საქმე №ას-176-163-2015 4 ოქტომბერი, 2016 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
პაატა ქათამაძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვა
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
კასატორი – სსიპ შ.ს. (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - გ.მ.
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „I. I. T.“;
გ.ი.
წარმომადგენელი - ზ.გ–ძე; გ.კ–ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. შპს “I. I. T.”-ი (შემდეგში: პირველი მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, საწარმო ან კომპანია) 2003 წლის 23 იანვრიდან რეგისტრირებულია საგადასახადო ინსპექციაში გადასახადის გადამხდელად (საიდენტიფიკაციო ნომერი - ......).
2. კომპანიის დირექტორი გ.ი. (შემდეგში: დირექტორი, მეორე მოპასუხე) ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 მარტის განაჩენით, დამნაშავედ იქნა ცნობილი 2006 წლიდან 2008 წლის 14 აპრილამდე პერიოდში - 40 204 ლარის ძირითადი გადასახადის გადახდაზე განზრახ თავის არიდებისათვის {საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, შემდეგში სისხლის სამართლის კოდექსი 218-ე მუხლი}.
3. 2011 წლის 15 მარტის განაჩენით დადგენილი ზიანი (დირექტორის მიერ დამალული გადასახადი - დღგ 19044 ლარი და მოგების გადასახადი 21 160 ლარი, სულ 40 204 ლარი), 2011 წლის 16 მარტს კომპანიის კუთვნილი ქონების იძულებითი რეალიზაციის ხარჯზე იქნა ანაზღაურებელი.
4. დაფარული გადასახადებიდან წარმოშობილი ვალდებულების საფუძველზე, საკონტროლო გასვლითი საგადასახადო შემოწმების შედეგად, სსიპ შ.ს.ს (შემდეგში მოსარჩელე, სამსახური, აპელანტი ან კასატორი) 2008 წლის 25 იანვრის # 277 ბრძანებით (შემდეგში ბრძანება) კომპანიას 118 875,95 ლარის (ჯარიმებისა და საურავების ჩათვლით) გადახდა დაეკისრა.
5. აღნიშნული ბრძანებით კომპანიას (გადამხდელს) წარედგინა საგადასახადო მოთხოვნა #2. 15 w. (შემდეგში საგადასახადო მოთხოვნა).
6. 2009 წლის 20 აგვისტოს მონაცემებით, პირველ მოპასუხეს ბიუჯეტის სასარგებლოდ ერიცხებოდა 246 631.35 ლარის დავალიანება. მან თანხის დარიცხვის თაობაზე მიღებული ადმინისტრაციული აქტები სადავოდ გახადა ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, მაგრამ მისი საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
7. მოსარჩელემ საგადასახადო ვალდებულების უზრუნველსაყოფად ყადაღა დაადო საწარმოს კუთვნილ ქონებას, შემდეგ კი, შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების იძულებითი რეალიზაცია.
8. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 1 სექტემბრის ბრძანებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და 2010 წლის 18 მაისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
9. იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს (შემდეგში აღსრულების ეროვნული ბიურო) აღმასრულებელმა მოახდინა მოპასუხის ქონების რეალიზაცია და რეალიზაციის შედეგად მიღებულმა თანხამ შეადგინა - 40 883,88 + 19 046 = 59 929,88 ლარი (იხ. ტ. მეორე, ს.ფ. 183-189), რაც შესაბამის სახაზინო ანგარიშებზე ჩაირიცხა. აღნიშნულის გარდა, სახელმწიფოს ნატურით გადაეცა კომპანიის კუთვნილი - 16 500 ლარის ღირებულების ქონება (იხ. ტ. მეორე, ს.ფ. 167).
10. 2013 წლის 12 ნოემბერს, მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყენებული ზიანის, 225 096 ლარის, ორივე მოპასუხისათვის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნით.
11. მოპასუხეებმა წარადგინეს მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებელი, იმ საფუძვლით, რომ 2011 წლის 16 მარტს კომპანიის კუთვნილი ქონების იძულებითი რეალიზაციის გზით განაჩენით დადგენილი ზიანი, 40 204 ლარი, სრულად ანაზღაურდა. მათი მოსაზრებით, ზიანის 225 096 ლარის, დაკისრების მოთხოვნას არ გააჩნდა არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი.
12. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დავის მოსაწერიგებლად გამოიყენა სსკ-ის 316-ე, 317-ე, 992-ე, 998-ე, 463-ე, 464-ე და სსსკ-ის 30917-ე, 30920-ე მუხლები.
13. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ მისი გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგი საფუძვლებით:
13.1. სასამართლოს მიერ დარღვეულია სსსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნები, არასწორად არის დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია;
13.2. არასწორად იქნა დადგენილი, რომ მიყენებული ზიანი მეორე მოპასუხის (მსჯავრდებულის) მიერ გადახდილ იქნა 2011 წლის 16 მარტს. აღნიშნული თანხა მას არ გადაუხდია. პირველ მოპასუხეს 2008 წლის 25 იანვრის საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე დაერიცხა 246 631.35 ლარის დავალიანება, ხოლო აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ღია აუქციონის წესით ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხებით და ნაწილი ქონების ნატურით გადაცემით სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანება მხოლოდ შემცირდა და არა შეწყდა;
13.3. სასამართლომ უგულებელყო „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტი, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, მეორე მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამო, წარმოეშვა საწარმოს საგადასახადო ვალდებულება.
14. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა კომპანიისათვის თანხის დაკისრებაზე; ამ ნაწილში პირველი მოპასუხისათვის თანხის დაკისრების ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
15. აპელანტმა, აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
15.1. მოპასუხეებს საგადასახადო ვალდებულება არ შეუსრულებიათ. კომპანიის კუთვნილი ქონების აუქციონზე რეალიზაციის გზით დაიფარა დავალიანების ნაწილი და არა მთლიანი დავალიანება.
15.2. 2008 წლის იანვრისათვის პირველ მოპასუხეს ერიცხებოდა დავალიანება 118 875.95 ლარი, ხოლო კომპანიის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ სასამართლოსათვის შუამდგომლობის აღძვრის დროისათვის, ანუ 2009 წლის 20 აგვისტოს მონაცემებით, დავალიანება უკვე 246 631.41 ლარს შეადგენდა.
15.3. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. მას უნდა ეხელმძღვანელა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით, ვინაიდან სახელმწიფოს წინაშე კომპანიის დავალიანების წარმოშობის მიზეზია მეორე მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო და განზრახი მოქმედებები.
15.4. დაუსაბუთებელია სასამართლოს გადაწყვეტილება პირველი მოპასუხისათვის თანხის დაკისრების ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილშიც.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.
სამოტივაციო ნაწილი :
17. საქმის მასალების გაცნობა, მათი შესწავლა და ანალიზი, ასევე, საკასაციო საჩივრის მოტივების ზეპირი მოსმენით შემოწმება, საკასაციო სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს, გამოიტანოს დასკვნა საჩივრის უსაფუძვლობის თაობაზე.
18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
19. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება და სამართლებრივად ძირითადად სწორად შეაფასა (იხ.წინამდებარე განჩინების პ.1-9 პუნქტები).
20. კასატორი 2013 წლის 12 ნოემბერს აღძრული სარჩელით მოპასუხეებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყენებული ზიანის, 225 096 ლარის, სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნას ამყარებდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 მარტის კანონიერ ძალაში შესულ განაჩენზე, რომლის მიხედვითაც მეორე მოპასუხეს მსჯავრი დაედო 2006 წლიდან 2008 წლის 14 აპრილამდე პერიოდში ძირითადი გადასახადის - 40 204 ლარის გადახდაზე განზრახ თავის არიდებისათვის.
21. სამოქალაქო სამართალწარმოების წესით დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელების განხილვისას, გამოიყენება სსსკ-ის XXXIV3 დადგენილი ნორმები. ამ კატეგორიის საქმეების განხილვის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილ ფაქტებს პრეიუდიციული მნიშვნელობა გააჩნიათ (სსსკ-ის 30920-ე მუხლის მეორე ნაწილი), რაც იმას გულისხმობს, რომ დამტკიცებულად და განხორციელებულად ითვლება დელიქტური სამართლის მთავარი ნორმის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 992-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა სამართლებრივი წანამძღვარი: მოქმედების მართლსაწინააღმდეგობა, ზიანი, ადექვატური მიზეზობრივი კავშირი და ბრალი. აქედან გამომდინარე, მეორე მოპასუხე პასუხს აგებდა განაჩენით დადგენილი ზიანის (40 204 ლარი) და არა 225 096 ლარის ფარგლებში, როგორც ამას კასატორი მოითხოვდა.
22. თუმცა, რადგანაც სარჩელის აღძვრის დროისათვის (2013 წლის 12 ნოემბერი), ზიანი უკვე ანაზღაურებული იყო (იხ. წინამდებარე განჩინების პ.9), აღარ არსებობდა ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი საფუძველი. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად მართებულად შეაფასა საქმის გარემოებები და სწორად დაასკვნა, რომ, მოთხოვნის შეწყვეტის გამო, მეორე მოპასუხის მიმართ სარჩელის უარყოფა დასაბუთებული იყო.
23. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირველი მოპასუხის, როგორც გადასახადის გადამხდელის, პასუხისმგებლობა არა კერძო, არამედ საგადასახადო კანონმდებლობის ნორმებით განისაზღვრება. შესაბამისად, სსსკ-ის მე-11 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, საგადასახადო დავების განხილვა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით არ შეიძლება. ამ ტიპის დავების განხილვის წესი მოწესრიგებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით (თავი XIV, მუხლი 296-ე: „საგადასახადო დავა შესაძლებელია განხილულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემასა და სასამართლოში. ამ კარით დადგენილია საგადასახადო დავის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში განხილვის წესი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის ნებისმიერ ეტაპზე მომჩივანს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს. სასამართლოში საგადასახადო დავის წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით“).
24. შესაბამისად, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს მიერ სსსკ-ის 272-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირველი მოპასუხის მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობასთან დაკავშირებით. აქვე, პალატა კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზეც, რომ საქმის საკასაციო ინსტანციაში განხილვის დროისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირველ მოპასუხეს სახელმწიფოს წინაშე საგადასახადო დავალიანება აღარ ერიცხება.
25. რაც შეეხება, კასატორის პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს მიერ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ჯერ ერთი, ეს ნორმა საწარმოს (პირველ მოპასუხეს) და არა მოსარჩელეს ანიჭებდა მეორე მოპასუხისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას („ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ...“), მეორეც, ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახადის გადახდის ვალდებულება ეკისრებოდა საწარმოს და არა მის დირექტორს (მეორე მოპასუხეს), ამიტომ მისთვის, საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ჯარიმა-საურავების დაკისრება დაუშვებელია.
26. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სსსკ-ის 393-394-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-7, 257.1, 372-ე, 408.2, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ შ.ს.ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები : მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი