№330210014483323
საქმე №ას-733-701-2016 12 ოქტომბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ს-ა“ (მოპასუხე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე – მ-- გ-ა (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 01 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, იძულებით განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მხარეთა შორის 2011 წლის 28 თებერვალს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მ- გ-ა (შემდგომში: მოსარჩელე, დასაქმებული) დაინიშნა შპს „ს-აში“ (შემდგომში: მოპასუხე, დასაქმებული) აფხაზეთის ჯგუფის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. ყოველთვიური დარიცხული ხელფასის ოდენობად განისაზღვრა 2,667 ლარი. შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2011 წლის 1 მარტიდან, 2014 წლის 1 მარტამდე.
2. შპს „ს-ის“ გენერალური დირექტორის 2013 წლის 07 თებერვლის №25/1 ბრძანებით (შემდგომში: სადავო ბრძანება) შრომითი ხელშეკრულების მოშლის საფუძველზე, დასაქმებულს შეუწყდა შრომითი ურთიერთობა 2013 წლის 10 მარტიდან. ბრძანების გამოცემის სამართლებრივ საფუძლად მიეთითა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ-ის) 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი. დასაქმებულს მიეცა 2 თვის დარიცხული ხელფასის ოდენობის თანხა, შრომითი ხელშეკრულების მე-5 პუნქტის შესაბამისად.
3. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ სადავო ბრძანების ბათილად ცნობისა და ათი თვის იძულებითი განაცდურის დაკისრების მოთხოვნით.
4. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები: სშკ-ის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის, 44-ე მუხლი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 54-ე, 394-ე მუხლის პირველი ნაწილი, 408-ე მუხლები.
5. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ მოსარჩელე არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი; წლების განმავლობაში მუშაობდა სოხუმის აეროპორტში ავიადისპეჩერის თანამდებობაზე; არის აფხაზეთის ომის მონაწილე, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი. იძულებით გადაადგილების შემდეგ, იგი ქ. თბილისში განაგრძობდა თავისი პროფესიით მუშაობას. მოსარჩელე პირნათლად ასრულებდა თავის მოვალეობებს. სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად მას მთავრობის შეცვლა და გარკვეულ პირებთან ახლო მეგობრული ურთიერთობა დაუსახლეს. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლება არამართლზომიერია და დამსაქმებელი ვალდებულია მას აუნაზღაუროს უკანონოდ გათავისუფლებით მიყენებული ზიანი.
6. მოპასუხემ კვალიფიციური შედავებაში მიუთითა სადავო ბრძანების გამოცემის მართლზომიერებაზე. აგრეთვე, აღნიშნა, დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების პროცედურული წესების დაცვაზე, სახელდობრ აღნიშნა, რომ დასაქმებული გაფრთხილებულ იქნა მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ ერთი თვით ადრე, გადაუხადა კომპენსაცია 02 თვის ხელფასის ოდენობით. იმავდროულად, აღნიშნა, რომ ვინაიდან სამსახურში არ იყო დასაქმებული პოზიციის საჭიროება, დასაქმებულისათვის შეთავაზებულ იქნა ალტერნატიული სამსახური - ავიამეთვალყურის პოზიცია, რაზეც, მოსარჩელემ უარი განაცხადა. ხელშეკრულების მოშლის მიზეზად კი, მოპასუხემ დაასახელა შპს-ს აფხაზეთის ჯგუფის გაუქმება, რომლის ხელმძღვანელსაც მოსარჩელე წარმოადგენდა. იმავდროულად, უარყოფილ იქნა მოსარჩელის მითითება დისკრიმინაციული საფუძვლით გათავისუფლებაზე.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სადავო ბრძანება. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 10 თვის იძულებითი განაცდურის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება - 26 670 ლარის (დარიცხული) ოდენობით.
8. გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარდგინა მოპასუხემ.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 01 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
10. სააპელაციო სასამართლომ დამატებით დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს აქვს საჰაერო ნავიგაციაში მუშაობის ოცდაათწლიანი გამოცდილება.
11. იმავდროულად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს არ გააჩნდა მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის რაიმე საფუძველი, სახელდობრ, სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეს მოპასუხესთან მუშაობის პერიოდში არ დაურღვევია ხელშეკრულებით ან შინაგანწესით ნაკისრი ვალდებულებები, მის მიმართ არ გამოყენებულა რაიმე სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. დამსაქმებლის მითითებით, მოსარჩელეთან შრომითი ხელშეკრულების მოშლა განაპირობა შპს „საქართველოს გაერთიანებული აეროპორტების“ მიერ ქ. ზუგდიდში აეროპორტის დაკეტვამ და სანავიგაციო მომსახურების აუცილებლობის რეალურად მოხსნამ. შესაბამისად, საზოგადოების მენეჯმენტმა მიიღო კადრების ოპტიმიზაციის გადაწყვეტილება და ჯგუფი, რომელსაც მოსარჩელე ხელმძღვანელობდა, გაუქმდა. მიუხედავად აღნიშნულზე მითითებისა, მოპასუხის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, კადრების ოპტიმიზაციის გადაწყვეტილების მიღების საფუძვლიანობა, მოპასუხეს ასევე არ წარმოუდგენია დოკუმენტები, რომელიც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ შპს „საქართველოს გაერთიანებული აეროპორტების“ მიერ ქ. ზუგდიდში აეროპორტის დაკეტვამ გავლენა იქონია მოსარჩელის სამუშაო ადგილთან და მის შრომით უფლება-მოვალეობებთან.
12. რაც შეეხება მოსარჩელის დისკრიმინაციულ საფუძველზე გათავისუფლების საკითხს, აღნიშნული არ იქნა გაზიარებული უსაფუძვლობის გამო.
13 სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარადგინა აპელანტმა.
საკასაციო პრეტენზია აგებულია შემდეგ მოსაზრებებსა და დარღვევებზე:
14. კასატორის მოსაზრებით სადავო ბრძანების გამოცემის დროს მოქმედი სშკ-ით დამსაქმებელი არ იყო ვალდებული ემტკიცებინა სამასახურიდან დასაქმებულის გათავისუფლების მიზეზები. ამასთან, დამსაქმებელი მიუთითებს, რომ მან დასაქმებული გათავისუფლებამდე ერთი თვით ადრე გააფრთხილა და მისცა კომპენსაცია.
სადავო ბრძანების გამოცემის მართლზომიერების დასადასტურებლად კასატორი მიუთითებს, რომ რეალურად მოსარჩელე არავითარ ფუნქციას არ ასრულებდა და სამსახურიდან მისი გათავისუფლება საზოგადოების საჭიროებამ განაპირობა. ამასთან, დამსაქმებელი წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც არ მოეთხოვება სამუშაოს შესრულების საჭიროების არარასებობის პირობებში პირის დასაქმება. მეწარმე უფლებამოსილია თავად განსაზღვროს ადამიანური რესურსი.
15. კასატორი უთითებს, რომ მან მოსარჩელეს შესთავაზა სხვა - ავიამეთვალყურის პოზიციაზე გადასვლა, რაზედაც მოსარჩელემ უარი განაცხადა.
16. ამასთან, კასატორი მიიჩნევს, რომ საქმის განმხილველმა სააპელაციო სასამართლოს შემადგენლობამ დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი და აპელანტს შეუზღუდა დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის პროცესუალური შესაძლებლობა.
სამოტივაციო ნაწილი:
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 08 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
18. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
19. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარისთქმის საფუძვლად კასატორი მიიჩნევს სადავო ბრძანების გამოცემის მართლზომიერებას და თავის საკასაციო პოზიციას მასზედ აფუძნებს, რომ ბრძანების გამოცემის დროისათვის მოქმედი სშკ-ით დამსაქმებელი უფლებამოსილი იყო ფაქტობრივი საფუძვლის გარეშეც შეეწყვიტა დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულება.
20. კასატორის ზემოაღნიშნული პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ სშკ-ის 37-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი დამსაქმებელს ანიჭებს შეუზღუდავ უფლებას, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მოშალოს შრომითი ხელშეკრულება დასაქმებულთან, საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია და განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმით მხარეთათვის მინიჭებული ხელშეკრულების მოშლის უფლება არ არის შეუზღუდავი. ხსენებული ნორმა არ შეიძლება განმარტებულ იქნეს, როგორც დამსაქმებლის ცალმხრივი უფლება, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე სამუშაოდან გაათავისუფლოს დასაქმებული. მითითებული ნორმის ასეთი განმარტება წაახალისებდა დამსაქმებლის თვითნებობას, ხოლო, სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას აზრს დაუკარგავდა. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის 115-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ფუნქციაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაა. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად. ამ ამოცანის შესრულებას სასამართლო ვერ შეძლებს, თუ დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის გათავისუფლების საფუძველი მითითებული არ იქნება. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს ასევე იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული ნორმით არ არის მოწესრიგებული შრომითი ხელშეკრულების მოშლის ინსტიტუტი, ხელშეკრულების მოშლის წესი და პირობები. ეს ნორმა წარმოადგენს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლების ჩამონათვალს და არა შრომითი ხელშეკრულების მოშლის მარეგულირებელ ნორმას. აქედან გამომდინარე, გაზიარებული ვერ იქნება კასატორის მოსაზრება დასაქმებულის გათავისუფლების მართლზომიერების შესახებ (მითითებული დასკვნა შესაბამისობაშია მსგავსი კატეგორიის დავების თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებთან - იხ., სუს 2013 წლის 25 იანვარის განჩინება საქმეზე №ას-1127-1058-2012; 2011 წლის 24 თებერვლის განჩინება საქმეზე №ას-1206-1057-10).
21. იმავდროულად, გაზიარებული ვერ იქნება კასატორის პოზიცია იმ ნაწილში, რომლითაც იგი გათავისუფლების მართლზომიერების დასადასტურებლად მიუთითებს მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ დასაქმებულის გაფრთხილებასა და კომპენსაციის გადახდაზე და აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ დასახელებული გარემოება გათვალისწინებულია სშკ-ის 38-ე მუხლით და წარმოადგენს გათავისუფლების პროცედურულ წესს და ამდენად, იგი გავლენას ვერ იქონიებს გათავისუფლების მართლზომიერების შეფასებაზე.
22. რაც შეეხება მოსარჩელისათვის სხვა თანამდებობაზე გადასვლის შეთავაზების საკითხს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არც აღნიშნული პოზიცია გამოდგება სადავო ბრძანების გამოცემის კანონიერების დასასაბუთებლად, გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლოში დავის საგანია სადავო ბრძანების ბათილად ცნობა, ხოლო კასატორის მითითებული პოზიცია მხარის სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ მხარეთა მოლაპარაკების საგანს წარმოადგენდა.
23. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
24. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტასათან დაკავშირებით არსებობს სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკა, რომელიც მითითებულია წინამდებარე განჩინებაში.
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
26. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1,333.50 ლარის 70% - 933.45 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ს--ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ შპს „ს-ას“ უკან დაუბრუნდეს 2016 წლის 28 ივლისს საკრედიტო საგადახადო დავალებით N1151 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (1,333.50 ლარი) - 933.45 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე