Facebook Twitter

საქმე № 330210016001263972

საქმე №ას-937-902-2016 19 ოქტომბერი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა. ქ.-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – რ. ბ.-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 აგვისტოს განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, ქონების დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. რ. ბ.-ამ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ქ.-ის, შ. გ.-ის, შ. კ.-ისა და რ. ა.-ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ ხელშეკრულებების ბათილად ცნობა და კუთვნილი ქონების დაბრუნება შესახებ.

განმცხადებლის პოზიცია:

2. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით შპს „დ.–სა“ და შპს „დ.-აში“ ა. ქ.-ის სახელზე აღრიცხული 75%-იან წილზე ყადაღის დადება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 მარტის განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა, ხოლო ამავე სასამართლოს 2016 წლის 18 აპრილის განჩინებით მოსარჩელის საჩივარი, როგორც დაუსაბუთებელი, გაეგზავნა სააპელაციო პალატას.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ივლისის განჩინებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ა. ქ.-ის აეკრძალა მის სახელზე რეგისტრირებული 75% წილის გასხვისება შპს „დ.–სა“ და შპს „დ.-აში“. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ განჩინებაზე შესაძლებელია საჩივრის შეტანა.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ორივე მხარემ შეიტანეს საჩივრები.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 სექტემბრის განჩინებებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა და განსახილველად გაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

განმცხადებლის პოზიცია:

7. ა. ქ.-იმ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების აღსრულების შეჩერება მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და დასაბუთება:

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 აგვისტოს განჩინებით მოპასუხის განცხადება არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 372-ე მუხლით, 194-ე მუხლის მეორე ნაწილით და განმარტა, რომ საჩივრის შეტანის გზით მოპასუხეს შეუძლია რელევანტური მტკიცებულებებისა და არგუმენტების წარდგენით დაუსაბუთოს სასამართლოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზენაშეუწონლობა და ამავე საფუძვლებით მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების განჩინების აღსრულების შეჩერება დროებით, სანამ არ მოხდება საჩივრის განხილვა.

10. საჩივარში მოყვანილი ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასების გათვალისწინებით, თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ეტაპზე: უზრუნველყოფის ღონისძიება გაუმართლებელია; აღარ არსებობს გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობისა და გართულების საფრთხე; შეიცვალა ან აღარ არსებობს ის გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო სარჩელის უზრუნველყოფას; ან უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მხარეს ადგება შეუქცევადი და გამოუსწორებელი ზიანი, შეუძლია საჩივრის არსებითი განხილვის დასრულებამდე, მყისიერად, გარკვეული ვადით შეაჩეროს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით დადგენილი საპროცესო მოქმედებების აღსრულება. (მაგ ყადაღის შეჩერება, მოქმედებების აკრძალვის შეჩერება და ა.შ.), თუმცა აღსრულების შეჩერების განჩინება გავლენას ვერ მოახდენს სასამართლოს მიერ შემდგომში სარჩელის უზრუნველყოფის განჩინების საჩივრის გადაწყვეტილების შინაარსზე.

11. სარჩელის უზრუნველყოფის განჩინების აღსრულების შეჩერებით მოპასუხე თავისუფლდება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით დადგენილი აკრძალვებისა და შეზღუდვებისაგან, რაც იმას ნიშნავს რომ მას შეუძლია განკარგოს სადავო ქონება, შეასრულოს სხვადასხვა მოქმედებები და ა.შ.

12. სააპელაციო პალატამ განმარტებით, როგორც სარჩელის უზრუნველყოფის, ასევე მისი გაუქმებისა თუ შეჩერების დროს მოსარჩელის ინტერესების გათვალისწინება არ ხდება მოპასუხის ინტერესების გაუთვალისწინებლად და სარჩელის უზრუნველყოფით მოპასუხისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების მინიჭების გარეშე. სწორედ ამ მიზნით კანონმდებლობა უფლებას აძლევს მოპასუხეს, მოსთხოვოს მოსარჩელეს მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურება, შესაბამისი დასაბუთებული შუამდგომლობის (მტკიცებულებების) წარდგენის საფუძველზე.

13. სააპელაციო პალატამ წარდგენილი შუამდგომლობის შესწავლისა და შეფასების შედეგად მიიჩნია, რომ მასში მოყვანილი ფაქტები და გარემოებები გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებით მოპასუხის საქმიანი რეპუტაციის შელახვისა და ამით საწარმოს (შესაბამისად, მოპასუხის) შემოსავლების შემცირების შესახებ წარმოადგენს არა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების, არამედ მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფის საფუძველს ასეთი ზიანის დადასტურების შემთხვევაში, შესაბამისად, ეს გარემოებები ვერ დაედება საფუძვლად უზრუნველყოფის შესახებ განჩინების აღსრულების შეჩერებას.

14. სააპელაციო პალატამ მიუთითა სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხს სასამართლო წყვეტს სწორედ სასარჩელო მოთხოვნის ხასიათისა და შინაარსის გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში სარჩელის საგანს წარმოადგენს წილის გასხვისების ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ქონების დაბრუნება. შესაბამისად, მართებულია სასამართლოს დასკვნა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობაზე, რადგან მოპასუხის მიერ მისი კუთვნილი ქონების გასხვისების შემთხვევაში შესაძლებელია, მოპასუხის საკუთრებაში აღარ აღმოჩნდეს ქონება, რომლის დაბრუნება მოსარჩელისათვის და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი იქნება. ვინაიდან შეუზღუდავია მესაკუთრის ნება, განახორციელოს საკუთარი ქონების მიმართ სამართლებრივი შედეგის მქონე მოქმედებები, მაგალითად: გაყიდვა, გაჩუქება და სხვა, არ არის მოკლებული დასაბუთებულობას, რომ მოპასუხემ, სხვადასხვა მოტივით, განახორციელოს ასეთი მოქმედებები და უძრავი ქონება აღმოჩნდეს მესამე, შესაძლო კეთილსინდისიერ პირთა მფლობელობაში. ასეთ შემთხვევაში, თუკი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტისათვის არ იარსებებს ქონება, რომელზედაც მოსარჩლე აცხადებს პრეტენზიებს, გადაწყვეტილება იქცევა აღუსრულებელ გადაწყვეტილებად, ხოლო სარჩელის მიზანი ვერ მიიღწევა.

15. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მოთხოვნის უზრუნველყოფის ინსტიტუტის სხვაგვარად განმარტება საფრთხის ქვეშ დააყენებს მოსარჩელის უფლებებს, რომელიც მიუხედავად მართლმსაჯულების განხორციელებისა, ვერ მიაღწევს გადაწყვეტილების აღსრულებასა და თავისი კანონიერი უფლებებსა და ინტერესებში აღდგენას, რაც, თავის მხრივ, ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლება შესახებ კონვენციით გარანტირებულ ფუნდამენტალურ უფლებას საქმის სამართლიან სასამართლოზე მოსმენაზე.

16. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას, მაგალითად, საქმეში – შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ, სასამართლომ აღნიშნა, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. სასამართლო შეახსენებს, რომ კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სასამართლოსთვის მიმართვის უფლება ილუზორული იქნებოდა, თუკი კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობა ხელს შეუწყობდა იმას, რომ სასამართლოს საბოლოო, სავალდებულო გადაწყვეტილება დარჩებოდა აღუსრულებელი ერთი მხარის საზიანოდ (იხ. ზემოაღნიშნული Hornsby, §40) სასამართლო იმეორებს, რომ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ მაღალი ხელშემკვრელი მხარის ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს (სხვა პრეცედენტთა შორის იხ. Burdov v. Russia, no. 59498/00, §34, ECHR 2002-III; Hornsby v. Greece , judgment of 19 March 1997, reports of judgments and Decisions 1997-II, პ. 510, §40).

17. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ასევე საქმეში – აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადის ნომერი: 40765/02), მიუთითებს რომ სინამდვილეში, ხალხისათვის, საზოგადოებისათვის მთავარია, არა თავისთავად აღებული კანონები, სხვა იურიდიული დოკუმენტები, ამ იურიდიულ დოკუმენტებში არსებული ნორმები და არც ვალდებულებების, აკრძალვების ჯამი, არამედ ის გადამწყვეტი გარემოებები, რასაც იურიდიულად, რეალურად აძლევენ ეს ნორმები. სასამართლო შეგვახსენებს, რომ მე-6 (§1) მუხლი ნებისმიერ პირს აძლევს შესაძლებლობას, სასამართლოს წარუდგინოს თავის სამოქალაქო უფლებებთან და მოვალეობებთან დაკავშირებული საჩივარი (იხ. Golder c. Royaume-Uni , 21 février 1975, §§ 28-36, série A no 18). სასამართლოსათვის საჩივრის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება. მხარეთა ეფექტიანი დაცვა და კანონიერების აღდგენა გულისხმობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ვალდებულებას.

18. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქმეში „დადიანი და მაჩაბელი საქართველოს წინააღმდეგ“ (საჩივარი № 8252/08) განმარტა რომ: პირს, რომელსაც გააჩნია სასამართლოს მიერ, მის სასარგებლოდ, სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილება, რომელიც სავალდებულო აღსრულებას ექვემდებარება, არ შეიძლება დაეკისროს მოთხოვნათა იძულებით დაკმაყოფილება ან სხვა მსგავსი მოქმედებები გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. მოსარჩელე მხარის ეფექტური დაცვა და კანონიერების აღდგენა გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოების ვალდებულებას, აღასრულონ შიდა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება (იხ. Mutishev and Others v. Bulgaria, 18967/03, §129, 3 December 2009). თუ ადმინისტრაციული ორგანოები უარს აცხადებენ, ვერ ახერხებენ ან აჭიანურებენ ამ ვალდებულების შესრულებას, მოსარჩელე მხარისთვის სამართალწარმოების პროცესში მე-6 მუხლით მინიჭებული გარანტია აზრს კარგავს (იხ. Antonetto v. Italy, no. 15918/89, §28, 20 july 2000).

19. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და საფუძვლები:

20. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე განმცხადებელმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

21. კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ განჩინება მოცემულ საქმეზე მიიღო სააპელაციო სასამართლომ მაია სულხანიშვილის, ბესარიონ ტაბაღუასა და გოდერძი გიორგაშვილის მონაწილეობით, მოპასუხის განცხადება განჩინების აღსრულების შეჩერების შესახებ კი დაეწერა და განიხილა სასამართლოს განსხვავებულმა შემადგენლობამ – მოსამართლე ეკატერინე ცისკარიძემ, ქეთევან დუგლაძემ და დიანა ბერეკაშვილმა. მოთხოვნის მოქმედების შეჩერება პირდაპირ უკავშირდება უზრუნველყოფის ღონისძიების დასაბუთებას, შესაბამის საჩივარში წარდგენილი ფაქტებისა და მტკიცებულებების ანალიზს, ამდენად, იგი აუცილებლად უნდა განეხილა სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის განმხილველ სასამართლო შემადგენლობას. შესაბამისად, არსებობს განჩინების გაუქმების სსსკ-ის 393-ე მუხლის მესამე ნაწილითა და 394-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განჩინების გაუქმების წინაპირობა.

22. მხარემ მიიჩნია, რომ სასამართლომ უგულებელყო უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების უსარგებლობისა და დანიშნულების არქონის საკითხი.

23. შპს „დ.-ას“ წესდების 2.5 მუხლის თანახმად, სადაც 25% წილის მესაკუთრედ რეგისტრირებულია შ. კ.-ე, მოპასუხის წილის გასასხვისებლად ნებისმიერ მესამე პირზე აუცილებელია შ.კ.-ის თანხმობა. ეს უკანასკნელი მოსარჩელის ვაჟია და მის ინტერესებში მოქმედებს. შესაბამისად, აღარ არსებობს გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობისა და გართულების საფრთხე.

24. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, შეიქმნა ვარაუდი უზრუნველყოფის ღონისძიების დასაბუთებულობაზე.

25. სააპელაციო პალატამ სამომავლო გადაწყვეტილების აღსრულების საფრთხედ ჩათვალა მოპასუხის მიერ წილების მესამე პირებზე გასხვისების შესაძლებლობა და აღნიშნული ვარაუდი დაამყარა მოპასუხის მიერ ყოფილი პარტნიორების წილების მიღებას იმ მიზნით, რომ გაერთულებინა მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება. სასამართლოს აღნიშნული მოსაზრება მცდარია. აღნიშნული წილები მიღებულ იქნა იმის გათვალისწინებით, რომ მითითებული პარტნიორები არ დათანხმდნენ კომპანიაში დამატებითი თანხის შეტანას ვალდებულებების გასასტუმრებლად, რაც მთლიანად იკისრა მოპასუხემ საკუთარი სახსრებით. შ. კ.-ეს კი, რომელიც რეგისტრირებულია საზოგადოების 25% წილის მესაკუთრედ, კომპანიაში თანხა არ შეუტანია მიუხედავად იმისა, რომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კაპიტალის გაზრდის შესახებ. ამისათვის შ.კ.-ის მიმართ შეტანილია სარჩელი პარტნიორობიდან მისი გარიცხვის თაობაზე.

26. მხარემ მიუთითა, რომ იგი სადავო წილების გასხვისებას არ გეგმავს. აღნიშნულს ადასტურებს ისიც, რომ ორივე კომპანია სარგებლობს საკმაოდ დიდი საკრედიტო ხაზით, საერთაშორისო კომპანიები 3-4-თვიანი გადახდის განვადებით აწვდიან საქნელს და ამავე ინტერვალით ხდება მათთვის საქონლის ღირებულების გადახდა.

27. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო მის განცხადებაში არსებული მსჯელობა და ის ფაქტი, რომ მოცემულ საქმეზე მოსარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებელი და უპერსპექტივოა.

28. მხარის განმარტებით, სასამართლო პრაქტიკასა და ქართულ კანონმდებლობას ერთგვაროვანი მიდგომა აქვს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძვლებისა და წინაპირობების მიმართ, კერძოდ, სარჩელის უზრუნველყოფა მხოლოდ სარჩელის სამომავლო აღსრულებას ემსახურება. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის წილებზე გასხვისების აკრძალვა ვერ უზრუნველყოფს სარჩელის სამომავლო აღსრულებას. უპირველეს ყოვლისა, წილის გასხვისება არ შედის მოპასუხის ინტერესში. მას შპს „დ.-ას“ წესდების თანახმად, მოსარჩელის შვილის თანხმობის გარეშე წილის გასხვისება არ შეუძლია. მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელია, რადგან სანოტარო წესით შინაარსობრივად არის დამოწმებული წილის დათმობის ხელშეკრულებები, რომლებსაც მოჰყვა იურიდიული შედეგი და მოპასუხემ კომპანიაში დამატებითი ინვესტირება მოახდინა. აღნიშნულმა წარმოშვა შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობა კომპანიებსა და მოპასუხეს შორის. წილის გადაცემა დადგინდა სხვა სასამართლო დავაზე, ამდენად, სადავო ხელშეკრულებების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

29. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

30. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის განჩინება, რომლითაც მხარეს უარი ეთქვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინების აღსრულების შეჩერებაზე.

31. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.

32. დასახელებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.

33. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.

34. ამდენად, საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.

35. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება, თუმცა აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს.

36. სსსკ-ის 194-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები ადგენს, რომ სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება, რომელზეც მოპასუხეს შეუძლია შეიტანოს საჩივარი. ამავე ნორმის მეოთხე ნაწილის თანახმად, საჩივრის შეტანა ვერ შეაჩერებს უზრუნველყოფის შესახებ განჩინების აღსრულებას, მაგრამ სასამართლოს შეუძლია გარკვეული დროით შეაჩეროს აღსრულება ან გააუქმოს უზრუნველყოფისათვის უკვე მიღებული ღონისძიებები.

37. ამდენად, ზემოაღნიშნული საპროცესო მექანიზმის მეშვეობით კანონმდებელი მაქსიმალურად იცავს მოსარჩელის ინტერესებს, რათა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში აცილებულ იქნეს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ხელშემშლელი გარემოებანი. რაც შეეხება მოპასუხეს, საპროცესო კანონმდებლობა მისთვისაც ითვალისწინებს რიგ შესაძლებლობებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათაგან თავდასაცავად.

38. უპირველესად, მოპასუხე უფლებამოსილია, გაასაჩივროს სასამართლოს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და თავისი დასაბუთებული მოტივებით დაარწმუნოს სასამართლო სარჩელის უზრუნველყოფის გაუმართლებლობაში.

39. სასამართლოს მიერ მოპასუხის პოზიციის გაუზიარებლობის შემთხვევაში და კანონით დადგენილი წინაპირობების არსებობისას მოპასუხეს შეუძლია, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფით მიყენებული მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურება.

40. ზემოაღნიშნულის გარდა, მოპასუხეს ენიჭება საპროცესო უფლება, მოითხოვს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინების აღსრულების შეჩერება.

41. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას იმ წინაპირობების არსებობასთან დაკავშირებით, რაც შესაძლოა, საფუძვლად დაედოს ამგვარი განჩინების აღსრულების შეჩერებას და დასძენს, რომ აღნიშნული საპროცესო მექანიზმი არ წარმოადგენს სასამართლოს მიერ უკვე დადგენილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების კანონიერებისა და მიზანშეწონილობის დამატებით გადასინჯვის შესაძლებლობას, რა დროსაც ხელახლა უნდა შემოწმდეს ღონისძიების გამოყენების ერთი და იგივე საფუძვლები.

42. სსსკ-ის 194-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული საპროცესო შესაძლებლობა გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლოს მიერ სადავო უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელების დადგენის შემდეგ გამოვლინდება ობიექტური გარემოება, რომელიც ქმნის ამგვარი განჩინების აღსრულების გარკვეული ვადით შეჩერების ან გამოყენებული ღონისძიების გაუქმების საფუძველს. ასეთი გარემოების არსებობის მტკიცება, საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების სტანდარტის მიხედვით, მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენს (სსსკ-ის 102-ე მუხლი).

43. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას და მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორს სადავო უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინების აღსრულების შეჩერებასთან მიმართებით დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია. როგორც განცხადების, ისე კერძო საჩივრის დასაბუთება ეფუძნება იმავე მოტივებს, რაზეც მხარე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინებაზე წარდგენილ საჩივარში აპელირებდა. აღნიშნულ არგუმენტებს ამომწურავად გაეცა პასუხი ჯერ პირველი ინსტანციის, ხოლო შემდეგ სააპელაციო სასამართლოს მიერ. შესაბამისად, მხარემ სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა, თუ რატომ უნდა შეჩერდეს სადავო განჩინების აღსრულება. თავად მხარის მოთხოვნა მოცემულ დავაზე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების აღსრულება შეჩერდეს მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე თავისი შინაარსით გულისხმობს დადგენილი ღონისძიების გამოუყენებლობას და სსსკ-ის 194-ე მუხლის მეოთხე ნაწილის მიზნებს არ შეესაბამება.

44. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი იმის გამო, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინება მიიღო სააპელაციო სასამართლომ მაია სულხანიშვილის, ბესარიონ ტაბაღუასა და გოდერძი გიორგაშვილის მონაწილეობით, მოპასუხის განცხადება განჩინების აღსრულების შეჩერების შესახებ კი დაეწერა და განიხილა სასამართლოს განსხვავებულმა შემადგენლობამ – მოსამართლე ეკატერინე ცისკარიძემ, ქეთევან დუგლაძემ და დიანა ბერეკაშვილმა.

45. სსსკ-ის 394-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს, შემთხვევას, როდესაც საქმე განიხილა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ. ასეთს ადგილი აქვს მაშინ, როდესაც სასამართლო შემადგენლობას კანონით დადგენილი დანაწესის თანახმად, უფლება არ გააჩნია, განიხილოს დავა.

46. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ შეიცავს რაიმე შეზღუდვას ისეთი შემთხვევისთვის, როდესაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და აღნიშნულის შესახებ განჩინების აღსრულების შეჩერების საკითხს განიხილავს სხვადასხვა სასამართლო შემადგენლობა. ამდენად, გასაჩივრებული განჩინების მიმღები სასამართლო შემადგენლობის უკანონოდ შეფასების კანონით დადგენილ წინაპირობაზე მხარეს არ მიუთითებია.

47. ასევე დაუსაბუთებელი და წინააღმდეგობრივია კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობა, რომ მოპასუხის მიერ სადავო წილების გასხვისების საშიშროება არ არსებობს, რადგან შპს „დ.-ას“ წესდების 2.5 მუხლის თანახმად, სადაც 25% წილის მესაკუთრედ რეგისტრირებულია შ. კ.-ე, მოპასუხის წილის გასასხვისებლად ნებისმიერ მესამე პირზე აუცილებელია შ.კ.-ის თანხმობა. ეს უკანასკნელი მოსარჩელის ვაჟია და მის ინტერესებში მოქმედებს. შესაბამისად, აღარ არსებობს გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობისა და გართულების საფრთხე.

48. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს კერძო საჩივრის მსჯელობაზე, რომ საზოგადოებაში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კაპიტალის გაზრდის შესახებ. აღნიშნული მიზნით მოპასუხემ თანხა შეიტანა საკუთარი სახსრებით, შ. კ.-ეს კი, რომელიც რეგისტრირებულია საზოგადოების 25% წილის მესაკუთრედ, კომპანიაში თანხა არ შეუტანია. ამისათვის შ.კ.-ის მიმართ შეტანილია სარჩელი პარტნიორობიდან მისი გარიცხვის თაობაზე.

49. ამდენად, კერძო საჩივარს ავტორი თავადვე უარყოფს მის მიერ მითითებულ გარემოებას წილის გასხვისების შეუძლებლობის შესახებ, რადგან შ.კ.-ის პარტნიორობიდან გარიცხვის შემთხვევაში, რაზეც, მოპასუხის განმარტებითვე, მიმდინარეობს დავა სასამართლოში, მოსარჩელის ინტერესის დამცველი პარტნიორი (მოსარჩელის ვაჟი, რომლის თანხმობის გარეშე, მოპასუხის განმარტებით, შეუძლებელია საზოგადოების წილის გასხვისება) და სადავო წილის გაუსხვისებლობის გარანტია საზოგადოებაში აღარ იქნება.

50. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს განჩინება დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ქ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 აგვისტოს განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე