№330210015001092368
საქმე №ას-905-871-2016 02 ნოემბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ- ფ-ე (მოსარჩელე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს-ი“ (მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებით განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ- ფ-ე (შემდეგში: მოსარჩელე, დასაქმებული) შრომით ურთიერთიერთობაში იმყოფებოდა შპს „ს-ირთან“. (მოგვიანებით, სს „გ--ასთან“ და სს „გ-თან“) 1997 წლიდან.
2. მოსარჩელესთან პერიოდულად და უწყვეტად იდებოდა შრომითი ხელშეკრულებები. ახალი ხელშეკრულების დადებასთან ერთად პერიოდულად იცვლებოდა შრომის ანაზღაურებაც.
3. ბოლო შრომითი ხელშეკრულება სს „გ-ს“ და მოსარჩელეს შორის დაიდო 2009 წლის 01 მაისს, რომლითაც მოსარჩელე დაინიშნა ფიქსირებული ქსელის დეპარტამენტის ფართოზოლოვანი ქსელის განყოფილებაში ინჟინრის თანამდებობაზე, საიდანაც მოსარჩელე გათავისუფლდა 2010 წლის 12 მარტს და იმავე დღეს დაინიშნა შპს „ს-ში“ (შემდეგში: მოპასუხე) იმავე თანამდებობაზე.
4. შპს ,,ს -ი” შეიქმნა 2009 წლის 02 აპრილს და მისი პარტნიორები არიან სს ,,გ -ი”, შპს ,,ვ -” და შპს ,,აჭ -რი”. 2010 წლის 15 მარტის ხელშეკრულებით სს ,,გა -ა” მოპასუხეს საწესდებო კაპიტალში შენატანის სახით გადასცა უძრავ - მოძრავი ქონება.
5. მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა ფაქტიურად შეწყდა 2015 წლის 01 თებერვლიდან.
6. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ბრძანების დასაბუთების მოთხოვნით მოსარჩელემ დამსაქმებელს განცხადებით მიმართა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან თითქმის 7 თვის შემდეგ - 2015 წლის 27 აგვისტოს.
7. 2015 წლის 02 სექტემბერს მოპასუხემ მოსარჩელეს გაუგზავნა საპასუხო წერილი.
8. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ მოპასუხის 2015 წლის 20 იანვრის N1-1/2705 ბრძანების (შემდეგში: სადავო ბრძანება) ბათილად ცნობის, სამუშაო ადგილზე აღდგენისა და იძულებით განაცდენილი დროის ხელფასისა და ხელფასის დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07% ანაზღაურების მოთხოვნით.
9. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები: სშკ-ის 32-ე მუხლის პირველი ნაწილი, 44-ე მუხლი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 54-ე, 394-ე მუხლის პირველი ნაწილი, 408-ე მუხლები.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ხანდაზმულობის გამო არ დაკმაყოფილდა.
11. გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით წარდგენილი სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა.
12. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ განსახილეველ შემთხევვაში, მხარეთა შორის ურთიერთობა უნდა დარეგულირებულიყო საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ-ი) მე-6 მუხლის 13 პუნქტის მოქმედების ფარგლებში.
13. სშკ-ის მე-6 მუხლის 13 პუნქტის შესაბამისად, თუ შრომითი ხელშეკრულება დადებულია 30 თვეზე მეტი ვადით, ან თუ შრომითი ურთიერთობა გრძელდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების ორჯერ ან მეტჯერ მიმდევრობით დადების შედეგად და მისი ხანგრძლივობა აღემატება 30 თვეს, ჩაითვლება, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება. ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები მიმდევრობით დადებულად ჩაითვლება, თუ არსებული შრომითი ხელშეკრულება გაგრძელდა მისი ვადის გასვლისთანავე ან მომდევნო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება დაიდო პირველი ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 60 დღის განმავლობაში.
14. მოყვანილი ნორმა შეიცავს ასევე დათქმას, რომლითაც სშკ-ის მე-6 მუხლის 11–13 პუნქტების მოქმედება ვრცელდება ,,საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (12.06.2013 N729) ამოქმედების შემდეგ დადებულ ინდივიდუალურ შრომით ხელშეკრულებაზე ან/და კოლექტიურ ხელშეკრულებაზე (ამოქმედდა 2013 წლის 4 ივლისს).
15. ამრიგად, მე-6 მუხლის 13 პუნქტის მოქმედება ვერ გავრცელდება განსახილველ ურთიერთობებზე, რადგან იგი 2013 წლის 4 ივლისის შემდეგ დადებულ ხელშეკრულებებს ეხება.
16. თუმცა, ამავე დათქმის თანახმად, მე-6 მუხლის 13 პუნქტის პირობების მიუხედავად, ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე დასაქმებულთან, რომლის შრომითი ურთიერთობები ერთსა და იმავე დამსაქმებელთან გრძელდება 5 წლის ან მეტი ხნის განმავლობაში, უვადო შრომითი ხელშეკრულება მე-6 მუხლის 13 პუნქტის შესაბამისად დადებულად ჩაითვლება ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის შემდეგ, ხოლო თუ ასეთივე დასაქმებულის შრომითი ურთიერთობები ერთსა და იმავე დამსაქმებელთან გრძელდება 5 წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში, მასთან უვადო შრომითი ხელშეკრულება მე-6 მუხლის 13 პუნქტის შესაბამისად დადებულად ჩაითვლება სშკ-ში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (12.06.2013 N729) ამოქმედებიდან 2 წლის შემდეგ.
17. მიუხედავად იმისა, რომ 2010 წლის 12 მარტს შეწყდა შრომით სამართლებრივი ურთიერთობა სს ,,გ- -თან ” და იგი იმავე დღეს გაგრძელდა უკვე მოპასუხესთან ე.ი. შეიცვალა დამსაქმებელი, შრომის სამართლებრივი ურთიერთობის მიზნებისათვის მოპასუხე მიჩნეული უნდა იქნეს სს ,,გ- -ის” უფლებამონაცვლედ.
18. უდავოა, რომ მოსარჩელეს დამსაქმებლის შეცვლის მიუხედავად სამუშაო ადგილი არ შეუცვლია. შრომის წიგნაკის მიხედვით დგინდება, რომ მოსარჩელის გათავისუფლება სს ,,გ- -ში” დაკავებული თანამდებობიდან და მისი დანიშვნა მოპასუხე საზოგადოებაში მოხდა ერთსა და იმავე დღეს. სრულად იდენტურია მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის დასახელება ორივე საზოგადოებაში. სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებასაც, რომ მოსარჩელის გათავისუფლება და დანიშნვნა მოხდა 2010 წლის მარტში, სწორედ მაშინ, როცა სს ,,გა- -ა” თავისი აქტივები - მოძრავ-უძრავი ქონება გადასცა მისსავე დაფუძნებულ საწარმოს. ამიტომაც, სასამართლომ მიიჩნია, რომ სს ,,გ- -თან” შრომის ურთიერთობის შეწყვეტა და მისი გაგრძელება მოპასუხე საზოგადოებასთან განპირობებული იყო არა წინა დამსაქმებელთან შრომის ხელშეკრულების ვადის გასვლით (2009 წლის 5 მაისის ხელშეკრულება დადებული იყო განუსაზღვრელი ვადით) ან მოსარჩელის პირადი განცხადებით (ასეთზე არ მიუთითებს შრომის წიგანკში არსებული ჩანაწერი), არამედ სწორედ აქტივების გადაცემით.
19. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სშკ-ის 14 და 15 პუნქტების შინაარსიდან გამომდინარე დამწყებ საწარმოდ არ მიიჩნევა და მასზე ვადიანი შრომითი ხელშეკრულების დადებაზე ამ მუხლის 12 პუნქტით დაწესებული შეღავათები არ ვრცელდება, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მეწარმე სუბიექტი, მიუხედევად იმისა, გასულია თუ არა მისი სახელმწიფო რეგისტრაციიდან 48 თვიანი ვადა, თუ იგი შექმნილია რეორგანიზაციის შედეგად, სხვა მეწარმე სუბიექტის აქტივების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემის ან თვალთმაქცური გარიგების საფუძველზე.
20. მოხმობილ ნორმათა ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სშკ-ის მე-6 მუხლის 15 მუხლით გათვალისწინებული საწარმოები, რომლებიც შექმნილია სხვა საწაროების რეორგანიზაციის ან სხვა მეწარმე სუბიქტების აქტივების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემის საფუძველზე არ სარგებლობენ ამავე მუხლის 14 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათებით. სწორედ იმიტომ, რომ შრომის სამართლებრივ ურთიერთობებში ისინი მიიჩნევიან იმ საწარმოთა უფლებამონაცვლეებად, რომელთა რეორგანიზაციის ან აქტივების გადაცემის შედეგადაც არიან შექმნილები და არ არსებობს მათთვის, როგორც დამწყები საწარმოებისათვის, მათი განვითარებისათვის სპეციალური საშეღავათო პირობების შექმნის აუცილებლობა.
21. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სშკ-ის13 პუნქტის მიზნებისთვის, მოპასუხე, რომელსაც გადაეცა სს ,,გ- ის” აქტივები, ამ უკანასკნელთან შრომით ურთიერთობაში მყოფი დასაქმებულებისათვის არ მიიჩნევა ახალ დამსაქმებლად და ჩაითვლება სს ,,გ -ის” უფლებამონაცლედ.
22. დადგენილია, რომ მოსარჩელე უწვეტ შრომით სამართლებივ ურთიერთობაში იყო სს ,,გ -თან”, შემდეგ კი, მოპასუხესთან 1997 წლიდან (იხ. შრომის წიგნაკი), შესაბამისად, 2014 წლის 4 ივლისიდან ე.ი. ,,სშკ-ში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (12.06.2013 N729) ამოქმედებიდან 1 წლის შემდეგ, მოპასუხესთან დადებული შრომის ხელშეკრულება ჩაითვლება უვადოდ დადებულად, შესაბამისად, დამსაქმებელი არ იყო უფლებამოსილი, 2015 წლის 1 თებერვლიდან მოპასუხესთნ შრომითი ურთიერთობა შეეწყვიტა შრომის ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო.
23. აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია სარჩელი ხანდაზმულად, სახელდობრ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ეს არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს (ან სხვა ორგანოს) მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა.
24. სსკ-ის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
25. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ წარმოადგინა მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი (ხანდაზმულობა) სშკ-ის 38-ე მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 ნაწილებზე დაყრდნობით.
26. სააპელაციო საჩივარი იმ გარემოებას დაეფუძნა, რომ სშკ-ის 38-ე მუხლით გათვალისწინებული ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო დასაქმებულისათვის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ოფიციალურად გადაცემის მომენტიდან - 2015 წლის 18 აგვისტოდან.
27. სშკ-ის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს მას წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. ხოლო, მე-6 მუხლის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
28. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წერილობითი მიმართვის არსებობისა და დამსაქმებლის მხრიდან მისთვის გათავისუფლების ბრძანების დაუსაბუთებლობის შემთხვევაშიც კი, სშკ-ის 38-ე მუხლის მე-7 ნაწილით დადგენილი 7 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ 30 დღის ვადაში, დასაქმებულს შეუძლია გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ამ შემთხვევაში, დავის ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს.
29. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სსკ-ის ზემოთ მოყვანილი ნორმა, შეცილების უფლების რეალიზების ვადის ათვლას სწორედ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების ფაქტობრივად შეტყობის მომენტს უკავშირებს. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შრომითი ურთიერთობა ფაქტიურად შეწყდა 2015 წლის 01 თებერვალს. მოსარჩელემ დაადასტურა, რომ ამ პერიოდიდან ის აღარ დადიოდა სამსახურში (რომელშიც მანამდე ცხადდებოდა ყოველ სამუშაო დღეს), აღარ იღებდა შრომის ანაზღაურებას, აღარ ასრულებდა მოპასუხე საზოგადოებაში განვითარებისა და ექსპლუატაციის დეპარტამენტის ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილების ლოკალური ქსელის თრაბელშუთინგის ჯგუფის ლოკალური ქსელის თრაბელშუთერის უფლებამოსილებებს. შესაბამისად, შრომითი ურთიერთობა აღარ არსებობდა. საქართველოს შრომის კოდექსის ზემოაღნიშნული რეგულაციის შესაბამისად, მოსარჩელეს წარმოეშვა უფლება დაეწყო ზემოაღნიშნული - ე.წ. გასაჩივრების პროცედურები კანონით დადგენილი წესით, აღნიშნული კი მის მიერ არ განხორციელებულა (სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა შესაბამისობაშია სუსგ 2016 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებასთან საქმე№ას-1298-1218-2015).
30. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 3 ნოემრის განჩინებები მტკიცებულებების მიღებაზე უარის თქმის და მტკიცებულებების გამოთხოვაზე უარის თქმის თაობაზე ასე დატოვებული იქნა უცვლელად, გამომდინარე იქიდან, რომ განჩინებები, ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებული და კანონიერი იყო და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ განჩინების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
31. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარადგინა აპელანტმა.
საკასაციო პრეტენზია აგებულია შემდეგ მოსაზრებებსა და დარღვევებზე:
32. კასატორი სადავოდ ხდის სარჩელის ხანდაზმულობას და საკასაციო პრეტენზიას იმ მოსაზრებაზე ამყარებს, რომ სასამართლომ სადავო ბრძანების გასაჩივრების ვადა არასწორად დაუკავშირა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერობის იურიდიულად შეწყვეტის თარიღს (2015 წლის 01 თებერვალს). სასამართლომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თარიღად მიიჩნია ის გარემოებები, რომ მოსარჩელე არ დადოდა სამსახურში, არ იღებდა ხელფასს და ა.შ., მაშინ როცა მოსარჩელე რელაურად იმყოფებოდა საკადრო რეზერვში და ყოველ დღე მოელოდა ახალი ვადით შრომითი ხელშეკრულების დადებას, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა.
33. კასატორი ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას მოპასუხის სათანადოობის ნაწილში და აღნიშნავს, რომ მოპასუხე საზოგადოება წარმოადგენს რა სს „გ--ის“ უფლებამონაცვლეს, იგი მოსარჩელის მიმართ ახალი დამსაქმებელი არ არის. შესაბამისად, მოპასუხე საზოგადოება არ იყო უფლებამოსილი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის მიზეზით შეეწყვიტა შრომითი ურთიერთობა მოსარჩელესთან. სშკ-ის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შინაარსიდან გამომდინარე მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა გაგრძელდა უვადოდ.
სამოტივაციო ნაწილი:
34. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
35. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
36. სარჩელზე უარის თქმისა და გასაჩივრებული განჩინების ძირითადი დასაბუთება სარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობას შეეხება.
37. კასატორი სადავოდ ხდის ხანდაზმულობის საფუძვლით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას და საკასაციო პრეტენზიას იმ გარემოებაზე აფუძნებს, რომ სასამართლომ არასწორად აითვალა სადავო ბრძანების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა. კასატორი სადავო ბრძანების გასაჩივრების ვადის ათვლას სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ოფიციალურად გადაცემის მომენტს - 2015 წლის 18 აგვისტოს უკავშირებს.
38. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, სადავო ბრძანების გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადის ათვლის არასწორად განსაზღვრის შესახებ და მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის ურთიერთობა წარმოშობილია შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც ეფუძნება ნების ავტონომიისა და თანასწორობის პრინციპებს. შრომითი კონტრაქტის დადების დროს კი, დამსაქმებელი მოქმედებს კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში, შესაბამისად, დირექტორის ბრძანება დასაქმებულის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სამოქალაქო სამართლებრივი შინაარსის მატარებელია, რომლის მიზანშეწონილობის და გასაჩივრების წესის კანონზომიერიების განხილვისას სსკ-ით გათვალისწინებული დანაწესია უპირატესი. სსკ-ის 130-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის ხანდაზმულობის ვადის დენის საწყის წერტილად განსაზღვრულია დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ მხარეებს შორის შრომითი ურთიერთობა ფაქტიურად შეწყდა 2015 წლის 01 თებერვალს (იხ., პ: 23). სშკ-ის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილი უფლების რეალიზების ვადის ათვლას სწორედ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების ფაქტობრივად შეტყობის მომენტს უკავშირებს (იხ., სუსგ 15.03.2016წ. Nას-1298-1218-2015). მოსარჩელეს კი, სასამართლოსთვის დარღვეული უფლების დასაცავად არ მიუმართავს ხანდაზმულობის ვადის დენის ფარგლებში.
39. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
40. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
41.საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
42. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით არსებობს სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკა, რომელიც მითითებულია წინამდებარე განჩინებაში.
43. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
44. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ- ფ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ მ- ფ-ეს უკან დაუბრუნდეს 2016 წლის 10 ოქტომბერს საგადახადო დავალებით N1 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (300 ლარი) - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0074 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე