საქმე №ას-714-684-2016 7 ოქტომბერი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ჯ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. ჯ-ი, თ. ა-ი, თ. ქ-ი, ი. ბ-ი, დ. მ-ი, ნ. ლ-ი (დაბ. 1973 წელს), ჯ. მ-ი, ნ. მ-ი, ნ. ლ-ი (დაბ. 1960 წელს), ნ. მ-ი, ი. ს-ი, ა. თ-ი, ი.ტ-ი, ა. კ-ი, ლ. კ-ი, გ. ე-ი, ი. ბ-ი, ე. ტ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – სააღსრულებო ფურცელში უსწორობის გასწორებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილება, ასევე, სააღსრულებო ხარჯის გადახდისაგან გათავისუფლება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ნ. ჯ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. ჯ-ის, თ. ა-ის, თ. ქ-ის, ი. ბ-ის, დ. მ-ის, ნ. ლ-ის (დაბ. 1973 წელს), ჯ. მ-ის, ნ. მ-ის, ნ. ლ-ის (დაბ. 1960 წელს), ნ. მ-ის, ია ს-ის, ა. თ-ის, ი.ტ-ის, ა. კ-ის, ლ. კ-ის, გ. ე-ის, ი. ბ-ისა და ე. ტ-ის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ. მოსარჩელის განმარტებით, 2007 წლიდან სხვადასხვა დროს მან მოპასუხეებს ასესხა სხვადასხვა თანხა პროცენტიანი სარგებლით. მოპასუხეებმა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულეს და ნასესხები თანხა დარიცხულ სარგებელთან ერთად არ დააბრუნეს.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. თ. ჯ-მა, თ. ა-მა, ჯ. მ-მა, ნ. ლ-მა (დაბ. 1973 წელს), ა. კ-მა, ლ. კ-მა, გ. ე-მა, ე. ტ-მა, ნ. ლ-მა (დაბ. 1960 წელს) და თ. ქ-მა არ ცნეს სარჩელი იმ მოტივით, რომ მოთხოვნა მათ მიმართ ხანდაზმულია.
2.2. ნ. მ-მა სარჩელი ცნო მხოლოდ 2500 ლარის ნაწილში, ი. ბ-მა – 450 ლარისა და 135 აშშ დოლარის ნაწილში, ნ. მ-მა – 840 ლარის ნაწილში, დ. მ-მა – 520 ლარის ნაწილში.
2.3. ი. ს-მა, ა. თ-მა და ი.ტ-მა სარჩელი არ ცნეს.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
სიღნაღის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სასარჩელო მოთხოვნა თ. ჯ-ის, თ. ა-ის, ჯ. მ-ის, ნ. ლ-ის (დაბ. 1973 წელს), ა. კ-ის, ლ. კ-ის, გ. ე-ის, ე. ტ-ის, ნ. ლ-ის (დაბ. 1960 წელს) და თ. ქ-ის მიმართ (მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება 1100 აშშ დოლარის დაკისრებას) არ დაკმაყოფილდა მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, ია ს-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1050 ლარის, თ. ქ-ს – 560 ლარის, ა. თ-ს – 430 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, ი.ტ–ს – 800 ლარისა და 160 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, ნ. მ-ს – 2224 ლარისა და 800 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, ი. ბ-ს 600 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, ნ. მ-ს – 480 ლარისა და 480 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, დ. მ-ს კი – 560 ლარის გადახდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ნ. ჯ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჯ. მ-ის მიმართ გაუქმდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, ჯ. მ-ს ნ. ჯ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 3 020.5 ლარის ანაზღაურება
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჯ. მ-მა, მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩვრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.7 პუნქტის შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ჯ. მ-ს ნ. ჯ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2 272.5 ლარის გადახდა, ნ. ჯ-ს ჯ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა კასატორის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების 37.4 ლარის გადახდა, ხოლო ჯ. მ-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ _ 159.07 ლარის გადახდა.
8. განმცხადებლის მოთხოვნა და მოთხოვნის საფუძვლები:
სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ნ. ჯ-მა და მოითხოვა ამავე სასამართლოს მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობის გასწორება. განმცხადებლის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2013 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებაზე ამოწერილ იქნა სააღსრულებო ფურცელი სახელმწიფო ბაჟის ნაწილში, სადაც კრედიტორად არასწორად იყო მითითებული სახელმწიფო ხაზინა. აღნიშნულ სააღსრულებო ფურცელში მითითებული უნდა ყოფილიყო ძირითადი კრედიტორი ნ. ჯ-ი, ხოლო სახელმწიფო ბაჟი მითითებული უნდა ყოფილიყო როგორც სახელმწიფო ხაზინისათვის გადასახდელი საფასური. განმცხადებელმა ასევე მოითხოვა, დაევალოს აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს განმცხადებელს გადასცეს სახელმწიფო ხაზინის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ნაწილში სააღსრულებო წარმოების მასალები.
9. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მაისის განჩინებით ნ. ჯ-ის განცხადება სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ არ დაკმაყოფილდა, ხოლო სააღსრულებო ბიუროს დავალდებულების მოთხოვნის ნაწილში, გადასცეს ნ.ჯ-ს სააღსრულებო წარმოების მასალები, დარჩა განუხილველად.
10. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ. ჯ-მა, მოითხოვა მისი უსწორობის გასწორებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილება, ასევე, სააღსრულებო ხარჯის გადახდისაგან გათავისუფლება (იხ. კერძო საჩივარი, ასევე, დადგენილი ხარვეზის გამოსწორების შესახებ განცხადება).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლები, საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიიჩნევს, რომ ნ. ჯ-ის კერძო საჩივარი სააღსრულებო ფურცელში უსწორობის გასწორების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააღსრულებო ხარჯის გადახდისაგან გათავისუფლების მოთხოვნის ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.2. საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმის შეფასება, დაშვებულია თუ არა სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში უსწორობა და ექვემდებარება თუ არა იგი გასწორებას.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის. დასახელებული ნორმა აწესრიგებს შემთხვევას, როდესაც გადაწყვეტილებაში დაშვებულია არაარსებითი ხასითის მექანიკური თუ მათემატიკური შეცდომა და ნორმის მოქმედება, საპროცესო ანალოგიის გზით (სსსკ-ის მე-7 მუხლი) შეიძლება გავრცელდეს ასევე სამართალწარმოების სხვა უფლებადამდგენ დოკუმენტებზე, მათ შორის, სააღსრულებო ფურცელზეც, თუმცა, უპირატესად უნდა აღინიშნოს, რომ პროცესუალური ნორმის გამოყენების წინაპირობა უსწორობის არსებობაა.
1.4. საქმის მასალებით დასტურდება შემდეგი:
1.4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი თ. ჯ-ის, თ. ა-ის, თ. ქ-ის, დ. მ-ის, ჯ. მ-ის, ნ. მ-ის, ნ. ლ-ის (დაბ. 1960 წელს), ნ. მ-ის, ა. თ-ის, ი.ტ-ის, ა. კ-ის, ლ. კ-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ვინაიდან ნ. ჯ-ი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებული იყო სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეებს, რომელთა მიმართაც დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლისა და ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის გადახდა დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად;
1.4.2. სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ჯ-მა და ჯ. მ-მა;
1.4.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 2 აპრილის განჩინებით ნ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, ხოლო ამავე სასამართლოს 2013 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ჯ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეიცვალა მხოლოდ ჯ. მ-ისათვის თანხის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დარჩენილ ნაწილში შევიდა კანონიერ ძალაში;
1.4.4. 2013 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებაზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2013 წლის 18 ნოემბერს ამოწერა სააღსრულებო ფურცელი აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში;
1.4.5. ნ.ჯ-ის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ ამოწერილ სააღსრულებო ფურცელში კრედიტორად არასწორად არის მითითებული სახელმწიფო ხაზინა. აღნიშნულ სააღსრულებო ფურცელში მითითებული უნდა ყოფილიყო ძირითადი კრედიტორი ნ. ჯ-ი, ხოლო, სახელმწიფო ბაჟი კი _ როგორც სახელმწიფო ხაზინისათვის გადასახდელი საფასური.
1.5. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეებისათვის დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის ნაწილში გაცემულ სააღსრულებო ფურცელში არ არის დაშვებული უსწორობა. სააპელაციო პალატამ ამ შემთხვევაში სავსებით კანონიერად იხელმძღვანელა „რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე პრეზიდენტის ბრძანებულების 25-ე მუხლის „ე“ პუნქტი, როლის თანახმადაც, სასამართლოს კანცელარია (ექსპედიცია) უზრუნველყოფს იმ თანხების ამოღების კონტროლს, რომლებიც პირს დაეკისრა სასამართლო ხარჯების ასანაზღაურებლად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საკასაციო პალატა დამატებით მოიხმობს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტს, რომლის პირველი წინადადების თანახმადაც, სააღსრულებო ფურცელში უნდა აღინიშნოს კრედიტორისა და მოვალის დასახელებები და რეკვიზიტები, მათ შორის, პირადი ნომრები ან გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრები, ასევე სააღსრულებო ფურცლის გამცემი ორგანოსთვის ცნობილი სხვა საკონტაქტო მონაცემები. პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ განმცხადებლის მოწინააღმდეგე მხარეებისათვის დაკისრებული თანხის მიღებაზე კრედიტორს სწორედ სახელმწიფო ხაზინა წარმოადგენს, გადაწყვეტილების ამ ნაწილით (შესაბამისად, ამ ნაწილში გაცემული სააღსრულებო ფურცლით) ნ.ჯ-ის უფლებრივი მდგომაროება არ შეცვლილა, რაც სავსებით უსაფუძვლოს ხდის მის მოთხოვნას უსწორობის გასწორებისა და კრედიტორად განმცხადებლის მითითების თაობაზე. ამგვარ წესს ქართული კანონმდებლობა არ ადგენს.
1.6. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის მე-2 ნაწილის დათქმას კერძო საჩივრის შეტანაზე უფლების მქონე სუბიექტების განსაზღვრის შესახებ (კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე, იმ პირებსაც, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება) და აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ინსტიტუტი ემსახურება იმ პირთა უფლების დაცვას, რომელთაც სასამართლოს შუალედური განჩინების შედეგად რაიმე ლეგიტიმური ინტერესი ილახება, სწორედ ამ ინტერესის ნამდვილობაზეა დამოკიდებული კერძო საჩივრის წარმატებაც. მოცემულ შემთხვევაში, ნ.ჯ-ს, არათუ სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში უსწორობის გასწორების, არამედ, განჩინების გაუქმების მოთხოვნის მიმართ არ შეიძლება გააჩნდეს ობიექტური ინტერესი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებულ ნაწილში სააპელაციო პალატის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი არ შეიცავს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ საფუძვლებზე მითითებას.
2. კერძო საჩივრის ნაწილობრივ განუხილველად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
2.1. საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 25 ივლისის განჩინებით ნ.ჯ-ის კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მხარეს დაევალა კერძო საჩივრის მოთხოვნის დაზუსტება. განჩინების პასუხად ნ.ჯ-მა განცხადებით მომართა სასამართლოს და სხვა გარემოებებზე მითითებასთან ერთად, გაზარდა მოთხოვნა, გარდა სააღსრულებო ფურცელში უსწორობის გასწორების მოთხოვნისა, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოითხოვა სააღსრულებო ხარჯის წინასწარ გადახდისაგან გათავისუფლება იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით არ დასტურდება არც მის სასარგებლოდ გამოტანილ ნაწილში სააღსრულებო წარმოების დაწყება და არც ამ საკითხზე მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსათვის მხარეს.
2.2. საკასაციო პალატა მოთხოვნის საფუძვლიანობის შეფასების მიზნით აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე მსჯელობის საგანს წარმოადგენს გასაჩივრებული განჩინება და განხილვის პროცესუალურ საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლი, რომლითაც დადგენილია, რომ კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 406-ე მუხლის თანახმად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, შეგებებული სარჩელის შეტანა და ხარჯების განსაზღვრა საკასაციო სასამართლოზე დაუშვებელია. მოხმობილი ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი, კერძო საჩივრის ფორმატში შეაფასოს და იმსჯელოს ნ.ჯ-ის იმ მოთხოვნაზე, რაც ქვემდგომ სასამართლოში მსჯელობის საგანი არ ყოფილა.
2.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე და 399-ე მუხლების შესაბამისად, საკასაციო პალატა უფლებამოსილია, იხელმძღვანელოს ამავე კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმადაც, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს.
2.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სააღსრულებო ხარჯის წინასწარ გადახდისაგან მოსარჩელის გათავისუფლების მოთხოვნის ნაწილში, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სააღსრულებო წარმოების დაწყების ფაქტი არ დასტურდება და ამაზე არც მხარეს მიუთითებია, ნ.ჯ-ის კერძო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე, 372-ე, 399-ე, 406-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ჯ-ის კერძო საჩივარი სააღსრულებო ხარჯის გადახდისაგან გათავისუფლების მოთხოვნის ნაწილში დარჩეს განუხილველად, ხოლო დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. კერძო საჩივრის ავტორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური