საქმე № 330210015001081763
საქმე №ას-776-743-2016 12 ოქტომბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ტ.-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ტ.-ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა, 2012 წლის 12 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საიჯარო ქირის – 674.59 ლარის, პირგასამტეხლოს – 1134 ლარისა და, 2015 წლის 21 აგვისტოდან საიჯარო ქირის სრულ გადახდამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1.05 ლარის გადახდა.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2012 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით ქ.თბილისის თვითმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ელექტრონული აუქციონის წესით სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გამართულ ელექტრონულ აუქციონზე გამარჯვებულად გამოცხადდა მოპასუხე და იჯარის უფლებით 5 წლის ვადით გადაეცა უძრავი ქონება.
3. ხელშეკრულების შესაბამისად, სარგებლობის წლიურ საფასურად განისაზღვრა 1050 ლარი, რომელიც მხარეს უნდა გადაეხადა 6 თვეში ერთხელ, საანგარიშო თვის 5 რიცხვამდე. მოპასუხეს ქირა ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და ოდენობით არ გადაუხდია, შესაბამისად, წარმოეშვა დავალიანება.
მოპასუხის პოზიცია:
4. მოპასუხემ მარტივი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ იჯარის ხელშეკრულება შეწყვიტა ავტოავარიის შედეგად მიღებული ტრავმების შედეგად გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ხელშეკრულების შეწყვეტის მიზნით მოსარჩელესთან გამოცხადებულ მოპასუხეს განუმარტეს, რომ მას არანაირი დავალიანება არ ერიცხება. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის საფუძველი გაუგებარია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირის სახით – 174.59 ლარისა და პირგასამტეხლოს – 50 ლარის გადახდა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
3. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ელექტრონული აუქციონის წესით სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ 2012 წლის 12 მარტის აუქციონის №98 ლოტზე გამარჯვებულად გამოცხადდა მოპასუხე, რომელსაც იჯარით 5 წლის ვადით გადაეცა ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. სარგებლობის წლიური საფასური – 1050 ლარი მოპასუხეს უნდა გადაეხადა 6 თვეში ერთხელ, საანგარიშო თვის 5 რიცხვამდე.
4. მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა 2012 წლის 12 მარტის ელექტრონული აუქციონის შედეგად გადაცემული ქონების სარგებლობის პირობები, რომლის მიხედვით, სარგებლობის საფასურის (ქირის) გადაუხდელობის ან გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში დადგინდა პირგასამტეხლო ქირის 0.1%-ის, მაგრამ არანაკლებ ერთი ლარის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
5. სააპელაციო პალატამ დადგენილად ჩათვალა, რომ მოპასუხემ აუქციონში მონაწილეობისას წინასწარ „ბეს“ სახით გადაიხადა 500 ლარი.
6. სსიპ ქონების მართვის საგენტოს 2013 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით მოპასუხის განცხადება დაკმაყოფილდა და 2012 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით გადაცემული იჯარის უფლება შეწყდა.
7. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ გამხდარა, რომ იჯარის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დარიცხული 1999.59 ლარიდან მოპასუხე საიჯარო ქირის სახით გადაიხადა 525 ლარი.
8. სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებულ გადაწყვეტილების მსჯელობა, რომ მოპასუხის მიერ ბეს სახით გადახდილი 500 ლარი უნდა ჩაითვალოს გადასახდელ საიჯარო ქირის თანხაში (674.59 ლარი) და, შესაბამისად, მოპასუხის მიერ გადასახდელი საიჯარო ქირის ოდენობა უნდა განისაზღვროს 174.59 ლარით.
9. სსიპ ქონების მართვის საგენტოს 2012 წლის 12 მარტის გადაწყვეტილების თანახმად, აუქციონში გამარჯვებულს გადახდილი ბე ეთვლება ბოლო წლის საიჯარო ქირის გადახდაში. აღნიშნული ზოგადი წესიდან გამონაკლისს ადგენს ელექტრონული აუქციონის შედეგად სარგებლობაში გადაცემული ქონების სარგებლობის პირობების 8.5 პუნქტი, რომლის თანახმადაც ურთიერთობის ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში სარგებლობის უფლების მიმღებ პირს არ უბრუნდება შემოტანილი თანხა და არ აუნაზღაურდება გაწეული ხარჯები.
10. სააპელაციო პალატის მითითებით, მხარეთა შორის შეთანხმებული სარგებლობის პირობები შეიცავს სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლების ჩამონათვალს. კერძოდ, ქონების გადაცემის შედეგად წარმოშობილი ურთიერთობა შეიძლება შეწყდეს: მხარეთა ორმხრივი შეთანხმებით (11.1 პუნქტი); მესაკუთრის მიერ, ცალმხრივად: საიჯარო პირობების 2.3 (სარგებლის გაზრდის საკითხზე შეთანხმების მიუღწევლობა) და 8.4 პუნქტებით (გადაწყვეტილების და სარგებლობის პირობების შეუსრულებლობა, პირგასამტეხლოს გადაუხდელობა) გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის პირველივე შემთხვევაში (11.2 პუნქტი); კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში (11.3 პუნქტი); ქონების გადაცემის შედეგად წარმოშობილი ურთიერთობა შეწყვეტილად ითვლება სარგებლობის უფლების მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევაში (11.4 პუნქტი).
11. სარგებლობის პირობების 12.1 პუნქტების შესაბამისად, ქონების გადაცემის შედეგად წარმოშობილი ურთიერთობა წყდება ქონების მიმღების პირის განცხადებისა და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, გარდა მესაკუთრის მიერ ურთიერთობის ცალმხრივად შეწყვეტისა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში საკმარისია სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ გამოცემული გადაწყვეტილება.
12. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ უძრავი ქონების მესაკუთრეს არ უსარგებლია საიჯარო ურთიერთობის ცალმხრივად შეწყვეტის სახელშეკრულებო უფლებით და ხელშეკრულების შეწყვეტის ნება გამოვლინდა მოიჯარე მოპასუხის მიერ, კერძოდ, საქმის მასალებით დგინდება, რომ სსიპ ქონების მართვის საგენტოს 2013 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით მოპასუხის განცხადება დაკმაყოფილდა და 2012 წლის 12 მარტის 2012 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით გადაცემული იჯარის უფლება უძრავ ნივთზე შეწყდა. მოპასუხის მითითებით, მან მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მიმართა მეიჯარეს ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნით, რასაც სსიპ ქონების მართვის სააგენტო დასთანხმდა.
13. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყდა ურთიერთშეთანხმებით და არა სარგებლობის პირობების 8.5 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძვლით. შესაბამისად, მართებულია გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოპასუხის მიერ ბეს სახით გადახდილი 500 ლარის საიჯარო ქირის თანხად ჩათვლისა და საიჯარო ქირის ოდენობის 174.59 ლარით განსაზღვრის თაობაზე.
14. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო გადასახდელი საიჯარო ქირის თანხის ოდენობის და ვადის დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე, მართებულად შეაფასა შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და სწორად შეამცირა იგი. საქალაქო სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობა განსაზღვრა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული ოდენობით.
15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 316-ე მუხლის პირველი ნაწილის, 317-ე მუხლის პირველი ნაწილის, 581-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 361-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეებს შორის არსებობდა საიჯარო ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც ლ. ტ.-ის მიერ გადასახდელი საიჯარო ქირის ოდენობა შეადგენს 174.59 ლარს. ამდენად, არ არსებობს მოიჯარისთვის საიჯარო ქირის სახით თანხის დამატებით დაკისრების საფუძველი.
16. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 417-ე მუხლით, 418-ე მუხლის პირველი ნაწილით, 420-ე მუხლით და მიუთითა, რომ პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს გარემოებებს იმის შესახებ, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი განაკვეთი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
17. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სასამართლო მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას ითვალისწინებს როგორც კრედიტორის ინტერესს ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე, სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად თანხასთან მიმართებაში. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საქალაქო სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა აკმაყოფილებს აღნიშნულ კრიტერიუმებს.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
18. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოსარჩელემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
19. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატას, არასწორად განმარტა ხელშეკრულების პირობები, როდესაც გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება ბეს თანხის საიჯარო ქირაში ჩათვლასთან დაკავშირებით.
20. მხარის მოსაზრებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოები შემოიფარგლენ მხოლოდ ზოგადი განმარტებით და სათანადოდ არ დაუსაბუთებიათ, რომელი საფუძვლით იყო განპირობებული სსკ-ის 420-ე მუხლის გამოყენების აუცილებლობა.
21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
22. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
23. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ელექტრონული აუქციონის წესით სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ 2012 წლის 12 მარტის აუქციონის №98 ლოტზე გამარჯვებულად გამოცხადდა მოპასუხე, რომელსაც იჯარით 5 წლის ვადით გადაეცა ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. სარგებლობის წლიური საფასური – 1050 ლარი მოპასუხეს უნდა გადაეხადა 6 თვეში ერთხელ, საანგარიშო თვის 5 რიცხვამდე.
24. მხარეები შეთანხმდნენ 2012 წლის 12 მარტის ელექტრონული აუქციონის შედეგად გადაცემული ქონების სარგებლობის პირობებზე, რომლის მიხედვით, სარგებლობის საფასურის (ქირის) გადაუხდელობის ან გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში დადგინდა პირგასამტეხლო ქირის 0.1%-ის, მაგრამ არანაკლებ ერთი ლარის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
25. სააპელაციო პალატამ ასევე დაადგინა, რომ მოპასუხემ აუქციონში მონაწილეობისას წინასწარ „ბეს“ სახით გადაიხადა 500 ლარი.
26. სსიპ ქონების მართვის საგენტოს 2013 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით მოპასუხის განცხადება დაკმაყოფილდა და 2012 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით გადაცემული იჯარის უფლება შეწყდა.
27. იჯარის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დარიცხული 1999.59 ლარიდან მოპასუხე საიჯარო ქირის სახით გადაიხადა 525 ლარი.
28. სსიპ ქონების მართვის საგენტოს 2012 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ აუქციონში გამარჯვებულს გადახდილი ბე ეთვლება ბოლო წლის საიჯარო ქირის გადახდაში. აღნიშნული ზოგადი წესიდან გამონაკლისს ადგენს ელექტრონული აუქციონის შედეგად სარგებლობაში გადაცემული ქონების სარგებლობის პირობების 8.5 პუნქტი, რომლის თანახმადაც ურთიერთობის ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში სარგებლობის უფლების მიმღებ პირს არ უბრუნდება შემოტანილი თანხა და არ აუნაზღაურდება გაწეული ხარჯები.
29. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ უძრავი ქონების მესაკუთრეს არ უსარგებლია საიჯარო ურთიერთობის ცალმხრივად შეწყვეტის სახელშეკრულებო უფლებით და ხელშეკრულების შეწყვეტის ნება გამოვლინდა მოიჯარე მოპასუხის მიერ, კერძოდ, სსიპ ქონების მართვის საგენტოს 2013 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით მოპასუხის განცხადება დაკმაყოფილდა და 2012 წლის 12 მარტის 2012 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით გადაცემული იჯარის უფლება უძრავ ნივთზე შეწყდა. მოპასუხის მითითებით, მან მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მიმართა მეიჯარეს ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნით, რასაც სსიპ ქონების მართვის სააგენტო დასთანხმდა.
30. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარე გასაჩივრებულ განჩინებაში სადავოდ ხდის ბეს სახით გადახდილი თანხის საიჯარო ქირაში ჩათვლასა და პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას.
31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
32. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
33. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყდა ურთიერთშეთანხმებით და არა სარგებლობის პირობების 8.5 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძვლით. შესაბამისად, მართებულია გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოპასუხის მიერ ბეს სახით გადახდილი 500 ლარის საიჯარო ქირის თანხად ჩათვლისა და საიჯარო ქირის ოდენობის 174.59 ლარით განსაზღვრის თაობაზე.
34. დასაბუთებული და დასაშვები საკასაციო პრეტენზია არ არის წარმოდგენილი არც პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების ნაწილში.
35. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
36. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
37. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
38. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.
39. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014).
40. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
41. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
42. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური