№330210014598059
საქმე №ას-739-707-2016 12 ოქტომბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „საქართველოს ს–ია“ (მოსარჩელე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ვ--ი“ (მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 01 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „საქართველოს ს–ია“ (შემდგომში: „მოსარჩელე“) წარმოადგენს „ი-ის“ მესაკუთრეს, რომელიც ფუნქციონირებს თეზი ოკამის სარწვაყი არხის მეშვეობით. ამავე არხის გამოყენებით ფუნქციონირებს „ო--სი“, რომელიც წარმოადგენს შპს „ვ--ის“ (შემდეგში: „მოპასუხე“) საკუთრებას.
2. 2009 წელს განხორციელდა „ო-სის“ წყალმიმღების რეაბილიტაციის პროექტი. აღნიშნული პროექტის შესაბამისად, ოკამი ჰესი წყალმიმღების სათავე ნაგებობას უნდა უზრუნველეყო იგოეთი ჰესისათვის 2,5 კბმ/წმ-ში წყლის ტრანზიტული გატარების შესაძლებლობა. შესაბამისად, თეზი-ოკამის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხში მხოლოდ 2.5 კბმ/წმ-ში მეტი რაოდენობის წყლის არსებობის შემთხვევაშია შესაძლებელი „ო-სის“ გამართული მუშაობა.
3. რეაბილიტაციის პროექტის თანახმად, წყალმიმღებში ბეტონის კედლის სიმაღლის მოწყობა გათვალისწინებულია 75 სანტიმეტრით, რაც წარმოადგენს მოპასუხის ვალდებულებას.
4. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 21 თებერვლის #5-- დასკვნის თანახმად, წყალმიმღებში კედლის სიმაღლე შეადგენს 52-54 სმ, რაც არ შეესაბამება პროექტს. აქვე აღსანიშნავია, რომ ვინაიდან ამ დროისათვის ბეტონის ფსკერი დანალექიანებულია წყლის დინებით, აბსოლუტური სიზუსტით ზომების აღება შეუძლებელია, თუმცა ცდომილება უმნიშვნელოა.
5. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ ზიანის - 101 429,9 ლარის ანაზღაურების დაკისრებისა და ქმედების (ოკამჰესის წყალმიმღების ნაგებობის მიყვანა ს.ს „სა--ს“ მიერ დამუშავებულ თეზი-ოკამის მაგისტრალურ არხზე მოწყობილ წყალმიმღების ნახაზებთან შესაბამისობაში. კერძოდ, წყალმიმღებში არსებული ბეტონის კედლის სიმაღლის გაზრდა 75 სმ-მდე) განხორციელების მოთხოვნით.
6. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 992-ე მუხლი.
7. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ მოსარჩელემ 2007 წლის 15 იანვარს შეიძინა შპს „ს–ის” საკუთრებაში არსებული ქონება, მათ შორის, ჰესი (იგორთჰესი), რომელიც ფუნქციონირებს თეზი ოკამის სარწყავი არხის მეშვეობით. ამავე არხით ფუნქციონირებს მოპასუხის საკუთრებაში არსებული ოკამი ჰესიც. 2009 წელს განხორციელდა „ო-სის” წყალმიმღების რეაბილიტაციის პროექტი. მისი წყალმიმღების სათავე ნაგებობას უნდა უზრუნველეყო იგოეთი ჰესისათვის 2.5 კბმ/წმ-ში წყლის ტრანზიტულად გატარების შესაძლებლობა, სწორედ ამიტომ თეზი-ოკამის სარწყავი სისტემის მაგისტერალურ არხში მხოლოდ 2.5 კბმ/წმ-ზე მეტი რაოდენობის წყლის არსებობის შემთხვევაშია შესაძლებელი ო-სის მუშაობა. სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის მიერ განსაზღვრულია, რომ წყალმცირეობის შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს ი--ის წყალმომარაგებას, მას გააჩნია პრიორიტეტი წყლით მომარაგების ასპექტში. ო-სმა დაარღვია პროექტით გათვალისწინებული პარამეტრები, არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულებები, რის საფუძველზეც შეუძლებელი გახდა ი-ის წყლით მომარაგება, წყლის ტრანზიტული მიწოდება და მოხდა მისი უფუნქციოდ დარჩენა. იგოთჰესის 2012 წლის ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეში წყლის მიწოდებისა და მუშაობის დროს მისი გამომუსავება საორიენტაციოდ განისაზღვრებოდა 1 064 000 ლარით. ამასთან, ექსპერტიზის მიერ დადგენილ იქნა ესკოს მიერ დადგენილი ტარიფების საფუძველზე ი-ის მინიმალური შემოსავალი შეადგენდა 101 429.9 ლარს. მათ შორის, ოქტომბრის თვეში შემოსავალი საორიენტაციოდ განისაზღვრა 34 569.36 ლარით, ნოემბრის თვეში 33 514.51 ლარით, დეკემბრის თვეში 33 346.03 ლარით.
8. მოპასუხე მარტივი შესაგებლით არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
10. გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარდგინა მოპასუხემ.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
12. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ „ოკამი ჰესი“ წყალმიმღების სათავე ნაგებობა ვერ უზრუნველყოფდა „ი-ისათვის“ 2,5 კბმ/წმ-ში წყლის ტრანზიტული გატარების შესაძლებლობას. ექსპერტიზის დასკვნით (N5---------) „ოკამში მდებარე თეზი-ოკამის მაგისტრალურ არხზე მოწყობილი წყალმიმღების ნაგებობა შეუსაბამობაშია დამკვეთის მიერ წარმოდგენილ ნახაზებთან და არხიდან წყლის მიწოდება ოკამ-ჰესის მიმართულებით ხდება პროექტში განსაზღვრული 75სმ-ის სიმაღლის წყლის დონის მიღწევამდე. შესაბამისად, ოკამჰესის მიმართულებით მეტი წლის მიწოდება ხდება, ვიდრე პროექტით არის განსაზღვრული“. კედლის სიმაღლე კი, შეადგენდა 52-54სმ-ს, რაც არ შეესაბამებოდა პროექტს. ამასთან, ვინაიდან ამ დროისათვის ბეტონის ფსკერი დანალექიანებული იყო წყლის დინებით, აბსოლიტური სიზუსტით ზომების აღება იყო შეუძლებელი. თუმცა, ცდომილება იყო უმნიშვნელო. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დასკვნა დაეფუძნა კედლის სიმაღლეზე წყლის მოცულობას. აღნიშნულის თაობაზე მიუთითა ექსპერტმა სასამართლო სხდომის დროს. მისი განმარტებით, კვლევა ჩატარდა მიწოდებული მონაცემების საფუძველზე. შესაბამისად, მან აქცენტი გააკეთა მხოლოდ კედლის სიმაღლეზე და არა წყლის იმ მოცულობაზე, რომელიც მიედინება არხში. კედლის სიმაღლე მხოლოდ ერთი კომპონენტია წყლის მოცულობის განსასაზღვრად და შეუძლებელია მხოლოდ მითითებულ კომპონენტზე დაყრდნობით მოხდეს იმ საკითხების შეფასება, ატარებდა თუ არა რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებული წყლის მოცულობას არხი.
13. მოპასუხის მიერ საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა საწინააღმდეგო გარემოება იმის თაობაზე, რომ „თეზი-ოკამის“ სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხი, „ოკამი-ჰესის“ გვერდითი ტიპის ყწალმიმღები კვანძის შემდეგ, გარკვეული მარაგით უზრუნველყოფს იგოეთი ჰესისათვის საანგარიშო ხარჯის (2.5მ3/წმ) გატარებას. თუ „ი-ი“ ვერ ღებულობს საანგარიშო ხარჯს, მიზეზი შეიძლება იყოს მაგისტრალური არხის ახლანდელი მდგომარეობა ან მისი ჰიდრავლიკური დანაკარგები.
14. ამდენად, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ზიანის (სსკ-ის 992-ე მუხლის) დაკისრებისათვის აუცილებელი კომპონენტების ერთობლიობა. მათ შორის, ვერც ის გარემოება, რომ ოკამი ჰესი ყწალმიმღების სათავე ნაგებობა ვერ უზრუნველყოფდა იგოეთი ჰესისათვის 2,5კბმ/წმ-ში წყლის ტრანზიტული გატარების შესაძლებლობას, რაც გამოიწვეული იყო სარჩელში მითითებული იმ ფაქტობრივი გარემოებით, რომ მოპასუხემ „ო------სის“ წყალმიმღების რეაბილიტაციის პროექტის შესაბამისად წყალმიმღებში არ მოაწყო 75სმ. სიმაღლის ბეტონის კედელი.
15. უარი ეთქვა სარჩელის მოთხოვნას ქმედების განხორციელების ნაწილშიც იმ საფუძვლით, რომ ვინაიდან არ დასტურდებოდა შესაბამისი წყლის მოცულობის მოსარჩელისათვის მიუწოდებლობა, არხის პარამეტრების შეცვლა შეუძლებელი იყო.
16. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარადგინა აპელანტმა.
საკასაციო პრეტენზია აგებულია შემდეგ მოსაზრებებსა და დარღვევებზე:
17. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა ქმედების დავალდებულების ნაწილში, იმ საფუძვლით, რომ ვინაიდან საქმის მასალებით არ დადასტურდა შესაბამისი წყლის მოცულობის მოსარჩელისათვის მიუწოდებლობა, არხის პარამეტრების შეცვლა შეუძლებელი იყო. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს მითითებული მსჯელობა დაუსაბუთებელია გამომდინარე იქიდან, რომ ეს მოთხოვნა არ არის დაკავშირებული ზიანის მიყენების ფაქტთან და გამომდინარეობს ტექნიკური პირობიდან და სამშენებლო წყალმცირეობის პერიოდში შესაბამისი კედლის სიმაღლის არსებობა პირდაპირ მიზეზშედეგობრივ კავშირშია ზიანის არსებობასთან, რაც გამოიხატება შესაბამისი რაოდენობის წყლის ნაკადის მიუწოდებლობასთან. კასატორის მოსაზრებით, არც ის გარემოებაა დადასტურებული რომ წყალსიმცირის დროს მოსარჩელეს მიეწოდება პრიორიტეტით განსაზღვრული ოდენობა.
კასატორი არ ეთანხმება ექსპერტიზის დასკვნების შეფასებასაც.
სამოტივაციო ნაწილი:
18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
19. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
20. მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების ნაწილში ემყარება სსკ-ის 992-ე მუხლს და ამდენად, მოთხოვნის განხორციელებადობა დამოკიდებულია ნორმის შემადგენლობის არსებობასთან, სახელდობრ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. დასახელებულ კომპონენტთაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა განაპირობებს სარჩელის წარუმატებლობას. იმავდროულად, ნორმის შემადგენლობის (ფაქტობრივი გარემოებების) მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს, რომელმაც დელიქტური ურთიერთობის არსებობისათვის საჭირო სტრუქტურის ერთ-ერთი სავალდებულო კომპონენტის - მიზეზშდეგობრივი კავშირის დასაბუთება ვერ შეძლო, რის გამოც, მოთხოვნა ამ ნაწილში განუხორციელებელია.
21. რაც შეეხება მეორე მოთხოვნას, რომელიც მოპასუხისათვის ქმედების დავალდებულებაში მდგომარეობს (ოკამჰესის წყალმიმღების ნაგებობის მიყვანა ს.ს „სა-ს“ მიერ დამუშავებულ თეზი-ოკამის მაგისტრალურ არხზე მოწყობილ წყალმიმღების ნახაზებთან შესაბამისობაში. კერძოდ, წყალმიმღებში არსებული ბეტონის კედლის სიმაღლის გაზრდა 75 სმ-მდე), საკასაციო პალატის მოსაზრებით, არც ამ ნაწილშია მოთხოვნა განხორციელებადი, გამომდინარე იქიდან, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოპასუხის მიზეზით რაიმე ზიანი მიადგა ან მიადგება მოსარჩელეს, რისთვისაც არსებობს სარჩელით მოთხოვნილი ქმედების განხორციელების საჭიროება.
22. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
23. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან ზიანის ანაზღაურების სამართლებრივ საკითხებზე დადგენილია სასამართლო პრაქტიკა.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
25. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 5,071.00 ლარის 70% - 3549.70 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „საქართველოს ს--ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ შპს „საქართველოს ს-–იას“ უკან დაუბრუნდეს 2016 წლის 15 სექტემბერს საგადასახადო დავალებით N1473938768 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (5,071.00 ლარი) - 3549.70 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე