Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-690-661-2016 1 სექტემბერი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ქ. გ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი. პ-ი (მოსარჩელე)

მოპასუხეები - ვ. გ-ი, ი-ი, ზ. გ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1.საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერით, 25.03.2013 წლიდან, ი. პ-ის (შემდეგში: მოსარჩელე) საკუთრებად ირიცხება უძრავი ქონება მდებარე ქ. რუსთავი, ზ-ის ქუჩა №92-ში /საკადასტრო კოდი …. აღნიშნული ქონება მოსარჩელემ ა. ნ-ასაგან (შემდეგში: გამყიდველი) შეიძინა და იგი წარმოადგენს არასასოფლო-სამეურნეო მიწას - 790 კვმ, რომელზედაც განთავსებულია შენობა-ნაგებობა №1, განაშენიანების ფართით 78.86 კვმ, საერთო სასარგებლო ფართით - 27.74 კვმ (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 183-ე, 311-ე, 477-ე მუხლები, ტ. 1, ს. ფ.15-17, 21-22.)

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მე-2 განყოფილების 04.12.2014 წლის №012100758 წერილის მიხედვით, მოსარჩელის კუთვნილ ბინაში ცხოვრობდნენ ვ. (მამა) და ქ. გ-ები (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი), ასევე, ზ., ვ. (შვილი) და ი-ები (იხ. ტ.1, ს. ფ. 51);

3.მოსარჩელემ 2014 წლის 8 დეკემბერს სარჩელი აღძრა ამ განჩინების მე-2 პუნქტში დასახელებულ მოპასუხეთა წინააღმდეგ და მოითხოვა მის საკუთრებად აღრიცხული უძრავი ქონების გამოთხოვა მოპასუხეთა მფლობელობიდან (სსკ-ის 172.1.-ე მუხლი).

4. მოპასუხეებმა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი წარადგინეს და მიუთითეს, რომ ისინი ზ-ის # 93-ში ცხოვრობენ, ბინა შეიძინეს მოქალაქე ხ-ისაგან, ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელი იყო.

5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მოპასუხეთა მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის საკუთრებად რიცხული უძრავი ქონება, რაც მოპასუხეთა და მათი მოძრავი ნივთებისაგან გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს.

6. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სსკ-ის 172-ე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 102-ე მუხლებზე და დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეები არამართლზომიერად ფლობენ სადავო ფართს.

7. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეთა მტკიცება, რომ მათ მიერ დაკავებული ბინა მდებარეობდა არა მოსარჩელის უძრავი ქონების მისამართზე - ზ-ის ქ. # 92-ში, არამედ - ზ-ის # 93-ში (შემდეგში: მოპასუხეთა მიერ მითითებული მისამართი) და თითქოს ბინა შეიძინეს ლ-ისგან.

8. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხეებმა, მათ მიერ დასამტკიცებელი ფაქტობრივი გარემოების დასტურად, ვერ შეძლეს კანონით გათვალისწინებული მტკიცებულების - უძრავი ქონების ნასყიდობის, წერილობითი ფორმით დადებული, ხელშეკრულების წარდგენა, ხოლო ბინის მისამართის თაობაზე, ამ განჩინების მე-2 პუნქტში მითითებული წერილის საფუძველზე, სასამართლომ აღნიშნა, რომ დადგენილი იყო, მოპასუხეები ცხოვრობდნენ არა ზ-ის ქუჩის # 93-ში, არამედ # 92-ში. მოპასუხეებს არც ისეთი მტკიცებულება წარუდგენიათ, რომლითაც დადასტურდებოდა ზ-ის ქუჩაზე # 93 სახლთმფლობელობის არსებობა. ამის საწინააღმდეგოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 26.06.2013 წლის №109394 წერილით დგინდებოდა, რომ იმ ქუჩის რუკა, სადაც მოპასუხეები ცხოვრობდნენ, სარეგისტრაციო სამსახურში არ მოიპოვებოდა, რაც აქარწყლებდა ამ უკანასკნელთა მტკიცებას.

9. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სხდომაზე გამოცხადებულ მოპასუხეთა ახსნა-განმარტებით, ისინი გამყიდველმა (იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი), 2010 წელს, პ-ეების ოჯახთან ერთად, გამოასახლა სადავო ბინიდან, ხოლო გამოსახლებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, მოპასუხეებმა ისევ დაიკავეს თვითნებურად ბინა, რადგან იხდიდნენ ქირას, ხოლო შემდეგ აღარ ჰქონდათ ქირის გადახდის საშუალება.

10. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ამ განჩინების მე-2 პუნქტში დასახელებულმა მოპასუხემ (აპელანტმა), მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფა.

11. აპელანტის მითითებით, სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეები რეალურად ცხოვრობენ ზ-ის ქუჩა # 93-ში, სასამართლომ კი არ დაუშვა მტკიცებულებად არც ერთი დოკუმენტი, რომელიც აღნიშნულს დაადასტურებდა. იქიდან გამომდინარე, რომ მოსარჩელე და მოპასუხეები სხვადასხვა მისამართზე ცხოვრობენ, გაუგებარი იყო, თუ როგორ უნდა გამოესახლებინა მოსარჩელეს ისინი. აპელანტი იმასაც ამტკიცებდა, რომ მოსარჩელემ სადავო ბინა შეიძინა გამყიდველისაგან, ხოლო მოპასუხეებმა - სხვა პირისაგან (იხ. ამ განჩინების პირველი, მე-5 და მე-7 პუნქტები). ამ გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები წარედგინა სასამართლოს, მათ რუკა, რომლითაც დასტურდებოდა, რომ აღნიშნული ბინები # 92 და # 93 არ მდებარეობენ ერთმანეთთან ახლოს. მოპასუხეებმა წარადგინეს 10.10.2013წ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის მიხედვით მოსარჩელის კუთვნილი ბინა ეკუთვნის მოქალაქე მ. ბ-ს და აქვს სულ სხვა საკადასტრო კოდი.

12. აპელანტის მტკიცებით, მოსარჩელე იმით სარგებლობს, რომ საჯარო რეესტრმა, დაუდევრობის გამო, შეცდომით დაურეგისტრირა გამყიდველს ბინა და არ შეამოწმა არც რუკა, არც ქუჩის მდებარეობა, რასაც ადასტურებდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 26.06.2013წ. წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურში მითითებული ქუჩის რუკა არ მოიპოვება.

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ივნისის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებზე (სსსკ-ის 390.3.“გ“ მუხლი) და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების განჩინება დააფუძნა სსკ-ის 170-ე და 172.1.-ე მუხლებზე.

14. სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელეს აღძრული ჰქონდა ვინდიკაციური სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს ქმნის სამი კუმულაციური პირობის ერთდროულად არსებობა, კერძოდ: მოსარჩელე მესაკუთრეა, მოპასუხე ფლობს ქონებას და ამ უკანასკნელს არ გააჩნია ფლობის მართლზომიერი საფუძველი.

15. განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (იხ. წინამდებარე განჩინების პირველი პუნქტი) სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობდნენ მოპასუხეები. საქალაქო სასამართლომ მართებულად დაასკვნა, რომ არსებობდა სსკ-ის 172-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმის გამოყენებისთვის ზემოთ დასახელებული სამივე აუცილებელი გარემოება და სწორად მიიჩნია სარჩელი საფუძვლიანად.

16. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა (სსკ-ის 312-ე მუხლი). საჯარო რეესტრის ამონაწერების საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხეებს სასამართლოსთვის არ წარუდგენიათ.

17.სასამართლომ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის პრეტენზიები (წინამდებარე განჩინების მე-7 პუნქტი) და განმარტა, რომ მოცემული კატეგორიის დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეებს სასამართლოსთვის არ წარუდგენიათ რაიმე დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა მათ მიერ დაკავებული სადავო ბინის ფლობის მართლზომიერება.

18.მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 1 ივნისის განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

19.კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. მოსარჩელე და მოპასუხეები სხვადასხვა მისამართზე ცხოვრობენ, შესაბამისად, ზ-ის # 92 და # 93-ში

20.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2016 წლის 1 აგვისტოს განჩინებით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

21. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

22.საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

23.საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ # ას-1142-1071-2012, 07.03, 2013 წ.; # ას-453-435-2016, 10.06.2016 წ.).

24.საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

25.საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მოპასუხეს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

26. მოსარჩელემ ვინდიკაციური სარჩელით მოითხოვა საჯარო რეესტრში მის საკუთრებად აღრიცხული უძრავი ქონების (იხ. წინამდებარე განჩინების პირველი პუნქტი) გამოთხოვა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან.

27. საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკით დადგენილია, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის შემთხვევაში, მტკიცების საგანში შემავალი სამი ელემენტიდან (მოსარჩელის საკუთრების უფლების არსებობა ნივთზე; ამ ნივთის მოპასუხის მფლობელობაში ყოფნა; მოპასუხის მიერ ნივთის არამართლზომიერი ფლობა) პირველი ორის დადასტურების ვალდებულება მოსარჩელეს ეკისრება, ხოლო მესამე ელემენტზე მას მითითების ვალდებულება გააჩნია, ამ მხრივ სარჩელი, როგორც ფორმალურ-სამართლებრივი, ისე ფაქტობრივი თვალსაზრისით გამართულია. მოსარჩელემ წარადგინა საჯარო რეესტრის ამონაწერი, რაც შეეხება მესამე ელემენტს - ნივთის ფლობას, მოპასუხის მტკიცების საგანში შედის მისი ფლობის ნამდვილი უფლების დადასტურება (მართლზომიერი მფლობელი, მესაკუთრე). საპროცესო კანონმდებლობა ადგენს მხარის სრულ უფლებას, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის ფარგლებში (სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლები), თავისუფლად წარადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც, მისი შეფასებით, ადასტურებენ მისი პოზიციის მართებულობას. მოპასუხეები უთითებენ მათი საკუთრების უფლების არსებობაზე, რა დროსაც გასათვალისწინებელია სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და მატერიალური კანონმდებლობის დათქმა იმის თაობაზე, რომ საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრის ამონაწერით უნდა დადასტურდეს (სსკ-ის 312-ე მუხლი; იხ. სუსგ - # ას-453-435-2016, 10. 06. 2016 წ.).

28. სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეები სადავო ნივთის ფლობის სამართლებრივ საფუძველს ვერ ამტკიცებენ, მათ ვერ შეძლეს სარწმუნოდ და დამაჯერებლად დაედასტურებინათ, რომ მათი და მოსარჩელის ბინების მისამართები განსხვავებულია.

29. სასამართლო განმარტავს, რომ ქონებაზე სანივთო უფლების რეგისტრაციის პირობებში, მოსარჩელის უფლების დასაცავად არსებობს სსკ-ის 312-ე მუხლით გათვალისწინებული კანონისმიერი პრეზუმფციის დაშვების აუცილებლობა იმის თაობაზე, რომ რეგისტრირებული უფლება უტყუარი და სრულია, რაც საკასაციო პრეტენზიის გაზიარებას გამორიცხავს.

30. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქვემდგომმა სასამართლომ სწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი, ასევე, მართებულად მოიძია მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმები - სსკ-ის 170-ე და 172-ე მუხლები და დასაბუთებულად მივიდა დასკვნამდე, რომ განკუთვნადი მტკიცებულებით ვერ იქნა დაძლეული მოპასუხეების მიერ ნივთზე ნამდვილი უფლების არსებობა.

31.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, მას არ უდევს საფუძვლად საპროცესო დარღვევა, რაც მისი უცვლელად დატოვების, ხოლო მოპასუხის საკასაციო საჩივრის უარყოფის სამართლებრივი საფუძველია, რადგან საკასაციო განაცხადი ვერ აკმაყოფილებს დასაშვებობის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ წინაპირობებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე