ბს-992-848-კ-04 11 იანვარი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი (მომხსნებელი),
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: უძრავი ქონების რეგისტრაცია.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი მმართველობის ვაკის რაიონის გამგეობის 1993წ. 29 სექტემბრის ¹261 გადაწყვეტილებით მიღებულ იქნა საუწყებათაშორისო ტექნიკური კომისიის 1993წ. 21 სექტემბრის ოქმით გათვალისწინებული წინადადება და მოქალაქე ი. გ-ეს ნება დაერთო ......-ის მიმდებარე ტერიტორიაზე საყრდენ კედელთან რელიეფის გამოყენებით სახელოსნოს მოწყობაზე. პროექტი უნდა შეთანხმებულიყო ქალაქის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის მთავარ სამმართველოსთან.
2003წ. 31 იანვარს ი. გ-ემ განცხადებით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობას და მოითხოვა .....-ში, მე-4 კორპუსის მიმდებარედ 164 კვ.მ მიწის ნაკვეთზე აშენებული 164 კვ.მ ფართის სახელოსნოს დაკანონება, მაგრამ გამგეობამ 2003წ. 18 თებერვლის ¹გ-696 წერილით უარი უთხრა სახელოსნოს დაკანონებაზე იმ მოტივით, რომ წარმოდგენილი გეგმის მიხედვით სახელოსნოს ანაზომი შესრულებულია 2001 წელს. ი. გ-ის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ აღნიშნული ნაგებობა 1994 წლამდეა აშენებული, რიც გამოც სახელოსნოს დაკანონება, გამგეობის აზრით, იურიდიულ საფუძველს მოკლებულია.
2003წ. 9 ივნისს ი. გ-ემ სარჩელით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის მიმართ და შემდეგ გარემოებათა გამო მოითხოვა ზემოაღნიშნულ სახელოსნოზე საკუთრების უფლების აღიარება:
მოსარჩელის მითითებით, ვაკის რაიონის გამგეობამ 1993წ. 29 სექტემბრის ¹261 გადაწყვეტილებით ნება დართო მის საცხოვრებელ მისამართზე, ..... IV კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე აეგო სახელოსნო. იმავე წელს ი. გ-ემ ააშენა სახელოსნო, რომელსაც დღემდე ფლობს და სარგებლობს კეთილსინდისიერად, მობინადრეთათვის რაიმე ზიანის მიყენებისა და გარემოს დაბინძურების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ნაგებობა ააშენა გამგეობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის ჩანაწერებით მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული სახელოსნო აღრიცხულია, როგორც უკანონო. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლოის ¹156 დადგენილებით გამგეობებს მიეცათ უფლება მოეხდინათ 1994 წლამდე თვითნებურად აშენებული საცხოვრებელი სახლების და მათი ნაწილების სამართლებრივი რეგისტრაცია. იმის გათვალისწინებით, რომ ი. გ-ის მიერ სახელოსნო აშენებულია 1993 წელს, იგი არ უნდა ჩაითვალოს უკანონო ნაგებობად და აღირიცხოს მის საკუთრებად.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, როგორც უსაფუძვლო, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ი. გ-ის სააპელაციო საჩივარი და შემდეგი მოტივით უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება:
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ ვაკის რაიონის გამგეობის 1993წ. 29 სექტემბრის ¹261 გადაწყვეტილებით ი. გ-ეს ნება დაერთო ...-ის მიმდებარედ საყრდენ კედელთან რელიეფის გამოყენებით სახელოსნოს მოწყობისა. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ პროექტი შეთანხმებული უნდა ყოფილიყო ქალაქის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის მთავარ სამმართველოსთან. აპელანტის განმარტებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სახელოსნოს შენობა აშენებულია შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებული და დამტკიცებული პროექტის გარეშე და რომ შენობა, როგორც უკანონო ნაგებობა, ფართით _ 129 კვ.მ, გაშენებული 164 კვ.მ მიწის ნაკვეთზე აღრიცხულია ტექაღრიცხვის სამსახურში 2001 წელს.
სასამართლომ განმარტა, რომ “საქართველოს სს რესპუბლიკაში ინდივიდუალური საბინაო მშენებლობის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ” მინისტრთა საბჭოს 1983წ. 23 დეკემბრის ¹806 დადგენილება, მასში 1994წ. 16 მარტს შეტანილი ცვლილებებით, ითვალისწინებდა გამონაკლისის სახით თვითნებურად აშენებული საცხოვრებელი სახლების სამართლებრივ რეგისტრაციას, თუ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი აკმაყოფილებდა საქალაქო განაშენიანების მოთხოვნებს. ვინაიდან ი. გ-ის მიერ აშენებული ნაგებობა წარმოადგენს სახელოსნოს და არა ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლს, ამდენად მასზე ვერ გავრცელდება ზემოთ მითითებული საკანონმდებლო აქტები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რადგან ი. გ-ის მიერ სახელოსნოს ნაგებობა აშენებულია მშენებლობის წარმოების ნებართვისა და ქალაქის მთავარ არქიტექტორთან შეთანხმებული მშენებლობის პროექტის გარეშე, იგი დღეისათვის უკანონო ნაგებობაა და მასზე საკუთრების უფლება ვერ იქნება აღიარებული.
თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. გ-ემ, რომელმაც შემდეგი საფუძვლით მოითხოვა მისი გაუქმება და ნაგებობის როგორც ბინა-სახელოსნოს, მის სახელზე დაკანონება:
კასატორის განმარტებით, ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობამ დაავალა აღნიშნული ტერიტორიის დასუფთავება და მისცა ნაგებობის აშენების უფლება, მაგრამ პროექტის გაკეთების დრო აღარ იყო, ვინაიდან სახლი ავარიულ მდგომარეობაში იყო, რის შედეგადაც გაიტანა 55 მანქანა საამშენებლო ნაგავი და ააშენა სახელოსნო-საცხოვრებელი ბინა, რომელსაც დღესაც საცხოვრებლად იყენებს, ვინაიდან არა აქვს ბინა და არის დევნილი აფხაზეთიდან. კასატორმა ასევე მიუთითა, რომ არის გამომგონებელი და 2000 წელს მისი გამოგონების დანერგვის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში მოგების სახით 120000 ლარი შევიდა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ი. გ-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 აპრილის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორი ვაკე-საბურთალოს გამგეობის მიმართ აღძრული სარჩელით ითხოვს მის მიერ აშენებული სახელოსნოს დაკანონებას და საკუთრებაში აღრიცხვას. საქმეში წარმოდგენილია ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი მმართველობის ვაკის რაიონის გამგეობის 1993წ. 29 სექტემბრის ¹261 გადაწყვეტილება, რომლითაც ი. გ-ეს ნება დაერთო .....-ის მიმდებარე ტერიტორიაზე საყრდენ კედელთან რელიეფის გამოყენებით სახელოსნოს მოწყობაზე. პროექტი უნდა შეთანხმებულიყო ქალაქის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის მთავარ სამმართველოსთან. გამგეობის ნებართვის საფუძველზე კასატორმა განახორციელა სახელოსნოს მშენებლობა, მაგრამ მშენებლობის პროექტი არ ყოფილა შეთანხმებულ-დამტკიცებული მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. სააპელაციო სასამართლომ კასატორს უარი უთხრა მის მიერ აშენებული სახელოსნოს დაკანონებაზე, რასაც საკასაციო პალატაც სრულად იზიარებს, ვინაიდან კასატორის მიერ მითითებული “საქართველოს რესპუბლიკაში ინდივიდუალური საბინაო მშენებლობის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1983წ. ¹806 და 1994წ. ¹156 დადგენილებები ითვალისწინებენ უნებართვოდ აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების და არა სახელოსნოების სამართლებრივ რეგისტრაციას, კასატორი კი ითხოვს მის მიერ აშენებული სახელოსნოს სამართლებრივ რეგისტრაციას, რაც არ არის მოწესრიგებული ზემოაღნიშნული დადგენილებებით და ამოტომ სარჩელის (კასაციის) სამართლებრივ საფუძვლად მასზე მითითება უმართებულოა.
საკასაციო სასამართლოში კასატორმა მიუთითა ახალ გარემოებაზე, რომ ნუცუბიძის ¹211-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მის მიერ აშენებული სახელოსნო ფაქტობრივად წარმოადგენს სახელოსნო-საცხოვრებელ ბინას, ვინაიდან იგი არის აფხაზეთიდან დევნილი და სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია. კასაციაში მითითებულ ახალ გარემოებას საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს, რადგან, მართალია, კასატორმა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან წარმოადგინა 2004 წელს გაცემული დევნილის მოწმობა, მაგრამ მის მისამართად მითითებულია ..... გამზირი ¹10-ის, ბინა 53-ზე და არა ...... ამასთან, კასატორი სარჩელში თავად მიუთითებს, რომ ვაკის რაიონის გამგეობამ 1993წ. ¹261 გადაწყვეტილებით ნება დართო მის საცხოვრებელ მისამართზე, ..... მე-4 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე აეგო სახელოსნო. ამიტომ კასატორის ახალ გარემოებაზე მითითებას, რომ ......-ში აშენებული სახელოსნო არის ბინა-სახელოსნო და სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია, საკასაციო პალატა დაუსაბუთებლობის გამო ვერ გაიზიარებს.
ამდენად, საკასაციო პალატის აზრით, ი. გ-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 აპრილის განჩინება, რადგან სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილია ფაქტობრივ გარემოებათა მართებული დადგენითა და კანონის სწორი გამოყენება-განმარტებით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ის 47, 410-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 აპრილის განჩინება;
3. კასატორი გათავისუფლდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.