Facebook Twitter

საქმე №ას-322-307-2016 17 ივნისი, 2016 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - სს „--ი“ (მოპასუხე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს “G-“ (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ანგარიშის მფლობელის აქტივში თანხის შეტანა, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

I. სასარჩელო მოთხოვნა:

1. შპს “G--“-მა (შემდეგში: მოსარჩელე ან მოსარჩელე საზოგადოება ან აპელანტი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „-ის“ (შემდეგში: მოპასუხე ბანკი ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ: ა) მის ანგარიშზე, მოსარჩელის მითითების გარეშე გადარიცხული 150 000 აშშ დოლარის აღდგენის დაკისრებისა და ბ) ზიანის სახით, მოსარჩელის კუთვნილი ანგარიშიდან, ანგარიშის მფლობელის მითითების გარეშე ჩამოჭრილი თანხის წლიური 4.5%-ის გადაწყვეტილების აღსრულებამდე, დაკისრების მოთხოვნით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 09 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეს დაევალა მოსარჩელის ანგარიშზე შეიტანოს (აღადგინოს) 150 000 აშშ დოლარი. სარჩელი მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების ნაწილში, არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების ნაწილობრივი გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

4. 2013 წლის 20 მარტს მ- (შემდეგში: დამფუძნებელი დირექტორი) საქართველოში დააფუძნა მოსარჩელე საზოგადოება. იგი არის აღნიშნული კოპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი.

5. 2013 წლის 22 მარტს მოსარჩელე საზოგადოებამ მოპასუხე ბანკში გახსნა ანგარიში და გააფორმა ხელშეკრულება საბანკო მომსახურების შესახებ. ამავე დღეს გაფორმდა განაცხადი ბანკის სერვის ცენტრში ან/და სატელეფონო ცენტრის საშუალებით იურიდიული პირის მომსახურების ჩართვაზე, რომლის თანახმად, მოსარჩელის კუთვნილი ანგარიშის განკარგვაზე და ანგარიშებთან დაკავშირებული ტრანზაქციების განხორციელებაზე ერთადერთ უფლებამოსილ პირად რეგისტრირებული იქნა საწარმოს დირექტორი - დამფუძნებელი.

6. საბანკო მომსახურების შესახებ მხარეთა შეთანხმებით, ბანკის მიერ ანგარიშიდან ფულადი სახსრების ჩამოწერა უნდა განხორციელებულიყო კლიენტის ნებართვისა და განკარგულების საფუძველზე. საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.2.5 პუნქტის შესაბამისად, ბანკი ვალდებულია კლიენტის საგადასახადო დავალების საფუძველზე და კანონმდებლობით დადგენილ ვადებში ანგარიშზე შესული თანხები გადარიცხოს კუთვნილებისამებრ; ჩამოწეროს კლიენტის დავალებით, ხოლო კანონმდებლობითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დავალების გარეშეც, შესაბამისი თანხები კლიენტის ანგარიშებზე ჩასარიცხად; უზრუნველყოს კლიენტის მიერ ბანკისათვის მინდობილი ფულადი სახსრებისა და კომერციული საიდუმლოების დაცვა და კლიენტის მოთხოვნით სახსრების დროული დაბრუნება. 2.2.9 პუნქტის შესაბამისად, მოპასუხე ბანკი პასუხისმგებელია კლიენტის წინაშე ანგარიშზე ოპერაციების წარმოების სისწორისა და დროულობისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

7. 2013 წლის 1 აპრილს მოსარჩელის ანგარიშზე იორდანიიდან ჩაირიცხა 150 000 აშშ დოლარი დამფუძნებლის მიერ.

8. 2013 წლის 25 აპრილს მოსარჩელის ანგარიშიდან თანხა 150 000 აშშ დოლარი აარამ ქამალ აბდულფატტაჰ აბდულფატტაჰმა (შემდეგში: არაუფლებამოსილი პირი), მინდობილობისა და საგადახდო დავალების საფუძველზე, გადაურიცხა ჰონკონგში რეგისტრირებულ კომპანიას.

9. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს ცნობით მოსარჩელე საზოგადოების დამფუძნებელი 2013 წლის 24 აპრილს, მინდობილობის გაცემის დროისათვის, არ იმყოფებოდა საქართველოში. იგი საქართველოდან გავიდა თბილისის აეროპორტიდან 2013 წლის 23 მარტს და საქართველოში შემოვიდა 2013 წლის 16 მაისს.

10. მოსარჩელე საზოგადოების წარმომადგენელმა მოსარჩელის ანგარიშზე თანხის აღდგენის მოთხოვნით მიმართა მოპასუხე ბანკს, რომელმაც 2013 წლის 06 ივნისის წერილით მოსარჩელე საზოგადოების წარმომადგენელს საწარმოს ანგარიშზე თანხის აღდგენაზე უარი განუცხადა.

11. მოსარჩელე საზოგადოების წარმომადგენელმა იგივე პრეტენზიით მიმართა მოპასუხე ბანკების ასოციაციას და შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს.

12. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს ცნობის თანახმად, დგინდება, რომ 2013 წლის 24 აპრილს, მინდობილობის გაცემის დროისათვის და 2013 წლის 25 აპრილს, მოსარჩელე საზოგადოების ანგარიშიდან ა- მიერ 150 000 აშშ დოლარის ჰონგ-კონგში რეგისტრირებულ კომპანიაზე გადარიცხის დროს, მოსარჩელე საზოგადოების დამფუძნებელი დირექტორი საქართველოში არ იმყოფებოდა. საწინააღმდეგო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ არსებობს.

13. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2013 წლის 29 მაისის N 405/გრ ექსპერტის დასკვნის (შემდეგში: დასკვნა) შესაბამისად, ,,1. 2013 წლის 24 აპრილს ნოტარიუსის მიერ გაცემულ N- რწუნებულების/მინდობილობაზე არსებული დამფუძნებლის ხელმოწერა შესრულებულია არა დამფუძნებლის არამედ სხვა პირის მიერ. - იმის გამო, რომ დამფუძნებლის მიერ რუსული ანბანური ასოებით შესრულებული ხელმოწერის ნიმუშები წარმოდგენილი არ არის, 2013 წლის 24 აპრილით დათარიღებულ სანოტარო აქტზე - მინდობილობაზე (რეგისტრაციის #-) და ამავე მინდობილობის რუსულ თარგმანზე რუსული ანბანური ასოებით დამფუძნებლის სახელით არსებული ხელმოწერების შედარებითი გამოკვლევა, პიროვნების იდენტიფიკაციის მიზნით არ ჩატარებულა’’.

14. სასამართლომ მიიჩნია, რომ ანგარიშიდან თანხის გადარიცხვა არ მომხდარა ბანკის კლიენტის, უფლებამოსილი პირის, მოსარჩელე ორგანიზაციის დამფუძნებლის ნების საფუძველზე. პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის კუთვნილი ანგარიშიდან თანხის გადარიცხვით, ბანკის მიერ დარღვეული იქნა კანონით დადგენილი მოთხოვნები და მხარეთა შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, კერძოდ:

,,საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების წარმოების შესახებ ინქტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის N24/04 ბრძანების მე-6 მუხლის შესაბამისად, რეზიდენტ იურიდიულ პირს (გარდა კომერციული ბანკისა) ანგარიში გაეხსნება შემდეგი დოკუმენტების საფუძველზე:

ა) განაცხადი ანგარიშის გახსნის შესახებ, რომელსაც ხელს აწერს უფლებამოსილი პირი;

ბ)ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომეციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

გ)ანგარიშის გახსნასა და განკარგვაზე უფლებამოსილი პირის (პირების) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ხელმოწერის ნიმუში.

,,საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ'' საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის N166 ბრძანების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში დეტალურად არის გაწერილი ყველა ის რეკვიზიტი რომელსაც საგადახდო დავალება უნდა შეიცავდეს. სხვა მრავალ რეკვიზიტთან ერთად საგადახდო დავალებას უნდა ახლდეს კლიენტის ხელმოწერა – ქაღალდის საგადახდო საბუთს ხელს უნდა აწერდეს პირი ან პირები, რომლებსაც ეს უფლება მინიჭებული აქვთ კანონმდებლობით დადგენილი წესით და საგადახდო საბუთებზე ხელმოწერის მათი უფლება დასტურდება მომსახურე ბანკში წარდგენილი ხელმოწერის ნიმუშის ბარათით.

,,კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესების შესახებ’’ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის N4 ბრძანების მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად: ბანკი ვალდებულია მოახდინოს კლიენტის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ) იდენტიფიკაცია და მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადასამოწმებლად სანდო და დამოუკიდებელი წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საფუძველზე როდესაც:

ა) გარიგების (ოპერაციის) თანხა აღემატება 3000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში);

ბ) ფულადი სახსრების საგადახდო ან შეტყობინებების გაცვლის სისტემით განხორციელებული ადგილობრივი და საერთაშორისო ოპერაციებისას (გადარიცხვებისა და ფულადი გზავნილებისას), რომლის თანხა აღემატება 1500 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში).

უნაღდო ანგარიშსწორების წესები განსაზღვრავს ანგარიშსწორების ორგანიზებისადმი საერთო მიდგომას, აწესრიგებს უნაღდო ანგარიშსწორებას, საგადახდო საბუთების გამოყენებას, მათი შევსებისა და გაფორმების წესებს და ადგენს საბანკო ანგარიშებით ოპერაციების წარმოების წესებს.

,,საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ'' საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის N166 ბრძანების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უნაღდო ანგარიშსწორებისას გამოიყენება: საგადახდო დავალება; საინკასო დავალება; დოკუმენტალური აკრედიტივი, დოკუმენტალური ინკასო; საბანკო პლასტიკური ბარათი; ანგარიშსწორების ჩეკი.

საგადახდო საბუთები უნდა შეიცავდეს ისეთ რეკვიზიტებს, როგორიცაა: საგადახდო საბუთის დასახელება; საგადახდო საბუთის ნომერი; შევსების თარიღი; სახსრების გადამხდელი იურიდიული პირის სრული დასახელება; ფიზიკური პირის სახელი და გვარი და ა.შ. საგადახდო საბუთებზე ხელმოწერის უფლება დასტურდება მომსახურე ბანკში წარდგენილი ხელმოწერის ნიმუშის ბარათით.

საგადახდო საბუთებით ანგარიშსწორებისას ბანკი შესასრულებლად იღებს ხელმოწერის უფლების მქონე პირების მიერ ხელმოწერილ საგადახდო საბუთს. საბუთზე ხელმოწერები უნდა შეესაბამებოდეს ხელმოწერის ნიმუშის ბარათში მოცემულ ხელმოწერებს.

საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 2.2.11 პუნქტის თანახმად, კლიენტი პასუხისმგებელია ანგარიშის გასახსნელად და მასზე ოპერაციების საწარმოებლად წარდგენილი დოკუმენტების უტყუარობისათვის. კლიენტი აღნიშნულ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით აცხადებს თანხმობას, რომ აქვს სრული უფლებამოსილება, იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს და შეასრულოს ამ ხელშეკრულებით ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებებით და განცხადებით გათვალისწინებული ვალდებულებები. ამასთან, კლიენტი ვალდებულია ბანკისათვის წარდგენილ აღნიშნული უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტსა ან/და ინფორმაციაში განხორციელებული ნებისმიერი სახის ცვლილების ან/და გაუქმების შესახებ წერილობითი ფორმით შეატყობინოს ბანკს, აღნიშნული გარემოებების დადგომიდან 5 საბანკო დღის ვადაში. კლიენტის მიერ ამ პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბანკი პასუხს არ აგებს დამდგარ ზიანზე. აღნიშნული პუნქტით განსაზღვრული შეტყობინების ვალდებულება ერთმნიშვნელოვნად ვრცელდება ბანკისთვის წარდგენილ ყველა იმ დოკუმენტზეც, რომლითაც კლიენტს გაცემული აქვს მისი სახელით მოქმედების უფლებამოსილება.

15. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, საწარმოს დირექტორი, საქართველოში არ იმყოფებოდა არც ნოტარიუსის მიერ მინდობილობის გაცემისას და არც თანხის გადარიცხვის დროს. ასევე დადგენილია, რომ 2013 წლის 24 აპრილს გაცემულ მინდობილობაზე არსებული დამფუძნებლის ხელმოწერა შესრულებულია არა დამფუძნებლის, არამედ სხვა პირის მიერ.

16. ,,საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ'' საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის N166 ბრძანებისა და ,,კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესების შესახებ’’ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის N4 ბრძანების ანალიზი ცხადყოფს, რომ საგადახდო საბუთით ანგარიშსწორებისას, ბანკი ვალდებული იყო დაედგინა შეესაბამებოდა, თუ არა მინდობილობაზე არსებული ხელმოწერა კლიენტის მიერ ბანკში წარდგენილი ხელმოწერის ნიმუშს, ასევე, მოეხდინა კლიენტის წარმომადგენლის იდენტიფიკაცია და მიეღო გონივრული ზომები მისი ვინაობის გადასამოწმებლად, რადგან საბანკო ოპერაციიის თანხა აღემატებოდა 3000 ლარს. პალატამ განმარტა, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ კრძალავს გარიგების დადებას წარმომადგენლის მეშვეობით, ასევე საბანკო მომსახურების ხელშეკრულება შეიცავს დანაწესს იმის შესახებ, რომ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება განხორციელდება ბანკის მიერ კლიენტისაგან ან სხვა უფლებამოსილი პირისაგან მიღებული დავალებების და ავტორიზაციის შესაბამისად ამ ხელშეკრულების პირობების საფუძველზე (საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 5.1. პუნქტი). მიუხედავად იმისა, რომ ბანკში წარდგენილი იყო მინდობილობა დამოწმებული ნოტარიუსის მიერ, მითითებული ნორმატიული აქტებისა და საბანკო მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, ბანკი ვალდებული იყო მკაცრად დაეცვა და შეესრულებინა საბანკო ოპერაციის დროს, მითითებული წესებით განსაზღრული იმპერატიული მოთხოვნები. ნოტარიუსის მიერ გაცემული მინდობილობის პირობებშიც, რა დროსაც მოქმედებს პრეზუმფცია, რომ წარმოდგენილი პირის მიერ გამოვლენილი ნება ნამდვილია, მითითებული წესები ბანკს აკისრებს ვალდებულებას გამოიჩინოს საბანკო დაწესებულებისათვის აუცილებელი და სავალდებულო წინდახედულება და დაადგინოს კლიენტის მიერ გამოვლენილი ნების ნამდვილობა, რაც სრულიად შესაძლებელი იყო იმ პირობებში, თუ ბანკი შეადარებდა მინდობილობაზე არსებულ დამფუძნებელი დირექტორის ხელმოწერას, ბანკში უკვე არსებული მისი ხელმოწერის ნიმუშთან. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მინდობილობაზე არსებული დამფუძნებელი დირექტორის ხელმოწერა აშკარად განსხვავებულია ბანკში არსებული მისი ხელმოწერის ნიმუშისაგან (ტ.1. ს.ფ. 35-38, ს.ფ. 44). სააპელაციო პალატამ მნიშვნელოვნად მიიჩნია საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 2.2.11 პუნქტი, რომლის შინაარსის მიხედვით კლიენტი ვალდებული იყო მინდობილობის გაცემიდან 5 დღის ვადაში წერილობით ეცნობებინა ბანკისათვის, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შესახებ, ხოლო შეუტყობინელობის შემთხვევაში, ბანკი არ იყო უფლებამოსილი განეხორციელებინა საბანკო ოპერაცია და შესაბამისად, ყოველგვარი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდებოდა. კლიენტის მიერ გამოვლენილი ნების ნამდვილობის პირობებშიც, ბანკი არ იყო უფლებამოსილი ეწარმოებინა საბანკო გადარიცხვა მინდობილობის საფუძველზე, თუ კლიენტისაგნ არ მიიღებდა წერილობით შეტყობინებას. მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების პრინციპის საფუძველზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი), მოპასუხე ბანკი ვალდებული იყო ემტკიცებინა, რომ მან კლიენტისაგან მიიღო ამგვარი შეტყობინება, რაც არ დადასტურდა საქმის მასალებით.

17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 861-ე მუხლის თანახმად, საკრედიტო დაწესებულება ვალდებულია ანგარიშიდან ფულადი სახსრების ჩამოწერა აწარმოოს მისი მფლობელის ნებართვის ან მითითების საფუძველზე.წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ვალდებულია მიყენებული ზიანი და არასწორად გადარიცხული თანხა კვლავ შეიტანოს ანგარიშის მფლობელის აქტივში.

18. სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლება-მოვალეობები. კეთილსინდისიერების პრინციპს არღვევს ის სუბიექტი, რომელიც არ მოქმედებს სამოქალაქო ბრუნვისთვის დამახასიათებელი აუცილებელი ყურადღებიანობის და გულისხმიერების ფარგლებში, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა ბანკის მხრიდან.

19. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბანკმა საბანკო მომსახურების ხელშეკრულების შესაბამისად, ვერ უზრუნველყო კლიენტის მიერ ბანკისათვის მინდობილი ფულადი სახსრების დაცვა - ანგარიშსწორების განხორციელებისათვის დადგენილი სავალდებულო მითითებები არ შეასრულა ჯეროვნად, რის შედეგადაც კლიენტის ნების საწინააღმდეგოდ, მისი კუთვნილი ანგარიშიდან 150 000 აშშ დოლარი, გადარიცხა ჰონგ-კონგში რეგისტრირებული ორგანიზაციის ანგარიშზე.

20. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნთ საკასაციო საჩივარი წარადგინა აპელანტმა.

21. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ თავისი ინიციატივით, ისე, რომ არც პირველი ინსტანციის სასამართლოში და არც სააპელაციო განხილვისას მხარეთა მიერ ეს საკითხი განხილვის/დავის საგანი არ ყოფილა, საქმის ზეპირი განხილვის დროს დასმული შეკითხვით ყურადღება გაამახვილა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 2.2.11პუნქტზე (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი) და მისი შინაარსის არასწორი/უტრირებული ინტერპრეტაცია გამოყენებული იქნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთებისათვის. ამით სააპელაციო სასამართლომ დაარღვია მხარეთა შეჯიბრებითობა და იმოქმედა ინკვიზიციურად მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ. ამასთან, მოპასუხე მხარეს არ მიეცა საკმარისი დრო და შესაძლებლობა, რათა წარგვედგინა საფუძვლიანი და სრული განმარტება ხელშეკრულების აღნიშნული პუნქტისა.

22. რაც შეეხება გასაჩივრებულ განჩინებას, კასატორის მოსაზრებით, ის ძირითადად ემყარება შემდეგ მცდარ დასკვნებს:

- მოსარჩელე კომპანიის დირექტორს არ გამოუვლენია ნება საბანკო ანგარიშიდან თანხის გადარიცხვის განხორციელებაზე.

- ბანკმა არ გამოიჩინა საკმარისი წინდახედულობა და ყურადღება კლიენტის ანგარიშის დასაცავად, რადგან არ შეადარა წარმოდგენილ მინდობილობაში არსებული ხელმოწერა ბანკში დაცულ ხელმოწერის ნიმუშს.

- ვინაიდან, ბანკს არ მიუღია შეტყობინება, რომ შეიცვალა ბანკში დაცული/რეგისტრირებული მონაცემები, მხარეთა შორის გაფორმებული საბანკო მომსახურების ხელშეკრულების 2.2.11 პუნქტის თანახმად, ბანკს არ უნდა გადაერიცხა თანხა მინდობილი პირის დავალების საფუძველზე.

23. მოცემულ შემთხვევაში, არ შეიძლება დადგენილად იქნეს მიჩნეული, თითქოსდა, მოსარჩელე კომპანიის დირექტორს არ გამოუვლენია ნება საბანკო ანგარიშიდან თანხის გადარიცხვის თაობაზე. საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით დადგენილია მხოლოდ ის, რომ კომპანიის დირექტორი რწმუნებულების გაცემისას არ იმყოფებოდა საქართველოში. თუმცა რწმუნებულების გაყალბების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების დასრულებამდე შეუძლებელია ითქვას, ანგარიშიდან თანხის გადარიცხვა შეესაბამებოდა თუ არა კომპანიის დირექტორის ნებას და იყო თუ არა იგი კავშირში ამ ფაქტთან.

24. კასატორის მოსაზრებით, იმ პირისათვის, რომელიც გამოცხადდა ნოტარიუსთან და განახორციელა მინდობილობის გაცემა ცნობილი იყო ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც წარმოუდგენელია მას სცოდნოდა, თუ საზოგადოების დირექტორის მხრიდან გამოჩენილი იქნებოდა მეწარმე სუბიექტისათვის დამახასიათებელი ელემენტარული გონივრულობა და სიფრთხილე. კერძოდ, რწმუნებულების ე.წ. გამყალბებლისათვის ცნობილი იყო კომპანიის დამფუძნებლის/დირექტორის საქართველოში არსებული საცხოვრებელი მისამართი. ცნობილი იყო, რომ მის მიერ დაფუძნებულია იურიდიული პირი და რომ ამ იურიდიულ პირს ანგარიში ჰქონდა გახსნილი მოპასუხე ბანკში. ზუსტად იყო ცნობილი ასევე ანგარიშზე არსებული თანხის ოდენობის შესახებ. აქვე აღსანიშნავია, რომ ნოტარიუსთან გამოცხადებულ პირს ხელზე აღმოაჩნდა დამფუძნებელი დირექტორის პასპორტი.

25. რაც შეეხება საგადახდო საბუთზე (საგადახდო დავალება) არსებული ხელმოწერის შედარებას ბანკში დაცულ ხელმოწერის ნიმუშთან. ამ კუთხით, სააპელაციო სასამართლო მიუთითებს კანონქვემდებარე აქტებზე, რომლებიც კასატორის აზრით არ არის შემხებლობაში დავის საგანთან. დასახელებული კანონქვემდებარე აქტები ითვალისწინებს საბანკო ანგარიშის გახსნისას მის განკარგვაზე უფლებამოსილი პირების ხელმოწერის ნიმუშის და სხვა დოკუმენტაციის ბანკში წარმოდგენის და შენახვის პროცედურებს, რაც ემსახურება იმას, რომ ბანკში შენახული ხელმოწერის ნიმუშის შედარება მოხდეს კლიენტის მიერ ანგარიშზე ამა თუ იმ ოპერაციის განხორციელებისას. ეს ინსტრუქცია არ განსაზღვრავს (თუმცა არ კრძალავს) იმას, თუ როგორ უნდა იმოქმედოს ბანკმა, თუკი ანგარიშზე ამა თუ იმ ოპერაციის ჩატარებას მას ავალებს არა უშუალოდ კლიენტი, რომლის ხელმოწერის ნიმუშიც არის დაცული ბანკში, არამედ წარმომადგენელი, რომელიც მოქმედებს კანონის დადგენილი წესით გაფორმებული მინდობილობით. შესაბამისად, სადავო შემთხვევის გადასაწყვეტად ინსტრუქციის გამოყენება დაუსაბუთებელი და კანონსაწინააღმდეგოა.

26. კასატორის მითითებით, დადგენილია, რომ კლიენტის ანგარიშიდან 2013 წლის 25 აპრილს 150000 აშშ დოლარის ოდენობით თანხის საბანკო გადარიცხვა განხორციელდა 2013 წლის 24 აპრილს ნოტარიუსის მიერ დამოწმებული რწმუნებულების საფუძველზე, რომელიც რეგისტრირებულია ელექტრონულ ბაზაში, მინიჭებული აქვს სანოტარო მოქმედების ნომერი და შეიცავს ასევე ყველა აუცილებელ რეკვიზიტს, რაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია სანოტარო აქტისათვის. მასში გამოხატულია კლიენტის (კომპანიის დირექტორის) ნება, რომ რწმუნებულმა მარწმუნებლის სახელით განკარგოს მოპასუხე ბანკში არსებული ანგარიში, აწარმოოს ყველა საბანკო ოპერაცია. ამდენად, გადარიცხვის განხორციელების მომენტისათვის არ არსებობდა რწმუნებულების ნამდვილობაში ეჭვის შეტანის არავითარი საფუძველი.

„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სანოტარო წესით დამოწმებულ დოკუმენტს აქვს უდავო მტკიცებულებითი ძალა. აღნიშნული ნორმის და ასევე კანონის სხვა დებულებების შესაბამისად, ნოტარიატის ინსტიტუტის ერთ–ერთი ძირითადი დანიშნულებაა სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა. ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი წარმოადგენს ამა თუ იმ გარიგების მონაწილე კეთილსინდისიერი მხარის უფლების დაცვის გარანტიას და მიიჩნევს, რომ ნოტარიულად დადასტურებული დოკუმენტი კრიტიულად შეფასების გარეშე უნდა იქნეს მიღებული და გაზიარებული, როგორც ნამდვილი. შესაბამისად, ბანკს ამ შემთხვევაში არ გააჩნდა არც ვალდებულება, არც საფუძველი და რაც მთავარია, არც უფლება, დამატებით გამოეკვლია წარმოდგენილი რწმუნებულების ნამდვილობა და როგორც სასამართლო აღნიშნავს, შეედარებინა მარწმუნებლის მიერ ნოტარიულ მინდობილობაში გაკეთებული ხელმოწერა ემთხვეოდა თუ არა ბანკში დაცულ დირექტორის ხელმოწერას.

27. კასატორს უსაფუძვლოდ მიაჩნია სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მოხმობილი საბანკო მომსახურების ხელშეკრულების 2.2.11 პუნქტის ინტერპრეტაცია. მისი მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს ხსენებული დასკვნა შინაარსობრივად და არსებითადაც მოკლებულია სისწორეს, კერძოდ: მოცემული 2.2.11 პუნქტის შესაბამისად, კლიენტი ვალდებულია ბანკისათვის წარდგენილ უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტსა ან/და ინფორმაციაში განხორციელებული ნებისმიერი სახის ცვლილების ან/და გაუქმების შესახებ წერილობითი ფორმით შეატყობინოს ბანკს, აღნიშნული გარემოებების დადგომიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში. კლიენტის მიერ ამ პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბანკი პასუხს არ აგებს დამდგარ ზიანზე. აღნიშნული პუნქტით განსაზღვრული შეტყობინების ვალდებულება ერთმნიშვნელოვნად ვრცელდება ბანკისათვის წარდგენილი ყველა იმ დოკუმენტზეც, რომლითაც კლიანტს გაცემული აქვს მისი სახელით მოქმედების უფლებამოსილება. სასამართლოს განმარტებით, ბანკი არ იყო უფლებამოსილი ეწარმოებინა საბანკო გადარიცხვა მინდობილობის საფუძველზე, თუ კლიენტისაგან წინასწარ არ მიიღებდა წერილობით შეტყობინებას.

ნორმის შინაარსიდან ცალსახად იკვეთება, რომ 2.2.11 პუნქტი ეხება ისეთ ფაქტობრივ გარემოებას, როდესაც იცვლება საზოგადოების უფლებამოსილი პირი (მაგ. სამეწარმეო საზოგადოებას შეეცვალა დირექტორი, რის შესახებაც უნდა ეცნობოს ბანკს) ან/და ბანკში წარდგენილია უფლებამოსილი პირის სახელით მოქმედების დამადასტურებელი დოკუმენტი და ხდება ამ დოკუმენტის ჩანაცვლება/გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

VII. საკასაციო პალატის დასკვნები:

29. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

30. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

31. კასატორი სადავოდ ხდის სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ ანგარიშიდან თანხის გადარიცხვა არ შეესაბამებოდა კომპანიის დირექტორის ნებას. კერძოდ, კასატორის მოსაზრებით, არ შეიძლება დადგენილად იქნეს მიჩნეული, თითქოსდა, მოსარჩელე კომპანიის დირექტორს არ გამოუვლენია ნება საბანკო ანგარიშიდან თანხის გადარიცხვის თაობაზე (იხ., საკასაციო საჩივრის საფუძვლები).

კასატორის მითითებულ პოზიციას საკასაციო პალატა არ იზიარებს, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია რომ 2013 წლის 25 აპრილს მოსარჩელის ანგარიშიდან თანხა 150 000 აშშ დოლარი მინდობილობისა და საგადახდო დავალების საფუძველზე, გადაურიცხა ჰონკონგში რეგისტრირებულ კომპანიას. მინდობილობის გაცემის დროისათვის, მოსარჩელე საზოგადოების დამფუძნებელი დირექტორი არ იმყოფებოდა საქართველოში. ექსპერტის დასკვნით 2013 წლის 24 აპრილს ნოტარიუსის მიერ გაცემულ რწუნებულების/მინდობილობაზე არსებული დამფუძნებლის ხელმოწერა შესრულებულია არა დამფუძნებლის არამედ სხვა პირის მიერ. ამდენად, პალატას მართებულად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ ანგარიშიდან თანხის გადარიცხვა არ მომხდარა ბანკის კლიენტის, უფლებამოსილი პირის, მოსარჩელე ორგანიზაციის დამფუძნებლის ნების საფუძველზე.

32. კასატორის ერთ-ერთი პრეტენზია სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის უტყუარობას შეეხება, სახელდობრ, კასატორის მითითებით, მოპასუხე ბანკი არ იყო ვალდებული შეედარებინა მარწმუნებლის მიერ ნოტარიულ მინდობილობაში გაკეთებული ხელმოწერა ემთხვეოდა თუ არა ბანკში დაცულ დირექტორის ხელმოწერას, რადგან, დადგენილია, სადავო თანხის საბანკო გადარიცხვა განხორციელდა ნოტარიუსის მიერ დამოწმებული რწმუნებულების საფუძველზე, რომელიც რეგისტრირებულია ელექტრონულ ბაზაში, მინიჭებული აქვს სანოტარო მოქმედების ნომერი და შეიცავს ასევე ყველა აუცილებელ რეკვიზიტს, რაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია სანოტარო აქტისათვის. მასში გამოხატულია კლიენტის (კომპანიის დირექტორის) ნება, რომ რწმუნებულმა მარწმუნებლის სახელით განკარგოს მოპასუხე ბანკში არსებული ანგარიში, აწარმოოს ყველა საბანკო ოპერაცია. აღნიშნული კი, გადარიცხვის განხორციელების მომენტისათვის რწმუნებულების ნამდვილობაში ეჭვის შეტანის ნებისმიერ საფუძველს გამორიცხავდა.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის პოზიციას ვარგისი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, გამომდინარე იქიდან, რომ მინდობილობის სისწორისა და უტყუარობის პრეზუმციას კანონდებლობა არ ითვალისწინებს (სსკ-ის 312-ე მუხლი). ამასთან დაკავშირებით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2002 წლის 09 სექტემბრის გადაწყვეტილება (საქმეზე N3კ/624-02), რომელშიც დიდმა პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსი არ იცნობს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის სისწორისა და უტყუარობის პრეზუმციას: სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა თავისთავად არ ნიშნავს მარწმუნებლის მიერ წარმომადგენლისათვის უფლებამოსილების მინიჭების ფაქტის არსებობას. უფლებამოსილება უნდა იყოს ნამდვილი. აგრეთვე იხ., სუსგ საქმეზე Nას-706-669-2013, 22 ოქტომბერი, 2013წელი; საქმე №ას-813-764-2015, 28 ოქტომბერი, 2015 წელი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საბანკო ოპერაციის განხორციელების ნების ნამდვილობა დასტურდებოდა სანოტარო წესით გაფორმებული და გაცემული მინდობილობით, ისე რომ ბანკი ყოველგვარი დამატებითი გადამოწმებისა და აუცილებელი ყურადღებიანობის გარეშეც იყო უფლებამოსილი ეწარმოებინა მინდობილობის საფუძველზე მოთხოვნილი გადარიცხვა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. მით უფრო, იმ ვითარებაში, როდესაც მხარეთა შორის გაფორმებული საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 2.2.11 პუნქტის შინაარსის მიხედვით კლიენტი ვალდებული იყო მინდობილობის გაცემიდან 5 დღის ვადაში წერილობით ეცნობებინა ბანკისათვის, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შესახებ, ხოლო შეუტყობინელობის შემთხვევაში, ბანკი არ იყო უფლებამოსილი განეხორციელებინა საბანკო ოპერაცია და შესაბამისად, ყოველგვარი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდებოდა.

ხოლო რაც შეეხება კასატორის იმ პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლომ თავისი ინიციატივით, ყურადღება გაამახვილა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 2.2.11 პუნქტზე და მოახდინა მისი შინაარსის არასწორი/უტრირებული ინტერპრეტაცია, გაზიარებული ვერ იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ ხელშეკრულებაში გამოვლენილი მხარეთა ნების განმარტება, აგრეთვე, ნორმის განმარტება და სამართლებრივი კვალიფიკაცია სასამართლოს უფლებამოსილებლის სფეროში შედის. იმის გათვალისწინებით, რომ კასატორის მითითებული პრეტენზია განეკუთვნება არა ფაქტის სფეროს, არამედ სამართლის სფეროს, სასამართლო უფლებამოსილი იყო განემარტა მითითებული ხელშეკრულების შინაარსი და აღნიშნულის მიხედვით შეეფასებინა ბანკის ქმედების წინდახედულობის ფარგლები.

33. ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმის განმხილველმა სააპელაციო სასამართლოს შემადგენლობამ სწორი სამართლებრივი შეფასებები გააკეთა საქმისათვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით და სწორად შეაფასა მხარეთა შორის არსებული მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მხარეთა უფლება-მოვალეობები, რის შედეგადაც სასამართლო მივიდა სწორ გადაწყვეტილებამდე. შესაბამისად, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

34. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. ვინაიდან სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის უტყუარობის პრეზუმციასთან დაკავშირებით არსებობს სასამართლო პრაქტიკა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

35. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8000 ლარის 70% - 5600 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „---ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ სს „--ს“ უკან დაუბრუნდეს 2016 წლის 13 აპრილს საგადახდო მოთხოვნა N664 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (8000 ლარი) 5600 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე