Facebook Twitter

საქმე №ას-131-127-2016 23 სექტემბერი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ა. ვ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა(ა)იპ „ბ-ი“ (მოპასუხე)

თავდაპირველი თანამოპასუხე _ ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ანაზღაურებადი შვებულების თანხის _ 1 650 ლარის დაკისრება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ა. ვ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, კასატორი ან დასაქმებული) სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა (შემდგომში _ თავდაპირველი მოპასუხე) და ა(ა)იპ „ბ-ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, დამსაქმებელი ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოითხოვა, კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების გამო, თავდაპირველი მოპასუხისათვის ორი თვის შრომის ანაზღაურების _ 3 000 ლარის დაკისრება; დამსაქმებლის 2014 წლის 4 დეკემბრის #... ბრძანების გაუქმება და ა(ა)იპ-ისათვის ანაზღაურებადი შვებულების თანხის _ 1 650 ლარის, ასევე, ორი წლის გამოუყენებელი შვებულების თანხის _ 3 300 ლარის, ხოლო, თავდაპირველი მოპასუხისათვის ანგარიშსწორების დაყოვნების გამო, პირგასამტეხლოს _ 368 ლარის დაკისრება.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: 2012 წლის 17 ივლისს მოსარჩელე დაინიშნა ა(ა)იპ „ბ-ის“ დირექტორის თანამდებობაზე და მისი შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 1 650 ლარით (საშემოსავლო გადასახადის გარეშე). 2012 წლის 14 ნოემბერს დასაქმებულმა დაწერა განცხადება შვებულებით სარგებლობის შესახებ და წერილობით აცნობა ქ.ბათუმის მერს დირექტორის მოადგილისათვის მისი მოვალეობის დროებით შესრულების დავალდებულების თაობაზე. მოპასუხე მერიამ, შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, სამი დღით ადრე წერილობით შეუტყობინებლად გაათავისუფლა მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან და მის ნაცვლად დანიშნეს სხვა პირი, რის შესახებაც მოსარჩელისათვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, შესაბამისად, მას არ ანაზღაურებია კანონით გათვალისწინებული ორი თვის კომპენსაცია. ქ.ბათუმის მერმა დამსაქმებლის ხელმძღვანელობას დაავალა, გაეუქმებინათ უკვე გამოცემული (20 დღით ადრე) ბრძანება მოსარჩელის ფასიან შვებულებაში გასვლის შესახებ, გარდა ამისა, დასაქმებულს არ უსარგებლია წინა ორი წლის ანაზღაურებადი შვებულებით, რაც შრომის კოდექსის 21-ე მუხლის მე-4 ნაწილითაა გარანტირებული.

2. მოპასუხეების პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ დასაქმებულის, როგორც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის გათავისუფლება განხორციელდა სამოქალაქო კოდექსისა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების სრული დაცვით, რაც შეეხება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მითითებას შრომის კოდექსის 38-ე მუხლზე, იგი ადგენს დამსაქმებლის უფლებას, 3 დღით ადრე წერილობით აცნობოს დასაქმებულს გათავისუფლების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გათავისუფლებულ პირს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ, დამსაქმებლის მხრიდან გათავისუფლების შესახებ წინასწარი შეუტყობინებლობის გამო, დასაქმებულს მიადგა ზიანი.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ა(ა)იპ „ბ-ის“ დირექტორის 2014 წლის 4 დეკემბრის #... ბრძანება და ა(ა)იპ „ბ-ს“, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა ანაზღაურებადი შვებულების თანხის - 1 650 ლარისა და 2 თვის კომპენსაციის _ 3 300 ლარის ანაზღაურება, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა 2 წლის გამოუყენებელი შვებულების კომპენსაციისა და ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის თანხის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დამსაქმებელმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება ანაზღაურებადი შვებულების თანხის _ 1650 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის მოთხოვნა ანაზღაურებადი შვებულების თანხის _ 1650 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დასაქმებულმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ანაზღაურებადი შვებულების თანხის _ 1 650 ლარის დაკისრების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. საკასაციო საჩივარი, ასევე, საკასაციო სასამართლოს 04.03.2016წ. განჩინება ა(ა)იპ „ბ-ის“ საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ კასატორის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლით განსაზღვრულია გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები, რაც მიუთითებს ზემდგომი სასამართლოს ვალდებულებაზე, მომჩივანი მხარის პრეტენზიის არსებითობის შემოწმებამდე გაარკვიოს, სახეზე ხომ არ არის ნორმაში ჩამოთვლილ პირობათაგან ერთ-ერთი (ან რამდენიმე), რაც თავისთავად ამ საფუძვლით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობას ქმნის, ნორმით გათვალისწინებულთაგან კი, ერთ-ერთს წარმოადგენს შემთხვევა, როდესაც გადაწყვეტილება იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული (სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი).

1.2. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის მსჯელობის საგანს დასაქმებულისათვის გამოუყენებელი შვებულების საკომპენსაციო თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის მართლზომიერება წარმოადგენს. სააპელაციო სასამართლომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის საფუძვლიანობა იმ დასაბუთებით უარყო, რომ, მიუხედავად არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დირექტორის შვებულებაში გასვლის კანონისა და წესდების მოთხოვნათა შესაბამისად განხორციელებისა (ბრძანება მიჩნეულ იქნა კანონიერად და არ არსებობდა მისი გაუქმების წინაპირობები), მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება არ შეიცავდა მითითებას შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ვ“-„თ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ხელშეკრულების შეწყვეტის რომელიმე საფუძველზე. ამავე კოდექსის 21-ე მუხლის მე-4 ნაწილი კი, გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურებას სწორედ ზემოხსენებული ერთ-ერთი საფუძვლის არსებობას უკავშირებდა. კასატორი არ ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღნიშნულ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ არსებობს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

1.3. იმ საკითხის გარკვევამდე, არაკომერციული იურიდიული პირის ხელმძღვანელს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას, გააჩნია თუ არა გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების კომპენსაციის მოთხოვნის უფლება, პალატა ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე, ქვემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

1.3.1. ა(ა)იპ „ბ-ის“ წესდების მე-5 მუხლის მე-2-3 პუნქტების, მე-6 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, „ბ-ს“ ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თვითმმართველი ქალაქის ბათუმის საკრებულო. საწარმოს დირექტორი ამტკიცებს დაწესებულების თანამშრომელთა შვებულებაში გასვლის განრიგს;

1.3.2. თვითმმართველი ქ.ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის 2012 წლის 12 ივლისის #... განკარგულებით მოსარჩელე დაინიშნა ა(ა)იპ ქ.ბ-ის დირექტორად. აღნიშნულ თანამდებობაზე მისი სახელფასო ანაზღაურება ყოველთვიურად შეადგენდა 1 650 ლარს;

1.3.3. ა(ა)იპ-ის დირექტორის 2014 წლის 14 ნოემბრის #... ბრძანებით, მოსარჩელეს მიეცა კუთვნილი შვებულება 2014 წლის 17 ნოემბრიდან 2014 წლის 18 დეკემბრის ჩათვლით;

1.3.4. ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 17.11.2014წ. #... ბრძანებით კასატორი გათავისუფლდა ა(ა)იპ „ბ-ის“ დირექტორის თანამდებობიდან და მის თანამდებობაზე დაინიშნა ზ. ნ-ე;

1.3.5. ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერმა 01.12.2014წ. წერილით მიმართა ა(ა)იპ „ბ-ის“ ახალ დირექტორს, სადაც აღნიშნა, რომ 17.12.2014წ. #... ბრძანებით კასატორი გათავისუფლებული იყო ა(ა)იპ „ბ-ის“ დირექტორის თანამდებობიდან, შესაბამისად, უნდა გაუქმებულიყო ის ბრძანება, რომლითაც ყოფილი დირექტორი გავიდა შვებულებაში. არაკომერციული იურიდიული პირის ახალი დირექტორის 04.12.2014წ. #... ბრძანებით, მისი ძალაში შესვლის დღიდან გაუქმდა ა(ა)იპ „ბ-ის“ დირექტორ ა. ვ-ის 2014 წლის 14 ნოემბრის #... ბრძანება მისი კუთვნილ შვებულებაში გასვლის თაობაზე. ამასთანავე, კასატორს 01.12.2014წ. წერილის პასუხად, დამსაქმებლის ახალმა დირექტორმა 04.12.2014წ. წერილით უარი განუცხადა საშვებულებო თანხის ანაზღაურებაზე იმ მიზეზით, რომ ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 17.11.2014წ. #... ბრძანებით, ა. ვ-ე გათავისუფლდა დირექტორის თანამდებობიდან;

1.3.6. ა(ა)იპ-ის ახალი დირექტორის მიერ 04.12.2014წ. #... ბრძანება წარმოადგენს ბათილ ნებას (ამ ნაწილში ქვემდგომი სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებისა. იხ. წინამდებარე საქმეზე საკასაციო პალატის 04.03.2016წ. განჩინება).

1.4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

1.5. შესაფასებელი საკითხის სრულყოფილი ანალიზისათვის, ასევე, საკასაციო სასამართლოს, როგორც ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის დამდგენი ინსტანციის როლიდან გამომდინარე, პალატა აღნიშნავს შემდეგს:

1.5.1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე სუბიექტის შრომითი (სოციალური) უფლებების დადგენისა და ამ მხრივ შრომის კანონმდებლობის გამოყენების პერსპექტივაზე მსჯელობის მიზნით, უნდა განიმარტოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ცნება, ორგანიზაციული სტრუქტურა, მოიძებნოს ამ სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები და მათი ზოგადი ანალიზის საფუძველზე შეფასდეს ხელმძღვანელი პირის სტატუსი. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ცნებას სამოქალაქო კოდექსი დამოუკიდებლად არ გვთავზობს და მისი არსი ასახულია იურიდიული პირის განმსაზღვრელ ზოგად დეფინიციაში, რომელიც არის შესაბამისი მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი, იგი თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ (სკ-ის 24.1 მუხლი). სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმები ადგენენ იურიდიული პირის რეგისტრაციის წესსა და პირობებს და მიუთითებენ მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციისათვის სპეციალური კანონით („მეწარმეთა შესახებ“) განსაზღვრულ მოთხოვნებზე, თუმცა, ამავე კოდექსის 24-ე მუხლის მე-6 ნაწილი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ იურიდიული პირი, რომლის მიზანია არასამეწარმეო საქმიანობა, უნდა დარეგისტრირდეს ამ კოდექსით დადგენილი წესით. არასამეწარმეო იურიდიული პირის ორგანიზაციული მოწყობის დეტალური პირობები არ არის კოდექსში მოცემული და ის მთლიანად დისპოზიციურ მოწესრიგებას ექვემდებარება, რამდენადაც კანონის 35-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამ საკითხის რეგულაციას დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმებას _ წესდებას უკავშირებს, თავის მხრივ, ბუნებრივია, დაცულია იურიდიული პირის რეალური ფუნქციონირებისათვის სავალდებულო ნიშანიც _ ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე სუბიექტის არსებობა. დამფუძნებელს (წევრს) შეუძლია ერთ პირს მიანიჭოს საქმეების ერთპიროვნულად გაძღოლის უფლებამოსილება ან/და დააწესოს ორი ან ორზე მეტი პირის ერთობლივი ხელმძღვანელობა ან/და წარმომადგენლობა (სკ-ის 35.1 მუხლი), რომლის ნამდვილობაც დამოკიდებულია იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციაზე, ანუ ამ შემთხვევაშიც, რეგისტრაცია კონსტიტუციური მნიშვნელობის მატარებელია და წარმოადგენს მესამე პირთა უფლებადამცავ დანაწესს.

1.5.2. სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების წარმოშობისა და შეწყვეტის მიმართ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისთვის განსაზღვრული წესები. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით რეგულირებულია სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის საკითხები. ნორმის მე-7 პუნქტი ადგენს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის მოწესრიგების სამართლებრივ საფუძვლებს, კერძოდ, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით.

1.5.3. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკორპორაციო სამართალი ერთმანეთისაგან განასხვავებს საწარმოს დირექტორის დანიშვნასა და მის შრომით თანამდებობაზე გამწესებას. პირის დანიშვნის ცნება მოიაზრებს დირექტორის დანიშვნას მის ორგანულ თანამდებობაზე, რაც ამ აქტის კორპორაციულსამართლებრივ და ცალმხრივ ხასიათზე მიუთითებს. იგი დირექტორის დანიშვნის ფაქტის მარეგისტრირებელი ორგანოს მეშვეობით გასაჯაროებისა და შესაბამისად, დანიშვნაზე უფლებამოსილი პირის ნების სისრულეში მოყვანის საფუძველია. სწორედ რეგისტრაციის მომენტიდან ხდება დირექტორი უფლებამოსილი, განახორციელოს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებანი, რაც შეეხება შრომით თანამდებობაზე გამწესების აქტს, იგი წარმოადგენს იურიდიულ პირსა და დირექტორს შორის დადებულ ხელშეკრულებას, რომლითაც მხარეებს შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშობა და რომლის თაობაზეც ქვემოთ იმსჯელებს სასამართლო.

1.5.4. დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის წესის რეგულაციასთან დაკავშირებით ზემოთ მოხმობილი ნორმებიდან გამომდინარე, უნდა აღინიშნოს, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 71 მუხლი აზუსტებს უფლებამოსილების შეწყვეტის პირობებს, რომლებიც უკავშირდება ამ ნების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციას. კანონი ადგენს სამ შემთხვევას: ა) დანიშვნაზე უფლებამოსილი პირის მიერ ნების გამოვლენა; ბ) თავად რეგისტრირებული პირის მიერ ნების გამოვლენა; გ) რეგისტრირებული პირის გარდაცვალება, სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება, მხარდაჭერის დანიშვნა. პირველ ორ შემთხვევასთან მიმართებით (მარეგისტრირებელი ორგანოს მიმართ ცალმხრივი ნების გამოვლენა) კანონი მოითხოვს შრომის კოდექსის 38-ე მუხლით (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წესი) დადგენილი წესით შეტყობინების გაგზავნის აუცილებლობას (კანონის მე-9 მუხლის 72 პუნქტი). კანონის ეს უკანასკნელი დათქმა დღის წესრიგში აყენებს იმ კითხვაზე პასუხის გაცემის აუცილებლობას, ა(ა)იპ-ის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებისათვის გამოიყენება თუ არა შრომის კოდექსის ნორმები. პალატის მოსაზრებით, მიუხედავად „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში შრომით-სამართლებრივი ელემენტების შემოღებისა, ა(ა)იპ-ის დირექტორთან დადებული ხელშეკრულება არ უნდა დაკვალიფიცირდეს შრომით-სამართლებრივ ხელშეკრულებად, არამედ, იგი პირობითად შეიძლება სასამსახურო ხელშეკრულებად მოვიხსენიოთ, რომელიც მომსახურების ხელშეკრულების ნაირსახეობაა და სავსებით განსხვავდება შრომის სამართლისათვის დამახასიათებელი პრინციპებისაგან. სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებულია ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების საკითხი და დადგენილია, რომ ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება − არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკორპორაციო სამართლის მიზნებისათვის საწარმოს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა ორმხრივი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებაა, რომლის ერთი მხარე _ მომსახურების გამწევი ვალდებულია, გაწიოს შეპირებული მომსახურება, ხოლო მეორე მხარე _ გადაიხადოს საზღაური. ამ ტიპის შეთანხმება, როგორც უკვე აღინიშნა, დამყარებულია განსაკუთრებულ ნდობაზე და უფლებით აღჭურვილ პირს, ფიდუციური ვალდებულების ფარგლებში, აძლევს სრულ დამოუკიდებლობას, იურიდიული პირის სახელითა და ხარჯზე განახორციელოს ყველა ის მოქმედება, რაც წესდებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს. რაც შეეხება შრომით ურთიერთობას, მის ლეგალურ დეფინიციას იძლევა შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი და შეიძლება დავასკვნათ, რომ ამ ურთიერთობის ფარგლებში ვალდებული პირი ეწევა დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ, არადამოუკიდებელ და სოციალურად დამოკიდებულ საქმიანობას, რაც განასხვავებს შრომით ხელშეკრულებას ა(ა)იპ-ის დირექტორთან დადებული სასამსახურო ხელშეკრულებისაგან და ამ უკანასკნელი ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლები, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სამოქალაქო კოდექსის ნორმებში უნდა იქნას მოძიებული.

1.5.5. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც სამოქალაქო კოდექსის იურიდიული პირის მომწესრიგებელი ნორმები და სპეციალური კანონი _ „მეწარმეთა შესახებ“ არ შეიცავს პირდაპირ დათქმას საწარმოს დირექტორთან დადებული ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების თაობაზე, დგება საკითხი იმის შესახებ, თუ ყველაზე უფრო რომელ სამართლებრივ ინსტიტუტთან არის ეს ურთიერთობა ახლოს. თუ გადავავლებთ თვალს სამოქალაქო კოდექსით დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელ ნორმებს, არა ერთ მსგავსებას ვნახავთ, კერძოდ: სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. საკაციო პალატა განმარტავს, რომ დავალება იმ ხელშეკრულებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან, მისი საგანია რწმუნებული პირის მიერ ერთი ან რამდენიმე იმგვარი მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ შედეგის დადგომას და როგორც წესი, ეფუძნება ურთიერთნდობას, რწმუნებულის ვალდებულებას წარმოადგენს დავალებული მოქმედების მმართველის გულისხმიერებით წარმოება და მიღწეული შედეგის ადრესატი ხდება წარმოდგენილი პირი. საგულისხმოა, რომ დავალების ხელშეკრულების ვადასთან მიმართებით სამოქალაქო კოდექსი რაიმე მოწესრიგებას არ ითვალისწინებს, არამედ, მისი განსაზღვრა მხარეთა შეთანხმებაზეა დამოკიდებული, ამასთანავე, 710-ე მუხლის ძალით, დავალება შეიძლება იყოს სასყიდლიანი, ხოლო, ამავე კოდექსის 720-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს. შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია. მითითებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ ა(ა)იპ-ის დამფუძნებელს (წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამის უფლებამოსილ პირსა თუ ორგანოს) შეუძლია ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება ხელმძღვანელთან და გამოვლენილი ნება მესამე პირების მიმართ ნამდვილი ხდება მისი მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან.

1.5.6. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ არასამეწარმეო იურიდიულ პირსა და მის წარმომადგენლობითი/ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ სუბიექტს შორის დადებული ხელშეკრულების დავალების სამართლებრივ ურთიერთობად მიჩნევის მიუხედავად, ამ ურთიერთობას ასევე გააჩნია დასაქმებული დირექტორის მინიმალური სოციალური დაცვის გარანტიებით უზრუნველმყოფი მოთხოვნები, რაც დამახასიათებელია შრომითი ურთიერთობისათვის. „ევროპის სოციალური ქარტია“ აღიარებს დასაქმებულის დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტს, რომელიც საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებებიდან გამომდინარეობს და შეეხება ისეთ ფუნდამენტურ ღირებულებებს, როგორიცაა შრომის უფლება, რომელიც თავის თავში მოიცავს შრომის თავისუფლებას, უფლებას შრომის სამართლიან პირობებზე, სამართლიანი ანაზღაურების უფლებას, უფლებას შვებულებაზე და სხვა (იხ. ასევე „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლის II „d“ ქვეპუნქტი), რაც, სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლისა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, შესაძლოა, უფრო დეტალურად იქნას მოწესრიგებული არასამეწარმეო იურიდიული პირის წესდებითა და მასთან დადებული ხელშეკრულებით. თუკი ამგვარ პირობებზე მხარეთა შეთანხმების ფაქტი არ დგინდება, ასეთ შემთხვევაში, დირექტორის სოციალური უფლებების რეგულირებისათვის გამოყენებული უნდა იქნას როგორც ეროვნული, ისე _ საერთაშორისო კანონმდებლობით გარანტირებული დასაქმებულის დაცვის მინიმალური სტანდარტის დამდგენი დანაწესები.

1.6. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა არ იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეფასებას ა(ა)იპ-ის დირექტორთან დადებული ხელშეკრულების მხოლოდ შრომით სამართლებრივ ჭრილში განხილვის თაობაზე და მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში, სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით (ამ საკითხის შეფასებისას, საკასაციო პალატა, უპირველესად, ყურადღებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის #ას-1011-972-2014 განჩინებაში ჩამოყალიბებულ დასკვნებზე გაამახვილებს. მართალია, მითითებულ საქმეში საკასაციო სასამართლომ დირექტორის თანამდებობაზე აღდგენა შრომითი ურთიერთობის ფარგლებში შეაფასა, თუმცა, განსხვავებით განსახილველი საქმისაგან, #ას-1011-972-2014 სამოქალაქო საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დამსაქმებლის ნების ბათილად ცნობის ნაწილში კანონიერ ძალაში იყო შესული, რადგანაც გადაწყვეტილება მოპასუხეს (დამსაქმებელს) არ გაუსაჩივრებია (სსსკ-ის 264.2 მუხლი), ამასთან, საკასაციო პრეტენზია წარდგენილ იქნა მხოლოდ დასაქმებულის მიერ, რომელიც არ ეთანხმებოდა სააპელაციო სასამართლოს მტკიცებას იმის თაობაზე, რომ დამსაქმებლის ბათილი ნების მიუხედავად, არ არსებობდა დასაქმებულის დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის წინაპირობა. ასეთ ვითარებაში, ვინაიდან საპროცესო სამართალში აღიარებულია საუარესოდ შებრუნების აკრძალვის პრინციპი, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის შესაძლებლობა). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა მიმართულია პირის სოციალური უფლების დაცვისაკენ, შესაბამისად, საკასაციო პალატა წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 1.5.6. პუნქტში განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ კორპორაციული მართვის ფარგლებში ა(ა)იპ-ის დირექტორთან დადებული ხელშეკრულების (წერილობითი ან/და ზეპირი ნებისას) სოციალური საკითხების რეგულირების თვალსაზრისით შეიძლება გამოყენებულ იქნას შრომის კოდექსის სწორედ ის ნორმები, რომლებიც ამ უფლებებს ადგენენ, თუმცა მათი რეალიზაციის მატერიალური საფუძველი მხოლოდ ამ კანონით არ შემოიფარგლება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ-ის დირექტორს გააჩნია შრომის კოდექსის V თავით რეგლამენტირებული უფლება, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით (შკ-ის 21.1 მუხლი), თუკი მასთან დადებული სასამსახურო ხელშეკრულება განსხვავებულ რეგულაციას არ ითვალისწინებს (ამავე ნორმის შემდგომი დანაწესები), ამასთანავე, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტის სპეციფიკურობის გათვალისწინებით, ვინაიდან დირექტორის გათავისუფლების საფუძველი არა შრომის კოდექსის 37-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობაა, არამედ დავალების მიმცემის ცალმხრივი ნებაა, გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების საკითხის ამავე კოდექსის 21-ე მუხლის მე-4 ნაწილით შეზღუდვა კანონის სწორი განმარტებიდან არ გამომდინარეობს. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, დამსაქმებლის მიზეზით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში, გამოუყენებელი შვებულების ფულადი ანაზღაურების საკითხი სრულად ექცევა „ყოველწლიური ფასიანი შვებულების შესახებ“ კონვენციის რეგულაციის სფეროში (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 22.02.1995 დადგენილებით, ძალაშია 22.06.1997 წლიდან), რომლის პირველი მუხლით დადგენილია მისი გამოყენების სფერო, თუმცა იგი არ არის ამომწურავი და დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე, მოცემული ჩამონათვალით კონვენციის მოქმედების შეზღუდვა მისი სწორი განმარტებიდან არ გამომდინარეობს, იგი მიღებულია 1936 წელს მაშინ, როდესაც მრავალი სპეციალიზაცია და საქმიანობის სახე არ არსებობდა (იხ. სუსგ #ას-1222-1073-10, 13 იანვარი, 2011 წელი. მოხმობილ საქმეზე საკასაციო სასამართლომ გაიზიარა სააპელაციო პალატის მხრიდან „ყოველწლიური ფასიანი შვებულების შესახებ“ კონვენციის ფართო განმარტება და არ დაუშვა განსახილველად დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი). ამავე კონვენციის მე-6 მუხლით რეგლამენტირებულია შემდეგი: პირი, რომელიც გათავისუფლებულია მეწარმის მიზეზით, მაგრამ ვიდრე იგი გამოიყენებდა კუთვნილ შვებულებას, შვებულების ყოველი დღისათვის ამ კონვენციის შესაბამისად იღებს მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ჯილდოს. განსახილველი ნორმის თანახმად, დასაქმებულისათვის მინიჭებული გამოუყენებელი ფასიანი შვებულების კომპენსაციის მოთხოვნის უფლების რეალიზაციისათვის ერთობლივად უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები:

ა) დასაქმებულის მიერ ფასიანი შვებულებით სარგებლობის უფლების მოპოვება;

ბ) შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რომელიც დამსაქმებლის ინიციატივით დასაქმებულის გათავისუფლების გზით განხორციელდა;

გ) შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე კუთვნილი შვებულების გამოუყენებლობა/არასრული გამოყენება.

1.7. კონვენციის მე-3 მუხლი უფლების მქონე პირის კომპენსაციად განიხილავს ეროვნული კანონებითა და წესებით განსაზღვრული ხერხით გამოთვლილ ჩვეულებრივ ჯილდოს შესაბამისი ფულადი ეკვივალენტის დამატებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში ან ჯილდოს, რომელიც განსაზღვრულია კოლექტიური შეთანხმებით. კონვენციის დებულებათა სწორი ანალიზისათვის საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, პარალელი გაავლოს ეროვნული კანონმდებლობით განსაზღვრული საკითხის მოწესრიგებასთან. შრომის კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის თერთმეტი თვის შემდეგ. დასაქმებულს მხარეთა შეთანხმებით შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც. ამ მხრივ, ეროვნული კანონმდებლობა აწესებს კონვენციის მე-2 მუხლით დადგენილ (1-წლიანი უწყვეტი მუშაობა) უფლების მოპოვების სტანდარტზე დაბალ სტანდარტს, ხოლო 24-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ შვებულების მოთხოვნის უფლების წარმოშობის გამოსათვლელ ვადაში ითვლება დასაქმებულის მიერ ფაქტობრივად ნამუშევარი, აგრეთვე დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დრო. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის თანამდებობაზე გამწესებისა და მისი გამოწვევის თარიღების გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ მოთხოვნა სრულად ექცევა, როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნული კანონმდებლობით აღიარებული მოწესრიგების ზემოხსენებულ სტანდარტში და კონვენციის მე-3 მუხლით განსაზღვრული „ჯილდოს“ გამოანგარიშების წესი მოცემულია შრომის კოდექსის 26-ე მუხლში, რომლის თანახმადაც, დასაქმებულის საშვებულებო ანაზღაურება განისაზღვრება შვებულების წინა 3 თვის საშუალო ანაზღაურებიდან, თუ მუშაობის დაწყებიდან ან უკანასკნელი შვებულების შემდეგ ნამუშევარი დრო 3 თვეზე ნაკლებია – ნამუშევარი თვეების საშუალო ანაზღაურებიდან, ხოლო ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურების შემთხვევაში – ბოლო თვის ანაზღაურების მიხედვით.

1.8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. ვინაიდან არ არსებობს მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევისა თუ დამატებითი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის წინაპირობები, პალატა თვლის, რომ უფლებამოსილია, თავად მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.

1.8.1. უდავოა, რომ კასატორს მოპოვებული აქვს ფასიანი შვებულებით სარგებლობის უფლება; იგი დამსაქმებლის ინიციატივით გათავისუფლდა ა(ა)იპ-ის დირექტორის თანამდებობიდან; თანამდებობიდან გათავისუფლებამდე დირექტორს კუთვნილი შვებულებით არ უსარგებლია. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ დაადგინა და მხარეებს სადავო არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ კასატორის შრომის ანაზღაურება იყო ფიქსირებული და თვეში 1 650 ლარს შეადგენდა (ხელფასი _ 1 650 ლარი დირექტორს საშემოსავლო გადასახადის გარეშე განესაზღვრა, იხ. სარჩელი), ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

2. სასამართლო ხარჯები:

2.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი შრომის ანაზღაურებიდან გამომდინარე მოთხოვნაზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, თუმცა, საქმის მასალებით ირკვევა, რომ მან საკასაციო საჩივრის შემოტანის დროს საკუთარი ინიციატივით გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით.

2.2. ამ შემთხვევაში, საკასაციო პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლის ანალოგიით გამოყენების გზით (სსსკ-ის მე-7 მუხლი) მას სრულად უნდა დაუბრუნდეს არასწორად გადახდილი ბაჟი.

2.3. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. დასახელებული ნორმისა და საკასაციო პალატის წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ კასატორის მოწინააღმდეგე მხარეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდა (იხ. სსსკ-ის 39.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 42-ე, 55-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ა. ვ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.

3. ა. ვ-ის სარჩელი ა(ა)იპ „ბ-ის“ მიმართ 2014 წლის გამოუყენებელი შვებულების თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

4. ა(ა)იპ „ბ-ს“ (ს/#...) ა. ვ-ის (პ/#...) სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის გამოუყენებელი შვებულების თანხის _ 1 650 ლარის ანაზღაურება საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით.

5. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, შესაბამისად, ა. ვ-ეს (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 29.01.2016წ. #... საგადახდო დავალებით არასწორად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი.

6. ა(ა)იპ „ბ-ს“ (ს/#...) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდა.

7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ზ. ძლიერიშვილი