Facebook Twitter

საქმე №ას-727-695-2014 15 ივლისი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვა

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

კასატორი – ტ. შ-ე (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - თ. კ-ა

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს-ა“ (მოპასუხე)

წარმომადგენელი - თ. ა-ა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ სათანადო კომპენსაციის გაცემა; ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ტ. შ-ეს (შემდეგში: მოსარჩელე, მესაკუთრე ან კასატორი) 2003 წლის 23 აპრილიდან, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთრებაში აქვს ქ. თბილისში, შ-ის ქუჩა #22-ში (ს/კ: ...) მდებარე 402 კვმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 19 კვმ ერთსართულიანი შენობა-ნაგებობა (იხ. ტ.1, ს.ფ.18), ხოლო 2004 წლის 19 ნოემბრის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელე წარმოადგენს იმავე მისამართზე არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ: ...) მესაკუთრეს (იხ.ტ.1, ს.ფ.22).

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 ივნისის №3/1914-11 გადაწყვეტილებით სს „ს-ას“ (შემდეგში - მოპასუხე, საწარმო ან ექსპროპრიატორი), აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება მოსარჩელის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (იხ. წინამდებარე განჩინების პირველი პუნქტი) ნაწილზე, კერძოდ, 402 კვმ - დან 279 კვმ-ზე (იხ. ტ. 1, ს.ფ.25-36).

3. საწარმომ 2010 წლის 18 ნოემბერს საკომპენსაციო თანხა - 67 989.85 ლარი (14 423.85 ლარი - მიწის ნაკვეთისათვის, 53 566 ლარი - სხვა ქონებისა და მოსავლის კომპენსაციისათვის) შესთავაზა მესაკუთრეს (იხ.ტ.1. ს.ფ. 86-87), რაზედაც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა. საწარმომ განმეორებით შესთავაზა გაზრდილი კომპენსაცია მესაკუთრეს, რის შედეგადაც 2011 წლის 11 თებერვალს საწარმოსა და მესაკუთრეს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მესაკუთრემ კუთვნილი მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) 105 230,58 ლარად გაასხვისა საწარმოზე (ტ.1, ს.ფ. 93).

4. დასახელებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის საწარმოს მიერ დაწყებული წარმოება, საჯარო რეესტრის 2011 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით (№...) შეჩერდა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ საკუთრების ობიექტის ნაწილზე, ტექნიკური აღრიცხვის მონაცემებით, სხვა პირის - გივი დათაშვილის საკუთრების უფლებაც ირიცხებოდა, შესაბამისად, აღნიშნული ქონების გასხვისება თანამესაკუთრის თანხმობის გარეშე ვერ მოხდებოდა. ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრა ვერ მოხერხდა, №... გადაწყვეტილებით 2011 წლის 23 მარტს სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა (ტ.1, ს.ფ.103-104).

5. საწარმომ 2011 წლის 1 ივნისს, მესაკუთრეს შესთავაზა შემცირებული საკომპენსაციო თანხა - 65 308.36 ლარი, რასაც ეს უკანასკნელი არ დაეთანხმა. მითითებული თანხა ჩაერიცხა მესაკუთრეს (ტ.1, ს.ფ.125).

6. მესაკუთრემ 2012 წლის 4 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოითხოვა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ჩამორთმეული ქონების რეალურ ღირებულებასა და კომპენსირებულ თანხას შორის არსებული სხვაობის - 135 446.74 ლარის ანაზღაურება, ასევე, სასამართლო ხარჯების (ექსპერტიზისათვის- 1000 ლარი და სახელმწიფო ბაჟის სახით - 3000 ლარის) დაკისრება მოპასუხისათვის. მოსარჩელემ განმარტა, რომ მას საბოლოოდ ჩარიცხულ საკომპენსაციო თანხაზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტი) თანხმობა არ განუცხადებია, ვინაიდან მისი ქონების ღირებულება გაცილებით მაღალია, აღნიშნულის დასტურად კი წარადგინა დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა (ტ.1.ს.ფ.44-46), ისიც განმარტა, რომ თანამესაკუთრე (იხ. ამ განჩინების მე-4 პუნქტი) აღარ ირიცხებოდა მიწის ნაკვეთზე, რადგან მისი მეორე ნაწილი მოსარჩელემ შეიძინა თანამესაკუთრისაგან (ტ.1, ს.ფ.16-17).

7. ექსპროპრიატორმა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით არ ცნო მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი და ქონების ღირებულების შესახებ მიუთითა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაზე (შემდეგში ეროვნული ბიუროს დასკვნა), რომლის საფუძველზეც განისაზღვრა მესაკუთრისათვის გადასახდელი საკომპენსაციო თანხა. მოპასუხემ განმარტა, რომ მესაკუთრეს მესამედ გაეგზავნა შეთავაზება საკომპენსაციო თანხაზე, რაზედაც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა, რის შემდეგაც მის ანგარიშზე ჩაირიცხა თანხა (იხ. შესაგებელი, ტ.1, ს.ფ.81).

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში სპეციალური კანონი) მე-2, მე-3 და მე-6 მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 312-ე მუხლი და, 2013 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მესაკუთრის სასარგებლოდ, ექსპროპრიატორს დაეკისრა 11 691.64 ლარის გადახდა, ხოლო სახელმწიფო ბაჟის სახით - 350.75. ლარის ანაზღაურება.

9. წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში მითითებული გარემოებების გარდა, სასამართლომ დაადგინა, რომ თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე (იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი), სარდაფის სართულზე 42.09 კვმ ფართის მესაკუთრეა სახელმწიფო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 28 მარტის # 05/5910 წერილის საფუძველზე (იხ. ამონაწერი - ტ.1, ს.ფ. 118).

10. სპეციალური კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულია, რომ ექსპროპრიატორი, რომელმაც მიიღო ექსპროპრიაციის უფლება, ამავე კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, წინასწარ უთანხმდება მესაკუთრეს საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის წესის შესახებ, საამისოდ, ექსპროპრიატორი, საკუთარი ხარჯებით, დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით აფასებს და განსაზღვრავს კომპენსაციის სახით მესაკუთრისათვის გადასაცემ სავარაუდო საკომპენსაციო თანხას ან სხვა ქონებას საექსპროპრიაციო ქონების საბაზრო ღირებულების შესაბამისად.

11. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად, მესაკუთრისათვის გადასახდელი საკომპენსაციო თანხა 65 308.36 ლარს შეადგენს. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ვინაიდან ვერ მოხერხდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ფართობის იდენტიფიკაცია (იხ. 42,09 კვმ სარდაფის თაობაზე მე-5 პუნქტი), იმ დაშვებითაც კი, რომ საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე ფართის მესაკუთრეა სახელმწიფო, მიწის ნაკვეთი გადანაწილდა შემდეგნაირად: მესაკუთრე- 279 კვმ, სახელმწიფო - 123 კვმ (იხ.საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება - ტ.1, ს.ფ.327, 3.2.10 პუნქტი).

12. სასამართლომ იმსჯელა საქმის მასალებში განთავსებულ არაერთ საექსპერტო დასკვნაზე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 102-ე და 105-ე მუხლების საფუძველზე შეაფასა გარემოებები.

13. იმის გათვალისწინებით, რომ ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული მესაკუთრე ერთადერთი არ იყო, ვისაც საექსპროპრიაციო ქონებაზე საკუთრების უფლება გააჩნდა, ხოლო რკინიგზის შემოვლითი მაგისტრალის სამშენებლო დერეფნისათვის მიწის ნაკვეთის მხოლოდ 279 კვმ იყო საჭირო, საწარმომ 2011 წლის 1 ივნისს, მესაკუთრეს შესთავაზა შემცირებული საკომპენსაციო თანხა - 65 308.36 ლარი, რაც ჩაურიცხა კიდეც მის ანგარიშზე (ტ.1, ს.ფ.125).

14. სასამართლომ იმსჯელა საჯარო რეესტრის მონაცემების უტყუარობის და სისრულის პრეზუმფციაზე, აგრეთვე აღნიშნა, რომ სადავო არ იყო მესაკუთრის მიერ ქონების შეძენა ჩუქებისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე (იხ. წინამდებარე განჩინების პირველი პუნქტი), შესაბამისად, ქონებას ერთადერთი მესაკუთრე ჰყავდა. სასამართლომ იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მიწის ნაკვეთი თანასაკუთრებაში იყო აღრიცხული, საიდანაც მოსარჩელე 284 კვმ-ის, ხოლო სახელმწიფო კი 118 კვმ-ის მესაკუთრეა, შესაბამისად, დაუსაბუთებელი იყო მოსარჩელის მოთხოვნა 123 კვმ-ის მიწის ნაკვეთზე ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და, მესაკუთრის სასარგებლოდ, ექსპროპრიატორს 11 691.64 ლარის გადახდა დაეკისრა.

16. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა, როგორც მოსარჩელემ, ისე მოპასუხემ. მესაკუთრემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო ექსპროპრიატორმა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა.

17. სააპელაციო სასამართლომ 2014 წლის 24 აპრილს, მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა მოპასუხის მიმართ, რომელიც არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე; მოპასუხის სააპელაციო საჩივარი, მოწინააღმდეგის შუამდგომლობის საფუძველზე, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

18. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობების მართებულობაზე (სსსკ-ის 387-ე, 230-ე მუხლები) და დამატებით აღნიშნა: აპელანტის (მოპასუხის) მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) სააპელაციო საჩივარში მითითებული და აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო დამტკიცებულეად ჩათვლილი გარემოებები იურიდიულად ნაწილობრივ ამართლებდა მოთხოვნას; ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფარგლებში, საექსპროპრიაციო ქონებად მიჩნეული იქნა 279 კვმ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული სახლთმფლობელობა ლიტერ „ა“. შესაბამისად დადგინდა, რომ საკომპენსაციო თანხა შეადგენს 124 152 ლარს (აღნიშნული შედგება: 279 კვმ მიწის ნაკვეთის ღირებულება - 18 135 ლარი + ლიტერ „ა“-ს საბაზრო ღირებულება 85 486 ლარი + ღობის მოწყობის ღირებულება - 20 531 ლარი). აღნიშნულ თანხას უნდა დამატებოდა 30 %-იანი კომპენსაცია იძულებით გასახლებაზე - 37 245.6 ლარი.

19. მესაკუთრის ანგარიშზე უკვე ჩარიცხული - 65 308.36 ლარისა და საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დაკისრებული 11 691.64 ლარის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ, 2014 წლის 24 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ექსპროპრიატორს, მესაკუთრის სასარგებლოდ, დააკისრა ჯამში - 89 963 ლარი (124 152 +37 245.6 – 65 308.36 – 11 691.64), რაც იმავე წლის 13 მაისის განჩინებით უსწორობის გასწორების შესახებ, საბოლოოდ განისაზღვრა უსწორობის განჩინებით 84 397.6 ლარით (იხ. ტ.3, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება- ს.ფ. 85-105 და უსწორობის გასწორების თაობაზე განჩინება - ს.ფ.106 -109).

20. სასამართლომ იხელმძღვანელა სპეციალური კანონის მე-2, მე-3 და მე-6 მუხლებით, სსკ-ის 312-ე მუხლით და მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოდ მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომლითაც მესაკუთრე ითხოვდა სახელმწიფოს საკუთრებად აღრიცხული 42.09 კვმ სარდაფის სართულისა და 123 კვმ მიწის ნაკვეთის საექსპროპრიაციო ღირებულების მიკუთვნებას (იხ. ამ განჩინების მე-9, მე-11, მე-14 პუნქტები).

21. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მესაკუთრემ და მოითხოვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

22. საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი მესაკუთრის საკასაციო განაცხადი სსსკ-ის 391-ე მე-5 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.

23. საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 29 ივნისის განჩინებით იმავე წლის 15 ივლისს საქმის არსებითი განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენით.

24. უზენაეს სასამართლოში 15 ივლისის სხდომაზე გამოცხადებულმა მხარეებმა განმარტეს სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი წინაპირობები, მიუთითეს, რომ სააპელაციო სასამართლოს არსებითად არ განუხილავს საქმე, რადგან მოპასუხე არ გამოცხადდა სხდომაზე და მოსარჩელემ იშუამდგომლა მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, რაც დააკმაყოფილა სასამართლომ.

25. კასატორმა დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში არსებითად განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებების შეჯერებისა და გაანალიზების, საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის არსებითად განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო განაცხადი უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგი მოტივაციით: 26. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია კასატორის პრეტენზია.

27.უპირველეს ყოვლისა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ განსახილველი სადავო სამართალურთიერთობა საქართველოს კონსტიტუციითა და სპეციალური კანონით მოწესრიგებულ სფეროს განეკუთვნება. „საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის დაცვის სუბიექტია კერძო პირთა საკუთრება, როგორი ფუნქციური დატვირთვაც არ უნდა ჰქონდეს მას, სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად იქნება გამოყენებული თუ არასამეწარმეო მიზნებისათვის. საკუთრება უპირობოდ დაცული ფასეულობაა, იმის მიუხედავად, თუ რა ღირებულების მფლობელობაა სახეზე და რა სოციალური ტვირთის მატარებელია იგი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასმაართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის # 1/2/411 გადაწყვეტილება საქმეზე შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს “გოგიტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ, II. პ.23). სპეციალური კანონი ექსპროპრიაციას, როგორც სწორედ ამ კანონის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინს შემდეგნაირად განმარტავს: კონსტიტუციისა და ამავე კანონის შესაბამისად, საკუთრების ჩამორთმევა ჩამორთმეული ქონების წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციით. აღნიშნული სამი სავალდებული საფუძვლის დადგენა, კომპენსაციის განსაზღვრისას, მიზნად ისახავს კერძო მესაკუთრის ინტერესის დაბალანსებას, როდესაც მას, საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, ჩამოერთმევა უფლება საკუთრებაზე.

28. ექსპროპრიაციის აუცილებელ წინაპირობებს ადგენს სპეციალური კანონის მე-6 მუხლი, რომელიც იმპერატიულად ადგენს, რომ ექსპროპრიატორი წინასწარ უთანხმდება ქონების მესაკუთრეს საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის წესის შესახებ. ამავე ნორმით დადგენილია ექსპროპრიატორის ვალდებულება, განახორციელოს ყველა სათანადო ღონისძიება, რათა ქონება მიიღოს მესაკუთრესთან შეთანხმების საფუძველზე. დეტალურადაა დადგენილი ქონების შეძენაზე მოლაპარაკების დაწყებამდე ექსპოპრიატორის მიერ გასატარებელი ღონისძიებები, ქონების მესაკუთრესთან მოლაპარაკების დაწყებამდე, ქონების შეძენისათვის წინადადებების შეთავაზების წესი. კომპენსაციის სახით შთავაზებული სხვა ქონების საბაზრო ღირებულება ან საკომპენსაციო თანხა უნდა იყოს წინასწარი, სრული და სამართლიანი და არ უნდა იყოს ექსპროპრიატორის მიერ შეფასების შედეგად განსაზღვრულ თანხაზე ნაკლები.სპეციალური კანონით აკრძალულია ექსპროპრიატორის მიერ მოლაპარაკებისათვის ან კომპენსაციის სახით საკომპენსაციო თანხის ან სხვა ქონების გადაცემისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე სხვა რაიმე ძალდატანებით მოქმედება ქონების მესაკუთრის მიმართ. ქონების საბაზრო ღირებულებასა და კომპენსაციის თაობაზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში, თითოეულ მხარეს უფლება აქვს სასარჩელო წარმოება დაიწყოს სპეციალური კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე.

29. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო სამართლის პროცესუალურ საკითხს, რომელიც უკავშირდება სააპელაციო სასამართლოს მიერ, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას და სასამართლოს დასკვნას, რომ დამტკიცებულად ჩათვლილი გარემოებები იურიდიულად ნაწილობრივ ამართლებდა მოთხოვნას (იხ. გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ტ.3, ს.ფ. 100-101, ასევე ამ განჩინების მე-18 პუნქტი). სასამართლოს ამგვარი დასკვნა არ გამომდინარეობს განსახილველი სამართალურთიერთობიდან, რადგან სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და სპეციალური კანონით მოწესრიგებულ სამართლებრივ ურთიერთობას, ამდენად, მოთხოვნის იურიდიული საფუძველი უდავოა, მხარეთა შორის არც ისაა სადავო, რომ ექსპროპრიაციის უფლება, სწორედ სპეციალური კანონის საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით მიენიჭა მოპასუხეს, რამაც მესაკუთრისათვის, ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ, კომპენსაციის მიღების წინაპირობა წარმოშვა, სპეციალური კანონითვე დადგენილი იმ საფუძვლების დაცვით, რაც ამ განჩინების 28-ე პუნქტშია მითითებული.

30. მესაკუთრესთან შეთანხმების მიღწევამდე, მოლაპარაკების საწარმოებლად კანონით დადგენილი წინაპირობების შემოწმება კი სწორედ სასამართლო პრეროგატივაა და ამ კონტექსტში ყურადსაღებია მესაკუთრის პრეტენზია, რომ იგი არ დაეთანხმა მოპასუხის მიერ შეთავაზებულ კომპენსაციას, თუმცა, მიუხედავად ამისა, მოპასუხემ მესაკუთრეს მაინც ჩაურიცხა საკომპენსაციო თანხა, რაც დასტურდება მოსარჩელისა და მოპასუხის განმარტებებით და კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ. ამ განჩინების 5-7 პუნქტები). განსახილველ შემთხვევაში, მესაკუთრე, როგორც სააპელაციო საჩივარში, ისე საკასაციო განაცხადში უთითებს, რომ იგი არ ეთანხმება საკომპენსაციო თანხას. ამ თვალსაზრისით, სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ მოთხოვნა იურიდიულად ნაწილობრივ არის გამართლებული, დაუსაბუთებელია, რადგან მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი ქვეყნის ძირითადი და სპეციალური კანონებია, როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, ხოლო საკომპენსაციო თანხასთან დაკავშირებით საქმეში განთავსებული მტკიცებულებები (მოდავე მხარეთა განმარტებები, საჯარო რეესტრის ამონაწერები, ექსპერტთა დასკვნები) ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად უნდა იქნეს გამოკვლეული და ერთობლიობით შეფასდეს საქმის არსებითი განხილვისას.

31. სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ იურიდიულად არ არის გამართლებული მესაკუთრის მოთხოვნა, სხვა ფართებთან ერთად, აუნაზღურდეს, ასევე, 42.09 კვმ სარდაფ-სართულის და მთლიანი მიწის ნაკვეთის საექსპროპრიაციო ღირებულებაც (იხ. ტ.3, ს.ფ. 101) საჭიროებს შესწავლასა და გამოკვლევას საქმის არსებითი განხილვის დროს და დეტალურ გაანგარიშებას იმის მიხედვით, თუ მესაკუთრის რომელ ქონებაზე მიენიჭა სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეს ექსპროპრიაციის უფლება.

32. ზემოხსენებული არგუმენტაციით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და საქმეს განხილვისათვის უბრუნებს სააპელაციო სასამართლოს.

33. კასატორს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს (იხ. ტ.3, ს.ფ.180).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 399-ე, 372-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ტ. შ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე