Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-587-562-2016 5 სექტემბერი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – ნ. ბ-ე, ვ. ბ-ე, ტ. ბ-ე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ე. დ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

დავის საგანი – უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ე. დ-ემ (შემდეგში: მოსარჩელე), 2015 წლის 27 მარტს, სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა ქ.თბილისში, ზ-ის მეორე მკრ-ნში, #204 კორპუსში, მდებარე #30 ბინის (შემდეგში: ბინა ან უძრავი ნივთი) გამოთხოვა ნ., ვ. და ტ. ბ-ეების (შემდეგში: შესაბამისად, პირველი, მეორე და მესამე მოპასუხე, ან აპელანტები, კერძო საჩივრის ავტორები) უკანონო მფლობელობიდან (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 172.1.-ე მუხლი).

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეებისაგან გამოთხოვილი იქნა სადავო ბინა.

3. მოპასუხეეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვეს მისი გაუქმება და სარჩელის უარყოფა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 16 მაისის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე, დაუშვებლობის გამო, დარჩა განუხილველად (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 374-ე მუხლი; იხ. ტ.2, ს.ფ. 3-6).

5. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 4 მარტის სხდომას, რომელზედაც გამოცხადდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, ესწრებოდა პირველი მოპასუხე, ასევე, ამ უკანასკნელისა და მესამე მოპასუხის წარმომადგენელი მ. ხ-ე (შემდეგში: მოპასუხეთა წარმომადგენელი - იხ. ტ.1, ს.ფ. 188). მეორე მოპასუხე არ ესწრებოდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას, თუმცა, მისთვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი. 2016 წლის 12 თებერვლის სატელეფონო აქტით ირკვევა, რომ პირველმა მოპასუხემ აიღო ვალდებულება, რომ მეორე და მესამე მოპასუხეებს გადასცემდა ინფორმაციას სხდომის თარიღისა და დროის შესახებ (ტ.1. ს.ფ. 187).

6. სასამართლომ მიუთითა, რომ პირველი და მესამე მოპასუხეების წარმომადგენელი გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა 2016 წლის 30 მარტს (ტ.1. ს.ფ.204), გადაწყვეტილება პირველმა მოპასუხემ ჩაიბარა 2016 წლის 6 აპრილს (ტ.1. ს.ფ. 209), ხოლო მეორე მოპასუხეს გადაწყვეტილება არ ჩაუბარებია.

7. სასამართლომ განჩინება დააფუძნა სსსკ-ის 372-ე, 2591 364-ე, 369-ე, 59-ე, 63-ე მუხლებზე და დაასკვნა, რომ ვინაიდან პირველმა მოპასუხემ გადაწყვეტილება, მისი გამოცხადებიდან 30 დღის შემდეგ ჩაიბარა (30-ე დღე იყო 4 აპრილი, ორშაბათი), ხოლო მეორე და მესამე მოპასუხეებს გადაწყვეტილება არ ჩაუბარებიათ, მისი გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2016 წლის 5 აპრილიდან და ამოიწურა 2016 წლის 18 აპრილს (ორშაბათი), ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოში, სააპელაციო საჩივარი აპელანტებმა ვადის დარღვევით, 2016 წლის 19 აპრილს წარადგინეს.

8. მოპასუხეებმა კერძო საჩივრით გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი გაუქმება და, სააპელაციო საჩივრის განსახილველად, საქმის სასამართლოში ხელახლა დაბრუნება მოითხოვეს.

9. მოპასუხეებმა კერძო საჩივარში შემდეგ პრეტენზიებზე მიუთითეს:

9.1. სასამართლომ სააპელაციო საჩივარი არასწორად დატოვა განუხილველად გასაჩივრების ვადის გასვლის გამო;

9.2. სსსკ-ის 369.2.-ე, 259.(1)-ე, 70-ე, 74-ე მუხლების საფუძველზე, მოპასუხეთა წარმომადგენელმა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30 დღის გასვლამდე მიმართა სასამართლოს განცხადებით, მაგრამ მას არ ჩაბარდა გადაწყვეტილების ასლი. ამის შემდეგ, პირველი მოპასუხე ტელეფონით არაერთხელ დაუკავშირდა სასამართლოს, მაგრამ ვერ მოახერხა გადაწყვეტილების ჩაბარება, ვინაიდან გადაწყვეტილება არ იყო მომზადებული კანონით დადგენილი წესით. მოგვიანებით, პირველმა მოპასუხემ ჩაიბარა გადაწყვეტილების ასლი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრით გასაჩივრების 14 დღიანი ვადა მხარის მიერ გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან - 6 აპრილიდან უნდა აითვალოს და არა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს;

9.3.მეორე მოპასუხეს არ ჩაბარებია სასამართლო გადაწყვეტილების ასლი. ის არ ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას და მტკიცებულება, რომ მან იცოდა სხდომის შესახებ წარდგენილი არ არის. ის გარემოება, რომ პირველი მოპასუხე სატელეფონო შეტყობინებით გაფრთხილებული იყო სხდომის შესახებ და მან განაცხადა, რომ სხდომის თარიღსა და დროს შეატყობინებდა მესამე მოპასუხესაც, არ ადასტურებს, რომ ამ უკანასკნელისათვის ნამდვილად იყო ცნობილი სხდომის შესახებ.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2016 წლის 3 აგვისტოს განჩინებით მოპასუხეთა კერძო საჩივარი მიიღო წარმოებაში განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხეთა კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

12. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორთა არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მათ დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენიათ.

13.საკასაციო სასამართლო ვერ გაზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებას, რომ მეორე მოპასუხე არ იყო გაფრთხილებული სასამართლო სხდომისა და ადგილის შესახებ (იხ.წინამდებარე განჩინების 9.3. ქვეპუნქტი). აღსანიშნავია, რომ რომ მოპასუხეები ოჯახის წევრები არიან. ამასთან, პირველი მოპასუხე მესამე მოპასუხის დედაა და, შვილის ქმედუუნარობის გამო, სასამართლოს 2012 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე, იმავე წლის 20 აპრილიდან მის მეურვედ არის დაიშნული (იხ. ტ.1, ს.ფ. 122 - 124). სარჩელის აღძვრის დროისათვის, მეორე მოპასუხეს, როგორც მხარდაჭერის მიმღებს, უკვე დანიშნული ჰყავდა მხარდამჭერი და, შესაბამისად, სასამართლოს შეტყობინება მხარდამჭერისათვის, გულისხმობს მხარდაჭერის მიმღების ინფორმირებასაც. ისიც აღსანიშნავია, რომ მოპასუხეები კერძო საჩივარში თვითონაც არ უარყოფენ საქმის მასალებით დადასტურებულ ფაქტს, რომ პირველი მოპასუხე სასამართლო მოხელის სატელეფონო შეტყობინებით გაფრთხილებული იყო სასამართლო სხდომის თაობაზე, ამავე შეტყობინებით კი მან თანხმობა განაცხადა სასამართლო სხდომის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა მეორე და მესამე მოპასუხეებისთვის (მეუღლისა და შვილისათვის -ტ.1. ს.ფ. 187).

14. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა მტკიცებას, რომ პირველი მოპასუხე არაერთხელ დაუკავშირდა ტელეფონით სასამართლოს, თუმცა, ვერ ჩაიბარა დასაბუთებული გადაწყვეტილება (იხ. ამ განჩინების 9.2 ქვეპუნქტი) და სწორედ მისი ჩაბარებიდან უნდა აითვალოს საპროცესო ვადა, შესაბამისად, მათ არ დაურღვევიათ სააპელაციო საჩივრის წარდგენით კანონით დადგენილი ვადა (სსსკ-ის 369.1.-ე მუხლი).

15. სსსკ-ის 70.1-ე მუხლის „მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს“და 74.1.-ე მუხლის „თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს“ დეფინიციის შესაბამისად, ოჯახის ქმედუნარიანი წევრის გაფრთხილება, შეტყობინება სასამართლო სხდომის თაობაზე ითვლება სხდომაზე გამოსაცხადებელი პირის ინფორმირებად. ამდენად, დაუსაბუთებელია მხარის პოზიცია სხდომის შესახებ მეორე მოპასუხის, რომელიც მხარდაჭერის მიმღებია, გაფრთხილების დამადასტურებელი მტკიცებულების არარსებობაზე, იმ პირობებში როცა მისმა მხარდამჭერმა (დედამ) იკისრა მისი შეტყობინების ვალდებულება.

16.სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და საქმის მასალებითაც დასტურდება, რომ პირველი მოპასუხე და მისი და მესამე მოპასუხის წარმომადგენელი ესწრებოდნენ სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებას (ტ.1. ს.ფ.188). მოპასუხეთა წარმომადგენელმა სასამართლოს განცხადებით მიმართა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30 დღის გასვლამდე, მაგრამ მას გადაწყვეტილების ასლი არ ჩაუბარებია (ტ.1.ს.ფ.204), გადაწყვეტილების ასლი პირველმა მოპასუხემ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30 დღის შემდეგ ჩაიბარა, თუმცა, კერძოს საჩივრის ავტორთა პრეტენზია, რომ 30 მარტის შემდეგ, მათ არაერთხელ მიმართეს სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით, არცერთი მტკიცებულებით არაა დადასტურებული. საქმის მასალებით არ დგინდება, რომ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30 დღის განმავლობაში მხარის მიერ საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა, განჩინების ჩაუბარებლობა სასამართლოს ბრალით იყო გამოწვეული (ტ.1.ს.ფ. 209).

17.სსსკ-ის 259 (1)-ე მუხლის მიხედვით, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

18. საქმეზე დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებებია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 2016 წლის 4 მარტს გამოცხადდა, გამოცხადებიდან 30-ე დღე 4 აპრილს გავიდა, ხოლო სააპელაციო წესით გასაჩივრების 14 დღიანი ვადა კი 5 აპრილიდან აითვლებოდა და 18 აპრილს ამოიწურა. პირველმა მოპასუხემ გადაწყვეტილების ასლი 2016 წლის 6 აპრილს ჩაიბარა, სააპელაციო საჩივარი კი 2016 წლის 19 აპრილს, ე.ი. გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ წარადგინა.

19. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ 2591 მუხლის დანაწესისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მართებულია სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხეთა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, გასაჩივრებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის მოტივით.

20.ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო მოპასუხეთა კერძო საჩივარი სამართლებრივად დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ბ-ის, ვ. ბ-ისა და ტ. ბ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 მაისის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 მაისის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე