საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-815-782-2016 4 ნოემბერი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - დ. მ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შ. ს-ი (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხე - ლ. ც-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის ნაწილში, აგრეთვე იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა მოწმეთა დაკითხვასთან დაკავშირებით და საქმის ხელახალი განხილვის მიზნით დაბრუნება იმავე სასამართლოში
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 მაისის გადაწყვეტილებით შ. ს-ის სარჩელი მოპასუხეების ლ. ც-ისა და დ. მ-ის მიმართ, ფულადი ვალდებულების შესრულებისა და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა დ. მ-მა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, დ. მ-ისათვის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხების დაკისრების ნაწილში და, ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. მ-მა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის ნაწილში, აგრეთვე იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა მოწმეთა დაკითხვასთან დაკავშირებით და ხელახალი განხილვის მიზნით საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 სექტემბრის განჩინებით კასატორს საკასაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა, განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში, უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 183 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
აღნიშნული განჩინება 2016 წლის 4 ოქტომბერს ჩაბარდა კასატორის წარმომადგენლის შ. ღ-ის მეუღლეს ი. ხ-ს (პ/ნ …).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ დ. მ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 სექტემბრის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა, განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 183 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
საქმეში წარმოდგენილი გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება 2016 წლის 4 ოქტომბერს, სსსკ-ის 70-ე და 74-ე მუხლების შესაბამისად, ჩაბარდა კასატორის წარმომადგენლის შ. ღ-ის მეუღლეს, ი. ხ-ს (პ/ნ …).
დადგენილია, რომ კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისთვის ხარვეზის შევსების 7 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2016 წლის 5 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 11 ოქტომბერს (სამშაბათი). ამდენად, კასატორი ვალდებული იყო, ხარვეზი შეევსო 2016 წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. მ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396.3-ე, 399-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ე. გასიტაშვილი