საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-450-432-2016 9 სექტემბერი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს „ნ-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს "დ.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულების შესრულება და ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1.შპს „დ-სა“ (შემდეგში: მენარდე ან მოსარჩელე) და შპს „ნ “ (შემდეგში: შემკვეთი, მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) შორის, 2015 წლის 23 იანვარს, დაიდო ხელშეკრულება (შემდეგში: ხელშეკრულება), რომლის თანახმად, მენარდემ იკისრა ვალდებულება, შემკვეთის ტერიტორიაზე, ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილზე #..ში მდებარე 3000 კვ. მ. გაშენების ფართობის სასაწყობე შენობაში, რკინაბეტონის ფილების ჭერის ზედაპირი (300 ერთეული), ასევე, შენობაში არსებული ჰორიზონტალური და ვერტიკალური რკინაბეტონის კოლონების ზედაპირი გაეწმინდა ქვიშაჭავლური მეთოდით (ე.წ. „პესკოსტრუიკა“) და გაწმენდილი ზედაპირი შეეღება უჰაერო ღებვის დანადგარებით ორ პირად (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 629-ე მუხლი; იხ. ხელშეკრულება - ს. ფ. 15-16).
2. ხელშეკრულების 1.2. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება მენარდემ საკუთარი მანქანა-დანადგარებით, დამკვეთის მასალით (ქვიშა, საღებავი) და ელექტრო უზრუნველყოფით უნდა განახორციელოს; მომსახურების საერთო ღირებულებაა 36 000 ლარი, დღგ-ს ჩათვლით;
3.ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, მენარდე ვალდებულია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება დაიწყოს ავანსის მიღებიდან არაუგვიანეს ორი დღისა და 2015 წლის 20 თებერვლამდე უზრუნველყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების დასრულება, ხოლო 2.2. პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოების შესრულების პროცესში შემკვეთი რაიმე ხარვეზს აღმოაჩენს, მენარდე ვალდებულია, დაუყოვნებლივ აღმოფხვრას იგი;
4. ხელშეკრულების 3.1. პუნქტის მიხედვით, მენარდის მიერ სამუშაოს შეუსრულებლობის, ან უხარისხოდ შესრულებისას, დამკვეთს უფლება აქვს, მოითხოვოს ხარვეზის აღმოფხვრა მენარდის ხარჯებით; 4.1. პუნქტის შესაბამისად, მენარდემ შემკვეთისაგან ავანსად მიიღო 10 800 ლარი.
5. შემკვეთმა 2015 წლის 25 მარტს, მენარდეს წერილი გაუგზავნა, რომელშიც მიუთითა, რომ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდეგში: ექსპერტიზის ეროვნული ბიურო) 2015 წლის 10 მარტის N001358715 დასკვნის მიხედვით, სამუშაოები შესრულებულია არაჯეროვნად და არ აკმაყოფილებს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოთხოვნებს. შემკვეთმა წერილში ისიც მიუთითა, რომ სამუშაოები იმდენად უხარისხოდ იყო შესრულებული, რომ მათი გამოსწორება, იმავე მენარდის მიერ, სასურველ შედეგს ვერ გამოიღებდა; აღნიშნულიდან გამომდინარე, შემკვეთმა მენარდეს აცნობა, რომ წყვეტდა ხელშეკრულებას (სსკ-ის 636-ე, 405-ე მუხლები, ს. ფ. 26-27).
6. მენარდემ 2015 წლის 6 აპრილს შემკვეთის წინააღმდეგ აღძრული სარჩელით მოითხოვა მის მიერ შესრულებული, მაგრამ აუნაზღაურებელი სამუშაოს ღირებულების და ზიანის - სულ 14 610 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება, საიდანაც 420 ლარი, სამუშაო ობიექტიდან დაკარგული 20 მეტრიანი სიგრძის კაბელის ღირებულებაა (იხ. სარჩელი და განცხადება მოთხოვნის დაზუსტების შესახებ - ს.ფ. 1-14, 70).
7. შემკვეთმა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი წარადგინა და სადავოდ გახადა მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხი, მათ არაჯეროვნად და არასრულფასოვნად ჩატარებაზე მიუთითა (იხ. შესაგებელი - ს.ფ. 48-58).
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით მენარდის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და, მის სასარგებლოდ, შემკვეთს 14 190 ლარის გადახდა დაეკისრა; მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის სახით 420 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში კი არ დაკმაყოფილდა.
9. შემკვეთმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მენარდის სარჩელის უარყოფა.
10.აპელანტმა შემდეგ პრეტენზიებზე მიუთითა:
10.1. საქალაქო სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მენარდემ შეასრულა 24 990.67 ლარის ღირებულების სამუშაოები და მისთვის შემკვეთს არ აუნაზღაურებია 14 190 ლარი; შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და ღირებულების დასადგენად, მოსარჩელის მიერ წარდგენილი შპს „დამოუკიდებელ ექსპერტთა პალატის“ 02.03.2015 წ. საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა (შემდეგში: საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა) არ შეესაბამება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების სრულყოფილად ამსახველ ობიექტურ რეალობას, რადგან მიკერძოებული და სუბიექტურია. სასამართლომ არასწორად გაიზიარა აღნიშნული დასკვნა იმ ნაწილში, რომ შემკვეთის კუთვნილი N1 შენობის ნაწილის ზედაპირის მშრალი ქვიშაჭავლური მეთოდით დამუშავების ხარისხი ვიზუალურად დამაკმაყოფილებელია, მაშინ, როცა შემკვეთის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნითა და სასამართლო სხდომაზე მოწვეული ექსპერტის განმარტებით დადასტურდა სულ სხვა ფაქტობრივი გარემოებები;
10.2. სასამართლომ არასწორად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის არმქონედ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შემკვეთის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ჩატარებულია საქართველოს მასშტაბით საყოველთაოდ ცნობილ საექსპერტო დაწესებულებაში; შესაბამისად, აღნიშნული დასკვნა სრულად ასახავს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ხარისხის ობიექტურ შეფასებას. ექსპერტიზის დასკვნაში ნათლად არის მითითებული, რომ მენარდემ სამუშაოები ჩაატარა არაჯეროვნად და არასრულფასოვნად; აპელანტის მტკიცებით, ფაქტობრივად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული 3000 კვმ ფართობის სასაწყობე შენობაში, რკინაბეტონის ფილების, ჭერის ზედაპირის, ასევე, შენობაში არსებული ჰორიზონტალური და ვერტიკალური რკინაბეტონის კოლონების ზედაპირის გაწმენდა ქვიშაჭავლური მეთოდით და შემდგომ გაწმენდილი ზედაპირის შეღებვა უჰაერო ღებვის დანადგარებით ორ პირად, არ შესრულებულა; კერძოდ, როგორც შენობის ჭერი, ასევე ჰორიზონტალური რიგელები და ვერტიკალური კოლონები, ძველი ნალესისა და ნაწიბურებისაგან არაჯეროვნად ან საერთოდ არ იყო გაწმენდილი. აღნიშნული შეფასება სადავო ვერ გახდება, ვინაიდან ქვიშაჭავლური მეთოდით ზედაპირების გაწმენდა სწორედ ის მეთოდია, რომლითაც ზედაპირი სუფთავდება ყოველგვარი გარეგანი ხარვეზებისაგან;
10.3.სასამართლომ ასევე არასწორად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის არმქონედ, რომ ექსპერტი, კონკრეტულ შემთხვევაში, შემკვეთის მიერ მოთხოვნილი მოცულობით შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების ვალდებულებისაგან გასათავისუფლებლად იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ მენარდის მიერ შესრულებული გაწმენდითი სამუშაოების ხარისხის გათვალისწინებით, ეს სამუშაოები ფაქტობრივად თავიდან არის შესასრულებელი. სასამართლოს მიერ აღნიშნული მნიშვნელოვანი საკითხი უგულებელყოფილი იქნა მხოლოდ იმ მოტივით, რომ საქმეზე მოპასუხის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნით არ დგინდებოდა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული, შესასრულებელი გაწმენდითი სამუშაოების მოცულობიდან, კონკრეტულად რა ნაწილია გასაწმენდი თავიდან (მისი ღირებულება), რა მოცულობაა სრულყოფილად შესრულებული და რას შეადგენს ამ შემთხვევაში შესრულებული სამუშაოების ღირებულება;
10.4. სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ მოპასუხემ შესრულებული სამუშაოების ღირებულების საწინააღმდეგოდ ვერ წარადგინა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რა თანხით ამცირებდა ნაკლი შესრულებული სამუშაოების ღირებულებას, მაშინ, როცა, შემკვეთმა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დაუსვა მხოლოდ ერთი შეკითხვა - რამდენად კეთილსინდისიერად ჩაატარა სამუშაოები მენარდემ; აპელანტის შეფასებით, ამ კითხვაზე ექსპერტმა, დასკვნის სახით, ამომწურავი და სრულყოფილი პასუხი გასცა.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 თებერვლის განჩინებით შემკვეთის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დარჩა. სასამართლომ დავის მოწესრიგებისას იხელმძღვანელა სსკ-ის 316-ე, 317-ე, 361.2.-ე, 629-ე, 636-ე მუხლებით.
12. სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები და შეფასებები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგშისსსკ, 390.3.“გ“. მუხლი).
13. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ის გარემოებაც, რომ შემკვეთს სამუშაოს შესრულებისათვის მენარდისთვის უნდა გადაეხადა 36 000 ლარი, დღგ-ს ჩათვლით. ასევე, დადგენილი იყო, რომ მენარდეს ავანსის სახით მიღებული აქვს 10 800 ლარი, ხოლო სამუშაოს დასრულების შემდეგ დარჩენილი თანხა, შემკვეთს მენარდისთვის არ გადაუხდია.
14. სასამართლომ აღნიშნა, რომ შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და ღირებულების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად, მენარდის მიერ საქმეში წარდგენილია საინჟინრო ექსპერტიზის 2015 წლის 02 მარტის დასკვნა (იხ. ამ განჩინების 10.1 ქვეპუნქტი), რომლის თანახმად, შემკვეთის კუთვნილ შენობაში ბეტონის ფილების (300 ცალი), ჭერის და ასევე ვერტიკალური და ჰორიზონტალური კოლონების ქვიშა ჭავლური მეთოდით (ე.წ. „პესკასტრუით“) შესრულებული გაწმენდითი სამუშაოების ხარისხი დამაკმაყოფილებელია და შესრულებული სამუშაოს საბაზრო ღირებულება შეადგენს 24 990.67 ლარს (ს.ფ. 29-36); შემკვეთის მიერ ჩატარებული სამუშაოების უხარისხობის დასადასტურებლად კი წარდგენილია ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 10.03.2015წ. დასკვნა (იხ. ამ განჩინების მე-5 პუნქტი), რომლის თანახმად, მენარდის მიერ წარმოებული სამშენებლო (გაწმენდითი) სამუშაოები ექსპერტიზის ჩატარების პერიოდისათვის დაუმთავრებელი იყო, კერძოდ: როგორც შენობის ჭერი, ასევე ჰორიზონტალური რიგელები და ვერტიკალური კოლონები, ძველი ნალესის და ნაწიბურებისაგან არაჯეროვნად იყო გაწმენდილი (მათზე შეიმჩნეოდა, როგორც ცემენტის, ასევე ძველი გაჯის ხსნარი და ატმოსფერული ნალექების ჩადინებისათვის დამახასიათებელი წარმოშობილი ლაქები); შესაბამისად, დადგინდა, რომ მენარდემ სამშენებლო (გაწმენდითი) სამუშაოები შეასრულა არაჯეროვნად და არ აკმაყოფილებს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოთხოვნებს.
15. საქალაქო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას მიწვეულ ექსპერტთა განმარტებების შეფასებისას, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა, როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის თაობაზე, ექსპერტის წინაშე დასმულ საკითხებზე, გამოკვლევის საგანსა და ფარგლებზე; მენარდის მიერ გაწეული სამუშაოს მეთოდოლოგიასა და მის შედეგებზე. აღნიშნული შეფასების შედეგად, სასამართლომ მიუთითა, რომ მენარდის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სამუშაოების წარმოებისას გამოყენებული იქნა მშრალი ქვიშაჭავლური მეთოდი, რაც გამოიყენება ობიექტის შესაღებად გამზადებამდე; ნალექის ჩამონაღვენთის ქვიშაჭავლური მეთოდით დამუშავება (გასუფთავება) არ ხდება, ხელშეკრულებაში არ იყო მითითებული, რომ უნდა დამუშავებულიყო ჩამონაღვენთი ლაქები, ამ შემთხვევაში უნდა გამოყენებულიყო ე.წ. „ბარგალკით“ დამუშავება; როდესაც ნაღვენთის ნარჩენი მშრალია და იგი შეიღებება, გამორიცხულია, რომ საღებავში ფერი გამოიტანოს; აღნიშნული სამუშაოების იდეალურად შესრულება შეუძლებელია, დამაკმაყოფილებლად მიიღება ის, რომ შემდგომი შეღებვისათვის ზედაპირი დამუშავებული და მომზადებულია (იხ. საქალაქო სასამართლოს 10.07.2015წ. სხდომის ოქმი 14.09.30.-14.25.35სთ.); მოპასუხის მიერ წარდგენილმა ექსპერტმა, მის მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით, დამატებით განმარტა, რომ ეთანხმებოდა გაწმენდის ტექნოლოგიურ მეთოდს, რომელზეც მოსარჩელის ექსპერტი უთითებდა, თუმცა, შეინიშნებოდა საღებავის კვალი, რაც ამ მეთოდის გამოყენების შედეგად, უნდა მოცილებულიყო; ექსპერტის განმარტებით, გაწმენდითი სამუშაოების დაახლოებით 10-15% ჯეროვნად არ იყო შესრულებული (იხ. საქალაქო სასამართლოს 10.07.2015წ. სხდომის ოქმი 14.26.20-14.33.22სთ);
16. სააპელაციო სასამართლომ, სსსკ-ის 102-ე, მე-4 და 105-ე მუხლებზე დაყრდნობით, საინჟინრო ექსპერტიზის 02.03.2015 წ. დასკვნა შეაფასა და განმარტა, რომ დავის საგნიდან გამომდინარე, მართებულად განისაზღვრა ექსპერტის, როგორც სპეციალური ცოდნის მქონე პირის, მიერ იმ საკითხების კვლევა, რომლებზედაც დასკვნების წარდგენა იყო მნიშვნელოვანი. ექსპერტიზას უნდა დაედგინა ქვიშაჭავლური (ე.წ. ,,პესკასტრუიკით“) მეთოდით განხორციელებული გაწმენდითი სამუშაოების მოცულობები და საბაზრო ღირებულება, მათი შესრულების ხარისხი და აღნიშნული ფართის ვარგისიანობა შემდგომი სამღებრო სამუშაოებისათვის.
17. სასამართლომ სწორედ საინჟინრო ექსპერტის მიერ ჩატარებული კვლევა მიიჩნია სრულყოფილად და დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონედ, რადგან ექსპერტის მიერ შედგენილი დასაბუთებული დასკვნა შეიცავდა შესაბამის გაანგარიშებას, მასში თანმიმდევრულად და მკაფიოდ იყო გადმოცემული საკვლევი ობიექტის აღწერა, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, მენარდის მიერ გაწეული სამუშაოების დასახელება და მათი დახასიათება, გადმოცემული იყო ობიექტის დამუშავებისას გამოყენებული მეთოდის არსი; ამდენად, ადგილზე განხორციელებული კვლევის შედეგად, დადასტურებულად იქნა მიჩნეული მყარი ზედაპირის ქვიშაჭავლური მეთოდით დამუშავების და შესაღებად მისი მზადყოფნის ფაქტი; ექსპერტი, არა მხოლოდ მსჯელობს და დაწვრილებით გადმოსცემს კვლევის შედეგად გამოტანილ დასკვნებს, არამედ მკაფიოდ და ნათლად არის მითითებული, თუ რას ემყარება დასკვნა.
18. მოპასუხის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 10.03.2015წ. დასკვნის შეფასებისას, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ექსპერტისათვის დასმული შეკითხვის ფორმულირებაზე, რომელიც არასწორად იყო ჩამოყალიბებული, რადგან ის საკითხი, თუ რამდენად კეთილსინდისიერად შეასრულა მენარდემ სამუშაოები, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას წარმოადგენს, რაც მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციაა.
19. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხის მიერ წარდგენილი დასკვნა მიუთითებდა სამუშაოების არაჯეროვან შესრულებაზე, თუმცა არ იყო დასაბუთებული, რადგან არ შეიცავდა მითითებას კვლევის მეთოდზე და საშუალებებზე, არ ასახავდა მსჯელობას, რომელიც საფუძვლად დაედო დასკვნას; გამოსაკვლევ საკითხში მეტი სიცხადე არც შემსრულებელი ექსპერტის სასამართლო სხდომაზე გაკეთებულ ზეპირ განმარტებას შეუტანია.
20. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ საქალაქო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას მოსარჩელემ მიუთითა, რომ ხელშეკრულების შესაბამისად, გაწმენდას ექვემდებარებოდა 300 ერთეული რკინაბეტონის ფილა, ხოლო მათი ოდენობა ობიექტზე სულ 320 იყო; მოპასუხის მიერ წარდგენილი დასკვნის ავტორი, ზეპირი განმარტებისას, სასამართლოს სხდომაზე მიუთითებს, რომ სავარაუდოდ არაჯეროვნად არის გაწმენდილი ფილების 15%, თუმცა, ექსპერტმა ვერ განსაზღვრა ხელშეკრულებით შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა
21. სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, შეაფასა მოწმის, კერძოდ, შემკვეთის პროექტის მენეჯერის ჩვენება, რომლის განმარტებით, სს ,,თ-ის“ მიერ ობიექტისათვის ელექტროენერგიის მიუწოდებლობის გამო, მენარდემ დაგვიანებით დაიწყო სამუშაოების შესრულება, რაც მოსარჩელის მიზეზით არ იყო განპირობებული; უშუალოდ შესრულებული სამუშაოს უხარისხობაზე მოწმედ დაკითხული პირი არ მიუთითებს, გარდა უმნიშვნელო, იშვიათი გამონაკლისისა, როდესაც აღნიშნა, რომ ობიექტის ერთ ან ორ კუთხეში ძველი ნალესი (გაჯი) იყო შერჩენილი.
22. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ კანონიერად მიიჩნია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა იმის თაობაზე, რომ მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს საბაზრო ღირებულება შეადგენს - 24 990.67 ლარს, ხოლო ავანსის სახით, მენარდის მიერ მიღებული 10 800 ლარის გათვალისწინებით, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ შემკვეთის მიერ გადასახდელი თანხა - 14 190 ლარს.
23.სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შემკვეთმა ვერ უზრუნველყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების საპირისპიროდ შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა. მოპასუხის მტკიცება კი არ იძლეოდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისათვის საკმარის საფუძველს; შემკვეთის მითითება დასახელებულ ობიექტზე მენარდის მიერ სამუშაოების არაჯეროვანი შესრულების გამო, სხვა საწარმოსთან კონტრაქტის გაფორმების თაობაზე, ვერ აქარწყლებდა უკვე შესრულებული სამუშაოების და მათი ღირებულების შესახებ საქმის მასალებით, მათ შორის, მოსაჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დადგენილ გარემოებებს.
24.სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შემკვეთმა. მან განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მენარდის სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
25.კასატორმა შემდეგ პრეტენზიებზე მიუთითა:
25.1.სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, რამაც საბოლოოდ განაპირობა კანონის არასწორი გამოყენება და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება. არასწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი, რითაც დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი და კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში არასწორად განმარტა სსსკ-ის 102-ე და 103-ე მუხლების მოთხოვნები;
25.2. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ მენარდემ შეასრულა 24 990.67 ლარის ღირებულების სამუშაოები, საიდანაც შემკვეთს 14 190 ლარი არ აუნაზღაურებია, ამის დასტურად კი მოპასუხე უთითებს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაზე, სადაც აღნიშნულია, რომ შესრულებული სამუშაოების ხარისხი არ შეესაბამება 23.01.2015 წ. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს. მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა მიკერძოებული და სუბიექტურია;
25.3. სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა მენარდის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა იმ ნაწილში, რომ შენობის ნაწილის ზედაპირის მშრალი ქვიშაჭავლური მეთოდით დამუშავების ხარისხი ვიზუალურად დამაკმაყოფილებელია, მაშინ, როცა შემკვეთის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით და სასამართლო სხდომაზე მოწვეული ექსპერტის განმარტებით დადასტურდა საწინააღმდეგო ფაქტობრივი გარემოებანი; მოპასუხის მიერ წარდგენილი საექსპერტო დასკვნა ჩატარებულია საქართველოს მასშტაბით საყოველთაოდ ცნობილ საექსპერტო დაწესებულებაში, კერძოდ, კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრში. დასკვნა ობიექტურად და სრულად ასახავს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ხარისხს (იხ. ამ განჩინების მე-14 პუნქტი). ქვიშაჭავლური მეთოდით (ე.წ. „პესკოსტრუიკა“) ზედაპირების გაწმენდა სწორედ ის მეთოდია , რომლითაც ზედაპირი სუფთავდება ყოველგვარი გარეგანი ხარვეზებისგან (ჟანგი, მჭიდე მასალების ნალესები და ნაწიბურები, ატმოსფერული ნალექების ჩადინებისათვის დამახასიათებელი წარმოშობილი ლაქები და ა.შ.), რომლის შემდეგ, სრულფასოვნად გაწმენდილი ზედაპირი უნდა შეიღებოს. ეს ორი ეტაპი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია, თუმცა, აღნიშნულზე სასამართლოს არ უმსჯელია. სასამართლომ ასევე არასწორად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის არმქონედ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ექსპერტი, კონკრეტულ შემთხვევაში, შემკვეთის მოთხოვნით შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ, მენარდის მიერ გაწმენდითი სამუშაოების შესრულების ხარისხის გათვალისწინებით, ფაქტობრივად თავიდან არის შესასრულებელი ეს სამუშაოები. სასამართლომ ეს მნიშვნელოვანი საკითხი უგულებელყო მხოლოდ იმ მოტივით, რომ საქმეში მის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნით არ დგინდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული, შესასრულებელი გაწმენდითი სამუშაოების მოცულობიდან, კონკრეტულად, რა ნაწილია გასაწმენდი თავიდან, მისი ღირებულება, რა მოცულობაა სრულყოფილად შესრულებული და რამდენია შესრულებული სამუშაოების ღირებულება;
25.4. სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ მოპასუხემ საქმეში წარდგენილი შესრულებული სამუშაოების ღირებულების საწინააღმდეგოდ ვერ წარადგინა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რა თანხით ამცირებდა ნაკლი შესრულებული სამუშაოების ღირებულებას, მაშინ, როცა შემკვეთმა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსადმი მიმართვისას, სწორედ მხოლოდ ერთი შეკითხვა დასვა: რამდენად კეთილსინდისიერად ჩაატარა სამუშაოები მენარდემ, რასაც საინჟინრო ექსპერტიზის 10.03.2015წ. დასკვნით ამომწურავი და სრულყოფილი პასუხი გაეცა;
25.5.სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოება, რომ შემკვეთმა, 27.07.21015წ., შპს “ს-ი“-სთან გააფორმა ახალი ნარდობის ხელშეკრულება, მენარდის მიერ არაჯეროვნად და არასრულყოფილად შესრულებული სამუშაოების დასასრულებლად, ზემოხსენებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ახალი ნარდობის ხელშეკრულებით სახელშეკრულებო თანხა განისაზღვრა 3 389,10 ლარით, სამუშაოები დასრულდა და თანხაც გადახდილია (იხ. საკასაციო საჩივარი - ს.ფ. 348).
26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2016 წლის 16 ივნისის განჩინებით, შემკვეთის საკასაციო საჩივარი, წარმოებაში მიიღო, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
27. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
28.საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
29. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ები: # ას - 362-344-2015, 31.07. 2015 წ.; # ას-216-203-2015, 30.10. 2015 წ.).
30. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
31. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა)განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მოპასუხეს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
32. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის (სსკ-ის 629-ე მუხლი) საფუძველზე წამოშობილი დავის საგანია მენარდის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება (სსკ-ის 361.2.-ე მუხლი).
33. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შემკვეთის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების მოტივით მხარეთა შორის ხელშეკრულება მოიშალა. (სსკ-ის 636-ე, 405-ე მუხლები, ს. ფ. 26-27). სსკ-ის 636-ე მუხლის თანახმად: „შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი“, ამდენად, ხელშეკრულების მოშლის საფუძვლისა და შესრულებელი სამუშაოს მოცულობის მიუხედავად, შემკვეთმა უნდა აუნაზღაუროს მენარდეს ამ სამუშაოს ღირებულება (იხ. სუსგ-ები: # ას-697-663-2015, 15.12.2015წ.; ას-901-851-2015,05.02.2016წ.; ას-981-926-2015,11.03.2016წ.;#ას-399-383-2016, 15.07.2016 წ.).
34. მენარდის სასარჩელო მოთხოვნიდან და მითითებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა, თუ რა მოცულობისა და ღირებულების სამუშაო შეასრულა მენარდემ და, შესაბამისად, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, იყო თუ არა სამუშაო შესრულებული ჯეროვნად (სსკ-ის 361.2. მუხლი.)
35. სააპელაციო სასამართლომ საქმის არსებითი გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნია მენარდისა და შემკვეთის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც დეტალურად გამოიკვლია სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, (იხ. ამ განჩინების 14-20 პუნქტები). მენარდის მიერ წარდგენილი ექსპერტზის დასკვნით (ს.ფ. 29-36), გაწმენდითი სამუშაოების ხარისხი დამაკმაყოფილებელია; შესრულებული სამუშაოს საბაზრო ღირებულება 24 990.67 ლარია, ხოლო შემკვეთის ინიციატივით მომზადებული ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სამშენებლო (გაწმენდითი) სამუშაოები, ექსპერტიზის ჩატარების პერიოდისათვის, დაუმთავრებელია, სამუშაოები შესრულებულია არაჯეროვნად და არ აკმაყოფილებს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოთხოვნებს (ს.ფ. 167-173).
36. კასატორის ძირითადი პრეტენზია (იხ. წინამდებარე განჩინების 24.2-24.4 ქვეპუნქტები) სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა მხარეთა მიერ წარდგენილი საექსპერტო დასკვნები. კერძოდ, გდაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო მოსარჩელის (მენარდის) მიერ წარდგენილი მტკიცებულებას, ხოლო მოპასუხის ინიციატივით მომზადებული დასკვნა არ მიიჩნია დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვნად.
37.საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და დასკვნებს (წინამდებარე განჩინების მე-14, მე-17 პუნქტები) და მიაჩნია, რომ სასამართლომ, სსსკ-ის 105-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად, კანონიერად შეაფასა მხარეთა მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნები და გადაწყვეტილების მიღებისას გაიზიარა მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა მისი დასაბუთებულობისა და თანმიმდევრულობის გამო, შემკვეთის მტკიცებულება კი, საკვლევი შეკითხვის გათვალისწინებით (იხ. ამ განჩინების მე-15 პუნქტი), დაუსაბუთებულად მიიჩნია.
38.საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების გათვალისწინებით, საგულისხმოა სსკ-ის 642-ე მუხლით გათვალისწინებული მოწესრიგება, რომელიც შემკვეთის მიერ მენარდისადმი, დამატებითი შესრულების მოთხოვნის უფლებას წარმოშობს. აღნიშნული მოთხოვნის წარმოშობამდე, ცხადია, დადგენილი უნდა იყოს თავდაპირველი მოთხოვნის დარღვევა, რაც განსახილველ შემთხვევაში, მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს შემკვეთისათვის მისაღებ შედეგში ანუ მხარეთა შორის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაში უნდა გამოხატულიყო. შემკვეთის შესაგებლის შედავება სწორედ ისაა, რომ მენარდემ ვალდებულება არაჯეროვნად, უხარისხოდ შეასრულა (იხ. ამ განჩინების მე-7 პუნქტი). საკასაციო სასამართლო, განსახილველი სადავო ურთიერთობის სამართლებრივი შეფასებისას, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში, ყურადღებას ამახვილებს, რომ შემკვეთსა და მენარდეს შორის გაფორმებული ხელშეკრულება არ შეიცავს ვალდებულების საგნის ხარისხის შესახებ რაიმე განსაკუთრებულ დათქმას (იხ. ამ განჩინების მე-3 და მე-4 პუნქტები), ამ ვითარებაში მოქმედებს სსკ-ის 641-ე მუხლის დანაწესი, რომ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუ იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. ამ შემთხვევაში ცნება „ნაკეთობა“ უფრო ფართო მნიშვნელობით უნდა განიმარტოს და მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგიც უნდა ვიგულისხმოთ. სსკ-ის 488-ე მუხლის პირველი ნაწილის დეფინიციაც იმასვე ადგენს, რომ თუკი ნივთის ხარისხი წინასწარ არ არის შეთანხმებული, მაშინ იგი ნივთობრივად უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის. ვალდებულების შესრულების მომწესრიგებელ ზოგად ნორმებს შორის არის ვალდებულების შესრულების ხარისხთან დაკავშირებული სსკ-ის 380-ე მუხლიც: „თუ ვალდებულების შესრულების ხარისხი დაწვრილებით არ არის ხელშეკრულებაში განსაზღვრული, მაშინ მოვალე ვალდებულია შეასრულოს, სულ ცოტა, საშუალო ხარისხის სამუშაო და გადასცეს საშუალო ხარისხის ნივთი“.
39. განსახილველ შემთხვევაში, მენარდისათვის შემკვეთის მიერ შესასრულებელი ვალდებულება - შესრულებული სამუშაოს საზღაურის გადახდა (სსკ-ის 648-ე მუხლი), ამ უკანასკნელმა სადავო გახადა იმ საფუძვლით, რომ სამუშაო არაჯეროვნად, უხარისხოდ იყო შესრულებული. სწორედ ეს ფაქტობრივი გარემოება იყო მოპასუხის კუთვნილი მტკიცების საგანი, რაც მან ვერ დაასაბუთა (იხ. სუსგ # ას- 32-31-2010, 12.04.2010წ.).
40. საკასაციო სასამართლოს მართებულად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა (იხ. ამ განჩინების 21-ე პუნქტი) იმის თაობაზე, რომ შემკვეთმა ვერ შეძლო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზაცია (სსსკ-ის 102.1. მუხლი). კერძოდ, მოპასუხემ სარწმუნო, უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებით ვერ გააქარწყლა მენარდის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა (სსსკ-ის მე-4 მუხლი), რამაც საბოლოოდ მოპასუხისათვის არახელსაყრელი გადაწყვეტილების მიღება განაპირობა.
41. საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, ყურადღება გაამახვილოს, რომ შემკვეთს არ მოუთხოვია დამატებითი შესრულება (სსკ-ის 642-ე მუხლი), შესაბამისად, არც იმ უფლებით უსარგებლია, რომ საზღაური შეემცირებინა ნაკეთობის ნაკლის, განსახილველ შემთხვევაში, არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოს გამო. შემკვეთმა მენარდეს წერილობით აცნობა, რომ შესრულებულ სამუშაოთა უხარისხობის გამო, მიაჩნდა, რომ მენარდე ვეღარ გამოასწორებდა დამდგარ შედეგს, რის გამოც შეწყვიტა ხელშეკრულება (იხ. ამ განჩინების მე-5 პუნქტი). აღნიშნულ შემთხვევაში, ამ განჩინების 37-ე პუნქტში განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, სსკ-ის 636-ე მუხლის საფუძველზე, შემკვეთს წარმოეშვა ვალდებულება, მენარდისათვის აენაზღაურებინა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო. საკასაციო სასამართლო სსკ-ის 405-ე მუხლის დანაწესზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელიც ადგენს იმ პირობებსა და გარემოებებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, მხარეს შეუძლია გამოიყენოს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება, ესენია: ვლდებულების შესრულებაზე დამატებითი ვადების გასვლა და ინტერესის დაკარგვა ვალდებულების დარჩენილი ნაწილის მიმართ. თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია, უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენა დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის გასაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება, თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია, უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი. ხელშეკრულებიდან გასვლა ნების ცალმხრივად გამოვლენით ხორციელდება და არ არის აუცილებელი, მეორე მხარის თანხმობა. „ცალმხრივი უარის თქმა ხელშეკრულებაზე შესაძლებელია, თუ ეს დაშვებულია კანონით ან მხარის ასეთი უფლება გათვალისწინებულია ხელშეკრულებით. ხელშეკრულებაზე უარის თქმა მხარეთა შეთანხმებითაც არის შესაძლებელი. აღნიშნული ნორმა მხარეს, რომელიც ასრულებს ხელშეკრულებას, ანიჭებს უფლებას ხელშეკრულების დამრღვევი მხარის მიმართ, კერძოდ, მას ენიჭება უფლებამოსილება, უარი თქვას სსკ-ის 355-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულებდან გასვლა ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისათვის შეტყობინებით“ (იხ. სუსგ #ას-459-438-2015, 07.10.2015წ.).
42. წინამდებარე განჩინების მე-3 და მე-4 პუნქტებში მითითებული სახელშეკრულებო პირობებით, რაც უკავშირდება მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარვეზსა და მისი გამოსწორების შესაძლებლობას, შემკვეთს არ უსარგებლია, ანუ მან არ გამოიყენა ხელშეკრულებით მისთვის მინიჭებული უფლება, მოეთხოვა მოსარჩელისათვის ხარვეზის აღმოფხვრა. სსკ-ის 355-ე მუხლით დადგენილი წესით, შემკვეთმა შეატყობინა მენარდეს ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ, თუმცა, ამ უკანასკნელის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლები შემკვეთის დასამტკიცებელი იყო. სსკ-ის 636-ე მუხლის საფუძველზე, შემკვეთს ეკისრება მენარდის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება, განსახილველ შემთხვევაში, არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოების გამო, მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების გამოსარიცხად, მოპასუხეს არ წარუდგენია სასამართლოსთვის სამართლებრივად წონადი მტკიცებულებები, რომლებითაც გაქარწყლდებოდა გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა და დასკვნები. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას არ დარღვეულა კანონი, გასაჩივრებული განჩინებით სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტებს მართებული იურიდიული კვალიფიკაცია მიენიჭა, რაც დასახელებული განჩინების თაობაზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობების არარასებობაზე მიუთითებს.
43. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რის გამოც იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
44. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კასატორს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "ნ-ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს "ნ-ის" (ს/კ 2..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 709.5 ლარის (საგადასახადო დავალება N0, გადახდის თარიღი 2016 წლის 30 მაისი), 70% – 496.65 (ოთხას ოთხმოცდათექვსმეტი ლარი და სამოცდახუთი თეთრი) ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ.ქათამაძე