Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

¹ ბს-991-577(2კ-05) 12 იანვარი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნ. ქადაგიძე,

მ. ვაჩაძე

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995წ. 10 აგვისტოს ¹477 დადგენილებით ზ. ა.-ი მივლინებულ იქნა სამუშაოდ საბაჟო დეპატამენტში შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების მოქმედ რეზერვში დატოვებით. ფინანსთა სამინისტროს 2004წ. 2 აგვისტოს ¹5-1407 ბრძანებით, რეორგანიზაციისა და შტატებით გათვალისწინებული თანამდებობათა შემცირების გამო, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 97-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე 2004წ. 2 აგვისტოდან ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გადაზიდვებზე ზედამხედველობის სამსახურის რკინიგზის ...-ის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ზ. ა.-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

2004წ. 1 სექტემბერს ზ. ა.-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ფინანსთა სამინისტროს 2004წ. 02 აგვისტოს ¹5-1407 ბრძანების გაუქმება, დაუყოვნებლივ აღდგენა ტოლფას თანამდებობაზე, სახელფასო (5131.85 ლ.) და სამივლინებო (106ლ.) დავალიანების (სულ 5237,85 ლ.) ანაზღაურება, აგრეთვე სამსახურიდან გათავისუფლების (08.08.04წ.) დღიდან სამსახურში აღდგენამდე იძულებითი განაცდურის აუნაზღაურება ყველა დანამატის გათვალისწინებით შემდეგ გარემოებათა გამო:

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საბაჟო სისტემაში მუშაობდა 1995 წლიდან სხვადასხვა თანამდებობებზე. ფინანსთა მინისტრის საბაჟო დეპარტამენტის 2004წ. 2 აგვისტოს ¹5-1407 ბრძანებით გათავისუფლებული იქნა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გადაზიდვებზე ზედამხედველობის სამსახურის რკინიგზის ...-ის სამმართველოს უფროსის თანამდებობიდან «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96-ე მუხლის 2-ე პუნქტისა და 97-ე მუხლის I პუნქტის საფუძველზე, შტატების შემცირებასთან დაკავშირებით. გათავისუფლება მოხდა უკანონოდ ვინაიდან იგი არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, ასევე‚ არის ასზე მეტი სამეცნიერო და პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, არ აქვს მიღებული დისციპლინური სახდელი, ასევე მიღებული აქვს ღირსების ორდენი და მრავალი წახალისება.

მოსარჩელემ განმარტა, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-4 მუხლისა და შრომის კანონთა კოდექსის 36-ე და 421 მუხლების საფუძველზე მას გააჩნდა სამუშაოზე უპირატესი დარჩენის უფლება, მიუხედავად ამისა ადმინისტრაციას მისთვის არ შეუთავაზებია სხვა თანამდებობა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, «საქართველოს 2004წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» კანონით შტატების შემცირება არ განხორციელებულა და პირიქით გაიზარდა 57 ერთეულით 2003 წელთან შედარებით.

მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საბაჟო სისტემაში შტატები შემცირდა 30%-ით, ხოლო სამმართველო‚ სადაც მოსარჩელე მუშაობდა სრულიად გაუქმდა, რეორგანიზაციის შედეგად აღარ არსებობდა ვაკანტური თანამდებობები, რის გამოც ვერ მოხერხდა მოსარჩელისათვის სხვა თანამდებობის შეთავაზება.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზ. ა.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, არაკანონიერად (ბათილად) იქნა ცნობილი ფინანსთა მინისტრის 2004წ. 2 აგვისტოს ¹5-1407 ბრძანება ზ. ა.-ის სამუშაოდან დათხოვნის შესახებ და იგი დაუყოვნებლივ იქნა აღდგენილი ტოლფას თანამდებობაზე. ამასთანავე ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 2004წ. 2 აგვისტოდან სამსახურში აღდგენამდე ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის თანამდებობრივი ხელფასი, კანონმდებლობით გათვალისწინებული დადგენილი ყველა დანამატების მიხედვით, მიუღებელი შრომის ანაზრაურების დავალიანება და სამივლინებო ხარჯები სულ 5237 ლარი და 85 თეთრი.

რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ფინანსთა სამინისტრომ და ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა. აპელანტებმა აღნიშნეს რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ადმინისტრაცია არ იყო ვალდებული მოხელისათვის შეეთავაზებინათ სხვა თანამდებობა, ვინაიდან აღნიშნული პუნქტი იმპერატიულად არ ავალდებულებს ადმინისტრაციას შესთავაზოს მოხელეს სხვა თანამდებობა, მითუმეტეს, რომ საბაჟო სამსახურში თავისუფალი შტატები არ არსებობდა. აპელანტები არ დაეთანხმნენ აგრეთვე სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ზ. ა.-ის მიმართ უნდა გავრცელდეს «შრომის კანონთა კოდექსის» 36-ე და 421 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტების მოსაზრება იმის შესახებ, რომ შტატების შემცირების გამო მათ არ ჰქონდათ საშუალება‚ მოსარჩელისათვის შეეთავაზებინათ სხვა თანამებობა, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია, რომ საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში რეორგანიზაციის შედეგად ჩამაყალიბდა სხვა‚ ახალი სამმართველოები და სამსახურები, სადაც დანიშნული იყო 285 ახალი, ისეთი თანამშრომელი, რომელსაც მანამდე საბაჟო სისტემაში არ უმუშავია. ასევე დადასტურებულია, რომ მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლების დროისათვის საბაჟო დეპარტამენტში იყო 196 ვაკანტური თანამდებობა და მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის დღეს ამ თანამდებობებზე დაინიშნა 192 ახლად მიღებული თანამშრომელი. პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციას სრული შესაძლებლობა ჰქონდა‚ მოსარჩელისათვის შეეთავაზებინა სხვა თანამდებობა. ადმინისტრაციამ არ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელე არის ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის მონაწილე და სარგებლობს სამსახურში უპირატესი დარჩენის უფლებით.

სააპელაციო სასამართლოში მოსარჩელე ზ. ა.-მა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა, უარი თქვა სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენაზე, რის გამოც სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ უნდა შეიცვალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 5 მაისის გადაწყვეტილებითფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილრობრივ, ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 14 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ზ. ა.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ზ. ა.-ი აღდგენილ იქნა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტში გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ბათილად იქნა ცნობილი ფინანსთა სამინისტროს 2004წ. 2 აგვისტოს ¹5-1407 ბრძანება ზ. ა.-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპატამენტს დაევალა ზ. ა.-ს აუნაზღაუროს იძულებითი განაცდური ხელფასი, სამსახურში იძულებით არ ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში, ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს დაეკისრა 5237,85 ლარის ანაზღაურება ზ. ა.-ის სასარგებლოდ.

საოლქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა და ფინანსთა სამინისტრომ გაასაჩივრეს საკასაციო წესით. კასატორებმა აღნიშნეს, რომ სასამართლომ ზ. ა.-ი აღადგინა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტში გათავისუფლებამდე დაკავებული სხვა ტოლფას თანადებობაზე. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიერ ადრე დაკავებული თანამდებობა რეორგანიზაციის შემდეგ აღარ არსებობს, გაურკვეველია, რომელი ნორმით იხელმძღვანელა სასამართლომ მოსარჩელის სხვა ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის გადაწყვეტილების მიღებისას, გადაწყვეტილება ვერ აღსრულდება ვინაიდან არ არსებობს აღნიშნულ თანამდებობებზე კანონიერად დანიშნული პირების განთავისუფლების საფუძველი. კასატორები თვლიან, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის მეორე პუნქტი იმპერატიულად არ ავალდებულებს ორგანიზაციის ადმინისტრაციას გათავისუფლებამდე შესთავაზოს სხვა თანამდებობა. მით უფრო, რომ გათავისუფლების დროისათვის საბაჟო სამსახურში არ არსებობდა თავისუფალი შტატები, საბაჟო დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, ვერ მოხერხდა სხვა თანამდებობის შეთავაზება. რაც შეეხება ახლადმიღებულ 285 თანამშრომელს, ისინი სამსახურში დანიშნულნი არიან «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შემდგომ. «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-10 თავზე, აგრეთვე «2005წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» კანონის მე-6, მე-8 მუხლებზე მითითებით, კასატორები დაუშვებლად თვლიან შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის გამოყენებას.

მოწინააღმდეგე მხარე ზ. ა.-მა შესაგებელში აღნიშნა, რომ თანამდებობიდან გათავისუფლდა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97.2 მუხლის დარღვევით, საბაჟო დაწესებულების ხელმძღვანელობას არ უცდია‚ გაეგო‚ იყო თუ არა თანახმა‚ დანიშნულიყო სხვა თანამდებობაზე, ვინაიდან ასეთი შეთავაზება მისთვის არ მიუციათ. მისი განცხადება სხვა თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ არ დაკმაყოფილებულა. თანამდებობიდან გათავისუფლების დროს არსებობდა 196 ვაკანტური თანამდებობა, სხვა თანამდებობის შეთავაზების სრული შესაძლებლობის მიუხედავად, კანონის იგნორირების გამო‚ ფინანსთა სამინისტროსა და საბაჟო დეპარტამენტის მხრიდან შეთავაზება არ განხორციელებულა. სამსახურიდან გათავისუფლების დღეს დაინიშნა 192 ახლად მიღებული პირი, აქედან 19 პირი ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, რომლებიც მოსარჩელის მსგავსად განეკუთვნებოდნენ ფინანსთა მინისტრის ნომენკლატურას. შესაგებლის ავტორი თვლის, რომ მიუხედავად საბაჟო დეპარტამენტში განხორციელებული რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებისა, ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მთლიანობაში შტატები არ შემცირებულა, არამედ პირიქით, შტატები გაიზრდა, რა დროსაც შეიქმნა ფინანსთა პოლიცია და სხვა სამსახურები. საბაჟო დეპარტამენტში შეიქმნა ახალი სამსახურები და სამმართველოები, სულ 62 საშტატო ერთეულით, სადაც შესაძლებელი იყო თანამდებობის შეთავაზება. რაც შეეხება ტოლფას თანამდებობას, ის მრავალჯერ იქნა განმარტებული სასამართლოების მიერ (საოლქო სასამართლოს 13.05.05წ. გადაწყვეტილება) როგორც მოხელის გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის თანამდებობრივი რანგის და სარგოს შესაბამისი თანამდებობა მოხელის სპეციალობისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით. შრომის კანონთა კოდექსის 42.2 მუხლის და «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97.2 მუხლის თანახმად ფინანსთა სამინისტროს და საბაჟო დეპარტამენტს უნდა შემოეთავაზებინა სხვა სამსახური, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ადმინისტრაცია ვალდებული იყო‚ შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის საფუძველზე სხვა სამსახურიდან გაეთავისუფლებინა ის მუშაკი, რომელსაც კოდექსის 36-ე მუხლის შესაბამისად არ გააჩნია სამსახურში დარჩენის უპირატესი უფლება. შესაგებლის ავტორი არ ეთანხმება კასატორების მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა შკკ-ის 46-ე მუხლი. განაცდური თანხის ანაზღაურება არ ეწინააღმდეგება «საქართველოს 2005წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» კანონის მე-5 და მე-6 მუხლების მოთხოვნებს. შესაგებლის ავტორი, სსკ-ის 405-ე და 411-ე მუხლებზე მითითებით ითხოვს ფინანსთა სამინისტროს და საბაჟო დეპარტამენტის კასაციების დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და შესაბამისად, ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 10 მაისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

განსახილველი საქმის დავის საგანს წარმოადგენს საჯარო-სამსახურებრივი სამართალურთიერთობიდან გამომდინარე დავა, კერძოდ, ზ. ა.-ი სასამართლოში აღძრული სარჩელით მოითხოვს ფინანსთა სამინისტროს 2004წ. 2 აგვისტოს ¹5-1407 ბრძანების ბათილად ცნობას, ტოლფას თანამდებობაზე აღდგენას და უკანონო განაცდურისა და სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას. საკასაციო პალატა არ იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოყვანილ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სადავო ბრძანება წარმოადგენს ადმინისტრაციულ გარიგებას, რომლის ბათილობის საკითხი გადაწყვეტილი უნდა იქნეს სკ-ის 54-ე მუხლის, სზაკ-ის 70-ე მუხლის მიხედვით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2002წ. 21 ოქტომბრის განჩინებით განიმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მუშაკის სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ბრძანებები ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, მართალია, შეიცავდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული აქტის ლეგალური დეფინიციის ელემენტებს, მაგრამ, რადგან ბრძანება იწვევდა საჯარო-შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების კანონიერებაზე დავა კომპლექსურად, ერთიანობაში უნდა ყოფილიყო განხილული როგორც ადმინისტრაციული გარიგების შეწყვეტასთან დაკავშირებული დავა. შესაბამისად, დავის განხილვისას სასამართლოს არ უნდა ეხელმძღვანელა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV თავის _ «ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის» ნორმებით და უნდა ემსჯელა ადმინისტრაციული გარიგების შეწყვეტის კანონიერებაზე. 2005წ. 15 ივლისიდან ამოქმედებული ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში და ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში შეტანილი საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის V თავი და მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «ზ» ქვეპუნქტი, აგრეთვე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის «ბ» ქვეპუნქტი, 251 მუხლი ითვალისწინებს «ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას», რაც სამართლებრივად არსებითად განსხვავდება მანამდე კანონმდებლობაში დამკვიდრებული ადმინისტრაციული გარიგების ცნებისაგან და გამორიცხავს ცალმხრივი გარიგების არსებობას ადმინისტრაციულ სამართალურთიერთობაში.

ამრიგად, საკანონმდებლო ნოვაციების გათვალისწინებით, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება (ბრძანება) მიჩნეულ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ აქტად, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის «დ» ქვეპუნქტითა და IV თავით რეგლამენტირებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ აქტად. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ დავები განხილულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული აქტის კანონიერების შესახებ დავებად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა ზოგადი ადმინიტსრაციული კოდექსის IV თავის («ადმინისტრაციული აქტი») და «საჯარო სამსახურის შესახებ» კარნონის ნორმებთან.

საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ ფინანსთა მინისტრის 2004წ. 23 ივნისის ¹426 ბრძანებით დამტკიცებული საბაჟო დეპარტამენტის დებულებისა და ფინანსთა მინისტრის 2004წ. 8 ივლისის ¹460 ბრძანებით დამტკიცებული ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ცენტრალური აპარატისა და რეგიონალური საბაჟოების საშტატო ნუსხის საფუძველზე განხორციელდა საბაჟო დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის რეორგანიზაცია, რასაც მოჰყვა შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირება. აღნიშნულის შედეგად გაუქმდა საბაჟო გადაზიდვებზე ზედამხედველობის სამსახურის რკინიგზის ...-ის სამმართველო. საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო აქტი, ფინანსთა მინისტრის 2004წ. 2 აგვისტოს ¹5-1407 ბრძანება «ზ. ა.-ის გათავისუფლების შესახებ», არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს და გამოცემულია არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, კერძოდ, ზ. ა.-ის სამუშაოდან დათხოვნის დროს ადმინისტრაციის მიერ არ იქნა დაცული «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც: «მოხელე არ შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ იგი თანახმაა, დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე». საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ მოსარჩელისათვის სამსახურიდან გათავისუფლებამდე არ შეუთავაზებიათ სხვა თანამდებობაზე დანიშვნა. «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. იმ შემთხვევაში, როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც განსაზღვრავს შემცირებასთან დაკავშირებით სამსახურიდან გათავისუფლების წესს. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, რომელიც წარმოადგენს არა საგამონაკლისო ნორმას, არამედ _ იმპერატიულ დანაწესს, მოხელე არ შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან‚ თუ იგი თანახმაა დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე. ის გარემოება, რომ რეორგანიზაციას თან ახლდა შტატების შემცირება არ ათავისუფლებს ადმინისტრაციას მოხელისათვის კანონის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სხვა თანამდებობის შეთავაზებისაგან, ადმინიტსრაცია ვალდებულია დაიცვას ხსენებული ნორმის მოთხოვნა, რომელიც დათხოვნამდე სხვა სამუშაოს შეთავაზებას ითვალისწინებს სწორედ შტატების შემცირების დროს და შესასრულებლად სავალდებულოა ყველასათვის. ამდენად, დაწესებულების რეორგანიზაცია, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება, შეიძლება იქცეს მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი, უკეთუ მოხელე უარს იტყვის სხვა შეთავაზებულ თანამდებობაზე. «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლი მე-2 პუნქტთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხსენებული ნორმა ითვალისწინებს სხვა და არა ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნას, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 06.12.05წ. გადაწყვეტილებით* განიმარტა, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის ნორმებში არ არის მოცემული «ტოლფასი თანამდებობის» ცნება, შესაბამისად არ არის გათვალისწინებული და განსაზღვრული დათხოვნილი მუშაკის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის დაშვების შესაძლებლობა, შრომის კანონთა კოდექსის 109-ე მუხლი გამონაკლის შემთხვევას აწესრიგებს და უკავშირდება სამსახურიდან გათავისუფლებას მუშაკის არჩევით თანამდებობაზე არჩევის გამო. შეთავაზებული შეიძლება იყოს სხვა, იგივე ან უფრო დაბალი რანგის თანამდებობა, ან სამუშაო ადგილი, შეთავაზებულ თანამდებობაზე უარის თქმა ქმნის მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს. საკასაციო პალატა კასატორების ყურადღებას ამახვილებს იმ გარემეობაზე, რომ თავად ადმინისტრაციაა ვალდებულია‚ შესთავაზოს მუშაკს სხვა თანამდებობა, მუშაკის მხრიდან განცხადებით მიმართვის არარსებობა ადმინისტრაციას არ ათავისუფლებს აღნიშნული მოვალეობისაგან. თუმცა საქმის მასალებით დასტურდება, რომ ზ. ა.-მა 24.08.04წ. განცხადებით მიმართა ფინანსთა სამინისტროს და მოითხოვა თანამდებობაზე დანიშვნა, რასაც ფინანსთა სამინისტროს მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ზ. ა.-ი მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გადაზიდვებზე ზედამხედველობის სამსახურის რკინიგზის ...-ის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე. საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბდა სხვა ახალი სამმართველოები და სამსახურები, სადაც დანიშნული იქნა ახალი თანამშრომლები, რომლებიც მანამდე საბაჟო სისტემაში არ მუშაობდნენ. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ზ. ა.-ის სამსახურიდან განთავისუფლების დროისათვის საბაჟო სამსახურში თავისუფალი შტატები არ არსებობდა.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 და 96.2 მუხლების თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს უფლება კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, მათ შორის, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა-შეფასების გარეშე. ადმინისტრაციას არ გამოურკვევია ჰქონდა თუ არა ზ. ა.-ს «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-14 მუხლისა და შრომის კანონთა კოდექსის 36.2 მუხლის, «ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ» კანონის მე-15 მუხლის საფუძველზე სამსახურში დარჩენის უპირატესი უფლება. «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-10 თავი, რომელიც არეგულირებს სამსახურიდან გათავისუფლების საკითხს არ ითვალისწინებს შტატების შემცირებისას უპირატესი დარჩენის უფლებას. «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რაც ამ კანონით არ წესრიგდება, რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით. ამდენად, შტატების შემცირებისას თანაბარ პირობებში უპირატესი დარჩენის უფლება შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე უნდა გაირკვეს. საქმის მასალებით დასტურდება აგრეთვე, რომ ზ. ა.-ი სადავო ბრძანებით გათავისუფლდა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გადაზიდვებზე ზედამხედველობის სამსახურის რკინიგზის ...-ის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან მაშინ, როდესაც ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 13.11.03წ. ¹342-კს ბრძანებით ზ. ა.-ი აღნიშნულ თანამდებობაზე»,საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 23-ე მუხლის საფუძველზე, განუსაზღვრელი ვადით დაინიშნა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ბრძანება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონისა და შრომის კანონთა კოდექსით მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლებისას დადგენილი პროცედურული საკითხების, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის I-ლი ნაწილის მოთხოვნათა უგულებელყოფით, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული საკითხები მმართველობის სფეროს განეკუთვნება და შეადგენს ადმინისტრაციის დისკრეციულ უფლებამოსილებას, საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო სამართალურთიერთობების მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლი და სადავო საკითხის _ მოსარჩელის სამსახურში აღდგენის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო აქტი ზ. ა.-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, შესაბამისად სათანადო დონის ადმინისტრაციამ ზ. ა.-ის მიმართ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში, უნდა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ზემოაღნიშნული გარემოებების გამოკვლევა-შეფასების შემდეგ უნდა გაირკვეს რა საშტატო ერთეულებია გათვალისწინებული საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში რეორგანიზაციის შედეგად, ხომ არ არის სხვა შესატყვისი სამსახური, რომელზედაც თანხმობას განაცხადებს მოსარჩელე.

რაც შეეხება სახელფასო დავალიანების _ 5131 ლარის და 85 თეთრის, სამივლინებო დავალიანების _ 106 ლარის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას, საკასაციო პალატა თვლის, რომ ზ. ა.-ის სასარჩელო მოთხოვნათა აღნიშნული ნაწილი უნდა დაკმაყოფილდეს, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სახელფასო და სამივლინებო დავალიანების კასატორისათვის დაკისრების შესახებ. სახელფასო (5131ლ.) და სამივლინებო (106ლ.) დავალიანების (სულ _ 5237,85 ლ.) არსებობას კასატორები არ უარყოფენ, დავალიანების არსებობა დასტურდება ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის 20.04.04წ. ცნობით. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ზ. ა.-ს უნდა აუნაზღაურდეს გათავისუფლებიდან ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე პერიოდის იძულებითი განაცდური ხელფასის სახით, ვინაიდან ხელფასის გაცემის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს მხოლოდ მუშაკის გათავისუფლება სამსახურიდან, ხოლო მოსარჩელის გათავისუფლების ბრძანება ამ ეტაპზე ბათილად არის ცნობილი და ხელფასის გაუცემლობის საფუძველი არ არსებობს, რადგან სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სეკვესტრი, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 37-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გახდეს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) გაუცემლობის საფუძველი, რამეთუ შრომითი უფლებების დაცვა და შრომის სამართლიანი ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტით.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, სსკ-ის 410-411-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 10 მაისის გადაწყვეტილების ნაწილობრივი გაუქმებით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ზ. ა.-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, ბათილად იქნეს ცნობილი ფინანსთა სამინისტროს 2004წ. 2 აგვისტოს ¹5-1407 ბრძანება «ზ. ა.-ის გათავისუფლების შესახებ»;

5. დაევალოს ფინანსთა სამინისტროს აუნაზღაუროს ზ. ა.-ს განაცდური ხელფასი გათავისუფლებიდან ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის გამოცემამდე;

6. თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინება უცვლელად დარჩეს ზ. ა.-ისათვის სახელფასო და სამივლინებო დავალიანების, 5237,85 ლარის ანაზღაურების ნაწილში;

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

* ix. susg 2005, # 9, admin., gv. 133-142.