№ას-127-123-2016 13 ივნისი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. კ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მ. კ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და ზიანის ანაზღაურება შემდეგი დასაბუთებით:
2. 2009 წლის 1 დეკემბერს მოსარჩელესა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მ. კ-ე მუშაობდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონულ განყოფილებაში მთავარი სპეციალისტის (იურისტის) პოზიციაზე და აღნიშნულ ხელშეკრულებაზე თანდართული სამუშაო აღწერილობის თანახმად, ევალებოდა სხვადასხვა საქმიანობის განხორციელება, მათ შორის, სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების შესაბამისად, დოკუმენტაციის მომზადება და შუამდგომლობა სასამართლოში არასრულწლოვან და სრულწლოვან პირთა მეურვის ან მზრუნველის დანიშვნის თაობაზე, შვილად აყვანის საქმის წარმოებისას შვილად აყვანის შესახებ დასკვნის მომზადება სასამართლოში წარსადგენად, გასაშვილებელი ბავშვის ინტერესის დაცვა, სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების შესაბამისად ზომების მიღება ბავშვის უფლებების დარღვევის შემთხვევებზე; მონიტორინგი მეურვეების, მზრუნველების და ქონების მეურვეების, მიმღები ოჯახის საქმიანობაზე და ა.შ.
3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 19 მარტის №04-195/კ ბრძანებით მ. კ-ესთან შეწყდა შრომითი ხელშეკრულება მისთვის დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის გამო. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ფაქტობრივი საფუძველი გახდა მოსარჩელის მიერ მოქალაქე ვ. შ-ის მიმღებ მშობლად რეგისტრაციისათვის კანონმდებლობით დადგენილი პირობების უხეში დარღვევა, რაც გამოვლინდა ამ უკანასკნელის საქმის მასალების შესწავლისას, თუმცა მოსარჩელის განმარტებით, დამსაქმებელს ხელშეკრულების შეწყვეტის წერილობით დასაბუთებაში არ მიუთითებია დასაქმებულის მიერ კონკრეტულად რა მოვალეობები იქნა დარღვეული. შესაბამისად, არ არსებობდა ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერი საფუძველი,
4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის გათავისუფლება მოხდა მოქალაქე ვ. შ-ის განცხადებაში და სააგენტოს უფლებამოსილი პირის მოხსენებით ბარათში მითითებული ფაქტების გამოკვლევის შედეგად სააგენტოს მიერ აღმოჩენილი დარღვევების გამო, რომელთა შესახებ თავად მოსარჩელესაც ჩამოერთვა ახსნა-განმარტება. მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სააგენტოს უფლებამოსილი კომისიის მითითების შესაბამისად, იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის მიერ ვ. შ-ის მიმღებ მშობლად რეგისტრაციის გადაწყვეტილების მომზადებისას არ იქნა გათვალისწინებული სააგენტოს განკარგულებაში არსებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვ. შ-ისა და მისი ოჯახის შესახებ, რომელიც ეჭვქვეშ აყენებდა მიმღებ მშობლად ვ. შ-ის რეგისტრაციის მართებულობას. მოსარჩელემ თავად აღიარა, რომ მან იცოდა წარსულში ვ. შ-ის დაავადების თაობაზე და ვერ გაითვალისწინა, რომ მომავალში კვლავ შეიძლებოდა იგივე დაავადება (დიაგნოზი) დადგენოდა განმცხადებელს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების უხეშ დარღვევას.
5. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით მ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 19 მარტის №04-195/კ ბრძანება მ. კ-ან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ნაწილში; მ. კ-ე აღდგენილ იქნა დაკავებულ თანამდებობაზე 2012 წლის 19 ოქტომბრის ბრძანების საფუძველზე უვადოდ გათავისუფლებამდე მოქმედი ხელშეკრულების შესაბამისად; მოპასუხე სსიპ მომსახურებს სააგენტოს მ. კ-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლებიდან (2015 წლის 19 მარტიდან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე 650 (ექვსას ორმოცდაათი) ლარი ყოველთვიურად; მ. კ-ის სასარჩელო მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებისა და პრემიის (მიუღებელი შემოსავლის) მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
6. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 თებერვლის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზესტაფონის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება.
8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
9. მ. კ-ე 2009 წლის პირველი დეკემბრიდან განუსაზღვრელი ვადით დასაქმებული იყო სააგენტოს ზესტაფონის რიონულ განყოფილებაში მთავარი სპეციალისტის (იურისტის) თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 650 ლარს. სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 19 მარტის ბრძანებით მ. კ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე.
10. მ. კ-ის სამუშაოდან გათავისუფლება გამოიწვია მის მიერ ვ. შ-ის განცხადების საფუძველზე განხორციელებულმა ქმედებებმა, კერძოდ:
11. 2011 წლის 2 დეკემბერს ვ. შ-ემ სააგენტოსგან მოითხოვა დედობილად რეგისტრაცია. მან სააგენტოს წარუდგინა 2011 წლის 1 დეკემბერს შპს ,,ჯეო-ჰოსპიტალსი ს” მიერ გაცემული ჯანმრთელობის ცნობა, რომლის თანახმად ვ. შ-ე იყო ჯანმრთელი.
12. 2011 წლის პირველ დეკემბრამდე ვ. შ-ე იღებდა პენსიას შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის გამო, ვინაიდან დაავადებული იყო დეპრესიული ტიპის შიზო-აფექტური აშლილობით.
13. 2011 წლის პირველ დეკემბრამდე ვ. შ-ის ოჯახი რეგისტრირდებოდა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებდა საარსებო შემწეობას.
14. ვ. შ-ის ოჯახის საცხოვრებელი პირობები, სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებსა (მათ შორის - სააგენტოს) და საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,ევრიჩაილდს” შორის 2011 წლის 6 ივნისს გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე შეამოწმა ამავე ორგანიზაციის თანამშრომელმა, ქ. ც-ემ, თუმცა მის მიერ შედგენილ შესაბამის დასკვნებს ხელი მოაწერა მ. კ-ემ ისე, რომ უშუალოდ არ გადაუმოწმებია დასკვნებში მითითებული გარემოებები.
15. სააგენტოს 2011 წლის 27 დეკემბრის №02/372 გადაწყვეტილებით ვ. შ-ეს მიენიჭა მიმღები მშობლის სტატუსი.
16. ვ. შ-ე ისე მოიხსნა მიმღებ მშობლად რეგისტრაციიდან, რომ არ მომხდარა მისთვის ბავშვის შეთავაზება.
17. გარდა მხარეთა შორის სადავო ფაქტისა, მ. კ-ის მიერ სამსახურებრივი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების სხვა შემთხვევები არ დაფიქსირებულა და 2015 წლის 19 მარტამდე რაიმე სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მის მიმართ გამოყენებული არ ყოფილა.
18. პალატამ განმარტა, რომ ზოგადად ქმედების სამართლებრივი შედეგები უნდა განისაზღვროს სამართლის იმ ნორმების საფუძველზე, რომლებიც მოქმედებდა ქმედების განხორციელების დროს. შესაბამისად, მ. კ-ის მიერ განხორციელებული სადავო მოქმედებების სამართლებრივი შედეგებზე სასამართლომ გაავრცელა საქართველოს შრომის კოდექსის 2011 წლის დეკემბერში მოქმედი რედაქცია.
19. ამავე პერიოდში მოქმედ ,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე, 31-ე მუხლებზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №51/ნ ბრძანებით დამტკიცებული მინდობით აღზრდის პროცედურებისა და ფორმების მე-5 მუხლზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ვ. შ-ის 2011 წლის 2 დეკემბრის განცხადების საფუძველზე შესაბამისი დასკვნები უშუალოდ უნდა მოემზადებინა სოციალურ მუშაკს, რომლის საფუძველზეც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ჯერ მიიღებდა გადაწყვეტილებას ვ. შ-ეს დედობილად რეგისტრაციის, ხოლო შემდეგ - ბავშვის მინდობით აღზრდის შესახებ.
20. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. კ-ეს თავისი ვალდებულება არ შეუსრულებია, ამდენად, მან დაარღვია სააგენტოსთან არსებული შრომითი ხელშეკრულების პირობები.
21. სასამართლომ მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლზე და Ultima Ratio-ს პრინციპზე, რომელიც იცავს საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით აღიარებულ შრომის უფლებას. ამ პრინციპის თანახმად, დასაქმებულის გათავისუფლება დაიშვება მხოლოდ მაშინ, თუ მის მიერ განხორციელებული გადაცდომის ხასიათიდან გამომდინარე უფრო მსუბუქი ხასიათის სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული. დასაქმებულის მიერ განხორციელებული ყოველი დარღვევა შეფასებულ უნდა იქნას მისი სიხშირის, სიმძიმისა და შედეგობრივი თვალსაზრისით.
22. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, მართალია, მ. კ-ემ დაარღვია შრომითი მოვალეობა, თუმცა ეს დარღვევა იყო ერთეული შემთხვევა და მას არ მოჰყოლია არცერთი პირის უფლებების (ინტერესების) შელახვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მ. კ-ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ყველაზე მკაცრი სახის - შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის გამოყენების საფუძვლები. შესაბამისად, სახეზე იყო შრომითი ურთიერთობის უკანონოდ შეწყვეტა და მოსარჩელის იძულებითი მოცდენა დამსაქმებლის ბრალით.
23. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
24. კასატორის განმარტებით, 2011 წლის 2 დეკემბერს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონულ განყოფილებას განცხადებით მიმართა მოქალაქე ვ. შ-ემ და შეავსო დედობილად რეგისტრაციის მსურველ პირთა განცხადების ფორმა. 2011 წლის 27 დეკემბერს ზესტაფონის რაიონულმა განყოფილებამ მიიღო გადაწყვეტილება ვ. შ-ისათვის მიმღები მშობლის სტატუსის მინიჭების შესახებ. ვ. შ-ე მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებობის სტატუსით ღებულობდა სახელწიფო გასაცემელს 2011 წლის 1 დეკემბრამდე, რის შემდგომაც მას შეუწყდა პენსიის დარიცხვა. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, კასატორის აზრით, ვ. შ-ისათვის დედობილის სტატუსის მინიჭება განხორციელდა კანონდარღვევით, რადგან: ა) მ. კ-ე თავად არ გაცნობია ვ. შ-ის ოჯახის პირობებს, ისე მოაწერა ხელი სხვა პირის მიერ მომზადებულ დასკვნებს; ბ) ვ. შ-ე იყო ფსიქიკური აშლილობით დაავადებული და გ) მისი ოჯახი რეგისტრირდებოდა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.
25. საკასაციო საჩივრის ავტორის განცხადებით, მ. კ-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა მასზე დაკისრებული ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების მიმართ გულგრილ და ზერელე დამოკიდებულებას, ვინაიდან მოქალაქე ვ. შ-ისთვის მიმღები მშობლის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ იქნა გათვალისწინებული ვ. შ-ის ოჯახის შესახებ სააგენტოს რაიონულ განყოფილებაში არსებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2011 წლის 1 დეკემბრამდე ოჯახის წევრების ფულად შემოსავალს შეადგენდა შშმ პირებისთვის განკუთვნილი სახელმწიფო გასაცემელი და საარსებო შემწეობა, რომლითაც ოჯახი სარგებლობდა 2006 წლის სექტემბრის თვიდან 2011 წლის ნოემბრის თვის ჩათვლით და, მიუხედავად იმისა, რომ 2011 წელს მოქმედი კანონმდებლობით არ არსებობდა რაიმე სახის შეზღუდვა სოციალურად დაუცველ პირებზე მიმღები მშობლის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, თავად ფაქტი, რომ ოჯახი იყო საარსებო შემწეობის მიმღები, ეჭვქვეშ აყენებდა ვ. შ-ის ოჯახში აღსაზრდელის განთავსების შემთხვევაში, მისთვის ნორმალური ოჯახური გარემოს შექმნის შესაძლებლობას.
26. აღნიშნულიდან გამომდინარე, მ. კ-ემ უხეშად დაარღვია საკუთარი შრომითი ვალდებულებები, რის გამოც არსებობდა მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი. საკასაციო საჩივრის ავტორის აზრით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დამყარებულია გარემოებებზე, რომლებიც არ იქნა სათანადოდ გამოკვლეული და შეფასებული, რის გამოც იგი ექვემდებარება გაუქმებას.
27. საქართველოს უზენაესი საასმართლოს 2016 წლის 15 თებერვლის განჩინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
28. საქართველოს უზენაესი საასმართლოს 2016 წლის 6 ივნისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 ნოემბრის განჩინებაზე დასაშვებად იქნა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
29. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 ნოემბრის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ:
30. მოცემულ საქმეში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელემ, როგორც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელმა, დაარღვია სააგენტოსთან არსებული შრომითი ხელშეკრულების პირობები, თუმცა აღნიშნული დარღვევა არ წარმოადგენდა ისეთი ხასიათის დარღვევას, რომელიც საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად (უხეში დარღვევა), შესაძლებელია გახდეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ყველაზე მკაცრი სახის - სამუშაოდან პირის გათავისუფლების - გამოყენების საფუძველი.
31. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლებიც აღწერილია წინამდებარე გადაწყვეტილების 9-17 პუნქტებში, მხარეებს არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის თანახმად, ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის.
32. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, მართებულად მიიჩნია თუ არა სააპელაციო სასამართლომ, რომ მოსარჩელის მიერ ჩადენილი დარღვევა არ წარმოადგენდა ისეთი სახის დარღვევას, რომელიც შესაძლებელია გახდეს გათავისუფლების საფუძველი.
33. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს დასკვნა დაუსაბუთებელია. მოსარჩელის მიერ ჩადენილი დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, დამსაქმებლის მიერ გამოყენებული ზომა - გათავისუფლება იყო დარღვევის ადექვატური. შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი.
34. საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს.
35. საქართველოს სასამართლოების მიერ შრომით დავებთან დაკავშირებულ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტებულ იქნა, რომ სამსახურიდან პირის გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების მართლზომიერების შეფასებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შრომის სამართალში მოქმედ Ultima Ratio-ს პრინციპის დაცვას, რომელიც გულისხმობს, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის მიმართ, მის მიერ ჩადენილი გადაცდომის (დარღვევის) ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული. შესაბამისად, დასაქმებულის მიერ დარღვევის ჩადენისას დამსაქმებლის მიერ გამოყენებული უნდა იქნას ისეთი ზომები, რომლებიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს.
36. სწორედ აღნიშნულ მიზნის განხორციელებას ემსახურება საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლში 2013 წლის 12 ივნისს განხორციელებული ცვლილებები, რომელთა შესაბამისად, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით დამსაქმებელს მიენიჭა დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების უფლება არა შრომითი ხელშეკრულების ყოველგვარი დარღვევის, არამედ ვალდებულებათა მხოლოდ „უხეში დარღვევის“ შემთხვევაში.
37. ამრიგად, მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის კი აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების შეფასების მიზნით, დადგინდეს დასაქმებულის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის ფაქტი, რაც შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის განთავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. სუსგ Nას-812-779-2016, 19 ოქტომბერი, 2016 წ.; Nას-1276-1216-2014, 18 მარტი, 2015 წ.; სუსგ Nას-483-457-2015, 7 ოქტომბერი, 2015წ.).
38. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დასაქმებულის მიერ შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა არის თუ არა „უხეში“ ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ინდივიდუალური შეფასების საგანია და უნდა შეფასდეს საქმის ყველა კონკრეტული გარემოების გათვალისწინებით.
39. ერთი და იგივე ქმედება, რომელიც ერთ შემთხვევაში არაარსებით დარღვევას წარმოადგენს, სხვა შემთხვევაში შესაძლებელია უთანაბრდებოდეს უხეშ დარვევას.
40. იმისათვის, რომ დამრღვევის მოქმედების (ან უმოქმედობის) სიმძიმე შეფასდეს, პირველ რიგში უნდა გამოკვლეულ იქნას იმ სამსახურის დანიშნულება, სადაც დასაქმებული მუშაობს, და ამ სამსახურში დასაქმებულის ფუნქცია და მოვალეობები.
41. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე მუშაობდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების მთავარ სპეციალისტად (იურისტად).
42. „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში „სააგენტო“) ახორციელებს მეურვეობასა და მზრუნველობას გასაშვილებელ და მინდობით აღსაზრდელ ბავშვებზე. მისი უპირველესი ფუნქციაა ხელი შეუწყოს ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდას, უზრუნველყოს შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სისტემის გამართული ფუნქციონირება და შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცედურებში მონაწილე ყველა პირის უფლებათა დაცვა.
43. სააგენტო აღნიშნულს ახორციელებს სააგენტოს (და მისი ტერიტორიული ორგანოების) თანამშრომლების მეშვეობით, რომლებსაც ევალებათ მათ სამოქმედო ტერიტორიაზე მინდობით აღზრდას დაქვემდებარებული პირისა და ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირის გამოვლენა, მათი რეგისტრაცია და აღნიშნულ პირთა შესახებ ინფორმაციის სისტემატიზება; ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირისა და მინდობით აღსაზრდელის შეფასება; ბავშვის საჭიროებებისა და ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველ პირთა შესაძლებლობების თაობაზე კვლევის ჩატარება და დასკვნების მომზადება, რომელთა საფუძველზეც მიიღება გადაწყვეტილებები მინდობით აღზრდის მსურველ პირთა რეგისტრაციისა და ბავშვის მინდობით აღსაზრდელად გადაცემის შესახებ (იხ. „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და 31-ე მუხლები).
44. ბავშვის უფლებებისა და საუკეთესო ინტერესების დაცვის თვალსაზრისით მინდობით აღსაზრდელად გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების უდიდესი მნიშვნელობიდან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია სრულყოფილი და სწორი ინფორმაციის მოგროვება და მისი გულდასმით გაანალიზება, რათა მხედველობის მიღმა არ დარჩეს არცერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომელმაც შესაძლებელია დააზიანოს მინდობით აღსაზრდელის ინტერესები.
45. ამ პროცესში, ისევე როგორც, ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ყველა გარემოების გამოკვლევა უნდა მოხდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, ბავშვის უპირატესი ინტერესის ჭრილში, რაც პროცესში ჩართული ყველა მოქმედი პირის მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებას, გულისხმიერებასა და კეთილსინდისიერებას მოითხოვს.
46. როგორც უკვე აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოში დასაქმებული იყო მთავარი სპეციალისტის (იურისტის) თანამდებობაზე და მასთან დადებული შრომითი ხელშეკრულების თანახმად, ბავშვის უფლებებისა და ინტერესების დაცვა სააგენტოს საქმიანობის სფეროში შემავალი სხვადასხვა პროცედურების განხორციელებისას (მეურვისა და მზრუნველის დანიშვნა, მშობლის უფლების ჩამორთმევა, შვილად აყვანა, ბავშვზე ძალადობის შემთხვევების გამოვლენა, ბავშვის მინდობით აღსაზრდელად მიმღები ოჯახის საქმიანობის მონიტორინგი) მოსარჩელის უმთავრეს მოვალეობას წარმოადგენდა (იხ. სარჩელი, ს.ფ. 2, შრომის ხელშეკრულება, ს.ფ. 22).
47. კონკრეტულად ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველ პირთა რეგისტრაციის პროცედურასთან დაკავშირებით (რაც წინამდებარე დავის საგანს შეადგენს) მოსარჩელის სამსახურებრივ მოვალეობებში შედიოდა ასეთ პირთა და მათი ოჯახების პირველადი და სრული შეფასების შედეგად სააგენტოს სოციალური მუშაკების მიერ მომზადებული დასკვნების შემოწმება და პოტენციური დედობილის/მამობილის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების პროექტის მომზადება.
48. ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველ პირთა რეგისტრაციის პროცესი გულისხმობს აღნიშნულ პირთა შესახებ ყოველმხრივი, ამომწურავი და საწრმუნო ინფორმაციის მოპოვებასა და ანალიზს. შესაბამისად, ამ პროცესში გამოვლენილმა ყოველგვარმა შეუსაბამობამ იურისტის ყურადღება უნდა მიიპყროს.
49. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სამუშაოდან მოსარჩელის გათავისუფლება გამოიწვია მის მიერ ვ. შ-ის განცხადების საფუძველზე განხორციელებულმა ქმედებებმა, კერძოდ: 2011 წლის 2 დეკემბერს ვ. შ-ემ მიმართა სააგენტოს ზესტაფონის რაიონულ განყოფილებას და მოითხოვა ბავშვის მინდობით აღსაზრდელად მიმღებ პირად რეგისტრაცია. მან სააგენტოს წარუდგინა 2011 წლის 1 დეკემბერს შპს „ჯეო ჰოსპიტალსი ს“ მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმად, ვ. შ-ე იყო ჯანმრთელი. 2011 წლის 1 დეკემბრამდე ვ. შ-ე იღებდა პენსიას შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის გამო, ვინაიდან დაავადებული იყო დეპრესიული ტიპის შიზო-აფექტური აშლილობით. 2011 წლის 1 დეკემბრამდე ვ. შ-ის ოჯახი რეგისტრირდებოდა ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებდა საარსებო შემწეობას.
50. „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის შესაბამისად, დედობილი/მამობილი არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მიერ დამტკიცებული დაავადებათა სიის მიხედვით) არ შეუძლია ბავშვის აღზრდა. იმავე პერიოდში მოქმედი, „მინდობით აღზრდის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის #51/ნ ბრძანების დამტკიცებული, მინდობით აღზრდის პროცედურების მე-4 მუხლის შესაბამისად კი, ასეთია ყველა დაავადება ან ტრამვა, რომელმაც გამოიწვია მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭება.
51. სარჩელში, ასევე საქმის მასალებში დაცულ ახსნა-განმარტებაში, რომელიც 2014 წლის 24 ნოემბერს წარდგენილია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სახელზე, მოსარჩელე მიუთითებს, რომ ვ. შ-ემ სააგენტოს ზესტაფონის რაიონულ განყოფილებას დედობილად რეგისტრაციის მოთხოვნით პირველად მიმართა დაახლოებით 2011 წლის ოქტომბერში. ამ დროისათვის ვ. შ-ის ოჯახი დარეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ხოლო ვ. შ-ეს ჰქონდა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი (დიაგნოზი: „დეპრესიული ტიპის შიზოაფექტური აშლილობა“). შშმპ სტატუსი დადგენილი იყო 2011 წლის 1 დეკემბრამდე, მორიგი გადამოწმების თარიღი იყო 2011 წლის 17 ნოემბერი. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ვ. შ-ეს განემარტა (ზეპირად), რომ იგი ვერ მოიპოვებდა უფლებას მიმღები მშობლის სტატუსის მინიჭების შესახებ, რის შემდეგაც მან განცხადება აღარ დაწერა. 2011 წლის 2 დეკემბერს ვ. შ-ემ კვლავ მიმართა ზესტაფონის განყოფილებას და განაცხადა, რომ დაწერა განცხადება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ. ასევე განაცხადა, რომ აღარ გაიარა სამედიცინო შემოწმება 2011 წლის 17 ნოემბერს, იგი ჯანმრთელია და წარმოადგინა ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ზემოაღნიშნული ცნობისა და განცხადების საფუძველზე პრაქტიკანტი სოციალური მუშაკის, თამარ ზარნაძის მიერ განხორციელდა ვ. შ-ის ოჯახის პირველადი და სრული შეფასებები, მომზადდა დასკვნები სააგენტოს ზესტაფონის განყოფილების სოციალური მუშაკის ქ. ც-ის ხელმოწერით, რომელთა საფუძველზეც ვ. შ-ეს მიენიჭა მიმღები მშობლის სტატუსი (იხ. ახსნა-განმარტებითი ბარათი, ს.ფ. 78-79).
52. სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 11 მაისის #04-303/ო ბრძანებით შექმნილი კომისიის 2015 წლის 27 თებერვლის #3 სხდომის ოქმში მითითებულია, რომ სააგენტოს ზესტაფონის განყოფილებაში დაცული იყო ინფორმაცია, რომლის თანახმად, „...2011 წლის 1 დეკემბრამდე ვ. შ-ის ოჯახის წევრების ფულად შემოსავლებს შეადგენდა მოქალაქე ვ. შ-ისა და თ. შალამბერიძის შშმ პირებისათვის განკუთვნილი სახელმწიფო პენსია და საარსებო ფულადი შემწეობა, რომლითაც ოჯახი სარგებლობდა 2006 წლის სექტემბრის თვლიდან 2011 წლის ნოემბრის თვის ჩათვლით... 2011 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით ოჯახმა გაურკვეველი მიზეზების გამო უარი განაცხადა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრაციაზე, ხოლო პირადად შ-ემ არ გაიარა სამედიცინო ექსპერტიზა. შესაბამისად 2011 წლის 1 დეკემბრიდან მას მოეხსნა სახელმწიფო პენსია. ამასთან ვ. შ-ის ოჯახის პირველადი და სრული შეფასების ფორმებში ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ არსებული ინფორმაცია რადიკალურად განსხვავდება „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ დაცული ინფორმაციისგან...“ (იხ. ს.ფ. 120-122).
53. მოსარჩელის ახსნა-განმარტების შესაბამისად, მას არათუ გამორჩა ზემოაღნიშნული გარემოებები, არამედ პირიქით, იცოდა კიდეც მათ შესახებ (იხ. სარჩელი, ს.ფ. 2-20, ახსნა-განმარტებითი ბარათი, ს.ფ. 78-79). მიუხედავად ამისა, მან არ განახორციელა არანაირი მოქმედება, რათა გამოერკვია წარმოქმნილი შეუსაბამობის მიზეზი. კერძოდ, როგორ მოხდა, რომ 2011 წლის 1 დეკემბრამდე წლების განმავლობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი 2011 წლის 2 დეკემბერს სააგენტოში განცხადების შეტანისას „ჯანმრთელი“ აღმოჩნდა და სოციალური მუშაკის პირველადი და ოჯახის სრული დახასიათებითაც ოჯახის მდგომარება და საცხოვრებელი პირობები არ შეესაბამებოდა 2011 წლის 1 დეკემბრამდე არსებულ სტატუსს „ღატაკი“; ხომ არ იყო შეუსაბამობა ადრე მინიჭებულ შეზუღული შესაძლებლობისა და სოციალურად დაუცველი პირის სტატუსსა და რეალობას ან 2011 წლის დეკემბერში სოციალური მუშაკის მიერ მომზადებულ შეფასებებში ასახულ ინფორმაციასა და რეალობას შორის. ხოლო თუ სოციალური მუშაკის მიერ მომზადებული ინფორმაცია შესაბამისობაში იყო რეალურ ვითარებასთან და 2011 წლამდე არსებული სტატუსები მიღებულ იქნა არასწორ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ხომ არ ქმნიდა ეს საფუძველს განმცხადებლის მინდობით აღსაზრდელად მიმღებ პირად რეგისტრაციისათვის შეუსაბამო კანდიდატად მიჩნევისათვის.
54. საკასაციო პალატა ხასგასმით აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმე ეხება ბავშვის უმნიშვნელოვანეს ინტერესს აღიზარდოს ჯანსაღ ოჯახურ გარემოში და ნებისმიერმა დარღვევამ პოტენციური დედობილ/მამობილისა და ოჯახური გარემოს შეფასების პროცესში შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი გამოიწვიოს. ასეთ ვითარებაში, გამამართლებელ საფუძველს არ წარმოადგენს ის არგუმენტი, რომ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ჯანმრთელობის ცნობა პირის შეზღუდულ შესაძლებლობაზე აღარ მიუთითებდა, ხოლო სოციალურად დაუცველი პირის სტატუსი 2011 წელს არ წარმოადგენდა მინდობით აღსაზრდელად მიმღებ პირად რეგისტრაციაზე უარის თქმის ფორმალურ საფუძველს. ეჭვქვეშ იყო მიწოდებული ინფორმაციის სარწმუნოობის საკითხი და ეს მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა ისეთი გადაწყვეტილების მიღებისას, რომელიც ეხებოდა ბავშვის ინტერესებს.
55. ამიტომ, იურისტის მხრიდან ჩადენილი დარღვევის ხარისხის შეფასებისას საკმარისი არ არის მხოლოდ ის ფაქტი, რომ დარღვევის შემთხვევამდე მის მიერ მოვალეობებიდან გადაცდომა არ დაფიქსირებულა; არც ის ფაქტი, რომ დარღვევის შედეგად არავინ დაზარალებულა (რადგან მინდობით ბავშვის აყვანა არ მომხდარა). ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ის მაღალი პოტენციური საფრთხე, რომელიც შესაძლებელია უკავშირდებოდეს ასეთი სახის გულგრილობას და ზერელე დამოკიდებულებას იმის მხრიდან, ვინც პასუხისმგებელია ბავშვის უსაფრთხო და შესაფერის გარემოში განთავსებაზე და ასეთი მუშაკის მიერ საკუთარი მაღალი პასუხისმგებლობის გაუცნობიერებლობას.
56. სსიპ სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოს თითოეული თანამშრომელი უნდა აცნობიერებდეს, რომ ის იმყოფება მაღალი პასუხისმგებლობის მქონე სამსახურში და ამ პასუხისმგებლობისათვის შესაფერისი გულისხმიერებით აანალიზებდეს იმ რისკებს, რაც უკავშირდება ბავშვის შეუფერებელ გარემოში განთავსებას. ასეთი რისკებისა და საკუთარი პასუხისმგებლობის გაუცნობიერებლობა ან მათ მიმართ გულგრილი დამოკიდებულება, რაც გამოვლინდა სათანადო გამოკვლევის გარეშე ისეთი პირის მინდობით აღმზდელად რეგისტრაციაში გატარებით, რომლის შესაბამისობასთან დაკავშირებითაც არსებობდა საფუძვლიანი ეჭვის ნიშნები, წარმოადგენს ისეთი შინაარსის დარღვევას, რომელიც მიუღებელია ბავშვებზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოში დამრღვევის შემდგომი საქმიანობის გაგრძელების მიზნებისათვის. შესაფასებელი ქმედება არ წარმოადგენს ისეთ ხასიათის დარღვევას, რომელიც დამსაქმებლის მიერ გამაფრთხილებელი ზომის გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია გამოსწორდეს იმგვარად, რომ დამსაქმებელმა არ დაკარგოს მუშაკთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელების ინტერესი. აღნიშნული წარმოადგენს დარღვევის იმ სახეს, რომელიც დამსაქმებელს ნდობას უკარგავს მუშაკის მიმართ. სოციალური მომსახურების სააგენტო კი ის დაწესებულებაა, რომლის ფუნქციონირებისთვისაც თანამშრომლის მიერ მომზადებული დასკვნისა და შეფასებების სანდოობას არსებითი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება ითქვას, რომ სააგენტოს თანამშრომლების მიერ მომზადებული დასკვნებისა და შეფასების სანდოობა ის ქვაკუთხედია, რომელსაც თავად სააგენტოს რეპუტაცია და მის მიმართ საზოგადოებისა და სახელმწიფოს ნდობა ეფუძნება. ამიტომ საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააგენტოს იურისტის მიერ სააგენტოს განკარგულებაში არსებულ ინფორმაციაში შეუსაბამობების აღმოუჩენლობა და მათზე სათანადო რეაგირების არმოხდენა წარმოადგენდა მისი მოვალეობების უხეშ დარღვევას და სააგენტოს მიერ გამოყენებული ზომა სამსახურიდან გათავისუფლების სახით იყო დარღვევის სრულად ადექვატური.
57. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ საქმის გარემოებები სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა.
58. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად მართებულად არ შეაფასა და მოცემულ საქმეზე მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 ნოემბრის განჩინების გაუქმებით მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება მ. კ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 ნოემბრის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. მ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
5. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე