Facebook Twitter

საქმე № 330210014587435

საქმე №ას-807-774-2016 5 ოქტომბერი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე

კასატორი – ო. კ.-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. მ.-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უძრავი ქონებიდან წილის მიკუთვნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. მ. მ.-ამ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ო. კ.-ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ 30,09 კვ.მ ავტოფარეხის ½-ის მესაკუთრედ ცნობის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელემ განმარტა, რომ მხარეები იმყოფებოდნენ ქორწინებაში. სადავო უძრავი ქონება მოპასუხემ შეიძინა ჯერ კიდევ დაქორწინებამდე, თუმცა ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯის საფუძველზე ქონების ღირებულება საგრძნობლად გაიზარდა.

მოპასუხის პოზიცია:

3. მარტივი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო ფართი იმთავითვე შეიძინა გარემონტებულ მდგომარეობაში, ამუშავებდა მას, როგორც კომერციულ ფართს, შესაბამისად, უძრავი ნივთი დამატებით გაუმჯობესებას არ საჭიროებდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის არგუმენტს, რომ მან ავტოფარეხი შეიძინა გარემონტებულ მდგომარებაში.

7. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხემ სადავო 30.09 კვ.მ ავტოფარეხი შეიძინა 2009 წლის 19 მარტს 5 000 ლარად დაუმთავრებელ და გამოსაყენებლად უვარგის მდგომარეობაში.

8. მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2010 წლის 25 სექტემბრიდან 2014 წლის 11 მარტამდე.

9. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი სარჩელით მხარე ითხოვს სადავო ავტოფარეხის თანამესაკუთრედ ცნობას მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში ნივთზე განხორციელებული მიშენებისა და სარემონტო სამუშაოების საფუძველზე მისი ღირებულების გაზრდის გამო.

10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 1163-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ქონებაზე ქორწინების პერიოდში ჩატარებული სარეკონსტრუქციო სამუშაოები და გაწეული ხარჯები, რომლის შედეგადაც გაიზრდება ქონების ღირებულება, არ არის საკმარისი სამართლებრივი რეჟიმის ტრანსფორმაციისათვის. აუცილებელია, რომ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდოს. ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ქონების ღირებულების მნიშვნელოვნად გაზრდად ითვლება გადაგეგმარება, მშენებლობის დასრულება, გადაკეთება და სხვა. ამდენად, კანონმდებელი ყურადღებას ამახვილებს არა მარტო ქონების ღირებულების გაზრდაზე, არამედ ამ ღირებულების მნიშვნელოვანი გაზრდის თავისებურებაზე.

11. საქმის მასალებით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2011 წლის 30 მარტს მოპასუხის სახელზე გაიცა სადავო შენობის ფასადზე კარებისა და ვიტრაჟის მოწყობის ნებართვა.

12. მოწმეთა ჩვენებებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივ გარემოება, რომ სადავო ავტოფარეხში სარემონტო სამუშაოები (გალესვა, ცემენტის დასხმა, მეტლახის დაგება, ელექტროობის გაყვანა, გიპსკარდონის გაკვრა, კიბის შეფუთვა, წყალგაყვანილობა, სველი წერტილის მოწყობა) ჩატარდა 2011 წლის ზაფხულში, მოსარჩელის მამის მონაწილეობით.

13. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ სარემონტო სამუშაოების კალკულაციაზე, რომელიც დადასტურებულ იქნა ო. კ.-ის ხელმოწერით და ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა მისი ხელმოწერის ნამდვილობა.

14. საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო 30.09 კვ.მ ფართის საბაზრო ღირებულება 2009 წლის მარტის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენდა 24370 ლარს, ხოლო იმავე ექსპერტის შეფასებით, აღნიშნული ქონების საბაზრო ღირებულება 2014 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით საორიენტაციოდ წარმოადგენდა 27900 ლარს.

15. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 2014 წლის 15 ოქტომბრის ექსპერტიზის დასკვნა არ ასახავს სადავო ავტოფარეხის საბაზრო ღირებულებას სარემონტო სამუშაოების ჩატარებამდე, შესაბამისად, ექსპერტიზის წინაშე დასმული კითხვის ფარგლებში, ექსპერტისათვის, რომელმაც ავტოფარეხის დასურათება და დათვალიერება განახორციელა 2014 წლის ოქტომბერში, ობიექტურად შეუძლებელი იქნებოდა ავტოფარეხი გამოეკვლია 2009 წლის მდგომარეობით და სარემონტო სამუშაოების ჩატარებამდე დაედგინა მისი საბაზრო ღირებულება. ამდენად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელატის მსჯელობა, რომ 2009 და 2014 წლებში ავტოფარეხის ღირებულება იყო ერთი და იგივე.

16. სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის პრინციპის საფუძველზე, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული მხარე იღებს თავის თავზე როგორც ფაქტების გადმოცემის, ისე მათი დამტკიცება-დასაბუთების ტვირთს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 102-ე მუხლი).

17. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა შესაბამის მტკიცებულებებზე მითითებით ვერ დაადასტურა ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო ფართი შეიძინა გარემონტებულ მდგომარეობაში, ამდენად, დადგენილად უნდა ჩაითვალოს, რომ სადავო უძრავმა ქონებამ გაუმჯობესება განიცადა სწორედ მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში და 2014 წლის 1 თებერვლიდან გახდა შესაძლებელი აღნიშნული ფართის გაქირავება.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

18. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

19. კასატორმა მიუთითა სსკ-ის 1163-ე, 1158-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ საქმის მასალებით დადასტურებულია მის მიერ სადავო არასაცხოვრებელი ფართის საკუთარი რესურსების გამოყენებით გარემონტების ფაქტი. მეუღლეს არ გააჩნდა დამოუკიდებელი შემოსავალი და მონაწილეობა არ მიუღია ფართის გაუმჯობესებაში.

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

21. საკასაციო სასამართლოს მიერ საქმის ზეპირი განხილვისას მხარეებმა მოითხოვეს მათ შორის მიღწეული მორიგების დამტკიცება და წარადგინეს მორიგების აქტი შემდეგი პირობებით:

1. მ. მ.-ა, ო. კ.-ის მხრიდან მისთვის 8500 (რვა ათას ხუთასი) ლარის გადახდის სანაცვლოდ, უარს აცხადებს ო. კ.-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების – ქ.თბილისში, ც.-ის ქუჩა №- კორპუსის მიმდებარე 30 კვ.მ ავტოფარეხის (საკადასტრო კოდი №...) მიკუთვნებაზე და ადასტურებს, რომ მას არ გააჩნია ო. კ.-ის მიმართ და მის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე რაიმე სახის მოთხოვნები და პრეტენზიები;

2. მ. მ.-ა წინამდებარე მორიგების აქტზე ხელმოწერით ადასტურებს, რომ ო. კ.-ისაგან მიიღო 8500 (რვა ათას ხუთასი) ლარი;

3. მორიგების აქტზე ხელმოწერით მხარეები ადასტურებენ, რომ ერთმანეთის მიმართ რაიმე სახის მოთხოვნები და პრეტენზიები აღარ გააჩნიათ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

22. საკასაციო სასამართლო გაეცნო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

23. სსსკ-ის მე-3 მუხლით განმტკიცებულია სამოქალაქო სამართალწარმოებისათვის მნიშვნელოვანი დისპოზიციურობის პრინციპი, რაც უმთავრესად ნიშნავს მხარეთა მიერ საკუთარი ნების საფუძველზე კანონით მათთვის მინიჭებული უფლებების განკარგვას. მათ შორისაა ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული უფლება, მხარეებმა დავის შეწყვეტის მიზნით, მიაღწიონ შეთანხმებას გარკვეულ პირობებზე (მორიგდნენ), რომელიც ორმხრივ მავალდებულებელია და სასამართლოს მიერ დამტკიცების შემთხვევაში ექვემდებარება აღსრულებას.

24. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მორიგების აქტით განსაზღვრული პირობები გამოხატავს მხარეთა ნებას, რაც დასტურდება სანოტარო წესით დამოწმებული მორიგების აქტით, ამავდროულად, მორიგების აქტის შინაარსი არ ეწინააღმდეგება კანონს.

25. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ მხარეებისათვის ცნობილია წინამდებარე მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცების სამართლებრივი შედეგები, კერძოდ, მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე სასამართლო განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ სასამართლოს მიერ საქმის წარმოება წყდება და მხარეებს აღარ აქვთ უფლება, განმეორებით მიმართონ სასამართლოს იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.

26. სსსკ-ის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ. იმავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

27. სსსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

28. ამდენად, მხარეთა მორიგების საფუძველზე კასატორ ო. კ.-ეს სრულად უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მის მიერ 2016 წლის 11 აგვისტოს №- საკრედიტო საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 697,50 ლარი.

29. სსსკ-ის 1991 მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

30. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 აგვისტოს განჩინებით ყადაღა დაედო ქ.თბილისში, ც.-ის ქუჩა №- კორპუსის მიმდებარე ავტოფარეხის 30 კვ.მ ფართს (საკადასტრო კოდი №...), რომლის მესაკუთრეს წარმოადგენს ო. კ.-ე (პირადი №..).

31. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მორიგების პირობებში, გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს და სადავო ქონებას ყადაღა მოეხსნას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, 373-ე მუხლის მეორე ნაწილით, 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით, 49-ე მუხლის მეორე ნაწილით, 1991 მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დამტკიცდეს მორიგება მხარეთა შორის შემდეგი პირობებით:

1. მ. მ.-ა, ო. კ.-ის მხრიდან მისთვის 8500 (რვა ათას ხუთასი) ლარის გადახდის სანაცვლოდ, უარს აცხადებს ო. კ.-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების – ქ.თბილისში, ც.-ის ქუჩა №- კორპუსის მიმდებარე 30 კვ.მ ავტოფარეხის (საკადასტრო კოდი №...) მიკუთვნებაზე და ადასტურებს, რომ მას არ გააჩნია ო. კ.-ის მიმართ და მის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე რაიმე სახის მოთხოვნები და პრეტენზიები;

2. მ. მ.-ა წინამდებარე მორიგების აქტზე ხელმოწერით ადასტურებს, რომ ო. კ.-ისაგან მიიღო 8500 (რვა ათას ხუთასი) ლარი;

3. მორიგების აქტზე ხელმოწერით მხარეები ადასტურებენ, რომ ერთმანეთის მიმართ რაიმე სახის მოთხოვნები და პრეტენზიები აღარ გააჩნიათ.

4. მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს და გაუქმდეს ამ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის ყველა გადაწყვეტილება;

5. განემარტოს მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში დაუშვებელია სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლებით;

6. კასატორ ო. კ.-ეს (პირადი №..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2016 წლის 11 აგვისტოს №... საკრედიტო საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 697,50 ლარი.

32. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნას ქ.თბილისში, ც.-ის ქუჩა №... კორპუსის მიმდებარე ავტოფარეხის 30 კვ.მ ფართს (საკადასტრო კოდი №...), რომლის მესაკუთრეს წარმოადგენს ო. კ.-ე (პირადი №...).

7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური