Facebook Twitter
საქმე №ას-843-809-2016 26 ოქტომბერი, 2016 წელი
№ას-843-809-2016 გ.-ი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური


საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე


კასატორი – გ. გ.-ი (მოპასუხე)


მოწინააღმდეგე მხარე – ს. ბ.-ი (მოსარჩელე)


გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება


კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება



დავის საგანი – უძრავი ნივთით სარგებლობაში უკანონო ხელშეშლის აღკვეთა




ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ს. ბ.-მა (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. გ.-ის (შემდგომში – მოპასუხე), ს. მ.-ისა და მ. მ.-ის (შემდგომში – თანამესაკუთრე მოპასუხეები) მიმართ თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის იმგვარად გაყოფის შესახებ, რომ სამკვიდროში შემავალი №5 შენობა მიეკუთვნოს მოსარჩელეს, №9 შენობა – მოპასუხეს, ასევე, მასვე აღეკვეთოს ყოველგვარი ხელშეშლა მოსარჩელის მიერ სადავო ქონებით სარგებლობაში.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, მხარეების თანასაკუთრებაში იმყოფება უძრავი ნივთი, რომელიც მათ მიიღეს მემკვიდრეობით, თუმცა მოპასუხე შესაძლებლობას არ აძლევს მხარეს, თავისუფლად ისარგებლოს კუთვნილი წილით, რის გამოც საჭირო გახდა დავა სასამართლოში.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ არსებითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელემ სამკვიდრო მოწმობა მიიღო არარსებულ ნაგებობაზე, ვინაიდან მისი მამკვიდრებლის მიერ დანატოვარი შენობა დიდი ხნის წინ დაინგრა, სადავო უძრავი ნივთი კი ააშენეს მოპასუხის მეუღლემ და მამამთილმა.
4. დანარჩენმა მოპასუხეებმა განმარტეს, რომ ისინი წარმოადგენენ იმ მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეებს, რომელზეც სადავო შენობებია განლაგებული, თუმცა მიწის ირგვლივ დავა არ მიმდინარეობს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა უკანონო ხელშეშლის აღკვეთის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, სადავო უძრავ ნივთზე მოსარჩელის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია ლიტ „ა-ს“ 1/2 ნაწილზე, მის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად. დანარჩენ თანამესაკუთრე მოპასუხეებზე საკუთრების უფლება რეგისტრირებულია: 1. ლიტ „ა-დან“ საცხოვრებელ 15 კვ.მ-ზე და 20 კვ.მ საერთო ფართზე; 2. ამავე ლიტ „ა-ს“ 15/30 ნაწილზე.
8. საჯარო რეესტრში მოპასუხე საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის, თუმცა მხარეები აღიარებენ, რომ იგი ცხოვრობს ამ ფართში და სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით აქვს მიღებული.
9. საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე მოსარჩელემ უარი თქვა სასარჩელო მოთხოვნაზე იმ ნაწილში, რომლითაც საზიარო უფლების გაუქმებას ითხოვდა. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 17 მარტის საოქმო განჩინებით აღნიშნულ ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა.
10. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს შეფასების საგანია გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება უკანონო ხელშეშლის აღკვეთის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.
11. სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელე უკანონო ხელშეშლის აღკვეთის შესახებ სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეები უკვე მრავალი წელია უკანონოდ ფლობენ, კერძოდ, აქირავებენ მის საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონებას (ლიტ „ა-დან“ 1/2 ნაწილი) და მოსარჩელეს არ აძლევენ მისი კანონიერი საკუთრებით სარგებლობის შესაძლებლობას. მოწინააღმდეგე მხარეებს აღნიშნული გარემოება სადავოდ არ გაუხდიათ.
12. სააპელაციო პალატის განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა ადგენს დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს.
13. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე მიუთითებს მოპასუხეთა მხრიდან სადავო უძრავი ქონებით უკანონო სარგებლობასა და ხელშეშლაზე, მოპასუხეთა მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც გააქარწყლებდა სარჩელში მითითებულ გარემოებებს, თუმცა მოპასუხეებს საპირისპირო გარემოებებზე არ მიუთითებიათ. ასეთ შემთხვევაში კი, პალატამ დადგენილად მიიჩნია მოსარჩელის მიმართ საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის ფაქტი.
14. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 955-ე მუხლით და უდავოდ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძვლიდან. აღნიშნული ნორმის გამოყენებისათვის კი საჭიროა, დადგინდეს საკუთრების უფლების განხორციელების ხელშეშლის ფაქტი. მესაკუთრეს, სხვა პირთა გამო, არ უნდა შეეძლოს საკუთრებაში არსებული ნივთის თითოეული ნაწილით თავისუფალი სარგებლობა, ფლობა და განკარგვა. თუ ასეთი ფაქტი იარსებებს, მიჩნეულ იქნება, რომ მას ხელს უშლიან საკუთრების უფლების რეალიზებაში.
15. მოსარჩელე მოითხოვს საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთას, შესაბამისად, სარჩელი წარმოადგენს ნეგატორულ (და არა ვინდიკაციურ) სარჩელს და სამართლებრივი საკითხები გამომდინარეობს სსკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესიდან.
16. „ნეგატორული სარჩელი მიმართულია უფლების ისეთი დარღვევის წინააღმდეგ, რაც არ არის დაკავშირებული ნივთის მფლობელობის დაკარგვასთან, მაგრამ ხელშემშლელია ნივთის სარგებლობისა და განკარგვისათვის, ე.ი. პირი მოკლებულია ამ უფლებამოსილებათა განხორციელების შესაძლებლობას, რადგან სხვა პირი თავისი მოქმედებით ხელს უშლის მათ რეალიზებას.. ამ სარჩელის საფუძველია გარემოებები, რომლებიც აფუძნებენ მოსარჩელის მიერ ნივთით სარგებლობისა და განკარგვის უფლებამოსილებას. ასევე ამტკიცებენ, რომ მესამე პირთა მოქმედება აბრკოლებს მათ განხორციელებას. მოსარჩელეს არ ევალება, ამტკიცოს მოპასუხის მოქმედების ან უმოქმედობის არამართლზომიერება, ის ივარაუდება, სანამ მოპასუხე არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას ...
17. ნეგატორული სარჩელი მიზნად ისახავს მესაკუთრის თავისუფლების აღიარებას ხელმყოფისაგან, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ზიანის ანაზღაურებასა და დაცვის გარანტიების შექმნას შემდგომში შესაძლო ხელყოფისაგან. ნეგატორული სარჩელით სარგებლობს როგორც მესაკუთრე, ისე ნებისმიერი მართლზომიერი მფლობელი“ (ქეთევან ქოჩაშვილი, მფლობელობა და საკუთრება – ფაქტი და უფლება სამოქალაქო სამართალში, გვ. 175-176).
18. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საჯარო რეესტრის ამონაწერით დაადგინა, რომ მოსარჩელე სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრეა და ვერ სარგებლობს უძრავი ნივთით. აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საკმარისი წინაპირობა და მოპასუხეებს უნდა აეკრძალოთ მოსარჩელისათვის მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ლიტ „ა-დან“ ½ ნაწილის შესაბამისი ფართით სარგებლობაში ხელშეშლა.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

19. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხემ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
20. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ სადავო შენობა ამჟამად აღარ არსებობს. 1985 წელს მოსარჩელემ დედასთან და მეუღლესთან ერთად მიიღო ბინა, ასევე, ბინები მიიღეს მისმა ძმებმა და ამიტომ მათი მამის სახელზე რიცხული სახლი დაინგრა. შესაბამისად, გაუგებარია, რომელი შენობის სარგებლობაში ხელშეშლა აღეკვეთა კასატორს. უდავოა, რომ 1943 წელს სამამულო ომში დაღუპული კასატორის მამა დანგრეულ სახლს ვეღარ აღადგენდა. ამჟამად არსებული სახლი 1986 წელს სამხედრო სამსახურიდან დაბრუნებულმა კასატორის მეუღლემ ააშენა.
21. მხარის მითითებით, სააპელაციო პალატამ მხედველობაში არ მიიღო ტექბიუროს ცნობა, სამკვიდრო მოწმობა, 2010 წლის 28 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი და მოწმეთა ჩვენებები.
22. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 393-ე მუხლის მოთხოვნა.
23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:


24. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
25. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულების – საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, სადავო უძრავ ნივთზე მოსარჩელის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია ლიტ „ა-ს“ 1/2 ნაწილზე, მის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად.
26. დანარჩენ თანამესაკუთრე მოპასუხეებზე საკუთრების უფლება რეგისტრირებულია: 1. ლიტ „ა-დან“ საცხოვრებელ 15 კვ.მ-ზე და 20 კვ.მ საერთო ფართზე; 2. ამავე ლიტ „ა-ს“ 15/30 ნაწილზე.
27. საჯარო რეესტრში მოპასუხე საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის, თუმცა მხარეები აღიარებენ, რომ იგი ცხოვრობს აღნიშნულ ფართში და სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით მიღებული აქვს.
28. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოპასუხეების მხრიდან მოსარჩელის მიმართ ხორციელდება საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის ფაქტი.
29. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის პრეტენზია ეფუძნება ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მიერ სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მიღებული უძრავი ნივთი რეალურად აღარ არსებობს, შესაბამისად, არარსებული ქონებით სარგებლობაში ხელშეშლა ვერ მოხდება.
30. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
31. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
32. კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების ძალით კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
33. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედებს სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყოველი მხარე ვალდებულია, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს საკუთარი პოზიციის სისწორე და უტყუარობა სასამართლოს წინაშე. აღნიშნული წესი უმეტეს შემთხვევაში გულისხმობს, რომ მოსარჩელემ უნდა წარადგინოს მის სასარჩელო განცხადებაში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო მოპასუხე, რომელიც არ ეთანხმება სასარჩელო განცხადებას, მოსარჩელის არგუმენტებისაგან თავდაცვის მიზნით, ვალდებულია, საპასუხო მტკიცებულებების წარდგენით გააქარწყლოს მოსარჩელის პოზიცია.
34. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე თავისი სასარჩელო მოთხოვის გასამყარებლად უთითებს მოპასუხე მხარის მხრიდან მისი კუთვნილი უძრავი ნივთით სარგებლობაში ხელშეშლის ფაქტს, რაც იმაში გამოიხატა, რომ მოპასუხე წლების განმავლობაში აქირავებდა მოსარჩელის სახელზე აღრიცხულ ფართს მისი თანხმობისა და ნებართვის გარეშე.
35. სსსკ-ის 102-ე მუხლის ძალით მოპასუხე, რომელიც არ დაეთანხმა მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებას, ვალდებულებია, საპასუხო შესაგებლით სარწმუნოდ უარყოს ესა თუ ის ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს არ განუხორციელებია და ამით იგი, ფაქტობრივად დაეთანხმა სარჩელის ამ საფუძველს.
36. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარდგენილი სარჩელი ეხება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე საკუთრების ხელყოფის აღკვეთის მოთხოვნას.
37. აღნიშნული მოთხოვნა გამომდინარეობს მესაკუთრის უფლებიდან – კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს ან სარგებლობდეს ქონებით და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 170).
38. სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც, მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვა), არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესის განსაზღვრას. აღნიშნული ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით (სუსგ 12.02.2016 საქმე №ას-1041-998-2016 გადაწყვეტილება).
39. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზია არ წარმოუდგენია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმართ. სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია ნეგატორული სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელი გარემოებები, რომ მოსარჩელე სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრეა და იგი, მოპასუხის მხრიდან ხელშეშლის გამო, ვერ სარგებლობს უძრავი ნივთით, შესაბამისად, არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საკმარისი ფაქტობრივ-სამართლებრივი წანამძღვრები.
40. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
41. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (სუსგ 24.06.2015 №ას-418-398-2015 განჩინება).
42. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.



ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:


საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და




დ ა ა დ გ ი ნ ა:


1. გ. გ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.



თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი




მოსამართლეები: ბ. ალავიძე




ნ. ბაქაქური