს კარის გახსნა და მისი პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.

3. მოპასუხემ გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ივნისის საოქმო განჩინებით საქმეზე შეჩერდა წარმოება, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხის მიერ აღძრული სარჩელის გამო ს. ბ-ის წინააღმდეგ დავის გადაწყვეტამდე. (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ, 279-ე მუხლის “დ“ პუნქტი).

5.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 თებერვლის საოქმო განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოება განახლდა (სსსკ-ის 283-ე მუხლი)

6. მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2015 წლის 01 ივლისს მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ამ განჩინების მე-2 პუნქტში მითითებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა (სსსკ-ის 387-ე, 230-ე მუხლები).

7. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოში მოპასუხის სააპელაციო საჩივრის ზეპირი განხილვისას, რომელიც დანიშნული იყო 2015 წლის 01 ივლისს, არ გამოცხადდა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე-მოსარჩელე, რომელსაც საქმის განხილვის შესახებ ეცნობა სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

8. სააპელაციო სასამართლომ, 2015 წლის 01 ივლისის საოქმო განჩინებით, არ დააკმაყოფილა მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების შესახებ. შესაბამისად, აპელანტის წარმომადგენელმა, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

9.აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ სადარბაზოს კარი გაუქმებულია და იგი მოსარჩელის ბინაში ერთადერთი შესასვლელია. სადარბაზო არ არის საერთო საკუთრების საგანი და საკომუნიკაციო საშუალება მოსარჩელისათვის. ამ კარით ის ვერ მოხვდება შენობის იმ ნაწილში, რომელშიც ცხოვრობს. ფართი, რომელიც შემოსაზღვრულია სადავო კარით, მოპასუხის საკუთრებაა. უძრავ ნივთზე საზიარო უფლება გაუქმებულია და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, მოპასუხეს გამოეყო მისი წილის შესაბამისი რეალური ფართი. ოთახი, რომელზეც პრეტენზია ჰქონდა მოსარჩელეს და აცხადებდა, რომ სადარბაზოს ჩაკეტვით მას მოესპო ამ ფართით სარგებლობის უფლება, აღრიცხულია მოპასუხის საკუთრებად. სადავო სადარბაზოს საშუალებით მოპასუხე უკავშირდება მის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებულ ფართს, ხოლო მოსარჩელეს არ გააჩნია ამ სადარბაზოთი სარგებლობის ინტერესი, ვინაიდან, სადარბაზოს გავლით ის ვერ მოხვდება მის საკუთრებად რიცხულ ფართში.

10. სასამართლომ, სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ჩათვალა. კერძოდ, დადგენილად მიიჩნია, რომ მოდავე მხარეთა შორის და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოპასუხეს გამოეყო მისი წილის შესაბამისი რეალური ფართი. ოთახი, რომელზეც პრეტენზიას აცხადებდა მოსარჩელე აღრიცხულია მოპასუხის საკუთრებად. სადავო კარი არ წარმოადგენს საკომუნიკაციო საშუალებას მოსარჩელისათვის. შესაბამისად, მიიჩნია, რომ არ დგინდება სსკ-ის 172-ე მუხლით ქმედების კვალიფიკაციისთვის აუცილებელი წინაპირობები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნა ხელშეშლის აღკვეთის შესახებ არ დააკმაყოფილა.

11. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 1 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა.

12. საჩივრის ავტორის განმარტებით, 2015 წლის 1 ივლისის სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. ავადმყოფობის ფაქტი დასტურდება საჩივარზე დართული 2015 წლის 30 ივნისის #1/278 სამედიცინო ცნობით (იხ. ტ.3, ს.ფ. 139), რაც სსსკ-ის 241-ე მუხლის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

13.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

14. სასამართლომ აღნიშნა, რომ სსსკ-ის 233.1. და 241-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, მხარის გამოუცხადებლობის გამო გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს, თუ არსებობს სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის. სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ‘ბ’ ქვეპუნქტების თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ან სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის გამოუცხადებლობისათვის.

15. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 1 ივლისს, 14 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომისა და სხდომაზე გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე მოსარჩელე გაფრთხილებული იყო კანონით დადგენილი წესით, რაც მისი წარმომადგენლის ხელწერილით დასტურდება (ტ.3. ს.ფ. 112).

16. მითითებულ სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადდა, ხოლო აპელანტის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ საფუძვლიანად იქნა მიჩნეული და დაკმაყოფილდა.

17. სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის განმარტება, საპატიო მიზეზით სასამართლოში გამოუცხადებლობის თაობაზე, კერძოდ, სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის „ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე“ საფუძველზე შეაფასა საჩივრის ავტორის მიერ წარდგენილი 2015 წლის 30 ივნისის ცნობა.

18. ამ ცნობის მიხედვით, მოსარჩელის წარმომადგენელს დაუდგინდა მწვავე დიარეა (საკვებით გამოწვეული). პაციენტს ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება და დაენიშნა მედიკამენტოზური მკურნალობა ბინაზე წოლითი რეჟიმის პირობებში. ცნობის მიხედვით, პაციენტი ექიმთან ვიზიტზე 2015 წლის 29 ივნისს იმყოფებოდა.

19. სასამართლომ მიიჩნია, რომ მითითებული ცნობა 2015 წლის 1 ივლისის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობის დასადასტურებლად ვერ გამოდგებოდა, ვინაიდან იგი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახავდა მხოლოდ 2015 წლის 29 ივნისის მდგომარეობით. საჩივრის ავტორს არ წარუდგენია კანონით გათვალისწინებული მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობამ დაბრკოლება შეუქმნა წარმომადგენელს, გამოცხადებულიყო 2015 წლის 1 ივლისს და მონაწილეობა მიეღო საქმის განხილვაში.

20. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის „თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“, ამავე კოდექსის 230-ე მუხლის „თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას სარჩელი დაკმაყოფილდება“ და 341-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად „დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის“, მიიჩნია, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

21. სასამართლომ დაასკვნა, რომ საჩივრის ავტორმა, სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, ვერ დაადასტურა 2015 წლის 1 ივლისის სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის საპატიო გარემოების არსებობა, რაც გამორიცხავდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას.

22. სააპელაციო სასამართლოს განჩინება, დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად, საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მითითებული სასამართლო აქტების გაუქმება და საქმის, არსებითად განსახილველად, სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.

23. კასატორმა შემდეგ არგუმენტებზე მიუთითა:

23.1. გასაჩივრებული განჩინება და დაუსწრებელი გადაწყვეტილება არასწორია, ვინაიდან მიღებულია კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფით; სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა საჩივარზე დართული სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა, რომელიც ადვოკატის სხდომაზე გამოცხადებას ავადმყოფობის გამო შეუძლებლად მიიჩნევდა. აღნიშნულით სასამართლომ დაუშვა საპროცესო დარღვევა, რასაც არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა მოჰყვა (სსსკ-ის 393.3 მუხლი);

23.2. სსსკ-ის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საერთო სასამართლოებმა საქმის განხილვის დროს უნდა იხელმძღვანელონ მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესებით. სსსკ-ის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ კანონს არ შეესაბამება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას კანონის მიხედვით. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად, მინისტრის ბრძანება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ არამართებულად არ გამოიყენა სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომლის ბოლო წინადადების თანახმად, ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. მოცემულ შემთხვევაში, ამბულატორიის მიერ გაცემული ცნობა-სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელისა და ოჯახის ექიმის ხელმოწერილი დოკუმენტი ადასტურებს სასამართლო პროცესზე ადვოკატის გამოცხადების საპატიო მიზეზის არსებობას, რაც გასაჩივრებული განჩინებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი 2016 წლის 26 თებერვლის განჩინებით წარმოებაში მიიღო, დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად, ხოლო იმავე წლის 22 აპრილის განჩინებით დასაშვებად ცნო იგი სსსკ-ის 391-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

25. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული სსსკ-ის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს დასაბუთებული შედავება აქვს წარმოდგენილი.

26. საკასაციო სასამართლო, საკასაციო საჩივრის დასაბუთებულობაზე მსჯელობისას, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას ამახვილებს, რომ 2015 წლის 1 ივლისის სხდომაში მოსარჩელის ადვოკატის (წარმომადგენლის) მონაწილეობის შეუძლებლობის შესახებ, სხდომის წინა დღეს- 30 ივნისს ეცნობა სასამართლოს (იხ. სააპელაციო სასამართლოსადმი 30.06.2015წ. წარდგენილი განცხადება - ტ.3, ს.ფ. 116). წარდგენილი განცხადებით ადვოკატმა სასამართლოს იმაზეც გაუმახვილა ყურადღება, რომ მხარემ, რომელიც მოხუცებული და პენსიონერია, აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ჩივილები, საკუთარი უფლების სასამართლო გზით დასაცავად წარმომადგენელი დაიქირავა, ამ უკანასკნელს კი განცხადებაზე თანდართული ავადმყოფობის ცნობაში მითითებული დიაგნოზის გათვალისწინებით, არ შეეძლო სასამართლოში სხდომაზე გამოცხადება და მონაწილეობა. ადვოკატმა, ასევე წინასწარ აცნობა სასამართლოს რამდენიმე თარიღი, რათა სხდომის გადადებისა და სხვა დროისათვის დანიშვნის შემთხვევაში, არ მომხდარიყო სხვა საფუძვლით (სხვა უკვე დანიშნული სასამართლო სხდომის თარიღის დამთხვევის გამო) სხდომის გადადება.

27. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და მოსაზრებებს, რომლებიც ასახულია ამ განჩინების მე-18 და მე-19 პუნქტებში, ამასთან, მოიხმობს სსსკ-ის 105-ე მუხლს, რომლის პირველი და მეორე ნაწილებით დადგენილია, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ და განმარტავს, რომ ადვოკატის მიერ წარდგენილ ცნობაში მითითებული დიაგნოზისა და პაციენტისათვის გაწეული სამედიცინო რეკომენდაციების (წოლითი რეჟიმი და სხვ.) ერთობლივი ანალიზი, ადასტურებს, რომ მხარის წარმომადგენელი ვერ შეძლებდა სასამართლო სხდომაში მონაწილეობას. 2015 წლის 29 ივნისს ექიმის მიერ ადვოკატისათვის დასმული დიაგნოზის გამო, წოლითი რეჟიმი, იმ პირობებში, როდესაც პაციენტს ესაჭიროებოდა სტაციონარული მკურნალობა, ხოლო მან უარი განაცხადა აღნიშნულზე (იხ. სამედიცინო ცნობის მე-14 და მე-17 პუნქტები - ტ.3, ს.ფ. 117) სწორედ იმას ადასტურებს, რომ ავადმყოფის ფიზიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, სულ მცირე ერთი დღე კი არ უნდა დაეცვა მას წოლითი რეჟიმი, არამედ, მას დაენიშნა წოლითი რეჟიმი, რომლის დაცვა და სხვა სამკურნალო რეკომენდაციების გამოყენება, იმთავითვე არ ნიშნავდა, რომ 24 საათში პაციენტის მდგომარეობა გამოსწორდებოდა და იგი უტყუარად შეძლებდა, დიაგნოზის დადგენიდან, ერთდღიანი მკურნალობის ჩატარების შემდეგ, სასამართლო სხდომაზე მონაწილეობას (იხ. ასევე სუსგ # ას- 354-336-2015, 19.01.2016წ).

28. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ სასამართლოს სხდომის წინა დღეს წარდგენილი ცნობა ადასტურებს, რომ 2015 წლის 1 ივლისის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო საფუძველი ჰქონდა ადვოკატს და საპირისპირო დასკვნა არ გამომდინარეობს ამ დოკუმენტიდან.

29. საკასაციო სასამართლო სამედიცინო ცნობაზე ხელმომწერი პირის ვინაობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ: „მხოლოდ ის გარემოება, რომ იგი სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ არაა ხელმოწერილი (მით უფრო, როდესაც ხელმოწერილია მკურნალი ექიმის მიერ და დადასტურებულია სამედიცინო დაწესებულების ბეჭდით), არ შეიძლება მასში მოცემული ინფორმაციის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს“ - იხ სუსგ # ას-187-179-2016, 06.05.2016წ. აქედან გამომდინარე, სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესაფასებლად, განსახილველ შემთხვევაში, კანონით დადგენილი წინაპირობების ერთობლიობა სახეზეა, რაც საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველია (იხ. ასევე სუსგ # ას-955-917-2014, 24.07.2015წ) .

30. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა არასაპატიოდ და შესაბამისად, არასწორადვე ჩათვალა, რომ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები, რის გამოც უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება, ხოლო საქმე ხელახლა განსახილველად, უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ბ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 1 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2015 წლის 4 ნოემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე