საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-800-767-2016 22 სექტემბერი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრების ავტორი _ ი/მ ა. კ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „ა-ა“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინებები _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 აპრილისა და 2016 წლის 16 მარტის განჩინებები
კერძო საჩივრების ავტორის მოთხოვნა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 აპრილის განჩინების გაუქმება (16.08.16 კერძო საჩივრით); თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 მარტის განჩინების გაუქმება (19.09.16 კერძო საჩივრით);
დავის საგანი _ ნასყიდობის ღირებულების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „ა-ას“ სარჩელი ი/მ ა. კ-ის მიმართ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 125 660,31 ლარის გადახდა.
იმავე წლის 26 ნოემბრის განჩინებით შპს „ა-ას“ განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც საჩივრით გაასაჩივრეს შპს „ა-ამ“ და ი/მ ა. კ-მა. შპს „ა-ამ“ მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ა. კ-მა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 4 დეკემბრისა და 2016 წლის 15 იანვრის განჩინებებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა სააპელაციო სასამართლოში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 30 მარტისა და იმავე წლის 4 აპრილის განჩინებებით აღნიშნული საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი/მ ა. კ-მა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 მარტის განჩინებით ი/მ ა. კ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2016 წლის 16 აგვისტოსა და 15 სექტემბერს ი/მ ა. კ-მა კერძო საჩივრებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 აპრილისა და 16 მარტის განჩინებების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ი/მ ა. კ-ის კერძო საჩივრები განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამდენად, კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებული უნდა იქნეს საპროცესო ნორმები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ.
სსსკ-ის 399-ე მუხლის მიხედვით საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.
სსსკ-ის 414-ე მუხლის თანახმად კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
სსსკ-ის 1971-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
სსსკ-ის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, ვინაიდან ა. კ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს ის განჩინება, რომლის გასაჩივრების შესაძლებლობასაც კანონი არ იძლევა და რის თაობაზეც მითითებული იყო გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილშიც, ა. კ-ის 2016 წლის 16 აგვისტოს კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეტა პალატის 2016 წლის 4 აპრილის განჩინების გაუქმების შესახებ, დაუშვებლობის გამო უნდა დარჩეს განუხილველი.
რაც შეეხება ა. კ-ის 2016 წლის 15 სექტემბრის კერძო საჩივარს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე, განუხილველად უნდა დარჩეს, რადგან სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 მარტის განჩინება, ა. კ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, ადრესატს სამჯერ გაეგზავნა, ხოლო მის წარმომადგენელს - დამატებით ერთხელ, თუმცა უშედეგოდ (ის. ტ.2. ს.ფ. 11, 24, 26, 28).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ივლისის განჩინებით დადგინდა, რომ ა. კ-ისთვის 2016 წლის 16 მარტის განჩინების გაცნობა მომხდარიყო საჯარო შეტყობინების გზით, რაც ჩაბარებულად ჩაითვლებოდა განჩინების სააპელაციო სასამართლოს ვებგვერდზე განთავსებიდან მე-7 დღეს.
საჯარო შეტყობინების შესახებ განჩინება სააპელაციო სასამართლოს ვებგვერდზე განთავსდა 2016 წლის 6 ივლისს (იხ. აქტი, ტ. 2, ს/ფ 32), შესაბამისად, განჩინება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება საჯარო შეტყობინებიდან მე-7 დღეს, 2016 წლის 13 ივლისს (ოთხშაბათი). აქედან გამომდინარე, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანის 12 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2016 წლის 14 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 25 ივლისს (ორშაბათი). საქმის მასალებით ირკვევა, რომ ა. კ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 16 მარტის განჩინებაზე, წარდგენილია 2016 წლის 15 სექტემბერს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.
სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში ა კ-მა დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინა კერძო საჩივარი, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 401-ე, 416-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. კ-ის 2016 წლის 16 აგვისტოს კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 აპრილის განჩინებაზე, განუხილველად იქნეს დატოვებული;
2. ა. კ-ის 2016 წლის 15 სექტემბრის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 მარტის განჩინებაზე, განუხილველად იქნეს დატოვებული;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ე. გასიტაშვილი