Facebook Twitter

საქმე №ას-565-540-2016 16 სექტემბერი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ნ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უსაფუძვლოდ მიღებული შემოსავლის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ნ. ნ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან მერია) მიმართ მოპასუხისათვის 54 600 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2008 წლის 25 დეკემბერს მხარეთა შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, 10 000 ლარის სანაცვლოდ, მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცა ქ.თბილისში, ს-ის ქუჩასა და ნ-ისაკენ მიმავალი გზის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთი. აღნიშნული ხელშეკრულება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. მიუხედავად ხელშეკრულების ბათილობისა, მოსარჩელეს არ დაბრუნებია ნასყიდობის საფასური. მისივე განმარტებით, ნაცვლად 10 000 ლარისა, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულების ანაზღაურება 2014 წლის 10 აპრილის მდგომარეობით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს მირ მიღებული განჩინების თარიღი, რომლითაც ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება).

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მოსარჩელე მიწის ნაკვეთის კეთილსინდისიერ შემძენს არ წარმოადგენდა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა 10 000 ლარის გადახდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მისი გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 20.11.2015წ. განჩინება მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე).

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 აპრილის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება (იხ. საკასაციო საჩივარი).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 2008 წლის 25 დეკემბერს ქ.თბილისის მთავრობასა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, 10 000 ლარის გადახდის სანაცვლოდ, შემძენს საკუთრებაში გადაეცა ქ.თბილისში, ს-ის ქუჩასა და ნ-ისაკენ მიმავალი გზის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი 01.14.05.009.0...);

1.2.2. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ შემძენს ნასყიდობის საფასური _ 10 000 ლარი სრულად აქვს გადახდილი.

1.2.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მთავრობასა და შემძენს შორის 2008 წლის 25 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება;

1.2.4. ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შემდგომ მოსარჩელეს გადახდილი საფასური, 10 000 ლარი არ დაბრუნებია. სასამართლოს განმარტებით, კონდიქციური ვალდებულებისას კვლევას არ საჭიროებს გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლები ერთ-ერთი მხარის ბრალეული მოქმედების გამოვლენასთან მიმართებით, რამეთუ გარიგების ბათილად ცნობის პირობებში უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში, მიღებული უპირობო დაბრუნებას ექვემდებარება.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის შედავებას იმის თაობაზე, რომ კასატორი არ არის ბრალეული და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნებიდან, კერძოდ, კასატორის განმარტებით, ქალაქ თბილისის მიწის მართვისა და განკარგვის (საკონკურსო) კომისიის 2001 წლის 9 ნოემბრის N27 საოქმო გადაწყვეტილებით ქ.თბილისში, ს-ისა და ნ-ისკენ მიმავალი გზის მიმდებარედ არსებულ ორ მიწის ნაკვეთზე აუქციონზე გამარჯვებულად აღიარებულ იქნა მოსარჩელე, რომელსაც დაევალა ორი თვის ვადაში ქონების ღირებულების (10 000 ლარის) გადახდა. საოქმო გადაწყვეტილება დამტკიცდა ქალაქ თბილისის პრემიერის 29.11.2001წ. N1073 განკარგულებით. ამავე განკარგულებით კონკურსში გამარჯვებულ ფიზიკურ და იურიდულ პირებს დაევალათ სხვადასხვა დოკუმენტაციის წარდგენა. კონკურსში გამარჯვებულმა შემძენმა საკონკურსო კომისიის ოქმითა და პრემიერის განკარგულებით დადგენილ დროში არ გადაიხადა საბოლოოდ დადგენილი თანხა. 2007 წლის 4 მაისს ქ.თბილისის მთავრობის N09.17.287 დადგენილებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ქ.თბილისის მთავრობისა და ქ.თბილისის პრემიერის რიგ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებით, მათ შორის, პრემიერის 2001 წლის 29 ნოემბრის N1073 განკარგულებასთან დაკავშირებით და ქ.თბილისის მთავრობის 2008 წლის 3 აპრილის N05.275.212 დადგენილებით ცვლილება შევიდა N18/.19.621 დადგენილების მე-5 პუნქტში, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ქ.თბილისის პრემიერის 2001 წლის 29 ნოემბრის N1073 დადგენილებით განსაზღვრულ პირებს შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარედგინათ 2009 წლის 1 იანვრამდე. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ზ.ნ-მა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით (საქმე N3ბ/260-13) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი კასატორსა და მოსარჩელეს შორის დადებული ხელშეკრულება. სააპელაციო სასამართლომ 2013 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით (საქმე N3ბ/1235-11) განმარტა, რომ შემძენი არ წარმოადგენდა კეთილსინდისიერ მყიდველს, ვინაიდან მის მიერ არ იქნა დაცული ქალაქ თბილისის მთავრობის N09.17.287 დადგენილებით გათვალისწინებული დათქმა მიწის ნაკვეთის მიმდინარე ნორმატიული ფასის გადახდის პირობით ხელშეკრულების გაფორმებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 10 აპრილის განჩინებითაც. უზენაესმა სასამართლომ ასევე განმარტა, რომ შემძენი არ წარმოადგენდა კეთილსინდისიერს და, გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, როგორც აუქციონში გამარჯვებულ პირის უფლებები ნაკვეთის შესყიდვასთან დაკავშირებით ბათილი იყო. საქმის მასალებით არ არის დადასტურებული ქალაქ თბილისის მთავრობის ბრალეულობა. სააპელაციო პალატამ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პიორველი და მე-3 ნაწილის მოთხოვნები.

1.5. საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიების წინააღმდეგ განმარტავს, რომ შესრულების კონდიქციიდან გამომდინარე ვალდებულებისას, მოვალის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების ან გამდიდრების კრედიტორის უფლების გამომრიცხავ გარემოებად კანონის არც ერთი დანაწესი ამ ურთიერთობის სუბიექტთა დამოკიდებულებას არ ადგენს, უფრო კონკრეტულად, კონდიქციური ვალდებულების არსებობისას, მხედველობაში არ მიიღება არც კონტრაჰენტის კეთილსინდისიერება და არც ბრალეულობა. ამ ვალდებულების მიზანი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადანაცვლებულ მატერიალურ/არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეთა იმ მდგომაროებაში აღდგენაა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო კონდიქციური ვალდებულების მახასიათებელი წინაპირობები. ქონებრივი წონასწორობის აღდგენის მიზნით, კანონი განსაზღვრავს უსაფუძვლოდ გადაცემულის დაბრუნებას, რათა ხელი შეეწყოს სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას და არ მოხდეს ბრუნვის მონაწილე რომელიმე მხარის იმგვარ მდგომარეობაში აღმოჩენა, რომელსაც სამართლებრივი წინაპირობები გამდიდრების ეტაპზე არ გააჩნია. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ მართებულად მოიძია მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა _ სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნტი, მართებულად დაადგინა მისი შემადგენელი ელემენტების არსებობა: მოპასუხის გამდიდრება; ამის შესატყვისად მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი; მატერიალურ სიკეთეთა ამგვარი გადანაცვლების უსაფუძვლობა, თავის მხრივ, მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის ელემენტების კვლევისას სააპელაციო პალატას არ დაურღვევია საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნები (მტკიცების ტვირთის განაწილება). შესაბამისად, პალატა არ იზიარებს კასატორის არგუმენტს მოსარჩელის მხრიდან საფასურის გადახდის ფაქტის არასწორად დადგენის თაობაზე, რადგანაც ეს გარემოება, ერთი მხრივ, დასტურდება მხარეთა შორის ხელშეკრულების დადებით, რაც ნასყიდობის საფასურის გადახდის პრეზუმფციის დაშვების საფუძველია (პრეზუმირებული ფაქტის იურიდიული ბუნებიდან გამომდინარე, მისი გაქარწყლების ტვირთი იმ მხარეს აწევს, რომლის წინააღმდეგაც მოქმედებს ეს ფაქტი), ხოლო, მეორე მხრივ, მხარეთა განმარტებით (სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილ შესაგებელში თავად კასატორი არ უარყოფს ნასყიდობის საფასურის _ 10 000 ლარის მოსარჩელის მიერ გადახდის ფაქტს).

1.6. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (კონდიქციური ვალდებულებიდან გამომდინარე მტკიცების ტვირთის განაწილების, ასევე, შესრულების კონდიქციის ფარგლების შესახებ იხ. სასამართლო პრაქტიკა: სუსგ №ას-344-329-2016, 22 აპრილი, 2016 წელი).

1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასატორი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე