საქმე №ას-963-928-2016 1 ნოემბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზ. ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ა. მ.-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ი. ი.-ი
გასაჩივრებული განჩინება –თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ი. ი.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების – ა. მ.-ისა და თ. მ.-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 21 ნოემბრის საოქმო განჩინებით ი. იორამაშჳილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მოცემულ საქმის განხილვაში გარდაცვლილ თ. მ.-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა გულნარა მ.-ი.
გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. ი.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ა. მ.-სა და გულნარა მ.-ს ი. ი.-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2003 წლის 1 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 7 800 აშშ დოლარის 3%-ს გადახდა,რაც შეადგენს 234 აშშ დოლარს.
მოცემული დავა არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ და ბოლოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით ა. მ.-ის მოთხოვნა გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. მ.-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის დამადასტურებელი ქვითრისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული კერძო საჩივრის წარმოდგენა.
აღნიშნული განჩინება ა. მ.-ის წარმომადგენელ ზ. ვ.-ს კანონით დადგენილი წესით, გაეგზავნა და ჩაბარდა 2016 წლის 24 ოქტომბერს.
2016 წლის 24 ოქტომბერს ა. მ.-ის წარმომადგენელმა ზ. ვ.-მა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა კერძო საჩივრის განუხილველად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. მ.-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელ ზ. ვ.-ს ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 20 ოქტომბრის განჩინების ასლი, კანონით დადგენილი წესით, ჩაბარდა 2016 წლის 24 ოქტომბერს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2016 წლის 25 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 31 ოქტომბერს, ვინიდან 29-30 იყო არასამუშაო დღეები – შაბათი-კვირა. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორმა ხარვეზი არ გამოასწორა და ა. მ.-ის წარმომადგენელმა ზ. ვ.-მა მოითხოვა კერძო საჩივრის განუხილველად დატოვება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მისი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 284-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. მ.-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზ. ძლიერიშვილი