Facebook Twitter

საქმე № 190210115777208

საქმე №ას-786-753-2016 12 ოქტომბერი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები: 1. შპს „რ.-ი“ (მოპასუხე)

2. შპს „ქ.-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. კ.-ე, ა. და ც. ქ.-ეები (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ივლისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – მარჩენალის გარდაცვალებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. მ. კ.-ემ (შემდგომში – პირველი მოსარჩელე), ა. და ც. ქ.-ეებმა (შემდგომში – მოსარჩელეები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „რ.-ისა“ (შემდგომში – პირველი მოპასუხე) და შპს „ქ.-ის“ (შემდგომში – მეორე მოპასუხე) მიმართ და მოითხოვეს, მარჩენალის დაკარგვის გამო, მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ: 1. არაქონებრივი ზიანის – 100 000 ლარის ანაზღაურება; 2. 10 920 ლარის გადახდა, რაც წარმოადგენს გარდაცვლილის ყოველთვიური სარგოს ოდენობას გარდაცვალების მომენტიდან სარჩელის შეტანამდე, აღნიშნულს უნდა დაემატოს 15% საშემოსავლო გადასახადისათვის, რაც შეადგენს 1 638 ლარს, სულ – 12 558 ლარს; 3. 148 330 ლარის ანაზღაურება, რაც წარმოადგენს გარდაცვლილის ყოველთვიური სარგოს ოდენობას გარდაცვალების მომენტიდან უმცროსი შვილის მიერ სრულწლოვანების მიღწევამდე, ამასთან, აღნიშნულ თანხას დაემატოს 15% საშემოსავლო გადასახადის სახით, რაც შეადგენს 22 249,50 ლარს, სულ – 170 579,50 ლარს.

2. მოსარჩელეთა მოთხოვნით, სასარჩელო თანხის გადახდა უნდა მოხდეს ერთიანი კომპენსაციის (ანაზღაურების) სახით, ვინაიდან მოპასუხეები წარმოადგენენ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, არ არის გამორიცხული ამ ხნის განმავლობაში მათი ლიკვიდაცია, გაკოტრება ან ფინანსური მდგომარეობის იმდენად გაუარესება, რომ მათ ვეღარ შეძლონ სარჩოს გადახდა, ასევე, ლარის მსყიდველობითი უნარის შესაძლო ცვალებადობის გამო, შესაძლოა, ოჯახმა ვერ მიიღოს ანაზღაურება.

სარჩელის საფუძვლები:

3. მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ მოპასუხე დაწესებულებაში მუშაობდა მათი მარჩენალი – ო. ქ.-ე. მოსარჩელეები არიან მისი მეუღლე და შვილები. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მუშაკი გარდაიცვალა მიღებული მძიმე ტრავმის გამო. მითითებული პირის გარდაცვალება გამოწვეული იყო მოპასუხეთა ბრალეულობით და შესაბამისი პასუხიმგებლობაც მათ უნდა დაეკისროთ.

მოპასუხის პოზიცია:

4. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ მოსარჩელე მხარემ მარჩენალის გარდაცვალებაში მათი ბრალეულობა შესაბამისი მტკიცებულებით ვერ დაადასტურა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელეთა სასარგებლოდ 2014 წლის 24 იანვრიდან ყოველთვიურად დაეკისრათ 814, 16 ლარის გადახდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით 2028 წლის 2 აგვისტომდე, რაც სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით. მოსარჩელეებმა შეიტანეს შეგებებული სააპელაციო საჩივარი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ივლისის განჩინებით როგორც ძირითადი, ისე შეგებებული სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2011 წლის 1 ოქტომბრიდან მოსარჩელეთა მარჩენალი მუშაობდა პირველი მოპასუხე დაწესებულების საქვაბე საამქროში სსხ და ავტომატიკის მორიგე ზეინკლის თანამდებობაზე. 2013 წლის 1 აგვისტოს ერთი წლის ვადით გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად, მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა საქვაბე საამქროში სსხ და ავტომატიკის მორიგე ზეინკლის თანამდებობაზე მუშაობა. სხვა საწარმოში საქმიანობა შეთავსებით ან ნარდობის ხელშეკრულებით დასაქმებულს შეეძლო მხოლოდ დამსაქმებლის წერილობითი თანხმობის საფუძველზე.

8. 2014 წლის 1 იანვარს მეორე მოპასუხეს (დამკვეთს) და პირველ მოპასუხეს (შემსრულებელს) შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც შემსრულებელმა ვალდებულება იკისრა, დამკვეთის ტერიტორიაზე „მაზ 5337“ მარკის ავტოამწით შეესრულებინა სხვადასხვა სახის სამუშაო.

9. ამავე ხელშეკრულების 2.3.2 პუნქტის შესაბამისად, შემსრულებელს სამუშაოები უნდა ეწარმოებინა ტექნიკური უსაფრთხოების წესების სრული დაცვით და პასუხი ეგო მის დარღვევაზე.

10. 2014 წლის 1 იანვარს მეორე მოპასუხესა და ინდივიდუალურ მეწარმეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება მეორე მოპასუხის ობიექტებზე სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად სატრანსპორტო-საშუალებით (სპეც-ტექნიკით) მომსახურების შესახებ.

11. მოსარჩელეთა მარჩენალი გარდაიცვალა 2014 წლის 24 იანვარს პირველ მოპასუხე ორგანიზაციაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ტრავმის შედეგად. მას გავლილი ჰქონდა მეჯამბარის ატესტაციისათვის საჭირო სწავლება და მომზადებული იყო მეჯამბარედ.

12. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მარჩენალის გარდაცვალება გამოწვეულ იქნა მოპასუხეთა მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედებით, კერძოდ, მოპასუხეთა გაუფრთხილებლობით დაირღვა უსაფრთხოების ნორმები, მათ ვერ უზრუნველყვეს დასაქმებულისათვის შრომის უსაფრთხო პირობების დაცვა.

13. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან მარჩენალი დასაქმებული იყო პირველ მოპასუხე დაწესებულებაში, რომელიც ვალდებული იყო, დაეცვა დასაქმებულის შრომის უსაფრთხო პირობები, ხოლო მეორე მოპასუხემ 2014 წლის 1 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულებით იკისრა პირველი მოპასუხის კუთვნილ ტერიტორიაზე სამუშაოების ტექნიკური უსაფრთხოების წესების სრული დაცვით შესრულების ვალდებულება, შრომის უსაფრთხოების წესებისა და პირობების დარღვევის დადგენის შემთხვევაში ორივე მოპასუხე წარმოადგენდა მარჩენალის დაკარგვით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე აღძრულ სარჩელზე სოლიდარულად ვალდებულ პირებს.

14. 2014 წლის 27 იანვარს პირველმა მოპასუხემ შეადგინა უბედური შემთხვევის №1 ოქმი, რომლის თანახმად ამავე წლის 22 იანვარს საქვაბე საამქროს სსხ და ავტომატიკის მორიგე ზეინკალი (მოსარჩელეთა მარჩენალი) მე-4 საწყობის მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობდა გვარჯილის გადატვირთვაზე, გადმოვარდა დასაწყობებული გვარჯილის 0.5-ტონიანი ტომრების მესამე იარუსიდან და მიიღო მძიმე ტრავმა, რის შედეგადაც ორი დღის შემდეგ გარდაიცვალა საავადმყოფოში.

15. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2014 წლის 7 თებერვლის ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, სიკვდილის მიზეზია ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმა, ქალას სარქვლისა და ფუძის ძვლების მოტეხილობა, თავის ტვინის დაჟეჟილობა და შედეგად განვითარებული შეშუპება ღეროს დისლოკაციითა და ჩაჭედვით კეფის დიდ ხვრელში. გვამზე აღინიშნება სისხლჩაქცევები სახის მიდამოში, ქალა სარქვლისა და ფუძის ძვლების დამსხვრეული მოტეხილობა, სისხლსჩაქცევა ქალას ღრუსა და თავის ტვინის ნივთიერებაში, თავის ტვინის დაჟეჟილობა, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და განეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, რასაც შედეგად მოჰყვა სიკვდილი.

16. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2014 წლის 5 მაისის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 2014 წლის 22 იანვარს მარჩენალი სხვა თანამშრომლებთან ერთად მუშაობდა პირველი მოპასუხის ტერიტორიაზე, სადაც ამწეთი ვაგონებში გადასატანად ტვირთავდა 0,5-ტონიან სიმძიმის გვარჯილის ტომრებს. ამწეთი გადაადგილებისას ტომრები დაეჯახა და გადმოაგდო დასაწყობებული ტომრების მესამე იარუსიდან, დაახლოებით 2,7 მეტრი სიმაღლიდან, შედეგად მან მიიღო სხეულის მძიმე დაზიანება და საბოლოოდ გარდაიცვალა. დადგინდა, რომ დაირღვა შესაბამისი ინსტრუქციის („ИНСТРУКЦИЯ ПО БЕЗОПАСНОМУ ВЕДЕНИЮ РАБОТ ДЛЯ МАШИНИСТОВ (КРАНОВЩИКОВ) СТРЕЛОВЫХ САМОХОДНЫХ КРАНОВ (ЖЕЛЕЗНОДОРОЖНЫХ, АВТОМОБИЛЪНЫХ, ГУСЕНИЧНЫХ, ПНЕВМОКОЛЕСНЫХ)”) №36 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნები, რომლის თანახმად, ამწის მემანქანემ ამწეთი სამუშაო უნდა აწარმოოს მხოლოდ ჩამბმელის მიერ ნებართვის გაცემის შემდეგ. იმავე პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის მოთხოვნების თანახმად, ტვირთის აწევის წინ ამწის მემანქანემ უნდა გააფრთხილოს ჩამბმელი და ამწესთან მყოფი ყველა პირი, რომ გავიდნენ ტვირთის მოძრაობის ზონიდან და ტვირთის გადაადგილება უნდა აწარმოოს მხოლოდ მაშინ, როცა ყველა პირი გასული იქნება ამწის მუშაობის ზონიდან.

17. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული ინტრუქციის მოთხოვნათა დაცვის შემთხვევაში თავიდან იქნებოდა აცილებული დამდგარი უბედური შემთხვევა.

18. სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა, რომ აღნიშნულ ექსპერტიზის დასკვნაში მოცემული ინსტრუქციის („ТИПОВАЯ ИНСТРУКЦИЯ ДЛЯ ЛИЦ, ОТВЕТСТВЕННИХ ЗА БЕЗОПАСНОЕ ПРОИЗВОДСТВО РАБОТ ПО ПЕРЕМЕЩЕНИЮ ГРУЗОВ КРАНАМИ“) პირველი პუნქტი სავალდებულოდ ადგენს საწარმოს ადმინისტრაციის ბრძანებით ტვირთის უსაფრთხოდ გადაადგილებაზე პასუხისმგებელი პირის დანიშვნას, რომლის ვალდებულებას წარმოადგენს მემანქანისა და ჩამბმელის მიერ სამუშაოს უსაფრთხოების წესების დაცვით წარმოების კონტროლი, უნდა დადგინდეს, იყო თუ არა განსახილველ შემთხვევაში საწარმოს ადმინისტრაციის ბრძანებით დანიშნული ტვირთის უსაფრთხოდ გადაადგილებაზე პასუხისმგებელი პირი და ასეთი პირის არსებობის შემთხვევაში, აკონტროლებდა თუ არა იგი სადავო შემთხვევაში მემანქანისა და ჩამბმელის მიერ ტვირთის ჩატვირთვის სამუშაოებს.

19. საქმეში წარმოდგენილია პირველი მოპასუხის (ანუ მარჩენალის დამსაქმებლის) 2011 წლის 10 ნოემბრის ბრძანება, რომლის თანახმადაც ტვირთამწე მექანიზმებით სამუშაოების უსაფრთხოდ ჩატარებაზე პასუხისმგებელ პირად დაინიშნა კონკრეტული მუშაკი. პირველი მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, სწორედ აღნიშნული მუშაკი წარმოადგენდა 2014 წლის 5 მაისის ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ინტრუქციით სავალდებულოდ დასანიშნ პირს.

20. აღნიშნულ საკითხთან მიმართებით მნიშვენლოვანია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 4 მარტის საინჟინრო ესპერტიზის დასკვნის ის ნაწილი, რომელშიც ექსპერტი ეხება სწორედ პირველი მოპასუხის 2011 წლის 10 ნოემბრის ბრძანებას და განმარტავს, რომ საზოგადოების დირექტორის 2011 წლის 10 ნოემბრის №26 ბრძანებიდან, რომელიც ეხება ამწე მექანიზმების სამუშაოების უსაფრთხოდ ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირების დანიშვნას, რომლებიც საკვალიფიკაციო კომისიის მიერ იქნა ატესტირებული, არ ჩანს თუ კონკრეტულად რომელ პირს ევალებოდა უბედური შემთხვევის ადგილზე კონტროლის გაწევა. ნორმატივის („ТИПОВАЯ ИНСТРУКЦИЯ ДЛЯ ЛИЦ, ОТВЕТСТВЕННИХ ЗА БЕЗОПАСНОЕ ПРОИЗВОДСТВО РАБОТ ПО ПЕРЕМЕЩЕНИЮ ГРУЗОВ КРАНАМИ”) №6 „б“ ქვეპუნქტის მოთხოვნების თანახმად, ტვირთის უსაფრთხოდ გადაადგილებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, მუდმივად კონტროლი გაუწიოს ამწის მემანქანესა და მეჯამბარეს, რომ მათ მუშაობისას დაიცვან უსაფრთხოების ინსტრუქციის მოთხოვნები.

21. 2014 წლის 27 იანვრის №1 ოქმი შეიცავს უბედური შემთხვევის ფაქტის განხილვას, თუმცა არ უთითებს შემთხვევის ადგილზე პასუხისმგებელი პირის ყოფნის ფაქტს. სასამართლოს კითხვაზე, რა გარემოებით დგინდება მხარის მიერ მითითებული პირის შემთხვევის ადგილზე ყოფნის ფაქტი და მისი მონაწილეობა მემანქანის და მეჯამბარის მიერ სამუშაოს შესრულების მოპასუხეთა წარმომადგენლებმა მიუთითეს სისხლის სამართლის საქმეზე მოწმედ დაკითხული პირველი მოპასუხე საზოგადოების მთავარი ინჟინრის ჩვენების იმ ნაწილზე, სადაც მოწმე განმარტავს, რომ საამქროს ჰყავს უფროსი, ხოლო ტვირთების უსაფრთხოდ გადაადგილებაზე დანიშნულია სხვა კონკრეტული პასუხისმგებელი პირი (გადატვირთვის ოსტატი), რომელიც აკონტროლებდა ჩამბმელებს დაეცვათ ინსტრუქციით გათვალისწინებული პირობები. აღნიშნულის საპირისპიროდ, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა ამავე მოწმის ჩვენების შემდგომ ნაწილზე, სადაც კითხვაზე: სათვალთვალო კამერებიდან ამოღებულ ჩანაწერებში შემთხვევის ადგილზე რატომ არ არის უსაფრთხოებაზე პასუხისმეგებელი პირი, მოწმემ განმარტა, რომ გადატვირთვების დროს მუშაობს 8-10 ამწე, შესაბამისად, ამდენივე ბრიგადა და პასუხისმგებელი პირი ყველას უწევს კონტროლს. შესაძლებელია აღნიშნულ დროს იგი ყოფილიყო სხვა ამწესთან.

22. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც საწარმოს მთავარი ინჟინერი მიუთითებს, რომ პასუხისმგებელი პირი კონტროლს უწევს გადატვირთვების დროს მომუშავე 8-10 ამწეს და ამდენივე ბრიგადას, სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ როგორც ეს თავად 2011 წლის 10 ნოემბრის ბრძანებაშიც არის აღნიშნული, პასუხისმგებელი პირი დანიშნული იყო ზოგადად, ტვირთამწე მექანიზმებით სამუშაოების უსაფრთხოდ ჩატარებაზე პასუხისმგებელ პირად და არა უშუალოდ ნორმატივით სავალდებულო ტვირთის უსაფრთხოდ გადაადგილებაზე პასუხისმგებელი პირად, რომელიც ვალდებულია, მუდმივად გაუწიოს კონტროლი ამწის მემანქანესა და მეჯამბარეს, რომ მათ მუშაობისას დაიცვან უსაფრთხოების ინსტრუქციის მოთხოვნები.

23. საყურადღებოა ასევე ის გარემოება, რომ პირველი მოპასუხე გარდაცვალების ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის წარმოების ეტაპზე შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს სახელზე გაგზავნილ წერილში ტვირთის გადაზიდვაზე პასუხისმგებელ პირად ასახელებდა თავად გარდაცვლილ მარჩენალს, აღნიშნულს კი აფუძნებდა შიდაკორპორაციულ აქტზე – „მეჯამბარის ინსტრუქციაზე“. აღნიშნულ წერილს ერთვის ამონარიდი პირველი მოპასუხის მიერ დამტკიცებული მეჯამბარის ინსტრუქციიდან, რომლის 7.4. პუნქტით, მეჯამბარეა პასუხისმგებელი უსაფრთხოების ტექნიკის დაცვით ტვირთის ჩაბმაზე, მის კოორდინირებულად უსაფრთხოდ გადაადგილებაზე და ტვირთის დანიშნულებისამებრ განთავსებაზე, მასთან დაკავშირებულ იმ მოქმედებებზე, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ავარია ან უბედური შემთხვევა.

24. საქმეში წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მეჯამბარის ინტრუქციის მითითებულ ჩანაწერსა და მის შესაბამისობაზე ინსტრუქციასთან („ТИПОВАЯ ИНСТРУКЦИЯ ДЛЯ ЛИЦ, ОТВЕТСТВЕННИХ ЗА БЕЗОПАСНОЕ ПРОИЗВОДСТВО РАБОТ ПО ПЕРЕМЕЩЕНИЮ ГРУЗОВ КРАНАМИ”) განმარტებები გააკეთა მოწმედ დაკითხულმა პირველი მოპასუხე საზოგადოების მთავარმა მექანიკოსმა, რომლის განმარტებითაც, მის მიერ არის მომზადებული აღნიშნული მეჯამბარის ინსტრუქცია და 2014 წელს დამტკიცებული ინსტრუქცია არის 2009 წლის ინსტრუქციის იდენტური. გამომძიებლის კითხვაზე, როგორ ახსნიდა საწარმოს მიერ დამტკიცებულ მეჯამბარის ინსტრუქციის 7.4 პუნქტში მოცემული ჩანაწერის და ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ინსტრუქციის წინააღმდეგობრიობას, რომლის თანახმადაც საწარმოს მიერ უნდა დანიშნულიყო ტვირთის უსაფრთხოდ გადაადგილებაზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც ვალდებული იყო, მუდმივად გაეწია კონტროლი მემანქანისა და ჩამბმელის სამუშაოს უსაფრთხოების წესების დაცვით წარმოებაზე, მოწმემ განმარტა, რომ მისთვის ცნობილია აღნიშნული ინსტრუქცია. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას, მისთვის ცნობილია დასკვნის პირველი ნაწილი, რომელიც შეეხება მემანქანისა და მეჯამბარის ურთიერთშეთანხმებულ მოქმედებას, ხოლო დასკვნის მესამე ნაწილი მისთვის ბუნდოვანია, ვინაიდან აღნიშნულ სამუშაოზე მუდმივად კონტროლის გაწევა მეჯამბარისა და მემანქანის ურთიერთშეთანხმებულ მუშაობაზე ფაქტობრივად შეუძლებელია.

25. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ინსტრუქციებს შორის ასეთი წინააღმდეგობა არ შეიძლება განმარტებულ იქნეს შრომის უსაფრთხოების პირობების დაცულად მიჩნევის კუთხით.

26. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ პირველი მოპასუხის მიერ დამტკიცებული მეჯამბარის ინტრუქციის 7.4 პუნქტისა და ინსტრუქციის („ТИПОВАЯ ИНСТРУКЦИЯ ДЛЯ ЛИЦ, ОТВЕТСТВЕННИХ ЗА БЕЗОПАСНОЕ ПРОИЗВОДСТВО РАБОТ ПО ПЕРЕМЕЩЕНИЮ ГРУЗОВ КРАНАМИ”) №6-ის „б“ ქვეპუნქტის მოთხოვნების ურთიერთწინააღმდეგობის გარდა, ასევე, არ დგინდება უბედური შემთხვევის დადგომისას თავად საწარმოს მიერ დამტკიცებული „მეჯამბარის ინსტრუქციის“ მოთხოვნების დაცვის ფაქტი. კერძოდ, „მეჯამბარის ინსტრუქციის“ 1.6 პუნქტის თანახმად, ორი ან მეტი მეჯამბარის მუშაობისას ერთ-ერთი მათგანი ინიშნება უფროს მეჯამბარედ. იმ შემთხვევაში, როდესაც ტვირთამწე მექანიზმებით სამუშაოების შესრულებისას ამწის მემანქანე სრულად ვერ ხედავს მომსახურების ზონას, დამატებით მეჯამბარეებიდან ინიშნება მესიგნალე. ტვირთის გადაადგილებისას მესიგნალე ამწის მემანქანისა და უფროსი მეჯამბარის მეკავშირეა. ამავე ინსტრუციიის მე-4 პუნქტით ტვირთის აწევისა და გადაადგილებისას, თითოეული ოპერაციის დაწყების წინ, მეჯამბარემ ამწის მემანქანეს უნდა მისცეს შესაბამისი ნიშანი. ერთ ამწეზე რამდენიმე მეჯამბარის მუშაობისას ნიშანს იძლევა უფროსი მეჯამბარე.

27. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დაადგინა და მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ რომ ამწეზე ტვრითის ჩატვრითვას ახორციელებდა რამდენიმე მეჯამბარე, თუმცა რაიმე მტკიცებულება, ან/და უბედურ შემთხვევის ადგილზე მყოფი სუბიექტის განმარტება „მეჯამბარის ინსტრუქციის“ 1.6 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით მომუშავე მეჯამბარეებიდან რომელიმე მეჯამბარის უფროს მეჯამბარედ დანიშვნის თაობაზე, საქმეში წარმოდგენილი არ არის და ასეთის არსებობაზე ვერც მოპასუხეთა წარმომადგენლები მიუთითებენ.

28. საქმის მასალებით დგინდება და სადავო არ გამხდარა ის ფაქტი, რომ ტვირთის ჩატვირთვისას დანიშნული არ ყოფილა არც მესიგნალე, რომელიც ტვირთის გადაადგილებისას ამწის მემანქანისა და უფროსი მეჯამბარის მეკავშირეა.

29. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2015 წლის 4 მარტის საინჟინრო ესპერტიზის დასკვნის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მემანქანეს აქვს ვიზუალური კონტაქტი, კერძოდ, თუ მისი მხედველობის არეშია ტვირთის დატვირთვის, მისი გადმოტვირთვის და მისი ჩატვირთვის ადგილები, მაშინ არ არის აუცილებელი მესიგნალის დანიშვნა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მესიგნალის დანიშვნა ევალება უსაფრთხოდ გადაადგილებაზე პასუხისმგებელ პირს („ТИПОВАЯ ИНСТРУКЦИЯ ДЛЯ ЛИЦ, ОТВЕТСТВЕННИХ ЗА БЕЗОПАСНОЕ ПРОИЗВОДСТВО РАБОТ ПО ПЕРЕМЕЩЕНИЮ ГРУЗОВ КРАНАМИ”, N7 პუნქტის „а“ ქვეპუნქტი).

30. სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხული ამწის მძღოლის ჩვენებით, კონკრეტული პიროვნება, რომელიც აცნობებდა ასაწევი ტვირთის მზადყოფნის შესახებ, გამოყოფილი არ ყოფილა. თავად ჩამბმელები, ხელით ანიშნებდნენ ტვირთის ასაწევად მზადყოფნის შესახებ. კითხვაზე, გააფრთხილა თუ არა მან ჩამბმელები ტვირთის აწევამდე, განმარტა, რომ ისინი ტვირთის აწევამდე გააფრთხილა გასულიყვნენ ტვირთის მოძრაობის ზონიდან, რის შემდეგადაც ჩამბმელები გაეცალნენ ამწეს. მოპასუხეთა განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში მესიგნალის დანიშვნის საჭიროება არ არსებობდა, ვინაიდან სამუშაოს შესრულებისას ამწის მემანქანე ხედავდა მომსახურების ზონას და ორივე მეჯამბარემ მისცა მემანქანეს სიგნალი.

31. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც ტვირთის ჩატვირთვაზე მუშაობდა რამდენიმე მეჯამბარე და დანიშნული არ იყო არც უფროსი მეჯამბარე და არც მესიგნალე, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ განსაზღვრული არ იყო ტვირთის გადაადგილებისას ნიშნის მიმცემი პირი, რომელიც განახორცელებდა კავშირს ამწის მემანქანისა და მეჯამბარეებს შორის, რაც გამორიცხავდა ტვირთის გადაადგილებისას უბედური შემთხვევის დადგომის შესაძლებლობას.

32. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ, რადგან მარჩენალს ტვირთის ჩატვირთვისას დაეჯახა ამწეთი მოძრავი 0,5-ტონიანი სიმძიმის გვარჯილის ტომრები და გადმოაგდო დაახლოებით 2,7 მეტრი სიმაღლიდან, ურთერთსაწინააღმდეგოა, ერთი მხრივ, მოპასუხე მხარეთა განმარტება ამწის მემანქანის მიერ სამუშაოს შესრულებისას მომსახურების ზონის მხედველობის არეში ყოფნისა და, ამდენად, მესიგნალის დანიშვნის საჭიროების არარსებობის შესახებ და, მეორე მხრივ, მემანქანის განმარტება, რომ მან ტვირთის აწევამდე გააფრთხილა მეჯამბარეები გასულიყვნენ ტვირთის მოძრაობის ზონიდან, რის შემდეგადაც ჩამბმელები გაეცალნენ ტვირთს.

33. სისხლის სასამთლის საქმეზე მიცემულ ჩვენებაში ამწის მემანქანე მიუთითებს, რომ ჩამბმელები, როგორც წესი, ბაგირის დაჭიმვის შემდეგ გადიოდნენ გვერდით, ერთი მარცხნივ, მეორე მარჯვნივ, რათა მომხდარიყო ასაწევი ტვირთის თავისუფლად გადატანა. ამწის მემანქანის ჩვენებით, მისთვის უცნობია, რატომ წავიდა მარჩენალი მარცხნივ, იგი არ უნდა წასულიყო აღნიშნული მიმართულებით, ის უნდა დარჩენილიყო ადგილზე. მისივე განმარტებით, ტვირთის ჩაბმის შემდეგ იგი ვერ ხედავდა აწ გარდაცვლლის მოძრაობის ტრაექტორიას იმის გამო, რომ ყურადღება გადაიტანა ვაგონისკენ, სადაც უნდა ჩაეტვირთა ტვირთი, შემობრუნების შემდეგ დაინახა მარჩენალი, რომელსაც ტვირთი ეჯახებოდა და მისი გაჩერება შეუძლებელი იყო.

34. აღნიშნული განმარტების საპირისპიროდ, მარჩენალის არასწორი მიმართულებით მოძრაობასთან დაკავშირებით არაფერია ნათქვამი თავად პირველი მოპასუხის 2014 წლის 27 იანვრის უბედური შემთხვევის ოქმში, რომელზეც განხილულ იქნა უბედური შემთხვევა და გამოკვლეულ იქნა შემთხვევის ვიდეო ჩანაწერი. ოქმის თანახმად: მთავარმა ინჟინერმა კომისიას აცნობა, რომ ვიდეოჩანაწერზე ჩანს, როგორ ჩააბეს ტვირთი ჯამბარაზე ორმა მუშაკმა, მათ შორის, მარჩენალმა. შემდეგ ისინი გაეცალნენ ტვირთს. ამის შემდეგ ავტოამწის მემანქანემ ისრის სწრაფი მოძრაობით წაიღო ტვირთი და ის შეეჯახა მარჩენალს, რომელიც შეეცადა ტვირთის ხელით შეჩერებას, მაგრამ ვერ შეძლო და გადმოვარდა დასაწყობებული ამ. გვარჯილის 0.5-ტონიანი ტომრების მე-3 იარუსიდან (დაახლოებით 2.7 მეტრი). ამავე სხდომაზე მარჩენალთან ერთად წყვილში მომუშავე მეჯამბარემ განმარტა, რომ ტვირთის ჩაბმის შემდეგ იგი წავიდა მარჯვენა მხარეს, ხოლო მარჩენალი – მარცხენა მხარეს და როდესაც შემობრუნდა, მარჩენალი უკვე გადავარდნილი იყო. კითხვაზე, ვინ მისცა მემანქანეს ნებართვა ტვირთის აწევაზე, მან განმარტა, რომ ამწის მემანქანეს აქვს მხედველობის არე თავისუფალი და ხედავს, როდის შეიძლება ტვირთის აწევა. სხდომაზე პირველი მოპასუხე ორგანიზაციის მთავარი ინჟინრის მოადგილემ შრომის დაცვის, უსაფრთხოების ტექნიკისა და საწარმოო სანიტარიის საკითხებში მიუთითა, რომ ამწის მემანქანეს თუ არ ჰქონდა ნებართვა ტვირთის აწევაზე, არ უნდა აეწია. ეს მემანქანის მხრიდან დარღვევაა. საწარმოო განყოფილების უფროსის განმარტებით, მარჩენალმა ჩააბა ტვირთი და გაეცალა მას, ამწის მემანქანეს ტვირთის გადაადგილება დროულად უნდა შეეჩერებინა, თუ ამ დროს საფრთხე ექმნებოდა ჩამბმელებს. მოწმის განმარტებაზე, რომ მან ტვირთი შეაჩერა, მთავარმა ინჟინერმა მიუთითა, რომ მან ვერ შეაჩერა ტვირთი დროულად და ამიტომ შეეჯახა მარჩენლას.

35. სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ უბედური შემთხვევის ვიდეოჩანაწერი, სხვა მასალებთან ერთად, წარმოადგენდა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2014 წლის 5 მაისის ექსპერტიზის საკვლევ მასალას. ექსპერტის დასკვნა ან სხვა რაიმე მტკიცებულება, რაც პირდაპირ ან თუნდაც ირიბად მიუთითებდა უბედური შემთხვევის დადგომაში გარდაცვლილის ბრალეულობაზე, საქმეში წარმოდგენილი არ არის.

36. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ უბედური შემთვევის დადგომისას დაირღვა შრომის უსაფრთხოების წესების მოთხოვნები. სამუშაოს შესრულების პროცესში დაფიქსირებულია ისეთი დარღვევები, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა სამუშაო პროცესის სწორად წარმართვისათვის, კერძოდ, დანიშნული არ იყო მესიგნალე ან/და უფროსი მეჯამბარე, რომელიც განახორციელებდა ერთმნიშვნელოვან კავშირს ამწის მემანქანესა და მეჯამბარეებს შორის და, უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით, უზრუნველყოფდა ამწის მემანქანესა და მეჯამბარეებს შორის ჯეროვან კომუნიკაციას. ამდენად, დასაბუთებულია და გაზიარებული უნდა იქნეს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2014 წლის 5 მაისის დასკვნა, რომ განსახილველ შემთვევაში დაირღვა ინსტრუქციის („ИНСТРУКЦИЯ ПО БЕЗОПАСНОМУ ВЕДЕНИЮ РАБОТ ДЛЯ МАШИНИСТОВ (КРАНОВЩИКОВ) СТРЕЛОВЫХ САМОХОДНЫХ КРАНОВ (ЖЕЛЕЗНОДОРОЖНЫХ, АВТОМОБИЛЪНЫХ, ГУСЕНИЧНЫХ, ПНЕВМОКОЛЕСНЫХ) №36 პუნქტის „а“ და „в“ ქვეპუნქტისა და ასევე ინსტრუქციის („ТИПОВАЯ ИНСТРУКЦИЯ ДЛЯ ЛИЦ, ОТВЕТСТВЕННИХ ЗА БЕЗОПАСНОЕ ПРОИЗВОДСТВО РАБОТ ПО ПЕРЕМЕЩЕНИЮ ГРУЗОВ КРАНАМИ”) №1* პუნქტის, №6 პუნქტის „б“ ქვეპუნქტის მოთხოვნები. გარდა აღნიშნულისა, პირველ მოპასუხეს დარღვეული ჰქონდა თავისი შიდაკორპორაციული ინსტრუქციის დებულებებიც.

37. მეორე მოპასუხის ბრალეულობაზე საუბრისას სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ როგორც საქმის მასალებით დგინდება, უბედური შემთხვევის დადგომისას ამწეს მართავდა პირი, რომელსაც არ გააჩნდა შესაბამისი სპეციალური ტექნიკის მართვის უფლება. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2015 წლის 4 მარტის საინჟინრო ესპერტიზის დასკვნის თანახმად: ნორმატივის – „ИНСТРУКЦИЯ ПО БЕЗОПАСНОМУ ВЕДЕНИЮ РАБОТ ДЛЯ МАШИНИСТОВ (КРАНОВЩИКОВ) СТРЕЛОВЫХ САМОХОДНЫХ КРАНОВ (ЖЕЛЕЗНОДОРОЖНЫХ, АВТОМОБИЛЪНЫХ, ГУСЕНИЧНЫХ, ПНЕВМОКОЛЕСНЫХ)“ №1 პუნქტის მოთხოვნების თანახმად, საავტომობილო ამწის მართვა შეიძლება დაევალოს მძღოლს, რომელსაც სპეციალური პროგრამით გავლილი აქვს სათანადო სწავლება, რომელიც საკვალიფიკაციო კომისიის მიერ ატესტირებულია და აქვს სათანადო მოწმობა.

38. საქმის მასალებში წარმოდგენილია ქსეროასლი, რომლის მიხედვით ავტოამწის მმართველს ავტოამწის მართვის სრული კურსის გავლაზე მიეცა მოწმობა 2014 წლის 28 იანვარს, ხოლო უბედური შემთხვევა მოხდა 2014 წლის 22 იანვარს, რა დროსაც მას არ ჰქონდა უფლება, ემართა ავტოამწე, რამდენადაც მოწმობა გაიცა 6 დღის შემდეგ.

39. საქმის მასალებში წარმოდგენილია პირველი მოპასუხეებს შორის 2011 წლის 1 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულება №51-2011 ავტოამწით მომსახურებაზე, რომლის 2.3.2 პუნქტში მითითებულია, რომ „შემსრულებელი” ვალდებულია, სამუშაოები აწარმოოს ტექნიკური წესების სრული დაცვით და პასუხი აგოს მის დარღვევაზე. ასევე, საქმის მასალებში წარმოდგენილია დამკვეთისა და ინდივიდუალური მეწარმის (შემსრულებელი) შორის 2014 წლის 1 იანვრას გაფორმებული ხელშეკრულება, სადაც ინდივიდუალური მეწარმე იღებს ვალდებულებას მეორე მოპასუხის სამუშაო ობიექტზე (კონკრეტულად პირველი მოპასუხის ტერიტორიაზე) მის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებით შეასრულოს სამუშაოები და ხელშეკრულების 5.2.2. და 5.2.4 პუნქტების მოთხოვნების თანახმად, ინდივიდუალური მეწარმე ვალდებულია, „ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად სატრანსპორტო საშუალება იქონიოს ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში და დაიცვას შრომის უსაფრთხოების წესები. აღნიშნული ხელშეკრულებისა და ნორმატივის – „ТИПОВОЕ ПОЛОЖЕНИЕ ДЛЯ ИНЖЕНЕРНО-ТЕХНИЧЕСКИХ РАБОТНИКОВ, ОСУЩЕСТВЛЯЮЩИХ НАДЗОР НА ПРЕДПРИЯТИЯХ И В ОРГАНИЗАЦИЯХ ЗА СОДЕРЖЕНИЕМ И БЕЗОПАСНОЙ ЭКСПЛУАТАЦИЕЙ ПОДЬЕМНЫХ СООРУЖЕНИЙ“ №3 და №4 პუნქტების მოთხოვნების თანახმად, ავტოამწის მესაკუთრე ვალდებულია, აიყვანოს სათანადო კომპეტენციის მქონე ტვირთამწე ამწეების ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი პირი. თუ ასეთი პირი არ ჰყავს დანიშნული, მაშინ იგი თვითონ აგებს პასუხს აღნიშნულზე, კერძოდ, ზემოაღნიშნული ნორმატივის №12 პუნქტის „ა” ქვეპუნქტის მოთხოვნების თანახმად, არ უნდა დაუშვას ავტოამწის მუშაობა, თუ მას მართავს არატესტირებული მემანქანე. ამდენად, ინდივიდუალური მეწარმე ვალდებული იყო, 2014 წლის 28 იანვრამდე ავტოამწის მძღოლი არ დაეშვა ავტოამწეზე სამუშაოდ.

40. ამდენად, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ უბედური შემთხვევის დროს, რომელსაც შედეგად მოჰყვა პირველი მოპასუხის დასაქმებულის გარდაცვალება, ამწეს მართავდა არატესტირებული მემანქანე, რომელსაც არ გააჩნდა შესაბამისი მართვის მოწმობა, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს შრომის უსაფრთხოების წესებისა და პირობების დარღვევას.

41. ამასთან, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ის ფაქტი, რომ სამუშაოების შემსრულებელი ამწე იმყოფება ინდივიდუალური მეწარმის საკუთრებაში, არ გამორიცხავს შრომის უსაფრთხოების პირობების დარღვევაში მეორე მოპასუხის ბრალს. მნიშვნელოვანია, რომ 2011 წლის 1 ოქტომბერს მოპასუხეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით მეორე მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, პირველი მოპასუხის ტერიტორიაზე „მაზ 5337“ მარკის ავტოამწით სამუშაოები ეწარმოებინა ტექნიკური უსაფრთხოების წესების სრული დაცვით და პასუხი ეგო მის დარღვევაზე. იგივე ვალდებულება ჰქონდა ნაკისრი მეორე მოპასუხეს პირველი მოპასუხის წინაშე 2014 წლის 1 იანვრის ხელშეკრულებითაც.

42. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მხოლოდ ის გარემოება, რომ მეორე მოპასუხეს გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება ავტოამწის მესაკუთრე ინდივიდუალურ მეწარმესთან, მას არ ათავისუფლებს, შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო, პირველ მოპასუხესთან ერთად მოსარჩელეთა წინაშე სოლიდარულად წარმოშობილი ვალდებულებისაგან.

43. აქვე პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ როგორც სისხლის სამართლის საქმეზე მოწმედ დაკითხული მეორე მოპასუხის დირექტორის ჩვენებით ირკვევა, მან უბედური შემთხვევის დღეს დაახლოებით 11-12 საათზე შეამოწმა ამწის მუშაობა, რომელსაც მართავდა ინდივიდუალური მეწარმის ძმა. კითხვაზე, თუ რატომ მართავდა ამწეს არა თავად მეწარმე, არამედ მისი ძმა, დირექტორმა მიუთითა, რომ მისი ინტერესი იყო სამუშაოს შესრულება, და მას არ ეხებოდა, ვის მიანდობდა მეწარმე ამწეს სამართავად. დირექტორმა ასევე მიუთითა, რომ იგი არ იყო ვალდებული, თუმცა სამ თვეში ერთხელ უტარებდა ინსტრუქტაჟს მემანქანეებს უსაფრთხოების წესების შესახებ. გამომძიებლის კითხვაზე: იცოდა, თუ არა, რომ მეწარმის ძმას არ ჰქონდა შესაბამისი მართვის მოწმობა და რამდენად ხშირად მართავდა იგი ამწეს, დირექტორმა განმარტა, რომ 2011 წელს მეწარმესთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ იგი პირდად მუშაობდა მემანქანედ, ხოლო დაახლოებით წელიწადნახევრის შემდეგ ამწეზე ასევე მუშაობდა მისი ძმა და ისინი ცვლიდნენ ერთმანეთს. მეორე მოპასუხის დირექტორის ჩვენებით, მისთვის ცნობილი არ იყო და არ გამოუკვლევია, ჰქონდა თუ არა მეწარმის ძმას ამწის მართვის უფლება.

44. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მეორე მოპასუხის დირექტორი, როგორც სადავო სამუშაოების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი იურიდიული პირი, ვალდებული იყო, სამუშაოების შესრულება უზრუნველეყო უსაფრთხოდ და მისი შესრულების ნებართვა მიეცა მხოლოდ ისეთი მემანქანისათვის, რომელსაც გააჩნდა შესაბამისი სპეციალური ტექნიკის მართვის უფლება.

45. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით დგინდება შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევა, რასაც შედეგად მოჰყვა მუშაკის გარდაცვალება, რაც ზიანის ანაზღაურების მოპასუხეთათვის დაკისრების საფუძველია.

46. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ პირველი მოსარჩელე და მარჩენალი 2008 წლის 1 მარტიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი – 2009 წლის 4 იანვარსა და 2010 წლის 2 აგვისტოს დაბადებული მოსარჩელეები.

47. სადავოდ გამხდარი არ არის ის ფაქტი, რომ მოსარჩელეები იმყოფებოდნენ გარდაცვლილის კმაყოფაზე და არიან სარჩოს მიღების მოთხოვნის მქონე პირები.

48. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სარჩოს ოდენობის გამოანგარიშებისას სარწმუნო მტკიცებულებას წარმოადგენს საბანკო ამონაწერები, რომლებიც შეიცავს ზუსტ მონაცემებს მარჩენალის მიერ ხელზე აღებული ხელფასის ოდენობის შესახებ.

49. საქმეში წარმოდგენილი საბანკო ამონაწერით დგინდება, რომ მარჩენალის სახელფასო ანგარიშზე 2013 წლის ივლისიდან 2013 წლის დეკემბრის ჩათვლით პერიოდში (6 თვე) ხელფასის სახით ხელზე ასაღები თანხა შეადგენს 4 888.09 ლარს (480.73+25+509.98+168+500.17+393+492.37+31+538.54+801+445.30+78+93+332).

50. ამდენად, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ყოველთვიური ხელზე ასაღები საშუალო ხელფასი იყო 814. 68 ლარი – 4 888.09 : 6 = 814. 68. შესაბამისად, სასამართლოს მიერ დადგენილი ყოველთვიური სარჩოს ოდენობა (814. 16) გონივრულ შესაბამისობაშია მარჩენალის ყოველთვიურ საშუალო ხელფასთან. ამასთან, თუ მხარეს მიაჩნია, რომ ეს არის არითმეტიკული უსწორობა, მას შეუძლია შესაბამისი განცხადებით მიმართოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს.

51. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ყოველთვიური სარჩოს ოდენობა განისაზღვრა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით. როგორც თავად გადაწყვეტილებაშიც არის აღნიშნული, მოსარჩელეები ითხოვდნენ სარჩოს დაკისრებას საშემოსავლო გადასახადის მხედველობაში მიღებით. ამდენად, სასამართლოს მიერ განსაზღვრული სარჩოს ოდენობა მოიცავს უშუალოდ სარჩენი პირების მიერ ხელზე ასაღებ თანხას.

52. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, 992-ე მუხლით და განმარტა, რომ მოცემული ნორმით პირს ზიანის ანაზღაურება ეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, ზიანი, ქმედების მართლწინააღმდეგობა, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის და ზიანის მიმყენებლის ბრალეულობა.

53. შრომის უფლება საქართველოს კონსტიტუციით დეკლარირებული და გარანტირებული ადამიანის ძირითადი სოციალური უფლებაა.

54. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვანისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება კანონით. მითითებული ნორმა ადგენს შრომის უფლების დაცვის ზოგად წესს, რაც, სხვა საკითხებთან ერთად, შრომის ჯანსაღი და უსაფრთხო პირობების უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

55. ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტით, რომელიც საქართველოსთვის შესასრულებლად სავალდებულო დოკუმენტია, მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას, ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობები, რაც, უსაფრთხო და ჯანსაღი შრომის პირობების არსებობას გულისხმობს.

56. საქართველოს შრომის კოდექსი დამსაქმებელს აკისრებს ვალდებულებას, შექმნას შრომის უსაფრთხო პირობები სამუშაო ადგილზე, კერძოდ, შრომის კოდექსის 35-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: დამსაქმებელი ვალდებულია, უზრუნველყოს დასაქმებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოთი.

57. ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, დამსაქმებელი ვალდებულია, დანერგოს შრომის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი პრევენციული სისტემა და დროულად მიაწოდოს დასაქმებულს სათანადო ინფორმაცია შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკებისა და მათი პრევენციის ზომების, აგრეთვე საფრთხის შემცველ აღჭურვილობასთან მოპყრობის წესების შესახებ, აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოს დასაქმებული პერსონალური დამცავი აღჭურვილობით, სახიფათო მოწყობილობა ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად დროულად შეცვალოს უსაფრთხოთი ან ნაკლებად სახიფათოთი, მიიღოს ყველა სხვა გონივრული ზომა დასაქმებულის უსაფრთხოებისათვის და მისი ჯანმრთელობის დასაცავად.

58. შრომის უსაფრთხო პირობების უგულვებელყოფა და შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევა, რასაც შედეგად მოჰყვა დასაქმებულის გარდაცვალება, წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ ქმედებას და შესაბამისად, გამოწვეული ზიანიც უნდა ანაზღაურდეს მოპასუხეთა მხრიდან.

59. სსკ-ის 998-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მარჩენალი დასაქმებული იყო პირველ მოპასუხე ორგანიზაციაში, რომელიც ვალდებული იყო, დაეცვა დასაქმებულის შრომის უსაფრთხო პირობები. მეორე მოპასუხემ იკისრა სახელშეკრულებო ვალდებულება სადავო სამუშაოების ტექნიკური უსაფრთხოების წესების სრული დაცვით შესრულების შესახებ. დადგენილია მოპასუხეთა მხრიდან შრომის უსაფრთხოების წესებისა და პირობების დარღვევის ფაქტი, ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ როგორც მოპასუხეები წარმოადგენენ მარჩენალის დაკარგვით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე აღძრულ სარჩელზე სოლიდარულად ვალდებულ პირებს.

60. დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვთ იმ პირებს, რომლებმაც, დაზარალებულის გარდაცვალებით, დაკარგეს მარჩენალი.

61. სსკ-ის 1006-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში ზიანის მიმყენებელმა სარჩოს დაწესებით უნდა აუნაზღაუროს ზიანი იმ პირებს, რომელთა რჩენაც დაზარალებულს ევალებოდა. ეს ვალდებულება ძალაშია, ვიდრე დაზარალებული ვალდებული იქნებოდა, ეხადა სარჩო.

62. აღნიშნულ პირთა ჩამონათვალი მოცემულია სამოქალაქო კოდექსში და ასეთებად მიიჩნევიან: დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილები, რომლებიც გარდაცვალების მომენტისათვის იმყოფებოდნენ გარდაცვლილი პირის კმაყოფაზე ანდა ჰქონდათ მისგან სარჩოს მიღების უფლება; ბავშვი, რომელიც დაიბადა დაზარალებულის გარდაცვალების შემდეგ; ერთ-ერთი მშობელი, მეუღლე ან ოჯახის სხვა წევრი, რომელიც არ მუშაობს და დაკავებულია საოჯახო მეურნეობით, გარდაცვლილის შვილიშვილები, და-ძმები, რომლებსაც არ მიუღწევიათ სრულწლოვანებისათვის, ანდა მიაღწიეს აღნიშნულ ასაკს, მაგრამ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, საჭიროებენ მოვლას. ეს ვალდებულება ძალაშია, ვიდრე დაზარალებული ვალდებული იქნებოდა, ეხადა სარჩო.

63. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მარჩენალის მეუღლე და მისი არასრულწოვანი შვილები წარმოადგენენ სწორედ იმ პირებს, რომელთა რჩენის ვალდებულებაც გააჩნდა, სამსახურებრივი ტრავმის გამო, გარდაცვლილ მარჩენალს.

64. მეუღლეთა ურთიერთრჩენის ვალდებულება სსკ-ის 1182-ე მუხლიდან გამომდინარეობს. ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ, მეუღლეები ვალდებული არიან იზრუნონ ერთმანეთზე და მატერიალურად დაეხმარნონ ერთმანეთს. ეს არა მარტო ზნეობრივი მოვალეობაა, არამედ იურიდიული ვალდებულებაცაა. ამავე კოდექსის 1182-ე მუხლის დეფინიცია იმ ვითარებას ეხება, როდესაც მეუღლეთაგან ერთ-ერთს, შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, ეკისრება მეუღლის რჩენა. 1006-ე მუხლით გათვალისწინებული რეგულაცია კი ეხება პირის გარდაცვალების შემთხვევაში მის კმაყოფაზე მყოფ პირთათვის სარჩოს დაწესებას.

65. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩენმა მოპასუხეთა მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად დაკარგა მარჩენალი, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეები ვალდებული არიან, სარჩოს დაწესებით, აუნაზღაურონ მარჩენალის მეუღლეს და მცირეწლოვან შვილებს ის ზიანი, რაც საწარმოს ქმედების შედეგად დადგა.

66. გარდაცვლილი მარჩენალის მეუღლისათვის სარჩოს დაწესებასთან მიმართებით სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხეებს ეკისრებოდათ ვალდებულება, დაემტკიცებინათ ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ მარჩენალის მეუღლე დაუფლებული იყო რაიმე პროფესიას, მას ობიექტურად ჰქონდა შესაძლებლობა, აღეზარდა არასრულწლოვანი შვილები და თან ემუშავა. შესაბამის მტკიცებულებათა წარუდგენლობის გამო, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სარჩენს არ შეუძლია იმუშაოს და თან იზრუნოს არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდაზე.

67. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ გაიზიარა მხარის მოთხოვნა, სარჩოს ანაზღაურება მოხდეს გარდაცვლილის მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილების სასრგებლოდ უმცროსი შვილის (დაბადებული – 2010 წლის 2 აგვისტოს) სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე, ანუ 2028 წლის 2 აგვისტომდე.

68. სსკ-ის 1006-ე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრულია დაზარალებულის სასარგებლოდ სარჩოს დაწესების ზოგადი წესი. რაც შეეხება მითითებულ სპეციალურ წესს – ერთჯერად ანაზღურებას, მისი მოთხოვნისათვის აუცილებელია ისეთი წინაპირობის არსებობა, როგორიცაა მნიშვნელოვანი საფუძველი.

69. განსახილველ შემთხვევაში შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორები, სარჩოს სანაცვლოდ, ერთჯერადი ანაზღაურების მოთხოვნის მნიშვნელოვან საფუძვლად მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეები წარმოადგენენ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს და სარჩოს გადახდის ვალდებულების არსებობის პერიოდში ისინი შესაძლოა გაკოტრდნენ.

70. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების მძიმე ფინანსურ მდგომარეობას და მსგვასი ფაქტის არსებობაზე ვერც შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორები მიუთითებენ. ასეთად ვერ შეფასდება ვერც აპელანტების მითითება ეროვნული ვალუტის შესაძლო გაუფასურების შესახებ. ამდენად, სასამართლომ არ გაიზიარა შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორების მსჯელობა, მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობის გამო, სარჩოს სანაცვლოდ, ერთჯერადი ანაზღაურების მოთხოვნის თაობაზე.

71. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელეებმა მოითხოვეს მოპასუხეთათვის მორალური ზიანის ანაზღურების დაკისრება, შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო, საწარმოო ტრავმის შედეგად მარჩენალის გარდაცვალებისათვის.

72. სსკ-ის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მორალური ზიანი შეიძლება ანაზღაურდეს მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება იმ პირს გააჩნია, ვისაც უშუალოდ მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად მიადგა ჯანმრთელობის დაზიანება. „დაზარალებული“ ამ შემთხვევაში არის უშუალო მსხვერპლი და არა მისი ოჯახის წევრი. მორალური (არაქონებრივი) ზიანი პიროვნული უფლებების ხელყოფით გამოწვეული ზიანია, რომლის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს მხოლოდ ამ უფლებათა სუბიექტს, სხვა პირის მიერ ანაზღაურების მოთხოვნა საფუძველს მოკლებულია. როგორც საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, მორალური ზიანის ქონებრივი ანაზღაურების მოთხოვნა სიკვდილის შემდეგ დაუშვებელია. ეს კონცეფცია ეფუძნება სსკ-ის მე-19 მუხლით დადგენილ წესს. აღნიშნული ნორმა აწესებს გარდაცვალების შემდეგ პირადი უფლებების დაცვის შესაძლებლობას, მაგრამ ამავე მუხლით აკრძალულია გარდაცვალების შემდეგ მორალური ზიანის ქონებრივი ანაზღაურების მოთხოვნა (№ას-113-108-2014; 01.05.2015).

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

73. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხეებმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

74. პირველმა მოპასუხემ მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად ჩათვალა მოპასუხეები სადავო დელიქტური ვალდებულების შესრულებაზე პასუხისმგებელ პირებად, რადგან ამწეზე სამუშაოებს აწარმოებდა და, შესაბამისად, სათანადო პასუხისმგებლობა ეკისრება ინდივიდუალურ მეწარმეს.

75. მხარის მოსაზრებით, არ არსებობდა მესიგნალისა და უფროსი მეჯამბარის დანიშვნის საჭიროებაც, რადგან 2015 წლის 4 მარტის ექტერტიზის დასკვნის შესაბამისად, მემანქანეს ჰქონდა ვიზუალური კავშირი ტვირთის დატვირთვისა და გადმოტვირთვის ადგილებზე.

76. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა ესმჯელა და, საჭიროებისას, სსსკ-ის 162-ე მუხლის საფუძველზე ექსპერტიზა ჩაეტარებინა მომხდარ უბედურ შემთხვევაში თავად გარდაცვლილის ბრალეულობის საკითხის გასარკვევად, რაც მას არ განუხორციელებია.

77. სასამართლოს მიერ გამოთხოვილი სისხლის სამართლის მასალებით და არც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოპასუხეთა მხრიდან სსკ-ის 1006-ე და 992-ე მუხლებით გათვალისწინებული ბრალეული ქმედების ჩადენის ფაქტი.

78. მეორე მოპასუხემ თავისი საკასაციო საჩივარი დააფუძნა იმ გარემოებას, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად შეაფასა საქმეზე დასაშვებად ცნობილი და განკუთვნადი მტკიცებულებები. მეორე მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი არ არსებობდა. აღნიშნულს ადასტურებს კასატორის ხელშეკრულება ინდივიდუალურ მეწარმესთან და ექსპერტიზის დასკვნები. რეალურად საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც მარჩენალის დაღუპვაში კასატორის ბრალეულობას დაადასტურებდა.

79. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

80. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ ისინი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

81. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2011 წლის 1 ოქტომბრიდან მოსარჩელეთა მარჩენალი მუშაობდა პირველი მოპასუხე დაწესებულების საქვაბე საამქროში სსხ და ავტომატიკის მორიგე ზეინკლის თანამდებობაზე. 2013 წლის 1 აგვისტოს ერთი წლის ვადით გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად, მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა საქვაბე საამქროში სსხ და ავტომატიკის მორიგე ზეინკლის თანამდებობაზე მუშაობა. სხვა საწარმოში საქმიანობა შეთავსებით ან ნარდობის ხელშეკრულებით დასაქმებულს შეეძლო მხოლოდ დამსაქმებლის წერილობითი თანხმობის საფუძველზე.

82. 2014 წლის 1 იანვარს მეორე მოპასუხეს (დამკვეთს) და პირველ მოპასუხეს (შემსრულებელს) შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც შემსრულებელმა ვალდებულება იკისრა, დამკვეთის ტერიტორიაზე „მაზ 5337“ მარკის ავტოამწით შეესრულებინა სხვადასხვა სახის სამუშაო.

83. ამავე ხელშეკრულების 2.3.2 პუნქტის შესაბამისად, შემსრულებელს სამუშაოები უნდა ეწარმოებინა ტექნიკური უსაფრთხოების წესების სრული დაცვით და პასუხი ეგო მის დარღვევაზე.

84. 2014 წლის 1 იანვარს მეორე მოპასუხესა და ინდივიდუალურ მეწარმეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება მეორე მოპასუხის ობიექტებზე სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად სატრანსპორტო-საშუალებით (სპეც-ტექნიკით) მომსახურების შესახებ.

85. მოსარჩელეთა მარჩენალი გარდაიცვალა 2014 წლის 24 იანვარს პირველ მოპასუხე ორგანიზაციაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ტრავმის შედეგად. მას გავლილი ჰქონდა მეჯამბარის ატესტაციისათვის საჭირო სწავლება და მომზადებული იყო მეჯამბარედ.

86. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მარჩენალის გარდაცვალება გამოწვეულ იქნა მოპასუხეთა მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედებით, კერძოდ, მოპასუხეთა გაუფრთხილებლობით დაირღვა უსაფრთხოების ნორმები, მათ ვერ უზრუნველყვეს დასაქმებულისათვის შრომის უსაფრთხო პირობების დაცვა.

87. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ პირველი მოსარჩელე და მარჩენალი 2008 წლის 1 მარტიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი – 2009 წლის 4 იანვარსა და 2010 წლის 2 აგვისტოს დაბადებული მოსარჩელეები.

88. სადავოდ გამხდარი არ არის ის ფაქტი, რომ მოსარჩელეები იმყოფებოდნენ გარდაცვლილის კმაყოფაზე და არიან სარჩოს მიღების მოთხოვნის მქონე პირები.

89. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრებით მხარეები მიიჩნევენ, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მიზეზობრივი კავშირის არსებობა მოპასუხეთა ქმედებას ან უმოქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

90. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

91. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

92. მოცემული დავა წარმოიშვა დელიქტური ვალდებულების საფუძველზე, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 992-ე მუხლის განმარტებასთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარი და სტაბილური პრაქტიკა. მითითებული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

93. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მოხმობილი ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი.

94. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას (სუსგ 8.09.2015წ. საქმე №ას-718-683-2015).

95. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ სადავო შემთხვევაში დადასტურებულია მოპასუხეთა მხრიდან სამუშაოების წარმოების შესაბამისი ინსტრუქციებისა და წესების დარღვევის ფაქტი, რაც იმაში გამოიხატა, რომ ვერ მოხდა სათანადო უსაფრთხოების ზომების დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ ჩაითვლება მხარეთა მოსაზრება, რომ მათ ქმედებასა და დამდგარ შედეგს – მარჩენალის გარდაცვალებას შორის ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებული მიზეზობრივი კავშირი არ არსებობდა.

96. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრებს არ აქვთ წარმატების პერსპექტივა.

97. ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

98. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

99. სსსკ-ის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

100. მოცემულ შემთხვევაში კასატორებს სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა გადაეხადათ სოლიდარულად 1465 ლარი, თითოეულს – 732,5 ლარი. შპს „რ.-მა“ გადაიხადა 733 ლარი, ხოლო შპს „ქ.-–მა“ – 734 ლარი.

101. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შპს „რ.-ს“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2016 წლის 16 სექტემბერს №--- საგადახდო დავალებით გადახდილი 733 ლარიდან 50 თეთრი, როგორც ზედმეტად გადახდილი თანხა, და 732,5 ლარის 70% – 512,75 ლარი, სულ – 513,25 ლარი. შპს „ქ.-–ს“ კი უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2016 წლის 15 სექტემბერს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 734 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 1,5 ლარი, ასევე, 732,5 ლარის 70% – 512,75 ლარი, სულ – 514,25 ლარი.

102. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მეორე მოპასუხის შუამდგომლობას საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვის შესახებ, ვინაიდან სსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში.

103. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მხარეთა მიერ მათი მოთხოვნების დასასაბუთებლად და მითითებული ფაქტების დასამტკიცებლად საჭირო მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას, რომლის შესაბამისად მხარეებს მტკიცებულებათა წარდგენა შეუძლიათ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას შესაბამისი წესების დაცვით. გამონაკლის შემთხვევაში, კანონით დადგენილი წინაპირობების არსებობისას, დასაშვებია ახალი მტკიცებულების წარდგენა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოშიც (სსკ-ის 380-ე მუხლი), თუმცა საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას მხარე ასეთ შესაძლებლობას მოკლებულია. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს განცხადებაზე (№ა-...-2016) 2016 წლის 11 ოქტომბერს დართული მტკიცებულებები 21 გვერდად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „რ.-ისა“ და შპს „ქ.-ის“ საკასაციო საჩივრები დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ შპს „რ.-ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2016 წლის 16 სექტემბერს №.. საგადახდო დავალებით გადახდილი 733 ლარიდან 513,25 ლარი.

3. კასატორ შპს „ქ.-ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2016 წლის 15 სექტემბერს №.. საგადახდო დავალებით გადახდილი 734 ლარიდან 514,25 ლარი. მასვე დაუბრუნდეს განცხადებაზე (№ა-...-2016) 2016 წლის 11 ოქტომბერს დართული მტკიცებულებები 21 გვერდად.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური