Facebook Twitter

საქმე № 240210014573545

საქმე №ას-895-861-2016 13 ოქტომბერი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ. ხ.-ა (განმცხადებელი)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. გ.-ა

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სასამართლო გადაწყვეტილების იძულებით აღსასრულებლად სამართლებრივი დახმარების გამოყენება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

განმცხადებლის მოთხოვნა:

1. გ. ხ.-ამ (შემდგომში – განმცხადებელი) განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული განჩინების იძულებით აღსასრულებლად სამართლებრივი დახმარების გამოყენება და ბავშვებთან ურთიერთობის უფლების აღდგენა.

განცხადების საფუძვლები:

2. განმცხადებელმა მიუთითა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 12 თებერვლის განჩინებით გ. ხ.-ასა და თ. გ.-ას შორის დამტკიცდა 2015 წლის 12 თებერვლის მორიგების აქტი, გაუქმდა ს.-ს რაიონული სასამართლოს 2014 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა, მორიგების აქტი დამტკიცდა შემდეგი პირობებით:

„1. წელიწადში ერთხელ, ყოველწლიურად, სწავლისაგან თავისუფალ დროს, თ. გ.-ა 50 (ორმოცდაათი) დღით რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვში წაიყვანს ჩვენს არასრულწლოვან შვილებს თ.- ხ.-ას დაბადებულს ... და თ. ხ.-ას დაბადებულს ...-ს;

2. მე, გ. ხ.-ა, თანახმა ვარ, თ. გ.-ამ წელიწადში ერთხელ, სწავლისაგან თავისუფალ დროს 50 (ორმოცდაათი) დღით წაიყვანოს რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვში არასრულწლოვანი შვილები თ.- ხ.-ა დაბადებული ... და თ. ხ.-ა დაბადებული ..-ს.

3. ყოველი არდადეგების დროს, არდადეგების ნახევარი პერიოდი თ.- ხ.-ა და თ. ხ.-ა იქნებიან ჩემთან – გ. ხ.-ასთან, ხოლო არდადეგების ნახევრის მეორე პერიოდი – თ. გ.-ასთან.

4. ჩემი – გ. ხ.-ას, გ. ხ.-ას დედის, გ. ხ.-ას დის, გ. ხ.-ას მამის დაბადების დღეებზე თ.- ხ.-ა და თ. ხ.-ა იქნებიან აღნიშნულ პირებთან 2015 წლიდან, წელიწადის გამოშვებით. აღნიშნული პირების მომდევნო დაბადების დღეებზე, ბავშვები იქნებიან მათთან.

5. თ.- ხ.-ას და თ. ხ.-ას დაბადების დღეებში, ბავშვები იქნებიან გ. ხ.-ასთან 2015 წლიდან ყოველ მეორე წელიწადს.

6. სადღესასწაულო დღეებში – ახალ წელს, შობას, ნათლისღებას, აღდგომას, 2015 წლიდან და ყოველ მეორე წელს იქნებიან თ.- ხ.-ა და თ. ხ.-ა გ. ხ.-ასთან;

7. ყოველი კვირის პარასკევს, შაბათს და კვირას, სწავლისაგან თავისუფალ დროს, თ.- ხ.-ა და თ. ხ.-ა იქნებიან გ. ხ.-ასთან; ალიმენტს 100 (ას) ლარს გ. ხ.-ა გადაიხდის ყოველთვიურად.”

3. განმცხადებელმა მიუთითა, რომ 2015 წლის 27 თებერვალს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა თ. გ.-ამ და ითხოვა განჩინების განმარტება იმგვარად, რომ გ. ხ.-ას თანხმობა თ. გ.-ამ სწავლისაგან თავისუფალ დროს წაიყვანოს მოსკოვში თავისი არასრულწლოვანი შვილები თ. და თ. ხ.-ა, მოიცავს არასრულწლოვან შვილებზე პასპორტის გაცემის თანხმობას.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 9 მარტის განჩინებით განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, თ. გ.-ამ აიღო თავისი და გ. ხ.-ას არასრულწლოვანი შვილების პასპორტები, გადაკვეთა საქართველოს საზღვარი და წავიდა რუსეთში, ქ. მოსკოვში, ისე, რომ არც არდადეგები იყო და არც გ. ხ.-ასგან ჰქონია თანხმობა. იგი შვილებთან ერთად დღემდე იმყოფება ქ. მოსკოვში და ბავშვების მამას არ აძლევს თავისი შვილების ნახვის შესაძლებლობას, რითაც მან დაარღვია მორიგების პირობები. თ. გ.-ამ ბავშვები რუსეთის ფედერაციაში გაიყვანა არა იმ დროს, რაც გათვალისწინებული იყო მორიგებით, არამედ სწავლის პერიოდში, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა.

5. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ააიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის მიერ განმცხადებელს ეცნობა, რომ სააგენტოს არ შეუძლია გადაწყვეტილების აღსრულება, რადგან ბავშვები არ იმყოფებიან საქართველოში.

6. მხარის მითითებით, თ. გ.-ამ არაერთხელ დაარღვია მორიგების პირობები, რის გამოც საჭირო გახდა საპატრულო პოლიციის გამოძახება. შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები.

7. განმცხადებელმა მოითხოვა, რუსეთის კომპეტენტური სასამართლოსათვის მიმართვის გზით მოხდეს რუსეთის ფედერაციაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 თებერვლის განჩინების იძულებითი აღსრულება.

8. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განმცხადებელმა მიუთითა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ (შემდგომში – მინსკის კონვენცია) კონვენციის პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, 32-ე მუხლის პირველ, მე-3 პუნქტებზე, 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში აღსასრულებელია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 თებერვლის განჩინება. მინსკის კონვენციის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შუამდგომლობა გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვის თაობაზე წარდგინება ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ სასამართლოს, სადაც გადაწყვეტილება აღსრულებას ექვემდებარება. იგი ასევე შეიძლება წარედგინოს სასამართლოში, სადაც გამოტანილ იქნა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. ეს სასამართლო შუამდგომლობას გადასცემს სასამართლოს, რომელიც კომპეტენტურია გამოიტანოს გადაწყვეტილება ამ შუამდგომლობაზე.

9. 2016 წლის 20 მაისს გ. ხ.-ამ კვლავ განცხადებით მიმართა სააპელაციო პალატას და მიუთითა, რომ არსებობს რუსეთის ფედერაციაში გაყვანილი მისი შვილებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების საფრთხე, რის შემდეგაც ბავშვების საქართველოში დაბრუნება ფაქტობრივად შეუძლებელი გახდება. განცხადებას თან დაერთო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი, თ. გ.-ას დედის – ნ. ნ.-ას რუსეთის მოქალაქის პასპორტის ასლი და სახელმწიფო რეგისტრაციის უფლების შესახებ მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი.

10. 2016 წლის 24 ივნისს გ. ხ.-ამ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას წარმოუდგინა განცხადება თანდართული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ გაცემული ცნობით, რომლითაც დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული განყოფილების წარმოებაშია №... სისხლის სამართლის საქმე თ. გ.-ას მიმართ სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივლისის განჩინებით გ. ხ.-ას განცხადება დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

12. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მხარეთა შორის წარმოშობილ ურთიერთოებებზე უნდა გავრცელდეს „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეშვიდე კარის XLII2-ე თავით გათვლისწინებული ნორმები.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 3517-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში შესაძლოა საქმე ეხებოდეს ბავშვის არამართლზომიერ გადაადგილებას, არამართლზომიერ დაკავებასა და ბავშვთან ურთიერთობის უფლების დარღვევას. მართალია, საქმის მასალებიდან გამომდინარე, საქართველოს საზღვარზე ბავშვები დედასთან ერთად სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისთვის დადგენილი წესების დაცვით გადაადგილდნენ, მაგრამ შესაძლოა, თ. გ.-ამ დაარღვია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 12 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით დადგენილი, მოდავე მხარეთა შორის განსაზღვრული წესი, რომლის თანახმად, გ. ხ.-ა თანახმა იყო, თ. გ.-ას წელიწადში ერთხელ, სწავლისაგან თავისუფალ დროს 50 (ორმოცდაათი) დღით წაეყვანა რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვში არასრულწლოვანი შვილები – თ.- ხ.-ა (დაბადებული ... ( და თ. ხ.-ა (დაბადებული ...-ს).

14. საქმეში არსებული შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციის თანახმად, თ. გ.-ამ, თ.- და თ. ხ.-ებმა სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთეს 2016 წლის 17 მარტს. „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 სექტემბრის ბრძანების თანახმად, მარტის თვე არ არის სწავლისაგან თავისუფალი დრო, შესაბამისად, დედამ – თ. გ.-ამ ბავშვები საქართველოს საზღვრებს გარეთ გადაიყვანა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით დამტკიცებული მხარეთა შორის შეთანხმებული პირობების დარღვევით, ე.ი. – არამართლზომიერად.

15. განმცხადებლის მითითებით და საქმეში არსებული მასალების საფუძველზე 2016 წლის 17 მარტიდან 2016 წლის 16 მაისის (განცხადების წარდგენის მომენტის) მდგომარეობით (50 დღეზე მეტ ხანს) ბავშვები რუსეთის ფედერაციაში იმყოფებიან, შესაბამისად, შესაძლოა საქმე ეხებოდეს ბავშვების არამართლზომიერ დაკავებას.

16. სააპელაციო პალატის აზრით, თ. გ.-ამ დაარღვია გ. ხ.-ას მიმართ თავისივე ბავშვებთან ურთიერთობის უფლება. ამდენად, განმცხადებელს გააჩნია დაცვის ღირსი ინტერესი და უფლება აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლების აღდგენა სასამართლოსთვის მიმართვის გზით.

17. სსსკ-ის 3518-ე მუხლის, 3519-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოცემული სამართლებრივი ურთიერთობა უნდა დარეგულირდეს სსსკ-ის მეშვიდე კარის XLII2-ე თავით გათვლისწინებული ნორმებით, „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენცით და არა სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ 1993 წლის 22 იანვრის კონვენციით (მინსკის კონვენცია), როგორც ამას განმცხადებელი მიუთითებს.

18. საქმეში არსებული მასალების თანახმად, ბავშვების ადგილსამყოფელი, მათ საზღვარგარეთ გაყვანამდე, იყო ქ.ს.. თ. გ.-ა საზღვარგარეთ გამგზავრებამდე თავის მცირეწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობდა მამასთან, მ. გ.-ასთან ერთად, ქ. სენაკში, მშობლების საცხოვრებელ სახლში.

19. ზემოაღნიშნულის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებასთან ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, გ. ხ.-ა უფლებამოსილია, თავისი უფლების აღსადგენად, წარადგინოს სარჩელი (და არა განცხადება) ამ საკითხების განსჯად – დასავლეთ საქართველოს (ქ. ს.) იურისდიქციის მომცველ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.

20. სსსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გ. ხ.-ას განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად და განმცხადებელს უნდა განემარტოს, რომ არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებასთან ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, თავისი უფლების აღდგენის მოთხოვნით შეუძლია იდავოს მხოლოდ სასარჩელო წარმოების გზით ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

21. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე გ. ხ.-ამ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:

22. კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ მოწინააღმდეგე მხარემ არაერთხელ დაარღვია მხარეთა შორის მიღწეული მორიგების პირობები, რის გამოც საჭირო გახდა სამართალდამცავი ორგანოების ჩარევა, თუმცა ამჟამად მან ბავშვები გაიყვანა საქართველოს საზღვრებს გარეთ. შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის მიერ ეცნობა, რომ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელია ბავშვების საქართველოს ტერიტორიაზე არყოფნის გამო.

23. მხარის მოსაზრებით, სააპელაციო პალატას უნდა ეხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ მინსკის კონვენციით, რომლის საფუძველზეც სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებას განმცხადებელი ითხოვდა. აღნიშნულით დაირღვა სსსკ-ის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი. აღნიშნულის სანაცვლოდ, სასამართლომ გამოიყენა სსკ-ის 13058 მუხლი, რომელიც სადავო შემთხვევას არ ეხება.

24. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა მინსკის კონვენციის პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, 32-ე მუხლის პირველ პუნქტზე და აღნიშნა, რომ, მართალია, მისი შვილები ამჟამად იმყოფებიან რუსეთის ფედერაციაში, მაგრამ მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოშია. აღნიშნული იმითაც დასტურდა, რომ მოწინააღმდეგე მხარემ ბავშვები საზღვარზე გაიყვანა მამის თანხმობის გარეშე.

25. მხარემ მიიჩნია, რომ სსკ-ის 1197-ე მუხლის, 1200-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სასამართლოს ბავშვების საქართველოს საზღვარზე გადაყვანა უნდა შეეფასებინა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისათვის დადგენილი წესების დარღვევით გადაადგილებად.

26. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად იმსჯელა ბავშვის არამართლზომიერად გაყვანის საკითხზე მაშინ, როდესაც ამგვარი მოთხოვნა მხარეს არ წარუდგენია.

27. მხარემ აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატამ გაურკვეველი მიზეზით უთხრა უარი განცხადების მიღებაზე, რა დროსაც, სსსკ-ის 187-ე მუხლის დარღვევით არ მიუთითა, თუ რომელი დაწესებულებისათვის მიემართა სადავო განცხადებით.

28. მხარის მითითებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა იცნობს მსგავს საკითხებზე უცხო ქვეყნის სასამართლოების ცნობისა და საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების შემთხვევებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

29. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

30. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის განჩინების კანონიერება გ. ხ.-ას განცხადების განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით.

31. ზემოაღნიშნული განცხადებით მხარემ მოითხოვა რუსეთის კომპეტენტური სასამართლოსათვის მიმართვის გზით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 თებერვლის განჩინების იძულებითი აღსრულება. მითითებული განჩინებით დამტკიცდა მორიგება გ. ხ.-ასა და თ. გ.-ას შორის მათ არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ, რა დროსაც, სხვა საკითხების მოწესრიგებასთან ერთად, თ.გ.-ას უფლება დაერთო, შვილები წელიწადში ერთხელ, სწავლისაგან თავისუფალ დროს 50 დღით წაეყვანა რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვში.

32. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეში არსებული შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციის თანახმად, თ. გ.-ამ შვილებთან – თ.- და თ. ხ.-ებთან ერთად სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთეს 2016 წლის 17 მარტს.

33. „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 სექტემბრის ბრძანების თანახმად, მარტის თვე არ არის სწავლისაგან თავისუფალი დრო, შესაბამისად, დედამ – თ. გ.-ამ ბავშვები საქართველოს საზღვრებს გარეთ გადაიყვანა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით დამტკიცებული მხარეთა შორის შეთანხმებული პირობების დარღვევით, არამართლზომიერად.

34. ამდენად, მხარის მიზანია, სააპელაციო სასამართლოს განჩინების იძლებით აღსრულებასთან დაკავშირებული მექანიზმის ამოქმედება, თუმცა ბავშვების რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ყოფნის გამო, საქართველოს კომპეტენტურ ორგანოთა უფლებამოსილება მათ მიმართ ვერ გავრცელდება.

35. უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე საქართველოსათვის სამართლებრივი დახმარების გაწევის საკითხს შეეხება „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ მინსკის 1993 წლის 22 იანვრის კონვენცია, რომლის ხელშემკვრელ მხარეებს, სხვა ქვეყნებთან ერთად, წარმოადგენენ რუსეთის ფედერაცია და საქართველო.

36. კონვენციის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეების იუსტიციის დაწესებულებები ახორციელებენ სამართლებრივ დახმარებას სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე ამ კონვენციის დებულებათა შესაბამისად. მე-6 მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი მხარეები სამართლებრივ დახმარებას უწევენ ერთმანეთს საპროცესო და სხვა მოქმედებათა შესრულებით, მათ შორის: სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებების ცნობითა და აღსრულებით.

37. გადაწყვეტილებათა ცნობასა და აღსრულებას ეხება კონვენციის 51-ე მუხლი, რომლის „ა“ ქვეპუნქტის ძალით თითოეული ხელშემკვრელი მხარე ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობებით ცნობს და აღასრულებს სხვა ხელშემკვრელი მხარეების ტერიტორიაზე გამოტანილ იუსტიციის დაწესებულებათა გადაწყვეტილებებს სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე, ასეთ საქმეებზე სასამართლოს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო შეთანხმებებისა და ნოტარიალური აქტების ჩათვლით ფულად ვალდებულებათა მიმართ.

38. მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების კონვენციის ხელშემკვრელი სხვა სახელმწიფოს, მათ შორის რუსეთის ფედერაციის, ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების მსურველმა მხარემ უნდა მიმართოს საქართველოს იუსტიციის ორგანოების შესაბამის სამსახურს, წარადგინოს მინსკის კონვენციის 53-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები და იშუამდგომლოს ამ გადაწყვეტილების ცნობისა და ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე აღსრულების შესახებ.

39. აღნიშნული იუსტიციის ორგანოები შემდგომი რეაგირებას მოახდენენ კონვენციის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც შუამდგომლობა გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვის თაობაზე წარედგინება ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ სასამართლოს, სადაც გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს.

40. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებულ კონვენციაზე განმცხადებლის აპელირება ნაწილობრივ საფუძვლიანია, თუმცა მისი დანაწესების შესასრულებლად საქართველოს საერთო სასამართლოებისათვის მიმართვის შესაძლებლობას იგი არ ითვალისწინებს.

41. რაც შეეხება გასაჩივრებულ განჩინებას, საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება მის სამართლებრივი დასაბუთებას, თუმცა თვლის, რომ სააპელაციო პალატის მსჯელობას არასწორი სამართლებრივი შედეგის მიღება არ მოჰყოლია და გ. ხ.-ას განცხადება კანონიერად დარჩა განუხილველად.

42. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

43. ამდენად, წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ხ.-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე