საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-583-558-2016 ბ 13 ოქტომბერი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – დ. წ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ონის მუნიციპალიტეტის გამგეობა (მოპასუხე)
განმცხადებლის მოთხოვნა – საკასაციო საჩივრის წარდგენისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადის აღდგენა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით დ. წ-ის სარჩელი ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინააღმდეგ, თანხის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა დ. წ-ემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 აპრილის განჩინებით დ. წ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. წ-ემ. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ აღნიშნული განჩინების ასლი იმავე წლის 19 ივლისს გაეგზავნა დ. წ-ეს.
2016 წლის 1 აგვისტოს საქართველოს უზენაეს სასამართლოში ფოსტის მეშვეობით საჩივარი/განცხადება წარმოადგინა დ. წ-ემ და მოითხოვა საკასაციო საჩივრის წარდგენისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადის აღდგენა, იმ საფუძვლით, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოხდა. დ. წ-ის განმარტებით მისთვის უცნობი იყო სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რადგან ის არ ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას, შესაბამისად, წინასწარ არ იცოდა საჭირო იქნებოდა თუ არა გადაწყვეტილების გასაჩივრება საკასაციო წესით. ასევე, განმცხადებელმა მიუთითა, რომ მას დაგვიანებით ჩაბარდა სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, იმ მიზეზით, რომ სასამართლოს გადატვირთული გრაფიკის გამო გადაწყვეტილების მომზადება, კანონით დადგენილ ვადაში, ვერ მოესწო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 29 აგვისტოს განჩინებით წარმოდგენილ საჩივარს/განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი, საჩივრის/განცხადების ავტორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა დაზუსტებული განცხადება, სადაც გარკვევით მიუთითებდა: ა)რომელი საპროცესო ვადის აღდგენას მოითხოვდა, თუ ბ)მოითხოვდა საქმის წარმოების განახლებას, საქმის წარმოების განახლების მოთხოვნის შემთხვევაში, მხარე ვალდებული იყო სასამართლოსათვის წარმოედგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი განცხადება და საქმის წარმოების განახლების საფუძვლის გათვალისწინებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განისაზღვრა100 (ასი) ლარით, ხოლო განჩინების ბათილად ცნობის მოთხოვნის შემთხვევაში - 50 (ორმოცდაათი) ლარით.
საქმეში არსებული გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტით ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული განჩინება 2016 წლის 8 სექტემბერს ჩაბარდა საჩივრის/განცხადების ავტორის დედას, ლ. წ-ეს (პ/ნ …).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო განცხადების საფუძვლიანობისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ დ. წ-ის განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 ივლისის განჩინების გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის განსახილველად მიღების თაობაზე, უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 აგვისტოს განჩინებით დ. წ-ეს დაუდგინა ხარვეზი წარმოდგენილ განცხადებაზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა დაზუსტებული განცხადება, სადაც გარკვევით მიუთითებდა: ა) რომელი საპროცესო ვადის აღდგენას მოითხოვდა, თუ ბ) მოითხოვდა საქმის წარმოების განახლებას საქმის წარმოების განახლების მოთხოვნის შემთხვევაში, მხარე ვალდებული იყო სასამართლოსათვის წარმოედგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი განცხადება და საქმის წარმოების განახლების საფუძვლის გათვალისწინებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განისაზღვროს 100 (ასი) ლარით, ხოლო განჩინების ბათილად ცნობის მოთხოვნის შემთხვევაში - 50 (ორმოცდაათი) ლარით.
საქმეში წარმოდგენილი საფოსტო უკუგზავნილით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება 2016 წლის 8 სექტემბერს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ჩაბარდა განმცხადებლის დედას, ლ. წ-ეს (პ/ნ …), რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ითვლება სასამართლო შეტყობინების კასატორისათვის ჩაბარებად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, განმცხადებლისათვის ხარვეზის შევსების 7-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2016 წლის 9 სექტემბერს და ამოიწურა ამავე წლის 15 სექტემბერს (ხუთშაბათი). ამდენად, განმცხადებელი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2016 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში განმცხადებელს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. წ-ის განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან განმცხადებელმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 285-ე, 427-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. წ-ის განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 ივლისის განჩინების გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის განხილვის თაობაზე, დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ე. გასიტაშვილი