Facebook Twitter

საქმე № 820210116001217396

საქმე №ას-975-939-2016 26 ოქტომბერი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – შპს „გ.-ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ.-ა“, თ. გ.-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 3 აგვისტოს განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შპს „გ.-მა“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ბ.-ასა“ (შემდგომში – მოპასუხე საზოგადოება) და თ. გ.-ის (შემდგომში – მოპასუხე საზოგადოების დირექტორი) მიმართ და მოითხოვა, მოპასუხეთათვის სოლიდარულად 121 996,55 ლარის დაკისრება, რასაც ყოველდღიურად დაემატება საიჯარო ქირა – 332 აშშ დოლარის ეკვივალენტი, ასევე, პირგასამტეხლოს – 23 636 ლარისა და 2016 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილების სრულ აღსრულებამდე ფაქტობრივად არსებული დავალიანების – 121 996 ლარის 0,1%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელემ განმარტა, რომ 2012 წლის 21 თებერვალსა და 2014 წლის პირველ აპრილს, ერთი მხრივ, მოსარჩელესა და, მეორე მხრივ, მოპასუხე საზოგადოების დირექტორს შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც „მეიჯარემ“ (მოსარჩელემ) გასცა, ხოლო (მოიჯარემ) მოპასუხეებმა იჯარით აიღეს უძრავი ქონება – 1000 კვ.მ შენობა-ნაგებობა და მიმდინარე ტერიტორია. გადაცემული ფართის ყოველთვიური „საიჯარო ქირა“ შეადგენდა 9000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს დღგ-ს გარეშე.

3. 2014 წლის პირველ აპრილს მოსარჩელესა და ფიზიკურ პირ მოპასუხეს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც აღნიშნული მოპასუხე თავდებად დაუდგა კრედიტორს და სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა ძირითადი მოვალის – მოპასუხე საზოგადოების მიერ კრედიტორთან 2014 წლის პირველ აპრილს დადებული იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. თავდების პასუხისმგებლობის მოცულობა განისაზღვრა 150 000 ლარით.

4. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხე საზოგადოებამ იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობები ჯეროვნად არ შეასრულა.

მოპასუხის პოზიცია:

5. მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ – საიჯარო ქირის გადახდის დავალიანების ნაწილში ცნეს, ხოლო თავდები მოპასუხისათვის სოლიდარულად თანხის დაკისრების ნაწილში სარჩელს მარტივი შესაგებლით არ დაეთანხმნენ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

6. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 121 996,55 ლარის, ასევე, პირგასამტეხლოს – 5000 ლარის გადახდა, რაც მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

განმცხადებლის მოთხოვნა და საფუძვლები:

7. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ და მოითხოვა მოცემული საქმის საბოლოოდ განხილვამდე სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს აეკრძალოს მოპასუხე საზოგადოების სასარგებლოდ დაყადაღებული ნივთების რეალიზაცია.

8. განმცხადებელმა განმარტა, რომ აღნიშნულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიყენა სარჩელის უზრუნველყოფის ორი ღონისძიება – ყადაღა დაედო მოპასუხე საზოგადოების საბანკო ანგარიშებს და მის საკუთრებაში არსებულ მოძრავ ნივთებს. მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ ამ სარჩელის უზრუნველსაყოფად დაყადაღებულ ნივთებზე სხვა, ასევე, არაუზრუნველყოფილი კრედიტორის სასარგებლოდ დაიწყო იძულებითი აღსრულება, რაც გამოიწვევს მათ სასარგებლოდ დაყადაღებული მოძრავი ნივთების რეალიზაციას და გაართულებს ან შეუძლებელს გახდის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 3 აგვისტოს განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა.

10. სააპელაციო სასამართლომ განცხადებაზე დართული მტკიცებულებების საფუძველზე დაადგინა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია სააღსრულებო საქმე დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებით, სადაც მოვალეს წარმოადგენს მოპასუხე საზოგადოება, ხოლო კრედიტორი სხვა იურიდიული პირია. ბრძანების აღსრულების მიზნით დაყადაღებულია 18 დასახელების მოძრავი ნივთი.

11. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ-ის) 191-ე მუხლის პირველი ნაწილით, 198-ე მუხლის პირველი ნაწილით, მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ საპროცესო კანონმდებლობით ზუსტადაა განსაზღვრული ის შემთხვევა, როდესაც დასაშვებია აღსრულების შეჩერება. მოცემულ შემთხვევაში კი სარჩელის საგანია არა ყადაღისაგან ქონების გათავისუფლება, არამედ ფულადი ვალდებულების შესრულება, შესაბამისად, სადავო უზრუნველყოფის ღონისძიების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

საჩივრის ავტორის მოთხოვნა და საფუძვლები:

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სადავო უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება შემდეგი საფუძვლებით:

13. საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მოპასუხე საზოგადოების დაყადაღებულ საბანკო ანგარიშებზე, როგორც მოსარჩელისათვის უზრუნველყოფის გარანტიაზე, თუმცა მოპასუხის ანგარიშებზე თანხა არ არის, შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ერთადერთი საშუალება დაყადაღებული მოძრავი ნივთებია. გაუგებარია სააპელაციო პალატის მსჯელობა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლზე, რომელიც ეხება უკვე დანიშნული აუქციონის შემთხვევას, რაც განსახილველ დავაში არ ფიქსირდება და დროულია მოთხოვნა სააღსრულებო წარმოების შეჩერების შესახებ. არ უნდა მოხდეს იმ ინტიტუტის ეჭვქვეშ დაყენება, რომელიც ემსახურება საქართველოს სახელით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას. ამ კუთხით მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, სადაც განიმარტა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიცავს აღსრულების ეტაპსაც და იგი არაფერი იქნება თუ არა გადაწყვეტილების აღსრულება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

14. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 სექტემბრის განჩინებით საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

15. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის წინაპირობას წარმოადგენს საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება ან მისი აღსრულება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე მნიშვნელოვანწილად გაძნელდება.

16. სსსკ-ის 198-ე მუხლით განსაზღვრულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა ჩამონათვალი. აღნიშნული ნორმის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ სარჩელის აღძვრის შემთხვევაში ქონების რეალიზაციის შეჩერება, გარდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

17. სააპელაციო პალატის მითითებით, ვინაიდან, სარჩელის საგანს წარმოადგენს თანხის დაკისრება და არა ყადაღისაგან ქონების გათავისუფლება, გარდა ამისა, ამ საქმეში სადავოდ არ გამხდარა მოძრავი ნივთების რეალიზაციასთან დაკავშირებით აღმასრულებლის მოქმედების მართლზომიერება, უსაფუძვლოა საჩივრის ავტორის მსჯელობა, რომ გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია, რადგან საპროცესო კანონმდებლობით ზუსტად არის განსაზღვრული შემთხვევა, როცა შესაძლებელია აღსრულების შეჩერება.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივარი, როგორც დაუსაბუთებელი, არ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

19. საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

20. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ უზრუნველყოფის სახით სააღსრულებო წარმოების შეჩერების გამოყენების მართლზომიერება.

21. განსახილველ საქმეზე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და საპროცესო ხარჯებთან ერთად მოპასუხეებს დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ 136 106,55 ლარის გადახდა.

22. წარმოდგენილი სარჩელის უზრუნველყოფად უკვე გამოყენებულ იქნა ღონისძიება და ყადაღა დაედო როგორც 155 000 ლარის საბანკო ანგარიშებს, ასევე, მოძრავ ნივთებს.

23. ამჟამად საჩივარი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა მოცემული სარჩელის უზრუნველსაყოფად დაყადაღებულ ნივთებზე სხვა, ასევე, არაუზრუნველყოფილი კრედიტორის სასარგებლოდ დაწყებული იძულებითი აღსრულების თაობაზე, რაც გამოიწვევს მოსარჩელის სასარგებლოდ დაყადაღებული მოძრავი ნივთების რეალიზაციას და გაართულებს ან შეუძლებელს გახდის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას.

24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა სახეებს ითვალისწინებს სსსკ-ის 198-ე მუხლი, რომლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ სარჩელის აღძვრის შემთხვევაში ქონების რეალიზაციის შეჩერება, გარდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

25. მითითებული კანონის დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებული სააღსრულებო წარმოების შეჩერება, როგორც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, გამოიყენება არა ნებისმიერი დავის ფარგლებში, არამედ მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, კერძოდ, როდესაც სარჩელი აღძრულია ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების თაობაზე. აღნიშნული განპირობებულია თავად ამ ტიპის დავების სპეციფიკით და მიზნად ისახავს შედარებით სუსტი მხარის დაცვას, რომელსაც შესაძლოა სახელმწიფო ორგანოს მხრიდან კუთვნილი ქონება არასწორად დაუყადაღდა. თუმცა აქაც კანონმდებელი აწესებს საგამონაკლისო პირობას, რომელიც ასახულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველ ნაწილში, კერძოდ, იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადების დღიდან დაუშვებელია აუქციონის (სააღსრულებო წარმოების) შეწყვეტა, შეჩერება, გადადება, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება, ამ კანონის 35-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნება.

26. ამდენად, კანონი ზედმიწევნით მკაცრად აწესრიგებს აღსრულების პროცესში წარმოშობილ სადავო საკითხებს და არ უშვებს რაიმე სახის თვითნებობას მხარეთა ან თუნდაც სასამართლოს მხრიდან.

27. წარმოდგენილი დავის საგანია ფულადი ვალდებულების შესრულება და მას ქონების ყადაღისაგან გათავისუფლებასთან კავშირი არ აქვს. შესაბამისად, მოცემულ ურთიერთობაზე სსსკ-ის 198-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მოქმედება ვერ გავრცელდება.

28. დასაბუთებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა სარჩელის უზრუნველყოფის სადავო ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ, ვინაიდან ამგვარ შესაძლებლობას მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ უშვებს.

29. სსსკ-ის 1971 მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივრი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მესამე ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „გ.-ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 3 აგვისტოსა და 21 სექტემბრის განჩინებები დარჩეს უცვლელად.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე