საქმე №ას-654-625-2016 7 ოქტომბერი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – ლ. და კ. ბ-ები (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. შ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უსაფუძვლოდ მიღებული თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. გ. შ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში კ. და ლ. ბ-ების (შემდგომში _ მოპასუხეები, კასატორები) მიმართ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე 2011 წლის 18 ნოემბერს მიღებული 20 000 აშშ დოლარისა და სესხის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მოსარჩელის მიერ გადახდილი 10 361 აშშ დოლარის მოპასუხეებისათვის დაკისრების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ საფუძვლებს: 2011 წლის აგვისტო-სექტემბერში მოსარჩელეს დაუკავშირდა მისი მევალის მეუღლე და განუცხადა, რომ მევალის ციხიდან გათავისუფლებას ჰპირდებოდა მოპასუხე კ. ბ-ა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის იმდროინდელი უფროსის _ დ. ა-ას ნათესავია, დახმარებისათვის კი, ითხოვდა 20 000 აშშ დოლარის გადახდას. შემდგომში მოსარჩელეს დაუკავშირდა კუდ-ის უფროსი და არაერთი ვიზიტისა და ფსიქიკური ზეწოლის შედეგად მოსარჩელე იძულებული გახდა ესესხებინა 20 000 აშშ დოლარი, რომელიც გადასცა მოპასუხე კ.ბ-ასა და მის დას _ ლ.ბ-ას. ეს გარემოება დადასტურებულია ვიდეოკამერის ჩანაწერითა და გამომძიებლის მიერ შედგენილი ოქმით, ასევე, გამოძიებისათვის მიცემული ჩვენებებით. მოპასუხეებმა ისე მიიღეს თანხა, რომ არ არსებობდა ამ თანხის მათთვის გადაცემის სამართლებრივი საფუძველი.
2. მოპასუხეების პოზიცია:
მარტივი შედავებით მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს იმ დასაბუთებით, რომ მოპასუხე ლ.ბ-ას სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული და მოსარჩელე, თითქოს ბ.ა-ასთან ახლო ურთიერთობის გამო, თავად უკავშირდებოდა მოპასუხეებს და სთხოვდა დახმარებას განსასჯელთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით. განსასჯელის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ 2010 წლის 19 ივლისს დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. გამოძიებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობისათვის შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდა საგამოძიებო ორგანოს. საგულისხმოა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა ლ.ბ-ამ მიიღო არა გამოძალვის გზით, არამედ ზიანის ანაზღაურების ანგარიშში.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 20 000 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო 20 361 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
6. კასატორების მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. გ. შ-მა კ. და ლ. ბ-ებს ნაკლიანი ნების საფუძველზე გადასცა 20 000 აშშ დოლარი. ნების ნაკლს განაპირობებდა ის გარემოება, რომ მოსარჩელე იმყოფებოდა ფსიქიკური ზემოქმედების ქვეშ. მისი ქცევა არ შეესაბამებოდა მის ნამდვილ ნებას, რასაც, თავის მხრივ, მასზე განხორციელებული იძულება განაპირობებდა, შესაბამისად, შესრულება, რომელიც იძულებას ეფუძნება, უკან გამოთხოვას ექვემდებარება;
1.2.2. მოსარჩელე არ წარმოადგენს პირს, რომელმაც მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული მოქმედებით ლ. ბ-ას ზიანი მიაყენა, შესაბამისად, მისი მხრიდან მოპასუხეებისათვის თანხის გადახდა არ შეიძლება ჩაითვალოს საკუთარი ვალდებულების შესრულებად, რამდენადაც, მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის სამოქალაქო კოდექსის 371-ე მუხლით განსაზღვრული წინაპირობები, კერძოდ, მოსარჩელემ 20 000 აშშ დოლარი მოპასუხეებს ნ. შ-ის მიერ ლ. ბ-ასათვის მიყენებული ზიანის ანგარიშში გადასცა, თუმცა, აღნიშნული შესრულება არ შეესაბამებოდა მის ნამდვილ ნებას, ვინაიდან მას არ გააჩნდა რაიმე დაინტერესება, დასაბუთებული მოტივი ან მიზანი, აენაზღაურებინა ლ. ბ-ასათვის ნ. შ-ის მიერ მიყენებული ზიანი. უფრო მეტიც, საქმეში წარმოდგენილი ლ. ბ-ას ჩვენების მიხედვით, „გ. შ-ი თავის თავზე იღებდა ნ. შ-ესა და მათ შორის შუამავლობას, რა დროსაც ნ. შ-ე გადაიხდიდა 23 000 აშშ დოლარს, ხოლო კ. და ლ. ბ-ებს კი უნდა ეთხოვათ დ. ა-ასათვის, რათა მას, თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, ნ. შ-ისათვის სასჯელის მნიშვნელოვანწილად შემცირებისათვის მიეღწია“. იმავე მოსაზრებას აფიქსირებს კ. ბ-ა თავის ჩვენებაში, სადაც ის აღნიშნავს, რომ „გ. შ-მა მას უთხრა, რომ ნ. გადაუხდიდა მის დას - ლ.ს 23 000 აშშ დოლარს, სამაგიეროდ კი მათ უნდა ეთხოვათ დ. ა-ასათვის, რომ მას თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტიდან გამომდინარე, ნ. შ-ისათვის სასჯელი მნიშვნელოვანწილად შეემცირებინა“. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ მოსარჩელის მონაწილეობა სადავო ურთიერთობაში მხოლოდ შუამავლობით შემოიფარგლებოდა და იგი ნ. შ-ის მიერ ლ. ბ-ასათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას არ კისრულობდა. შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის შენობაში შედგენილი ვიდეოჩანაწერით დასტურდებოდა, რომ გ. შ-მა კ. და ლ. ბ-ებს ფული თავად გადაუხადა, რის დასადასტურებლადაც ოქმი საქართველოს შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის გამომძიებელმა შეადგინა. ზემოხსენებული გარემოებები კი, ქმნიდა დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს მასზე, რომ თანხის გადაცემა თანხის გადამცემის ნამდვილ ნებას არ შეესაბამებოდა, რისი საწინააღმდეგო მტკიცება მოწინააღმდეგე მხარეს უნდა განეხორციელებინა. გარიგების დადების ფაქტს არ ადასტურებდა საქმეში წარმოდგენილი ოქმი, რამდენადაც მასში მიეთითებოდა მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელემ მოპასუხეებს გადასცა 20 000 აშშ დოლარი, გარიგების შეცილების 1-წლიან ვადაზე მხარის მითითება არ წარმოადგენდა სამართლებრივ შედავებას, არამედ, გადაცემულის დაბრუნება უნდა განხორციელებულიყო სამოქალაქო კოდექსის 978-ე მუხლზე დაყრდნობით და ამ ნორმის კონტექსტში ლ.ბ-ა არ წარმოადგენდა გადაცემულის მიღებაზე უფლების მქონე პირს;
1.2.3. საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ იძულება მოპასუხეების მხრიდან მომდინარეობდა, შესაბამისად, ისინი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირებს არ წარმოადგენდნენ.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორთა შედავება იმის თაობაზე, რომ:
1.4.1. სამოქალაქო კოდექსის 978-ე მუხლის საფუძველზე გადაცემულის დაბრუნების ვალდებულება სასამართლომ რომელ მტკიცებულებაზე დაყრდნობით მიიჩნია დადასტურებულად, გაურკვეველია, ამასთანავე, გაურკვეველია ისიც, თუ რატომ დაეკისრა თანხის დაბრუნების ვალდებულება ორივე მოპასუხეს, როდესაც საქმეში არსებული ყველა მტკიცებულებით დასტურდება თანხის ლ.ბ-ას მიერ მიღება, გარდა ამისა, სასამართლო ადგენს თანამდებობის პირთა ბრალეულ ქმედებას თანხის გადაცემაში და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე მოსარჩელეს უარს ეუბნება, თუმცა საქმეში ჩაბმული არ ყოფილან ის პირები, რომელთაგანაც, სასამართლოს დასკვნით, მომდინარეობდა იძულება;
1.4.2. სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას შედგენილი სხვადასხვა დოკუმენტიდან მოყვანილი ციტატები კონტექსტიდან ამოგლეჯილია და არ ადასტურებს სადავო გარემოებებს. აღიშნულის საპირისპიროდ, სასამართლომ შეფასება არ მისცა თავად მოსარჩელის გნმარტებებს, სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებულმა, ასევე, თავად მოსარჩელემ დაადასტურეს ერთმანეთთან ფულადი ვალდებულების არსებობის ფაქტი, ხოლო ის გარემოება, რომ ბრალდებულის მიერ ლ.ბ-ას კუთვნილი თანხა იქნა მითვისებული, დადასტურებელია სისხლის სამართლის საქმეზე მიღებ- განაჩენით, რომელიც საქმეშია წარმოდგენილი. მოსარჩელემ თავად განმარტა, რომ სურდა მსჯავრდებულის პატიმრობიდან გათავისუფლება და ამ მიზნით თავად დაუკავშირდა კ. ბ-ას, რადგანაც, როგორც მისთვის იყო ცნობილი, მსჯავრდებულს გააჩნდა გარკვეული უძრავი ქონება და პატიმრობიდან მისი გათავისუფლების შემთხვევაში, ქონების რეალიზაციის შედეგად შეძლებდა საკუთარი ვალის ამოღებას, ეს გარემოება სავსებით გამორიცხავს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას იმის თაობაზე, რომ აპელანტს მსჯავრდებულის ვალდებულების შესრულების არავითარი ინსტერესი არ გააჩნდა;
1.4.3. მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 371-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობები, რამდენადაც მოსარჩელემ თავად დაადასტურა საკუთარი ინსტერესის არსებობა მსჯავრდებულის გათავისუფლებისა და ამ საქმეში ლ.ბ-ას დახმარებასთან მიმართებით, რადგანაც იმ დროისათვის მოქმედი ამნისტიის შესახებ კანონის თანახმად, პირის გათავისუფლებისათვის საჭირო იყო დაზარალებულის თანხმობა. სწორედ ეს გარემოება მიუთითებს იმაზე, რომ მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხა ეკუთვნოდა არა მას, არამედ _ მსჯავრდებულს;
1.4.4. მოსარჩელის, ასევე, მსჯავრდებულის განმარტებიდან გამომდინარე, ირკვევა, რომ ისინი დაკავებული არიან ე.წ მევახშეობით, რაც მორალურად გაუმართლებელია, მით უფრო იმ პირის მხრიდან, რომელიც საქართველოს პარლამენტსა და კონტროლის პალატაშია დასაქმებული;
1.4.5. გაურკვეველია, თუ რატომ გაიზიარა სააპელაციო პალატამ აპელანტის განმარტება მის მიმართ ფიზიკური და ფსიქიკური იძულების განხორციელების თაობაზე, როდესაც მოსარჩელე პირველი ინსტანციის სასამართლოში მხოლოდ ფსიქოლოგიურ იძულებაზე მიუთითებდა. ამასთანავე, მოსარჩელე განმარტავდა, რომ იძულებას რამდენიმე თვის განმავლობაში ჰქონდა ადგილი, რაც არადამაჯერებელია, რადგანაც, საკუთარი განმარტებით ადასტურებს მხარე, რომ არის იურისტი, თუმცა, მას ამ საკითხის თაობაზე რაიმე კონსულტაცია არ გაუვლია და არც შესაბამის ორგანოში განუცხადებია;
1.4.6. დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ კასატორები მოსარჩელეს ჰპირდებოდნენ მსჯავრდებულის გათავისუფლებაში დახმარებას, რადგანაც ამგვარ გარემოებაზე მითითებული არ არის წინასწარი გამოძიებისათვის მიცემულ ჩვენებაში მოპასუხეების მიერ, ხოლო სააპელაციო პალატის მსჯელობა ამოვარდნილია კონტექსტიდან;
1.4.7. რაც შეეხება გამომძიებლის მიერ ოქმის შედგენას, არც ეს საკითხი წარმოადგენს პრობლემატურს, რადგანაც გამომძიებელს, გარკვეულ შემთხვევაში, უფლება აქვს მოარიგოს მხარეები, ხოლო მოსარჩელე თავად უკავშირდებოდა კასატორებს მსჯავრდებულის ახლობლის სტატუსით. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაკითხული მსჯავრდებულის მეუღლე არ ადასტურებს სარჩელში მითითებულ გარემოებებს, უფრო მეტიც, მისი განმარტებით, უცნობია მოსარჩელისა და საკუთარი მეუღლის ურთიერთობის შესახებ;
1.4.8. სასამართლომ დაადგინა, რომ იძულება მესამე პირის მხრიდან მომდინარეობდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, სადავო ფაქტის დადგენილად მიჩნევისათვის კი, სახეზე უნდა იყოს სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული განაჩენი, ამასთანავე, მოსარჩელემ განმარტა, რომ 2012-2013 წლებში მან სადავო გარემოების შესახებ მიმართა საქართველოს პროკურატურას, თუმცა, საქმის მასალებით ამ საკითხის თაობაზე მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტი არ არის დადასტურებული.
1.5. საკასაციო პრეტენზიებთან მიმართებით პალატა უპირველესად მტკიცებულებათა შეფასების საკითხზე შეჩერდება და განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს დასკვნები ემყარება საქმის მასალების ყოველმხრივ და სრულ შეფასებას (სსსკ-ის 105-ე მუხლი), რომლის წინააღმდეგაც კასატორები შემოიფარგლებიან ზოგადი მითითებებით, თუმცა, იმ პირობებშიც კი, თუ დადგენილად მივიჩნევთ მათ მიერ სადავოდ გამხდარ გარემოებებს, მაინც არ იარსებებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი, კერძოდ, საქმის მასალებით არ დგინდება მოსარჩელის რაიმე ობიექტური ინტერესი მსჯავრდებულის ნაცვლად მესამე პირისათვის ზიანის ანაზღაურების თაობაზე, უფრო მეტიც, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იძულება, როგორც წესი, უმრავლეს შემთხვევაში, სწორედ პრეზუმფციული ფაქტებით მტკიცდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზი იძლევა იმ გონივრული ალბათობის მაღალი ხარისხით დაშვებას, რომ ნება არ არის უნაკლო და კონტრაჰენტს, ნების თავისუფალი გამოვლენის პირობებში არ შეიძლებოდა შესრულების სურვილი გამოეხატა. პრეზუმფციის, როგორც სავარაუდო დაშვების იურიდიული ბუნება კი იმგვარია, რომ მისი გაქარწყლების ვალდებულება წარმოეშობა მხარეს, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია იგი. ამ თვალსაზრისით საკასაციო საჩივარი მყარ არგუმენტაციასა და ამ არგუმენტების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე მითითებას არ შეიცავს. შესაბამისად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობას საცილო ნების თაობაზე და მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლომ თანხის გადახდის ფაქტი სწორად შეაფასა სამოქალაქო კოდექსის 86-ე-87-ე მუხლების კონტექსტში.
1.6. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობას იმის თაობაზე, რომ გამომძიებლის მიერ შედგენილი ოქმი არ წარმოადგენს გარიგებას, არამედ იგი ფაქტის კონსტანტაციაა და ადასტურებს მხოლოდ თანხის გადაცემას, ხოლო საქმის მასალებით არ დადგინდა რა გადაცემის სამართლებრივი საფუძველი, სააპელაციო პალატამ კოდიქციური ვალდებულების ფარგლებში სწორად მოიძია მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა _ სამოქალაქო კოდექსის 978-ე მუხლი და ქონებრივი ბალანსის აღდგენის მიზნით, მართებულად დააკისრა მოპასუხეებს თანხის გადახდის ვალდებულება. პალატა აქვე შენიშნავს, რომ იმ ვითარებაში, როდესაც მოთხოვნა უსაფუძვლო გამდიდრების წესებიდან მომდინარეობს და კანონი დაბრუნების ვალდებულებას აკისრებს ქონებრივი სიკეთის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიმღებს, კასატორები წინამდებარე საქმეზე სათანადო მოპასუხეებს წარმოადგენენ და დავაში არ არსებობდა იძულების განმახორციელებელი პირების ჩაბმის წინაპირობა (არ არსებობდა სსსკ-ის 85-ე მუხლის გამოყენების წინაპირობა).
1.7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იძულების ფაქტის დადგენისას სააპელაციო პალატას საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის სტანდარტი არ დაურღვევია, რამდენადაც თავად იძულების ფაქტი სამართლის საკითხია და სამოქალაქო საქმის განხილვისას სასამართლო სამოქალაქო სამართლის სფეროს მიკუთვნებული ნორმების საფუძველზე აფასებს მტკიცების საგანში შემავალ დადგენილ გარემოებებს, შესაბამისად, კასატორთა პოზიციას იმის თაობაზე, რომ საქმეში არ არის სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული განაჩენი იძულების განხორციელების თოაბაზე, უარყოფს სასამართლო.
1.8. რაც შეეხება იმ საკითხს, კ. ბ-ა წარმოადგენს თუ არა თანხის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს, პალატა მოიშველიებს სამოქალაქო კოდექსის 978-ე მუხლს და განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ არც კ. და არც ლ. ბ-ები არ წარმოადგენდნენ მოსარჩელის მიერ განხორციელებული შესრულების მიღებაზე უფლებამოსილ პირებს (დგინდება თანხის გადაცემის უსაფუძვლობა) მოპასუხეთა წრის განსასაზღვრად საჭიროა, შეფასდეს სწორედ გადაცემულის ფაქტობრივად მიმღები პირი. სარჩელის თანახმად, მოთხოვნილი 20 000 აშშ დოლარი შეტანილ იქნა კ.ბ-ას ანგარიშზე ბანკში. ამ გარემოების თაობაზე წარმოდგენილი შესაგებელი არ შეიცავს შედავებას, ამასთან, არც საკასაციო საჩივარშია მითითებული რაიმე იმის შესახებ, რომ საქმის მოსამზადებელ ეტაპზე კ.ბ-ამ თანხის ჩარიცხვა გახადა სადავოდ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 219-ე მუხლის თანახმად, სარჩელში მითითებული ეს გარემოება უდავოდ მიიჩნევა და სასამართლო უფლება აქვს დაეყრდნოს მას, ამასთანავე, ამ თვალსაზრისით ნიშანდობლივია სასამართლოს მიერ დასაშვებად მიჩნეული თანხის გადაცემის ვიდეოჩანაწერიც.
1.9. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
1.10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ ტ. ჩ-ის მიერ 30.05.2016წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2 147 ლარის 70% _ 1 502,9 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. და კ. ბ-ების საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორებს: ლ. ბ-ასა (პ/#...) და კ. ბ-ას (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ ტ. ჩ-ის მიერ 30.05.2016წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2 147 ლარის 70% _ 1 502,9 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური