საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-189-181-2016 28 ივლისი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – მ. მ-ი(მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ს. რ-ე(მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2015 წლის 8 დეკემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება სააპელაციო საჩივრის ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით მ. მ-ის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, ადვოკატი ან საჩივრის ავტორი) სარჩელი, იურიდიული მომსახურების გაწევის შედეგად, საქმის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, დავის საგნის 10 %-ის - 12 000 აშშ დოლარის, ს. რ-ისათვის (შემდეგში: მოპასუხე ან კლიენტი) დაკისრების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა.
2. მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა გადაწყვეტილება.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ, 387.1. მუხლი).
4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლო სხდომა დაინიშნა 2015 წლის 20 ოქტომბერს, 14:30 საათზე. ამის თაობაზე აპელანტს, კანონით დადგენილი წესით, ეცნობა იმავე წლის 2 სექტემბერს, თუმცა, იგი საქმის ზეპირ განხილვაზე არ გამოცხადდა. სასამართლო სხდომის დღეს, აპელანტმა სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით და მოითხოვა სხდომის გადადება იმ მოტივით, რომ იყო ავად, ხოლო მისი წარმომადგენლები იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ. მოპასუხის წარმომადგენლები დაეთანხმნენ მოპასუხის შუამდგომლობას, გამოუცხადებელი მხარის წინააღმდეგ, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე.
5. სააპელაციო სასამართლომ 2015 წლის 20 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დააფუძნა სსსკ-ის 387.1.-ე, 216.1.-ე, 102.1.-ე, 215.3.-ე მუხლებს და აღნიშნა, რომ აპელანტს ეკისრებოდა მის შუამდგომლობაში მითითებული ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებების სასამართლოსათვის წარდგენა, კერძოდ, ადვოკატის ავადმყოფობისა და მისი წარმომადგენლების საზღვარგარეთ ყოფნის შესახებ.
6. აპელანტმა გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 20 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება იმავე სასამართლოში, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება სააპელაციო საჩივრის ხელახლა განსახილველად (სსსკ-ის 236-ე მუხლი).
7. საჩივრის მიხედვით, ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწეს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ესაუბრებოდა ქუთაისის ინტერვენციული ცენტრიდან და ცნობის წარდგენას პროცესის დაწყებამდე ვერ მოახერხებდა, რადგან გამოკვლევებს უტარებდნენ; მოსამართლის თანაშემწეს ისიც უთხრა, რომ დიდი ხანია, ვერ უკავშირდებოდა საკუთარ წარმომადგენელს, ხოლო მეორე წარმომადგენელს წინასწარ ჰქონდა დაწერილი განცხადება, რომ ვერ შეძლებდა სხდომაზე გამოცხადებას და წარდგენილი ჰქონდა საზღვარგარეთ გამგზავრების დამადასტურებელი მტკიცებულებები- ვიზა და სამგზავრო ბილეთი.
8. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 დეკემბრის განჩინებით, მოსარჩელის საჩივარი იმავე სასამართლოს 20 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
9. სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტის მტკიცებით, იგი სხდომაზე ვერ გამოცხადდა ავადმყოფობის გამო. სსსკ-ის 102.3 /საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით/ და 215.3 /ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე/ მუხლების საფუძველზე, სასამართლომ დაასკვნა, რომ აპელანტს სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი არ ჰქონდა.
10. აპელანტის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მიერ გაცემული სამედიცინო ბარათისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა #100) შეფასებისას სასამართლომ აღნიშნა:
10.1. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა მოსარჩელისაგან შეტყობინება მიიღო 2015 წლის 25 ოქტომბერს, 16:11 საათზე. პაციენტის განმარტებით, იგი უჩიოდა თავის ტკივილს, თავბრუხვევას, გულის ფრიალს, ჰაერის უკმარისობასა და კიდურების დაბუჟებას. მას დაუდგინდა დიაგნოზი – ესენციური ჰიპერტენზია და ჩატარებული მკურნალობის შედეგად მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა;
10.2.ბარათში არ არის მითითებული, რომ საჩივრის ავტორს არ შეეძლო სხდომაზე გამოცხადება და ეს არც დაფიქსირებული დიაგნოზიდან გამომდინარეობს, თუმცა, ასეც რომ არ ყოფილიყო, 25 ოქტომბერს, 16 საათზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის გამოძახება, ვერ დაადასტურებდა 20 ოქტომბერს, 14:30 საათზე, დანიშნულ სხდომაზე აპელანტის გამოცხადების შეუძლებლობას;
10.3. ცნობიდან არც მისი გაცემის ზუსტი თარიღი დგინდება, ვერც საბუთზე ხელმომწერი პირების იდენტიფიკაცია ხდება და არც საბუთში ასახული ჩივილები (ტკივილი წელისა და მენჯ–ბარძაყის მიდამოებში) ადასტურებს სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოცხადების შეუძლებლობას.
11. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს მის წარმომადგენელთა გამოუცხადებლობის მიზეზის დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოსათვის არ წარუდგენია.
12. წინამდებარე განჩინების 9-10 პუნქტებში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, სასამართლომ დაასკვნა, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.
13. აპელანტმა საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 8 დეკემბრის განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა იმავე სასამართლოს 2015 წლის 20 ოქტომბრის განჩინება და მოითხოვა, სააპელაციო საჩივრის ხელახლა განსახილველად დაბრუნება, საქმის წარმოების განახლება.
14. კასატორი შემდეგ პრეტენზიებზე უთითებს:
14.1.დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, მხარეებს, რომელთაც გარკვეული გარემოებების გამო, არ შეუძლიათ პროცესზე გამოცხადება, სასამართლო მაქსიმალურად უწყობს ხელს, რომ საქმე არ განიხილოს მათი მონაწილეობის გარეშე. თანაშემწესთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, როცა სასამართლოსათვის ცნობილი გახდა აპელანტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ადვოკატი ვერ ახერხებდა ცნობის წარდგენას სხდომამდე, რადგან ჯერ კიდევ უტარდებოდა სამედიცინო გამოკვლევები, რაც მოგვიანებით აისახა კიდეც ფორმა #100-ში) სასამართლოს არ უნდა გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება;
14.2. გასაჩივრებული განჩინებით დარღვეულია სსსკ-ის 105-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულებათა შეფასების პროცესუალური წესი. სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად, და ობიექტურად არ შეაფასა აპელანტის გამოუცხადებლობის გარემოებები, რის გამოც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება მიიღო; ფორმა #100-ის სათანადო გამოკვლევით, მასში ასახული ჩივილების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდოდა დასკვნამდე, რომ პროცესზე აპელანტის გამოუცხადებლობის ხელისშემშლელი, დაუძლეველი და საპატიო მიზეზი არსებობდა, რადგან მას ნამდვილად შეზღუდული ჰქონდა გადაადგილების შესაძლებლობა;
14.3. კასატორი თვითონვე უთითებს, რომ 25.10.2015წ. 16 საათზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება, ვერ დაადასტურებს ხუთი დღით ადრე, 20.10.2015წ. ჩატარებულ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობას, თუმცა, ბარათი ადასტურებს, რომ იგი სრულად ჯანმრთელი არც 2015 წლის 20 ოქტომბერს იყო, განჩინების მიღების შემდეგ ჰიპერტონული კრიზისიც განუვითარდა და დღემდე აგრძელებს მკურნალობას;
14.4.დადგენილი პრაქტიკის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას საფუძვლად უნდა დაედოს სასამართლოს ვარაუდი, გამოუცხადებელი მხარის მიერ მისი უფლების დაცვის ინტერესის დაკარგვის თაობაზე და ამოსავალი წერტილი უნდა იყოს მხარის პასუხისმგებლობა და დამოკიდებულება სასამართლოსადმი. დაუსწრებელი გადაწყვეტილება პროცესუალური ფორმაა, რომლის გამოტანა მხოლოდ იმ შემთხვევაშია მიზანშეწონილი, როდესაც მხარე თავისი მოქმედებით ან უმოქმედობით უარს აცხადებს საპროცესო თანამშრომლობაზე, ანუ მას აქვს პროცესზე გამოცხადების შესაძლებლობა, მაგრამ არა აქვს ნება. საპროცესო კანონმდებლობა ადგენს მხარეთა თანაბარ საპროცესო უფლებებს (სსსკ-ის 83-ე მუხლი), მათ შორის, უთუოდ იგულისხმება შესაძლებლობა, დასაბუთებული შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში, საპატიო მიზეზის გამო, შესაბამისი მტკიცებულების საფუძველზე, მხარემ მოითხოვოს საქმის განხილვის გადადება სხვა დროისათვის;
14.5. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, რადგან მხარეს არ დაუკარგავს დავის მიმართ ინტერესი და მისი და მის წარმომადგენელთა გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით იყო განპირობებული.
15.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2016 წლის 5 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო იმავე წლის 6 მაისის განჩინებით საკასაციო განაცხადი დასაშვებადაა ცნობილი, დასახელებული სამართლის ნორმის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლოს, საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერების, საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
16. სსსკ-ის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა და/ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
17. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, კასატორს დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.
18. სააპელაციო სასამართლომ 2015 წლის 20 ოქტომბერს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, მოწინააღმდეგის შუამდგომლობის საფუძველზე, მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა (სსსკ-ის 387.1.-ე მუხლი), ხოლო იმავე სასამართლოს 2015 წლის 8 დეკემბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა აპელანტის საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე და ძალაში დატოვა იგი (სსსკ-ის 240.2.-ე მუხლი ) .
19.სასამართლომ შეაფასა აპელანტის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არ მიიჩნია ისინი სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიოობის დამადასტურებელ დოკუმენტებად.
20. საკასაციო სასამართლო იზიარებს ამ განჩინების 10-12 პუნქტებში ასახულ მსჯელობას და მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ წარდგენილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მიერ გაცემული სამედიცინო ბარათი (ს.ფ. 313) და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა - ფორმა #100 (ს.ფ.316) ვერ ადასტურებს საპატიო მიზეზით მოსარჩელის სხდომაზე გამოუცხადებლობას.
21. სსსკ-ის 241-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
22. სსსკ-ის 233.1. „ბ“ მუხლის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის;.
23. მომჩივანი საკასაციო საჩივარში თავად აღნიშნავს, რომ 25.10.2015წ. 16 საათზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება ვერ დაადასტურებს ხუთი დღით ადრე, 20.10.2015წ. ჩატარებულ სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს (განჩინების პ.16.2.3.), რითაც ნაწილობრივ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბარათის შეფასების თაობაზე, თუმცა, განმარტავს, რომ ბარათი იმ გარემოებას ადასტურებს, რომ 2015 წლის 25 ოქტომბერსაც კი, ის არ იყო გამოჯანმრთელებული და ჰქონდა ბარათში მითითებული პრობლემები.
24.საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით შეაფასა ცნობა (ფორმა# 100) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, 2015 წლის 20 ოქტომბერს სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობას საპატიოდ ჩათვლიდა (განჩინების 16.2., 16.2.1. პუნქტები).
25. სსსკ--ის 215.3. მუხლის დანაწესის მიხედვით, ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
26. 2015 წლის 02 ნოემბერს გაცემულ #100 ფორმაში (ს.ფ.316) აღნიშნულია, რომ პაციენტს აქვს წელის მალების ოსტეოქონდროზი, ორმხრივი კოქსართროზი, აწუხებს ტკივილები წელის და მენჯ-ბარძაყის არეში, მაგრამ არ არის მითითებული სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
27. სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას საჩივრის დაკმაყოფილების მიზანშეწონილობაზე, იმ საფუძვლით, რომ მხარეს არ დაუკარგავს ინტერესი დავის მიმართ. სასამართლო განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას, მართალია, არსებობს მხარის მიერ დავის მიმართ ინტერესის დაკარგვის ვარაუდი, მაგრამ საპროცესო კანონმდებლობა არ იძლევა შესაძლებლობას, მხოლოდ სუბიექტურ მომენტზე დაყრდნობით (მხარეს სურს პროცესის გაგრძელება და ზოგჯერ აქვს წარმატების სერიოზული პერსპექტივა) გააუქმოს მიღებული გადაწყვეტილება. აუცილებელია ობიექტური საფუძველი-მტკიცებულებით დადასტურებული გარემოება, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებს, რომ მხარემ საპატიო მიზეზით ვერ შეძლო სხდომაზე გამოცხადება.
28.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული სასამართლო აქტები კანონშესაბამისია, საკასაციო საჩივარი კი ფაქტობრივ-სამართლებრივად დაუსაბუთებელი, რაც მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
29. სსსკ-ის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2015 წლის 8 დეკემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ;
3. კასატორს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე