Facebook Twitter

საქმე №330210016001263972

საქმე №ას-937-902-2016 17 ოქტომბერი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე:

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორები: 1. რ. ბ.-ა (მოსარჩელე)

2. ა. ქ.-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შ. გ.-ი, შ. კ.-ე, რ. ა.-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ივლისის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, ქონების დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. რ. ბ.-ამ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ქ.-ის, შ. გ.-ის, შ. კ.-ისა და რ. ა.-ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ ხელშეკრულებების ბათილად ცნობა და კუთვნილი ქონების დაბრუნება შესახებ.

განმცხადებლის პოზიცია:

2. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით შპს „დ.–სა“ და შპს „დ.-აში“ ა. ქ.-ის სახელზე აღრიცხული 75%-იან წილზე ყადაღის დადება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 მარტის განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა, ხოლო ამავე სასამართლოს 2016 წლის 18 აპრილის განჩინებით მოსარჩელის საჩივარი, როგორც დაუსაბუთებელი, გაეგზავნა სააპელაციო პალატას.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ივლისის განჩინებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ა. ქ.-ის აეკრძალა მის სახელზე რეგისტრირებული 75% წილის გასხვისება შპს „დ.–სა“ და შპს „დ.-აში“. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ განჩინებაზე შესაძლებელია საჩივრის შეტანა.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ორივე მხარემ შეიტანეს საჩივრები.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 სექტემბრის განჩინებებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა და განსახილველად გაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საჩივრები უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

8. მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 მარტის განჩინებით მოსარჩელის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა. ამავე სასამართლოს 2016 წლის 18 აპრილის განჩინებით ასევე უარი ეთქვა მოსარჩელის საჩივარს და განსახილველად გაეგზავნა სააპელაციო პალატას.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ივლისის განჩინებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხის მიმართ გამოყენებულ იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში წილის გასხვისების აკრძალვის სახით.

10. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის ზემოაღნიშნული განჩინების სამოტივაციო ნაწილში ასახულ მსჯელობას, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 419-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის (საჩივრის) თაობაზე არ გასაჩივრდება.

11. მითითებული დასაბუთების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს კანონის შემდეგი დანაწესი:

12. სსსკ-ის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივრი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

13. აღნიშნული ნორმა ადგენს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე სრულად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ განჩინებაზე შეტანილი საჩივარი, რომელიც დაუკმაყოფილებლად გაეგზავნა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს, ამ სასამართლოს მიერ განიხილება კერძო საჩივრისათვის დადგენილი წესების შესაბამისად. მითითებული ნორმების მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით (სსკ-ის 420-ე მუხლი). ამასთან, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება (სსკ-ის 419-ე მუხლის მესამე ნაწილი).

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელი ითვალისწინებს საჩივრის განხილვას ორი ინსტანციის სასამართლოს წესით, შესაბამისად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მოცემულ საკითხზე საბოლოოა და მისი შემდგომი გასაჩივრების შესაძლებლობას კანონმდებელი არ იცნობს. სსსკ-ის 414-ე მუხლის თანახმად კი, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

15. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემდგომი სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გასაჩივრება დაუშვებელია იმის მიუხედავად, დააკმაყოფილა სასამართლომ საჩივარი, თუ არ გაიზიარა მისი მოტივები.

16. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ მოსარჩელის საჩივარი საქალაქო სასამართლოს განჩინებაზე განიხილა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს სტატუსით, შესაბამისად, მისი განჩინება გადასინჯვას აღარ ექვემდებარებოდა.

17. ზემოაღნიშნული მსჯელობის საფუძველზე საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილში არსებულ მითითებას, რომ განჩინებაზე შეიძლებოდა საჩივრის შეტანა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატას მოსარჩელისა და მოპასუხის საჩივრები ზემდგომი სასამართლოს განჩინებაზე უნდა დაეტოვებინა განუხილველად.

18. ამდენად, საკასაციო სასამართლომ სსკ-ის 401-ე მუხლის დაცვით შეამოწმა წარმოდგენილი საჩივრების დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ მხარეთა საჩივრები უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. ბ.-ასა და ა. ქ.-ის საჩივრები დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ზ. ძლიერიშვილი