Facebook Twitter

საქმე № 330310015808291

საქმე №ას-958-923-2016 21 ოქტომბერი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – ე. წ.-ი-ლ.-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შ. წ.-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 სექტმებრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა და უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ე. წ.-ი-ლ.-მა (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შ. წ.-ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ უკანონო ხელშეშლის აღკვეთისა და უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, ქ.თბილისში, გ. მე-.. შესახვევი №..-ში მდებარე უძრავი ქონება წარმოადგენს სამი ფიზიკური პირის თანასაკუთრებას. მოსარჩელეს ეკუთვნის 46,21 კვ.მ, მოპასუხეს – 11,78 კვ.მ, ხოლო მესამე მესაკუთრეს – 40,81 კვ.მ.

3. მიწის ნაკვეთზე მდებარეობს 10 შენობა. მოპასუხემ აღნიშნული ფართის წინ, ნიშნულით დაბლა, ყოველგვარი მშენებლობის ნებართვის გარეშე, მიაშენა საცხოვრებელი ფართი, რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღრიცხული არ არის. ამ ფართზე მოწყობილია ღია ტერასა, რომლითაც სარგებლობს მხოლოდ მოპასუხე. მოსარჩელის კუთვნილ ფართს ფასადის მხარეს, მთელ სიგრძეზე აქვს ფანჯარა, რომელსაც ესაზღვრება მოპასუხის სარგებლობაში არსებული ღია ტერასა. აღნიშნულით ირღვევა კონსტიტუციით გათვალისწინებული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. მიწის ნაკვეთი წარმოადგენს მხარეთა თანასაკუთრებას, შესაბამისად, მხარეთა შორის არსებული სადავო ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს აღნიშნული საზიარო უფლების მომწესრიგებელი ნორმების შესაბამისად.

4. მოსარჩელის განცხადებით, იგი შეიზღუდა, როგორც საერთო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სარგებლობით, ასევე, უნებართვო მშენებლობების შედეგად წაერთვა საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული ყველა სანივთო უფლება. მოპასუხემ უკანონოდ დაიკავა მის საკუთრებაში არსებული 10 კვ.მ სამზარეულოც.

მოპასუხის პოზიცია:

5. მოპასუხემ მარტივი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიიჩნია, რომ მოსარჩელის პრეტენზია რაიმე ხელშეშლის არსებობის თაობაზე უსაფუძვლოა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაევალა სადავო მისამართზე საკადასტრო გეგმის მიხედვით 9/1 შენობა-ნაგებობის თავზე მოწყობილი ღია ტერასისა და მასზე განლაგებული ხვეული, რკინის კიბის მოშლა, საკადასტრო გეგმის მიხედვით 3/2 შენობის კედელში გაჭრილი იმ კარების ამოშენება, რომელიც გადიოდა ტერასაზე, მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე იმ სასარჩელო მოთხოვნათა ნაწილში, რომლებიც შეეხებოდა: ა) საკადასტრო გეგმის მიხედვით 9/1 და 5/1 შენობა-ნაგებობების დემონტაჟს; ბ) საკადასტრო გეგმის მიხედვით 10/1 შენობის მომიჯნავედ მდებარე ეზოს ნაწილით სარგებლობაში ხელშეშლას; გ) მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან შენობის ფართის გამოთხოვას.

7. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, რაც მოსარჩელემ კვლავ გაასაჩივრა საკასაციო წესით.

საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

განმცხადებლის მოთხოვნა და საფუძვლები:

10. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ და მოითხოვა მოპასუხის კუთვნილ სადავო მისამართზე მდებარე ფართზე ყადაღის დადება, რათა მას აეკრძალოს აღნიშნული ქონების გასხვისება, ქირავნობის და იჯარის ხელშეკრულებების დადება, მოპასუხემ შეწყვიტოს და აეკრძალოს მის მიერ უკანონოდ აშენებული ფართში, კერძოდ, სადავო ნაგებობებში და აივანზე, თანასაკუთრების მიწის ნაკვეთზე რესტორან „ჰ.-ის“ საქმიანობა, საჯარო რეესტრს აეკრძალოს მოპასუხის სახელზე ზემოაღნიშნულ ფართთან დაკავშირებით რაიმე მარეგისტრირებელი ქმედების განხორციელება.

11. განმცხადებლის მითითებით, მოპასუხემ უკანონო და სასამართლოში სადავოდ გამხდარ შენობა-ნაგებობში დაახლოებით ერთი წლის წინ გახსნა კაფე-რესტორანი „ჰ.-ი“. მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის ერთადერთი ფანჯრების წინ, სადავო ტერასაზე უნებართვოდ მოაწყო მაგიდები, დაამონტაჟა მუსიკალური ინსტრუმენტები. კაფე-რესტორანი მუშაობს დილის 9.00 საათიდან ღამის 2.00 საათამდე და მთელი ამ ხნის განმავლობაში ათობით ადამიანი მოძრაობს, ცეკვავს, ხმაურობს მოსარჩელის ფანჯრების წინ. მუსიკის ხმა შეუძლებელს ხდის იქ ცხოვრებას. ასევე შეუძლებელია საერთო საკუთრების ეზოთი სარგებლობა, რადგან მთელი ეზო დაკავებული აქვთ ამ რესტორნის მომხმარებლებს.

12. განმცხადებლის განმარტებით, მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიებების გარეშე, სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში გაჭიანურდება და გართულდება გადაწყვეტილების აღსრულება, კერძოდ, მოპასუხის მიერ უკანონოდ აშენებული ნაგებობების დანგრევასა და მოშლას საკმაო დრო დაჭირდება, კიდევ უფრო გაჭიანურდება სადავო თანასაკუთრების მიწის ნაკვეთით სარგებლობის განხორციელება, რაც კიდევ უფრო გააჭიანურებს, დააგვიანებს მოსარჩელის უფლების დაცვას.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 სექტემბრის განჩინებით განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს აეკრძალა საკადასტრო გეგმის მიხედვით 9/1 და 5/1 ფართში, სადავო აინვანზე (9/1 ფართის ზემოთ მდებარე აივანი) და თანასაკუთრების მიწის ნაკვეთზე რესტორან „ჰ.-ის“ საქმიანობა, ხოლო დანარჩენ მოთხოვნებზე მხარეს ეთქვა უარი შემდეგი საფუძვლებით:

14. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 372-ე, 191-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანია სარჩელზე მომავალში მისაღები გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის, ასევე, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებისთვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება. იმისათვის, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულ იქნეს, უნდა არსებობდეს კანონით გათვალისწინებული წინაპირობები, კერძოდ, განცხადებაში უნდა მიეთითოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა გამო უზრუნვეყოფის ღონისძიებების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ასევე, დასაბუთებული უნდა იყოს სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება.

15. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე განცხადება საჭიროებს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებით დასაბუთებას, რაც დაარწმუნებს სასამართლოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროებაში.

16. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხზე მსჯელობისას, უწინარესად უნდა გაირკვეს განსახილველი დავის საგანი (სარჩელის მოთხოვნა), დარღვეული ან სადავო უფლება, მათი კავშირი ამ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოთხოვნილ ღონისძიებასთან და საკითხი იმის შესახებ, რამდენად უზრუნველყოფს ამ ღონისძიების გამოყენება მოსარჩელის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების დაცვას აღუსრულებლობის ან აღსრულების გაძნელების საფრთხისგან, ასევე, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას.

17. განმცხადებლის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოთხოვნილი ღონისძიებებისა და განსახილველი დავის საგნის ანალიზით, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ არ არსებობს პირდაპირი კავშირი სასარჩელო მოთხოვნებს (დავის საგანს) და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოთხოვნილ ისეთ ღონისძიებს შორის, როგორიც არის ყადაღის დადება მოპასუხის კუთვნილ უძრავ ქონებაზე; საჯარო რეესტრისათვის მოპასუხის სახელზე უკანონო ფართთან დაკავშირებით რაიმე მარეგისტრირებელი ქმედების განხორციელების აკრძალვა.

18. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ამ ღონისძიებების გამოუყენებლობა ვერ გააძნელებს, მით უფრო შეუძლებელს ვერ გახდის წინამდებარე საქმეზე მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, შესაბამისად, არ არსებობს სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობები ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. საკითხის ამგვარად გადაწყვეტისას სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს თვით განმცხადებლის მიერ მითითებულ გარემოებას იმის შესახებ, რომ, მიუხედავად არა ერთი მცდელობისა, საჯარო რეესტრმა მოპასუხეს უარი უთხრა სადავო ფართის რეგისტრაციაზე მოსარჩელის თანხმობის გარეშე.

19. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოცემული დავის ფარგლებში მოპასუხის კუთვნილ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება გამოიწვევდა მოწინააღმდეგე მხარის უფლებების გაუმართლებელ და არაპროპორციულ შეზღუდვას, რაც დაარღვევდა „სამართლიანი სასამართლო განხილვის“ უფლებას.

20. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ „სამართლიანი სასამართლო განხილვის“ უფლება დაცულია ევროკონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით და მოიცავს მხარეთა თანასწორობის პრინციპსაც, რომელიც „სამართლიანი სასამართლო განხილვის“ ერთ-ერთი ელემენტია და გულისხმობს მხარეთა შორის სამართლიანი ბალანსის დაცვას.

21. ამდენად, განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოებები ამ ნაწილში არ ქმნის საფუძველს დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიებების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის მომავალში მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას.

22. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განცხადება ზემოთ მითითებულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

23. ამასთან, განსახილველ საქმეზე, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოსარჩელე ასევე ითხოვს, მოპასუხეს აეკრძალოს მის მიერ უკანონოდ აშენებულ ფართში, კერძოდ, სადავო ნაგებობებში და აივანზე თანასაკუთრების მიწის ნაკვეთზე რესტორან „ჰ.-ის“ საქმიანობა.

24. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოებები ქმნის დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ ამ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას.

25. სსსკ-ის 198-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, განმცხადებლის მოთხოვნა ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

საჩივრების ავტორების მოთხოვნები და საფუძვლები:

26. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საჩივარი და მოითხოვა განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

27. საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოპასუხემ შესაძლოა სადავო ქონებაზე ისეთი გარიგება დადოს ან მოქმედება განახორციელოს, რომელიც სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გააჭიანურებს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას. ქონებას ეყოლება ახალი მესაკუთრე, დამქირავებელი ან მოიჯარე და მათთან ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის კანონით გათვალისწინებული წესების დაცვას, მოპასუხის მიერ უკანონოდ აშენებული ნაგებობების მოშლას დასჭირდება გარკვეული დრო, შესაბამისად, საკმაოდ გაჭიანურდება და გართულდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება. ამდენად, უზრუნველყოფის განცხადებაში მიეთითა დავის საგნისა და მოპასუხისათვის ზემოაღნიშნული ქმედებების განხორციელების აკრძალვის პირდაპირ კავშირზე

28. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემაც და მიიჩნია, რომ პალატამ უკანონოდ მოახდინა სარჩელის უზრუნველყოფა, ვინაიდან აღნიშნულის აუცილებლობა არც განმცხადებელს და არც სასამართლოს არ დაუსაბუთებიათ. შესაბამისად, გაუგებარია, რომელი სასარჩელო მოთხოვნის – დემონტაჟის, ხელშეშლის აღკვეთის თუ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის დაკმაყოფილების შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება გართულდება ან შეუძლებელი გახდება სადავო უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე და რა წარმოადგენს აღნიშნულის საფუძველს.

29. მხარე არ დაეთანხმა სარჩელის უზრუნველყოფის სახით რესტორნის ფუნქციონირების წინასწარ შეწყვეტას, რაც ისედაც განხორციელდებოდა სასამართლო გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების – შენობის დემონტაჟის, ეზოს ნაწილით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთისა და უკანონო მფლობელობიდან ფართის გამოთხოვის შემთხვევაში. ამდენად, რესტორნის ფუნქციონირების წინასწარ შეწყვეტა ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს სამომავლოდ გადაწყვეტილების აღსრულებაზე. ფაქტობრივად, სააპელაციო სასამართლომ მოპასუხეს აუკრძალა სამეწარმეო საქმიანობა, რის გამოც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ან სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუმართლებლობის შემთხვევაში მისი გამოყენებიდან დავის დასრულებამდე მოპასუხე გაუმართლებლად დაკარგავს საკმაოდ სოლიდურ შემოსავალს.

30. საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული ზიანის მიყენების შესაძლებლობა იმდენად აშკარაა, სააპელაციო პალატას უნდა გამოეყენებინა სსსკ-ის 199-ე მუხლის პირველი ნაწილით მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლება და მოეხდინა მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზიანის უზრუნველყოფა საკუთარი ინიციატივით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

31. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით საჩივრები, დაუსაბუთებლობის გამო, საქმის მასალებთან ერთად გაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

32. საკასაციო სასამართლო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მხარეთა საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

33. მოცემულ შემთხვევაში მხარეები სადავოდ ხდიან, ერთი მხრივ, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების კანონიერებას, ხოლო, მეორე მხრივ, აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის მართლზომიერებას.

34. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.

35. დასახელებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.

36. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.

37. ამდენად, საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.

38. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება, თუმცა აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს.

39. აქვე აღსანიშნავია სსსკ-ის 198-ე მუხლის დანაწესი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად. ამავე ნორმის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება იყოს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა.

40. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების არჩევა დამოკიდებულია არა მხოლოდ მხარეზე, რომლის როლი აღნიშნულ პროცესში შემოიფარგლება დისპოზიციურობის დაცვით სასამართლოსათვის იმ სახის ღონისძიების გამოყენებაზე მითითებით, რომლითაც თავად სურს სარჩელის უზრუნველყოფა, არამედ საბოლოოდ გადამწყვეტია სასამართლოს შეფასება, მისი არჩევანი, თუ რომელი ღონისძიებითაა შესაძლებელი სასურველი შედეგის მიღწევა – სამომავლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გარანტირება. სასამართლოს ამგვარი უპირატესობა განპირობებულია იმით, რომ, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, უზრუნველყოფის ღონისძიებით არ დაირღვეს სამართლიანი ბალანსი მხარეთა ინტერესების დაცვას, ასევე, დასაცავ სიკეთესა და უზრუნველყოფის შედეგად მხარის უფლების შეზღუდვას შორის.

41. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მართებულად განხორციელდა და მხარეთა უფლება სამართლიანი სასამართლოს მიერ დავის განხილვაზე არ დარღვეულა („ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-6 მუხლი).

42. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახის არჩევისას მნიშვნელოვანია დავის საგნის თავისებურებათა განსაზღვრა. ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ სარჩელებზე მეტად ეფექტურია უზრუნველყოფის სახით ქონებაზე ყადაღის დადების ან მისი გასხვისების სხვაგვარი აკრძალვის გამოყენება, რათა თავიდან იქნეს აცილებული მატერიალური სიკეთის განკარგვა და ამ გზით ვალდებულების შესრულებისაგან თავის არიდება. თუმცა როდესაც საუბარია უკანონო ხელშეშლის აღკვეთისა (ნეგატორულ) და უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ (სავინდიკაციო) სარჩელებზე (სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლები) ზემოთ მითითებული ღონისძიება არაეფექტურია და იწვევს მოპასუხისათვის საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული უფლებების გაუმართლებელ შეზღუდვას, რაც დაუშვებელია.

43. ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის უარს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოპასუხის უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების, საჯარო რეესტრისათვის მოპასუხის სახელზე ზემოაღნიშნულ ფართთან დაკავშირებით რაიმე მარეგისტრირებელი ქმედების განხორციელების აკრძალვის მოთხოვნაზე, ვინაიდან არც თავდაპირველი განცხადებით და არც გასაჩივრებულ განჩინებაზე შეტანილი საჩივრით არ დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული სადავო ღონისძიებების გამოყენება რაიმე გავლენას იქონიებს სამომავლოდ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაზე.

44. ასეთ გარემოებად ვერ შეფასდება საჩივრის ავტორის მითითება, რომ მოპასუხემ, შესაძლოა, სადავო ქონებაზე ისეთი გარიგება დადოს ან მოქმედება განახორციელოს, რომელიც სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გააჭიანურებს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას. ქონებას ეყოლება ახალი მესაკუთრე, დამქირავებელი ან მოიჯარე და მათთან ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის კანონით გათვალისწინებული წესების დაცვას, მოპასუხის მიერ უკანონოდ აშენებული ნაგებობების მოშლას დასჭირდება გარკვეული დრო.

45. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ არ არსებობს პირდაპირი კავშირი სასარჩელო მოთხოვნებს (დავის საგანს) და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოთხოვნილ ისეთ ღონისძიებს შორის, როგორიც არის ყადაღის დადება მოპასუხის კუთვნილ უძრავ ქონებაზე, საჯარო რეესტრისათვის მოპასუხის სახელზე უკანონო ფართთან დაკავშირებით რაიმე მარეგისტრირებელი ქმედების განხორციელების აკრძალვა.

46. რაც შეეხება მოპასუხის საჩივარს, იგი ძირითადად ეფუძნება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მისთვის მოსალოდნელი ზიანის მიყენების საკითხს.

47. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მითითებას სსსკ-ის 199-ე მუხლის სასამართლოს ინიციატივით გამოყენებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ნორმა ეხება სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებას. მისი პირველი ნაწილის ძალით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოპასუხეს შეიძლება მიადგეს ზარალი, მას შეუძლია გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და იმავდროულად მოსთხოვოს პირს, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა. უზრუნველყოფის გარანტია სასამართლომ შეიძლება ასევე გამოიყენოს მოწინააღმდეგე მხარის განცხადების საფუძველზე.

48. კანონის მითითებული დანაწესი ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისაგან მოპასუხის თავდასაცავ მექანიზმს ისეთი შემთხვევისათვის, როდესაც სარჩელის უზრუნველყოფის ამა თუ იმ სახის ღონისძიების გამოყენების შედეგი მოპასუხისათვის ზიანის მომტანია. ასეთ დროს დასაშვებია, მოსარჩელეს მოეთხოვოს ობიექტურად სავარაუდო ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა. სასამართლო საკუთარი ინიციატივით აამოქმედებს აღნიშნულ მექანიზმს მხოლოდ მაშინ, თუ მოპასუხისათვის ზიანის მიყენების საფრთხე აშკარაა, წინააღმდეგ შემთხვევაში მითითებული გარემოების სარწმუნოდ დადასტურების ტვირთი მოპასუხეს ეკისრება (სსსკ-ის 102-ე მუხლი).

49. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატას არ გააჩნდა ზემოთ დასახელებული ნორმის საკუთარი ინიციატივით გამოყენების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მხარეს შესაბამისი განცხადება აღნიშნული კუთხით არ წარუდგენია და ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის აუცილებლობა სათანადოდ არ დაუსაბუთებია.

50. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, მისი გაუქმების სამართლებრივ წინაპირობაზე საჩივრის ავტორებს არ მიუთითებია, შესაბამისად, წარმოდგენილ საჩივრებს უარი უნდა ეთქვათ დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. წ.-ი-.ისა და შ. წ.-ის საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 სექტემბრისა და 7 ოქტომბრის განჩინებები დარჩეს უცვლელად.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე