Facebook Twitter

№ას-790-757-2016 18 ოქტომბერი, 2016 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - შპს „ლ.“(მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „გ.“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი :

1. შპს „ლ.“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი ან შემკვეთი) და სს „გ–ს“ (შემდეგში: მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან შემსრულებელი) შორის 2011-2012 წლებში დაიდო სარეკლამო მომსახურების რამდენიმე ხელშეკრულება.

2. აღნიშნული ხელშეკრულებებით, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, შემკვეთის მიერ წარმოდგენილი სარეკლამო მასალები განეთავსებინა მის ტერიტორიაზე და მოპასუხის მხრიდან ანაზღაურების სანაცვლოდ, გაეწია სარეკლამო მომსახურება.

3. გაწეული მომსახურების ღირებულება შემკვეთს შემსრულებლის მიერ ანგარიშ-ფაქტურის წარდგენიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღეში უნდა გადაეხადა. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,3 %.

4. შემსრულებლის მითითებით, შემკვეთს ვალდებულება ჯეროვნად არ შეუსრულებია.

5. 2015 წლის 10 ნოემბერს, მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ 44 641,20 ლარისა და პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ანგარიშფაქტურაში (ს.ფ.147) მითითებული თანხის 0,3 %-ის დაკისრების მოთხოვნით, საჯარიმო სანქციის ამოქმედებიდან გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე.

6. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, მან წარადგინა მოთხოვნის განხორციელების ხელშემშლელი შესაგებელი. მისი განმარტებით, წარმოდგენილი ხელშეკრულებებისა და ანგარიშფაქტურებით განსაზღვრული თანხების მოთხოვნა ხანდაზმული იყო.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს დაეკისრა:

7.1. 2012 წლის 20 ივნისის ხელშეკრულებაში მე-3 მიწოდების ანგარიშფაქტურით გათვალისწინებული ძირი თანხა 650,1 ლარი, პირგასამტეხლო 0.03 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2012 წლის 24 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

7.2. 2012 წლის 1 ივლისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი თანხა 8400 ლარი, პირგასამტეხლო 0.03 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2012 წლის 24 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე;

7.3. 2012 წლის 1 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხა - 3701.61.

7.4. 2011 წლის 1 ოქტომბრის, 9 ნოემბრის, 21 დეკემბრის, 31 დეკემბრის, 2012 წლის 9 და 20 იანვრის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნები, სასამართლოს დასკვნით, განხორციელებადი არ იყო ხანდაზმულობის გამო და აქედან გამომდინარე, არ დააკმაყოფილა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 361-ე, მე-400, 417-ე, 418-ე, 420-ე, 128-ე, 129-ე, 144-ე, 629-ე მუხლები.

8. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, შემდეგი საფუძვლებით:

8.1. სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ხანდაზმულობის გამო მოთხოვნა მთლიანად განხორციელებადი არ იყო.

8.2. დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალი, დაუსაბუთებელი და არასამართლიანია.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 14 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.

9.1. სააპელაციო პალატის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება აპელანტს ჩაბარდა 2016 წლის 7 ივნისს, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2016 წლის 8 ივნისს, აღნიშნული ვადა ამოიწურა 2016 წლის 21 ივნისს. საქმის მასალებით კი, დასტურდება, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2016 წლის 22 ივნისს, ანუ გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით განსაზღვრული ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი გახდა {საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, მე-60.2; 59.3; 61.3; 63-ე მუხლები}.

10. აღნიშნული განჩინება მოპასუხემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

10.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება უკანონოა. ის მიღებულია საქმის ფაქტობრივი გარემოებების არასწორი სამართლებრივი შეფასებების შედეგად;

10.2. სასამართლომ, განჩინების გამოტანისას, უგულებელყო პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების ჩაბარებისა და სააპელაციო საჩივრის წარდგენის თარიღი;

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 26 სექტემბრის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

სამოტივაციო ნაწილი :

12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უარყოფილ უნდა იქნეს დაუსაბუთებლობის გამო.

13. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

14. სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

15. ამავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

16. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.

17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოთ მითითებული მუხლი, ერთი მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაიწყება.

18. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების მისაღებად გამოცხადების ფაქტი.

19. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხის წარმომადგენელს საქალაქო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაბარდა 2016 წლის 7 ივნისს, შესაბამისად, სსსკ-ის 59.1 და 60.2-ე მუხლების თანახმად, საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2016 წლის 8 ივნისს, რომელიც ამოიწურა 2016 წლის 21 ივნისს. აპელანტმა სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2016 წლის 22 ივნისს, ანუ გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით განსაზღვრული ვადის დარღვევით.

20. სსსკ-ის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ლ–ს“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 14 ივლისის განჩინება;

3. კერძო საჩივრის ავტორს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი