Facebook Twitter

საქმე №ას-710-680-2016 9 სექტემბერი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს „თ-ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს-ა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – სს „ს-ის“ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სს „თ-ის“ სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა და მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. სს „თ-მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს-ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი ან კასატორის მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ უსაფუძვლოდ მიღებული დანახარჯების _ 703 610,51 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: 2003 წლის 7 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმდა მემორანდუმი, ხოლო ამავე მემორანდუმის საფუძველზე _ ხელშეკრულება, რომლის ძალითაც მოსარჩელეს მოპასუხის ქონებაზე აღდგენითი და სარემონტო სამუშაოები უნდა ეწარმოებინა, რაც შესაძლებელს გახდიდა ელ.ენერგიის იმპორტს სომხეთიდან. ხელშეკრულების ფარგლებში წარმოებულმა სარეაბილიტაციო-აღდგენითი სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 261 851,88 ლარი, ხოლო შეძენილი და დამონტაჟებული საჰაერო ამომრთველის ღირებულებამ _ 441 758,63 ლარი. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება ძალაში არ შესულა და სს „თ-ს“ მოპასუხის მიმართ დაეკისრა იმპორტირებულ ელ.ენერგიაზე გადაცემა-დისპეჩერიზაციის მომსახურების სრული ანაზღაურების ვალდებულება, ამდენად, მოსარჩელეს არც კანონისმიერი და არც სახელშეკრულებო ვალდებულება 703 610,51 ლარის ღირებულების მომსახურების ანაზღაურებისა მოპასუხის მიმართ არ გააჩნდა.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ ხარჯების გაწევის ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება, მოთხოვნა ხანდაზმულია, ამასთანავე, მოსარჩელე ვერ ამტკიცებს მოპასუხის გამდიდრების ფაქტს. რაც შეეხება საჰაერო ამომრთველის ღირებულების ანაზღაურებას, მოპასუხის განმარტებით, მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგანაც მას ნივთით არ უსარგებლია და ამით არ გამდიდრებულა, ის თანახმაა, დაუბრუნოს ნივთი მოსარჩელეს, რომელსაც ნაცვლად მისი ღირებულების ანაზღაურებისა, მოპასუხისაგან სწორედ ქონების გამოთხოვა შეეძლო მოეთხოვა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 703 610,51 ლარის გადახდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების/გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

5.2. აღნიშნული საქმე განხილულ იქნა საკასაციო წესითაც. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო სა ქმეთა პალატის 2016 წლის 22 აპრილის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 მარტის განჩინება საჰაერო ამომრთველის ღირებულების, ასევე, ამ ღირებულების პროპორციულად საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების განსაზღვრის ნაწილში და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, ხოლო, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელად.

5.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება გაუქმდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სარემონტო ხარჯების 261 851 ლარის ანაზღაურება, ხოლო მოსარჩელის მოთხოვნა საჰაერო ამომრთველის ღირებულების _ 441 758,63 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. დაზუსტებული საკასაციო საჩივარი).

6.1. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

6.1.1. განსახილველ შემთხვევაში, არსებობს კონდიქციური სარჩელის დაკმაყოფილების სამივე ელემენტი: ა) მოპასუხის გამდიდრება, რაც დასტურდება სარჩელზე დართული მტკიცებულებებით, მათ შორის, საჰაერო ამომრთველის ღირებულების შესახებ სასაქონლო ზედნადებით; ბ) კასატორის ქონებრივი დანაკლისი _ ნივთის შესაძენად გაღებული ფინანსური სახსრები; გ) მატერიალურ სიკეთეთა ამგვარი გადანაცვლების უსაფუძვლობა, რაც დადგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, რომლითაც საფუძველი გამოეცალა მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასა და მემორანდუმს;

6.1.2. საქმის განმხილველმა სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლი, 201-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები, 102-ე, 103-ე მუხლები, 219-ე მუხლის პირველი ნაწილი და 380-ე მუხლის მე-2 ნაწილი;

6.1.3. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები და ამ თვალსაზრისით მიკერძოებულად შეაფასა მტკიცებულებები, რადგანაც საქმის მასალებით დასტურდება, რომ კასატორმა მოწინააღმდეგე მხარეს გადასცა სადავო ნივთი, რომელიც ამ უკანასკნელს უნდა დაემონტაჟებინა, შესაბამისად, ნივთის არსებობის მტკიცების ტვირთი სწორედ მოპასუხეს ეკირებოდა, რომელსაც შესაგებლით სათანადოდ არ დაუცვია საკუთარი უფლება და მტკიცებულებებით არ გაუქარწყლებია სარჩელის საფუძვლიანობა, რის შემდგომაც მან დაკარგა პოზიციის შეცვლის უფლება, რადგანაც ახალი მტკიცებულებების სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის შემდგომ წარდგენა დაუშვებელია. ამ თვალსაზრისით კასატორი მიუთითებს მოწინააღმდეგე მხარის 2014 წლის 10 აპრილის წერილის შინაარსობრივ მხარეზე და განმარტავს, რომ მოპასუხეს საჰაერო ამომრთველის დაუმონტაჟებლობა, მისი უვარგისობა და მოსარჩელისათვის დაბრუნების ნება არ გამოუხატავს, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ელექტროგადამცემი ხაზი „ალავერდი 220-ზე“ გაწეული დანახარჯების დამადასტურებელი მტკიცებულება და ის გარემოება, რომ სადავო ნივთის გადაცემა 2003 წლის მომსახურების ხელშეკრულების ისეთივე ნაწილი იყო, როგორც სარემონტო სამუშაოების გაწევა, რაც დადასტურებულადაა მიჩნეული. მოპასუხეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც საჰაერო ამომრთველის დაუმონტაჟებლად ელექტროენერგიის იმპორტის შეუძლებლობას დაამტკიცებდა. კანონისმიერი ვალდებულებით გათვალისწინებული ქონებრივი ბალანსის აღდგენა ნივთის დაბრუნებით ვერ მოხერხდება, რადგანაც კასატორის დანაკლისი ამ ნივთის შესაძენად გაწეული ხარჯია და არა თავად ნივთი;

6.1.4. არასწორია სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ნივთის დამონტაჟებისა და ამ დამონტაჟების შედეგად მოვალის ქონებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება, რითაც ამ უკანასკნელმა დაზოგა მატერიალური სახსრები, თავად ნივთის ღირებულება კი, განსაზღვრულია მოწინააღმდეგე მხარის 2014 წლის 10 აპრილის წერილით, ამდენად, მოპასუხის გამდიდრების ფაქტის განსაზღვრისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს გარემოებას იმის შესახებ, გამოიყენა თუ არა მან გადაცემული ნივთი;

6.1.5. კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ გამომდინარეობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლიდან, ასევე, ეწინააღმდეგება ადამიანის უფფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებას საქმეზე „ვ.დ. რუმინეთის წინააღმდეგ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლი ადგენს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლებს და მათ განეკუთვნება შემდეგი:

ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;

გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

1.2. საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს კონდიქციური ვალდებულების ფარგლებში გადაცემული ნივთის ღირებულების უსაფუძვლო გამდიდრების კრედიტორისათვის ანაზღაურებაზე უარის თქმის კანონიერება. სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 აპრილის განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შესაბამისად, საქმის მასალების ხელახალი შესწავლით დადგენილად მიიჩნია, რომ:

1.2.1. მოპასუხემ მოსარჩელისათვის 2015 წლის 16 მარტს გაგზავნილ წერილში მიუთითა შემდეგ გარემოებებზე: „სადავო ВВД-220 ტიპის საჰაერო ამომრთველის მონტაჟი, ექსპლუატაცია ან სხვაგვარი სარგებლობა, ისევე როგორც რეალიზაცია, არც სს „ს-ას“, არც „თ-ს“ და არც სხვა რომელიმე სუბიექტს არ განუხორციელებია; სს „თ-ის“ მიერ ჩატარებული სამუშაოების შესახებ წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ დაზიანებული საჰაერო ამომრთველის შეცვლის ნაცვლად, შესრულდა მხოლოდ დაზიანებული ამომრთველის დემონტაჟი და В და С ფაზების ВВД-220 ამომრთველის გადატანა „კოლხიდა - 1-ზე“. ამდენად, ВВД-220 ტიპის საჰაერო ამომრთველი ექსპლუატაციაში არ შესულა; მოწყობილობის გადაცემის მომენტიდან დღემდე მოსარჩელეს არც ერთხელ არ მიუმართავს აპელანტისათვის არარსებული ვალდებულების საფუძველზე გადაცემული ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნით...“.

1.2.2. ამავე წერილში, მოპასუხე მზადყოფნას გამოხატავს ВВД-220 ტიპის საჰაერო ამომრთველის მოსარჩელისათვის იმ მდგომარეობაში დაბრუნების შესახებ, რა მდგომარეობაშიც იგი მათი კომპანიისათვის გადაცემულ იქნა.

1.2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარისადმი მოპასუხის მიერ გაგზავნილი მიმართვით მისი ავტორი სადავო - ВВД-220 ტიპის საჰაერო ამომრთველის სასამართლოში დეპონირებას ითხოვდა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელე მის უკან მიღებაზე უარს აცხადებდა.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

1.4. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას სააპელაციო სასამართლოს მხრიდან მატერიალური თუ საპროცესო ნორმების, ასევე, საერთაშორისო ხელშეკრულებით აღიარებული მხარეთა თანასწორობის პრინციპისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის თაობაზე და კვლავ იმ უდავო გარემოებაზე გაამახვილებს ყურადღებას, რომ 2003 წლის 16 ოქტომბრის ხელშეკრულების ფარგლებში მან მოპასუხეს 441 758,63 ლარის ღირებულების საჰაერო ამომრთველი გადასცა, რომლის ღირებულების ანაზღაურებასაც განსახილველი სარჩელით მოითხოვს. უდავოა ისიც, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგინდა ამ გადაცემის ფაქტობრივი საფუძვლის არარსებობა _ უსაფუძვლობა, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმად სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი გვევლინება, რომლის თანახმადაც, შესრულების კონდიქცია გულისხმობს ვითომ კრედიტორის ქონების შეგნებულ და მიზანმიმართულ გაზრდას, რომელსაც არ გააჩნია სამართლებრივი (სახელშეკრულებო ან კანონისმიერი) საფუძველი, ან ამგვარი საფუძველი ნორმაში მითითებულ გარემოებათაგან ერთ-ერთის არსებობის გამო, არ წარმოშობილა ან შეწყდა (გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლით). შესრულების კონდიქციისას, ისევე, როგორც უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტისათვის მახასიათებელი მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიღებულის უკან დაბრუნებაა, კანონისმიერი ამ ვალდებულების მთავარი მიზანი იმ ქონებრივი ბალანსის აღდგენაა, რომელიც იარსებებდა, რომ არა ვითომ კრედიტორის გამდიდრება. კონდიქციური ვალდებულების მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებია: მოპასუხის გამდიდრება; ამის შესაბამისად, მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი; მატერიალურ/არამატერიალურ სიკეთეთა ამ გადანაცვლების უსაფუძვლობა/გაუმართლებლობა. მითითებულთაგან ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა, მოთხოვნის დაკმაყოფილებას გამორიცხავს, ამასთანავე, როგორც მატერიალური (სკ-ის 976-ე მუხლი), ისე საპროცესო (სსსკ-ის 102-ე მუხლი) ნორმის თანახმად, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს (იხ. წინამდებარე საქმეზე საკასაციო პალატის მიერ 2016 წლის 22 აპრილს მიღებული განჩინება #ას-344-329-2016).

1.5. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ მიუბრუნდება საქმეში წარმოდგენილი სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლებს, რომელიც სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 13 ივლისის სხდომაზე განსხვავებულად იქნა ინტერპრეტირებული მოსარჩელის მიერ, კერძოდ, სარჩელის თანახმად, სს „თ-მა“ განმარტა, რომ მან ძალაში შეუსვლელი ხელშეკრულების საფუძველზე, ერთი მხრივ, განახორციელა 261 851,88 ლარის ღირებულების სარემონტო სამუშაოები (რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანს აღარ წარმოადგენს), ხოლო, მეორე მხრივ, შეიძინა და დაუმონტაჟა მოპასუხეს 441 758,63 ლარის ღირებულების ნივთი. ვინაიდან განხორციელებულ შესრულებას ნამდვილი ხელშეკრულება არ ედო საფუძვლად, მოსარჩელემ მოითხოვა როგორც შესრულების, ისე გადაცემული ნივთის ღირებულების ანაზღაურება. აღნიშნულის საპირისპიროდ, მან სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განმარტა და საკასაციო საჩივრით დაადასტურა, რომ მას საჰაერო ამომრთველი არ დაუმონტაჟებია, ამასთან, მისი ქონებრივი დანაკლისი ნივთის შესაძენად გაწეული ხარჯი და არა ნივთია, რომლითაც მისი მიმღები გამდიდრდა, მიუხედავად ნივთით სარგებლობის ფაქტისა და მოსარჩელის დანაკლისს წარმოადგენს შეძენის დროისათვის გაწეული ხარჯი. საკასაციო პალატა, ბუნებრივია, არ იზიარებს კასატორის აღნიშნულ პოზიციას სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის გამო და ყურადღებას რამდენიმე საკითხზე გაამახვილებს:

1.5.1. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, შესრულების კონდიქციიდან გამომდინარე, გამდიდრების კრედიტორის მოთხოვნა უსაფუძვლოდ გადაცემულის უკან დაბრუნება შეიძლება იყოს, უპირველესად, უნდა შემოწმდეს რამდენადაა შესაძლებელია ამ ნივთის დაბრუნება (სკ-ის 976.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი და 979.1 მუხლი) და მისი ღირებულების ანაზღაურებაზე მსჯელობა მხოლოდ მას შემდეგაა დასაშვები, თუ დამტკიცდება, რომ უკან დაბრუნება შეუძლებელია გადაცემული საგნის მდგომარეობის ან სხვა მიზეზის გამო (სკ-ის 979.2 მუხლი), ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს კონდიქციური ვალდებულების ფარგლებს, ხოლო მე-2 ნაწილით რეგულირებულია უსაფუძვლოდ გადაცემული ქონების კომპენსაციის გადახდის ვალდებულება თუკი თავად გადაცემული სიკეთის დაბრუნების შეუძლებლობაა სახეზე, ასეთ შემთხვევაში, კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროის მიხედვით.

1.5.2. კასატორის მსჯელობის საპირისპიროდ, სარჩელში აღნიშნულია, რომ კონდიქციური მოთხოვნის კრედიტორმა ზემოხსენებული ხელშეკრულების ფარგლებში შეიძინა და დაუმონტაჟა მოვალეს ნივთი, რასაც შესაგებლით არ დაეთანხმა მოპასუხე და განმარტა, რომ ნივთის გადაცემით იგი არ გამდიდრებულა, ნივთი დასაწყობებულია და მას იგი არ მოუხმარია. ამ გარემოების გათვალისწინებით გადაცემული ნივთის ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა სწორედ იმის დადასტურება, რომ ნივთი მართლაც დაამონტაჟა, ამ დამონტაჟების შედეგად გაუმჯობესდა მოვალის ქონებრივი მდგომარეობა და მან დაზოგა შესაბამისი მატერიალური სახსრები არა უსარგებლოდ გადაცემული ნივთით, არამედ მისი ექსპლუატაციით (საკასაციო პალატის ამ დასკვნის საფუძველს როგორც სკ-ის 976.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი და 979.1 მუხლი, ისე სსკ-ის 102.1 მუხლი წარმოადგენს).

1.6. საკასაციო პალატა კვლავ ადასტურებს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების საკითხის მარეგულირებელი არც ერთი ნორმა არ ადგენს კრედიტორის უფლებადამცავ იმგვარ დანაწესს, რომელიც ქონებრივი წონასწორობის აღდგენას კრედიტორის სუბიექტური ინტერესის შესაბამისად დაადგენდა (შესრულების კონდიქციის მიზანი უსაფუძვლოდ გადაცემულის დაბრუნებაა და კომპენსაცია მხოლოდ კანონით გათვალისწინებული ობიექტური წინაპირობების არსებობისასაა დასაშვები). კანონის ამგვარი ნება ემყარება სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპს, რომლის ფარგლებშიც კონტრაჰენტი თავადაა განხორციელებული შესრულების ნეგატიური შედეგების რისკის მატარებელი. იმ შემთხვევაში, თუკი დადგინდება, რომ ვითომ კრედიტორს გადაცემული ქონებით არ უსარგებლია, ნივთი ობიექტურად არსებობს, რის გამოც შესაძლებელია მისი დაბრუნება, მაშინ კონდიქციური ვალდებულების არსის საპირისპიროდ, ნივთის ღირებულების დაკისრება არა უსაფუძვლო გამდიდრების გათანაბრებას, არამედ მოვალის მდგომარეობის გაუმართლებელ გაუარესებას გამოიწვევს.

1.7. წინამდებარე განჩინების სამოტივაციო ნაწილში განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის არგუმენტებს, როგორც საპროცესო, ისე მატერიალური სამართლის ნორმების დარღვევის თაობაზე და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ, საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 22 აპრილის განჩინებაში ჩამოყალიბებული სამართლებრივი დასაბუთებისა (სსსკ-ის 412.2 მუხლი) და სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი სტანდარტით (სსსკ-ის 105-ე მუხლი) მტკიცებულებათა შეფასების გზით მართებულად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა საჰაერო ამომრთველის ღირებულების მოპასუხისათვის დაკისრების საფუძვლიანობა, რის გამოც სწორად არ დააკმაყოფილა სარჩელი. რაც შეეხება კასატორის პოზიციას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლისა თუ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის მოთხოვნების დარღვევის თაობაზე, არც მას იზიარებს პალატა ვინაიდან ქვემდგომი სასამართლოს მსჯელობა ემყარება კანონისმიერ საფუძვლებს, საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით აღიარებულ შეჯიბრებითობის პრინციპსა და სწორედ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად „შემოწმებულ“ მტკიცებულებებს, რაც გამორიცხავს მხარის უფლების დარღვეულად მიჩნევას. ამდენად, არ დგინდება გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები.

2. სასამართლო ხარჯები:

მოცემულ შემთხვევაში, კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია, ამასთანავე, ვინაიდან საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინებით მას უარი ეთქვა საჰაერო ამომრთველის ღირებულების ანაზღაურების ნაწილში საკასაციო საჩივრის/სარჩელის დაკმაყოფილებაზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში, ხოლო ამ ხარჯის მხარეთა შორის განაწილების წინაპირობა არ არსებობს (სსსკ-ის 53-ე მუხლი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „თ-ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ.ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე