Facebook Twitter

საქმე №ა-2574-შ-64-2016 16 სექტემბერი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - დ. ზ-

მოწინააღმდეგე მხარე – ს. ზ-

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – გერმანიის, ჰამის ადგილობრივი საერთო სასამართლოს 2007 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გერმანიის, ჰამის ადგილობრივი საერთო სასამართლოს 2007 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით 2003 წლის 29 აპრილს ჰამში მმაჩის ბიუროს მოხელის წინაშე რეგისტრირებული ქორწინება #159/2003 ს. ზ-სა და დ. ზ-ს შორის შეწყდა. ამავე გადაწყვეტილებით მოხდა საპენსიო წილების გათანაბრება.

2. დ. ზ-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის, ჰამის ადგილობრივი სასამართლოს 2007 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა მხარეთა რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა (იხ. განცხადება მოთხოვნის დაზუსტების თაობაზე).

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილების, მისი სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანისა და სხვა მტკიცებულებების შესწავლით ირკვევა შემდეგი:

3.1. მხარეები ინფორმირებული იყვნენ და მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში;

3.2. წარმოდგენილი გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში 2007 წლის 4 აგვისტოს;

3.3. შუამდგომლობის ავტორი არის საქართველოს მოქალაქე.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ივლისის განჩინებით დ. ზ-ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ დ. ზ-ის შუამდგომლობა განქორწინების ნაწილში გერმანიის, ჰამის ადგილობრივი საერთო სასამართლოს 2007 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. გერმანიის, ჰამის ადგილობრივი საერთო სასამართლოს 2007 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით 2003 წლის 29 აპრილს ჰამში მმაჩის ბიუროს მოხელის წინაშე რეგისტრირებული ქორწინება #159/2003 ს. ზ-სა და დ. ზ-ს შორის შეწყდა. ამავე გადაწყვეტილებით მოხდა საპენსიო წილების გათანაბრება.

2. დ. ზ-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის, ჰამის ადგილობრივი სასამართლოს 2007 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა მხარეთა რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილების, მისი სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანისა და სხვა მტკიცებულებების შესწავლით ირკვევა შემდეგი:

3.1. მხარეები ინფორმირებული იყვნენ და მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში;

3.2. წარმოდგენილი გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში 2007 წლის 4 აგვისტოს;

3.3. შუამდგომლობის ავტორი არის საქართველოს მოქალაქე.

4. შუამდგომლობას ერთვის მოწინააღმდეგე მხარის წერილობითი დასტური იმის თაობაზე, რომ მისთვის ცნობილია განქორწინების შესახებ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განხილვის თაობაზე და მას არავითარი პრეტენზია არ გააჩნია.

5. საკასაციო პალატა მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით კი დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხოლო ნორმის მე-2 პუნქტით კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს უარი ეთქმევა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით ასევე დადგენილია გარკვეული შეზღუდვები, თუმცა საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გერმანიის, ჰამის ადგილობრივი საერთო სასამართლოს 2007 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც 2003 წლის 29 აპრილს ჰამში მმაჩის ბიუროს მოხელის თანდასწრებით რეგისტრირებული ქორწინება #159/2003 ს. ზ-სა და დ. ზ-ს შორის შეწყდა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. ზ-ის შუამდგომლობა გერმანიის, ჰამის ადგილობრივი საერთო სასამართლოს 2007 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის, ჰამის ადგილობრივი საერთო სასამართლოს 2007 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც 2003 წლის 29 აპრილს ჰამში მმაჩის ბიუროს მოხელის თანდასწრებით რეგისტრირებული ქორწინება #159/2003 ს. ზ-სა და დ. ზ-ს შორის შეწყდა.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე