Facebook Twitter

№330210014437002

საქმე №ას-589-564-2016 16 ნოემბერი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლა (მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ-- გ–ი (მოსარჩელე, აპელანტი)

გასაჩივრებული განჩინება/დაუსწრებელი გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 05 მაისის განჩინება და 2015 წლის 29 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ლ-- გ--მა (შემდეგში: მოსარჩელე ან აპელანტი ან დასაქმებული) ქ. თბილისის №117 საშუალო სკოლაში, რომელიც 2012 წლის 19 აგვისტოდან წარმოადგენს სსიპ-ს, (შემდეგში: მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე ან სკოლა) მუშაობა დაიწყო მათემატიკის მასწავლებლად 1994 წლის 01 სექტემბერს.

2. 2011 წლის 01 ივლისს, დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება (ბოლო), რომლითაც მოსარჩელე დასაქმდა მათემატიკის მასწავლებლად. მისი საგაკვეთილო საათების რაოდენობად განისაზღვრა 21სთ., ხოლო ყოველთვიურ შრომის ანაზღაურებად - 415,80 ლარი. მხარეთა შორის 2011 წლის 01 ივლისს დადებული შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2012 წლის 01 ივლისამდე.

3. მოპასუხე სკოლის დირექტორმა 2012 წლის 26 ივნისს გამოსცა ბრძანება №----, რომლის თანახმად, ”...გაკვეთილზე მოსწავლეთათვის სიტყვიერი შეურაცხმყოფელი საუბრის, საგაკვეთილო დროის არამიზნობრივად გამოყენებისა და მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დარღვევის გამო”, მოსარჩელეს გამოეცხადა საყვედური. ბრძანებას საფუძვლად დაედო: მ---- კლასის მშობლების 2012 წლის 19 ივნისის განცხადება და მოსარჩელის 2012 წლის 21 ივნისის მოხსენებითი ბარათი.

4. მოსარჩელე ლ. გ-ს მოპასუხე სკოლის 2012 წლის 26 ივნისის №---- ბრძანება, მისთვის საყვედურის გამოცხადების შესახებ, სადავოდ არ გაუხდია.

5. 2011-2012 სასწავლო წლის მე-2 სემესტრში მოპასუხე საჯარო სკოლაში მათემატიკის საგნის საათები განაწილებული იყო 07 მასწავლებელზე. მათგან, 2012 წლის ივლისის თვისათვის, დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება (საყვედური) გამოყენებული იყო მხოლოდ მოსარჩელის მიმართ.

6. მოსარჩელე არ არის სერტიფიცირებული მასწავლებელი.

7. 2011-2012 სასწავლო წლის II სემესტრის ბოლოს, მოპასუხე სკოლისათვის და მისი პედაგოგიური კოლექტივისათვის ცნობილი იყო, რომ მომავალი, 2012-2013 სასწავლო წლისათვის, სხვადასხვა საგანში, შემცირდა საგაკვეთილო საათების რაოდენობა. რამდენიმე საგნის კათედრის წევრები შეთანხმდნენ საათების ერთმანეთში გადანაწილებაზე. ამგვარ შეთანხმება არ შედგა მათემატიკის მასწავლებლებს შორის.

8. 2012 წლის 02 ივლისის სკოლის დირექტორის №---- ბრძანებით (შემდეგში: სადავო ბრძანება) მოსარჩელეს 2012 წლის 01 ივლისიდან შეუწყდა შრომითი ურთიერთობა, 2011 წლის 01 ივლისს დადებული შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო.

9. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ სადავო ბრძანების ბათილად ცნობისა და 2012 წლის 01 ივლისიდან, მოცემულ საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის გადახდის დაკისრების მოთხოვნით მოსარჩელის ყოველთვიური ხელფასის ოდენობის (415.80 ლარი) გათვალისწინებით

10. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 54-ე, 409-ე, 411-ე; სშკ-ის 44-ე, 32-ე მუხლები.

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 სექტემბრის საოქმო განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე სამსახურში მათემატიკის მასწავლებლის თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნაზე შეწყდა სამოქალაქო საქმის წარმოება (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) 272.1.„გ“ მუხლი).

12. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულ--, რომ მოსარჩელეს აქვს მუშაობის 18-წლ--ნი სტაჟი და იგი ყოველთვის ერთგულად ემსახურებოდა თავის პროფესიას. ამასთან, იგი გამოირჩევა მაღალი სამოქალაქო შეგნებით და პედაგოგიური საქმიანობის პარალელურად ყოველთვის აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მას, როგორც კვალიფიციურ და გამოცდილ პედაგოგს, ყოველთვის კარგად ესმოდა პოლიტიკისა და სასწავლო პროცესის ერთმანეთში აღრევის დაუშვებლობა. ამასთან, იგი ყოველთვის ამახვილებდა ყურადღებას სკოლაში არსებულ პრობლემებზე. მისი ასეთი საქმიანობა მიუღებელი აღმოჩნდა მისი სკოლის დირექტორისათვის, რის გამოც, იგი გათავისუფლდა სამსახურიდან.

13. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი შემდეგი დასაბუთებით: მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო და იგი არ იყო მოტივირებული პოლიტიკური ნიშნით (დისკრიმინაცია).

14. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ბრძანების ბათილად ცნობის და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

15. გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.

16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 08 მაისის განჩინებით სასამართლოს მთავარი სხდომა დაინიშნა 2015 წლის 29 ივლისს.

17. აღნიშნული განჩინება მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნა იურიდიულ მისამართზე - თბილისი, თრიალეთის ქუჩა N7. შეტყობინების ბარათით, გზავნილის ჩაბარების თაობაზე ირკვევა, რომ შეტყობინება ჩაჰბარდა უფლებამოსილ პირს 2015 წლის 22 მაისს.

18. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 ივლისის სხდომაზე არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე), რის გამოც, აპელანტის შუამდგომლობის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2012 წლის 01 ივლისიდან 2013 წლის 01 სექტემბრამდე ასანაზღაურებელი თანხა 5405.4 ლარის ოდენობით; სარჩელი ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა [საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილი].

19. დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად სასამართლომ მიუთითა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს სასამართლოს მთავარი სხდომის თაობაზე ეცნობა სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე პროცესზე გამოუცხადებელ მხარეს სასამართლოსათვის არ უცნობებია.

20. პალატამ გაიზიარა აპელანტის პოზიცია და მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო დამტკიცებულად მიიჩნია სააპელაციო საჩივარსა და სარჩელში მითითებული შემდეგი გარემოებები:

- მოსარჩელემ სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად მუშაობა დაიწყო 1994 წლის 01 სექტემბერს;

- მოსარჩელესა და სკოლას შორის გაფორმებული იყო შრომითი ხელშეკრულება №05-029 (2011 წლის 01 ივლისი);

- ხელშეკრულებით მოსარჩელის საგაკვეთილო საათების რაოდენობა განისაზღვრა 21სთ.-ით, ხოლო ყოველთვიური შრომის ანაზღაურების ოდენობად - 415,80 ლარი.

- მხარეთა შორის 2011 წლის 01 ივლისს დადებული შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2012 წლის 01 ივლისამდე.

- 2012 წლის 01 ივლისიდან 2013 წლის 01 სექტემბრამდე ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა ყველა მასწავლებელთან, გარდა მოსარჩელისა და იმ 7 მასწავლებლის, რომლებსაც არ მოუთხოვიათ ვადის გაგრძელება.

- მოსარჩელე პედაგოგობის პარალელურად იყო საზოგადოებრივად აქტიური პიროვნება, სხვადასხვა დროს, გამოხატავდა თავის პოზიციას ისანი-სამგორის რაიონში განათლების სფეროს (სკოლის, ბაგა-ბაღის) ზოგიერთ საკითხზე, რომელსაც ის მიიჩნევდა ნაკლად.

- მოსარჩელე არის მპგ (თ--ის) წევრი 2012 წლის 22 იანვრიდან;

- მოსარჩელე ეწეოდა აქტიურ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობას, აძლევდა ინტერვიუებს გაზეთებსა და ტელევიზიებს, რაც გახდა მისთვის ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარის თქმის მიზეზი;

- გაზეთ „ალ--ს“ 2012 წლის №45 (14.06-18.06.2012 წ) გამოშვების 22-ე გვერდზე დაიბეჭდა ინტერვიუ მოსარჩელესთან. სტატიაში საუბარი იყო ისანი-სამგორის განათლების ორგანოებზე საკრებულოს დეპუტატის გავლენაზე და მოპასუხე სკოლაში სხვადასხვა დროს მომუშავე დირექტორების არაკანონიერ ქმედებებზე, სკოლაში ანტისანიტარულ პირობებზე და ა.შ, რაც გახდა მასთან ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარის თქმის მიზეზი.

- მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა სადავო ბრძანებით;

- 2012 წლის ოქტომბრის თვეში მათემატიკის მასწავლებელ ე. ა-ას სკოლიდან წასვლის გამო ვაკანტურ ადგილზე ჩატარდა კონკურსი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეეძლო მხოლოდ სერტიფიცირებულ პედაგოგს. კონკურსის შედეგად მათემატიკის მასწავლებლად გამოსაცდელი ვადით დაინიშნა ლ. კ-ე. მოსარჩელეს კონკურსში მონაწილეობა არ მიუღია.

- მოსარჩელესთან ხელშეკრულების გაუგრძელებლობა არ ყოფილა გამოწვეული იმით, რომ სკოლას არ სჭირდებოდა მათემატიკის მასწავლებელი. მოსარჩელის გათავისუფლების შედეგად სკოლაში მიღებული იქნა ახალი მათემატიკის მასწავლებელი სხვა ცხრა მასწავლებელთან ერთად.

- მოსარჩელისათვის ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარი ატარებდა დისკრიმინაციულ ხასიათს. სკოლის ყველა სხვა თანამშრომელთან დადებულ ხელშეკრულებებს იმ პერიოდში გაუვიდა ვადა, თუმცა, ყველასთან გაგრძელდა შრომითი ურთიერთობა მოსარჩელის გარდა. ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით მოსარჩელისადმი განხორციელდა დისკრიმინაციული მიდგომა მაშინ, როდესაც შრომითი ხელშეკრულების ვადა ერთდროულად გაუვიდა რამოდენიმე ათეულ მასწავლებელს, მხოლოდ მას აღარ გაუგრძლდა კონტრაქტი. ამგვარი განსხვავებული მიდგომის საფუძველი გახდა მისი პოლიტიკურ-საზოგადოებრივი აქტივობა.

21. დამტკიცებულად იქნა რა მიჩნეული, რომ მოსარჩელესთან ხელშეკრულების გაგრძელების უარი გამოწვეული იყო მის მიმართ დირექციის მხრიდან არათანაბარი დამოკიდებულებით და პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა თანხის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში იურიდიულად ამართლებდა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს. შესაბამისად, მოთხოვნა ამ ნაწილში, უნდა დაკმაყოფილებულიყო და სკოლას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა 2012 წლის 1 ივლისიდან 2013 წლის პირველ სექტემბრამდე ყოველდღიურად ასანაზღაურებელი თანხა 415.80 ლარის ოდენობით, როგორც მის მიმართ დამდგარი ზიანი 5405,4 ლარის ოდენობით.

22. სასარჩელო მოთხოვნას ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში კი, არ ამართლებდა სარჩელში მითითებული გარემოებები, კერძოდ, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების მომენტში მოქმედი შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენდა ვადის გასვლა. სკოლასა და მოსარჩელეს შორის 2011 წლის 01 ივლისს დადებული N05-029 შრომით ხელშეკრულების დასრულების ვადად განსაზღვრული იყო 2012 წლის 01 ივლისი.

23. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სახეზე იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის პროცესუალური საფუძველი, რის გამოც, სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილებულიყო ნაწილობრივ, უნდა გაუქმებულიყო გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებული ყოფილიყო ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ (სსკ-ის 230.2 მუხლი).

24. 2015 წლის 29 ივლისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოწინააღმდეგე მხარემ, რომელმაც მისი გაუქმება და საქმისწარმოების განახლება მოითხოვა [სსსკ-ის 372-ე და 236-ე მუხლები]. მოპასუხემ მიუთითა, რომ სკოლა ექვემდებარება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს - ისანი-სამგორის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, რომელიც თავის მხრივ, სამართლებრივი დახმარების გაწევის მიზნით უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლობას სასამართლოში. კონკრეტულ შემთხვევაში, რესუსრსცენტრის უფროსს სპეციალისტს (იურისტს) მიეცა ანაზღაურებადი შვებულება ორსულობისა და მშობიარობის გამო 2015 წლის 27 აპრილიდან 2015 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით. აქედან გამომდინარე, მან ვერ განახორციელა შესაბამისი რეაგირება და ვერ გამოცხადდა 2015 წლის 29 ივლისის სასამართლო სხდომაზე, იმის გათვალისწინებით, რომ მას არ ჰქონდა შესაბამისი ცოდნა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორცილების თაობაზე და ვერ განსაზღვრა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგები. გარდა ამისა, მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებით სააპელაციო მოთხოვნა არ იყო სამართლებრივად დასაბუთებული.

25. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 05 მაისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ამავე სასამართლოს 2015 წლის 29 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

26. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მხარის სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი. მოწინააღმდეგე მხარის საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენდა მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების კანონისმიერ საფუძველს {სსსკ-ის 233-ე, 241-ე და 215-ე}. იმავდროულად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელში და სააპელაციო საჩივარში მითითებული და დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა მოთხოვნას განაცდურის ანაზღაურების თაობაზე (სსკ-ის 230.2 მუხლი; „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი), სახელდობრ, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელესთან აღარ გაგრძელდა შრომით სამართლებრივი ურთიერთობა სწორედ დისკრიმინაციულ საფუძველზე. რის გამოც, სადავო ბრძანების გაუბათილებლობის პირობებში, შესაძლებელი იყო მოსარჩელესთან ახალი შრომითი ხელშეკრულების დადება, რომელიც მასთან არ გაფორმებულა სკოლის მხრიდან მასთან არათანაბარი დამოკიდებულების გამო, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი დისკრიმინაციის ფაქტს, ანუ მასთან ასეთ დამოკიდებულებას ადგილი არ ექნებოდა, ამ უკანასკნელთან ასევე გაფორმდებოდა მომდევნო ერთი წლის ვადით ხელშეკრულება, როგორც ეს სხვა დანარჩენი პედაგოგების შემთხვევაში მოხდა. ამდენად, სადავო ბრძანების იურიდიული ძალის შენარჩუნება ახალი შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას ხელს ვერ შეუშლიდა, ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფარგლებში დაკისრებული განაცდური წარმოადგენდა იმ ხელშეკრულების ფარგლებში მისაღებ ანაზღაურებას, რომელიც დაიდებოდა მოსარჩელესთან, მის მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომას რომ არ ჰქონოდა ადგილი.

27. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოწინააღმდეგე მხარემ შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

28. კასატორის მოსაზრებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში აშკარა ურთიერსაწინააღმეგო დებულებებს აქვს ადგილი, რაც მდგომარეობს იმაში, რომ სასარჩელო მოთხოვნა სადავო ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში სასამართლომ მიიჩნია იურიდიულად გაუმართლებლად და შესაბამისად, დაადგინა ბრძანების კანონთან შესაბამისობა, თუმცა, გაურკვეველია სასამართლომ რა საფუძვლით დაადგინა ყოველთვიურად ასანაზღაურებელი თანხის ანაზღაურება.

29. იმავდროულად, კასატორი აღნიშნავს, რომ დასაქმებულთან სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის საფუძველზე შეწყდა შრომითი ურთიერთობა (კონტრაქტის მოქმედების ვადის გასვლის გამო) და ამდენად, გაუგებარია, რა კავშირშია ამ ფაქტობრივ გარემოებასთან „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი.

30. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2016 წლის 09 სექტემბერს განჩინებით კი, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

31.საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთება, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

32. სსსკ-ის 241-ე მუხლი განსაზღვრავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია გააქარწლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ გადაწყვეტილებას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება თუ, დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.

33. მოცემულ საქმეზე დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საქმის ზეპირი განხილვისას სასამართლოს სხდომაზე, რომელიც დანიშნული იყო 2012 წლის ივლისს 11:00 საათზე, არ გამოცხადდა აპელანტი, რომელიც სასამართლო სხდომის დღის შესახებ გაფრთხილებული იყო სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და სასამართლო არ იყო ინფორმირებული მისი გამოუცხადებლობის მიზეზის თაობაზე. ეს გარემოება კასატორს სადავოდ არ გაუხდია და ამდენად, მას საკასაციო პალატისათვის სავალდებულო ძალა გააჩნია.

34. კასატორი სადავოდ ხდის მის წინააღმდეგ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერებას და მისი გამოტანის დამაბრკოლებელ გარემოებად სასარჩელო მოთხოვნის იურიდიულ უმართებულობას მიიჩნევს. შესაბამისად, საკასაციო საჩივარზე სწორედ ამ მიმართულებით იქნება ნამსჯელი წინამდებარე გადაწყვეტილებაში.

35. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი შინაარსით საქმის განხილვაში ერთ-ერთი მხარის მონაწილეობის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებაა. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში, სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე კი არ იღებს გადაწყვეტილებას, არამედ სარჩელში მითითებულ ფაქტებს უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევს და თუ მათი ერთობლიობა, თეორიულად, სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა, გამოაქვს დაუსწრებელიგადაწყვეტილება.

36. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს დასკვნა მოთხოვნის იურიდიული მართებულობის ნაწილში გასაზიარებელი არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით,

ა) მოსარჩელემ სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად მუშაობა დაიწყო 1994 წლის 01 სექტემბერს;

ბ) მოსარჩელესა და სკოლას შორის გაფორმებული იყო შრომითი ხელშეკრულება №05-029 (2011 წლის 01 ივლისი);

გ)ხელშეკრულებით მოსარჩელის საგაკვეთილო საათების რაოდენობა განისაზღვრა 21სთ.-ით, ხოლო ყოველთვიური შრომის ანაზღაურების ოდენობად - 415,80 ლარი.

დ) მხარეთა შორის 2011 წლის 01 ივლისს დადებული შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2012 წლის 01 ივლისამდე.

ე) 2012 წლის 01 ივლისიდან 2013 წლის 01 სექტემბრამდე ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა ყველა მასწავლებელთან, გარდა მოსარჩელისა და იმ 7 მასწავლებლის, რომლებსაც არ მოუთხოვიათ ვადის გაგრძელება.

ვ)მოსარჩელე პედაგოგობის პარალელურად იყო საზოგადოებრივად აქტიური პიროვნება, სხვადასხვა დროს, გამოხატავდა თავის პოზიციას ისანი-სამგორის რაიონში განათლების სფეროს (სკოლის, ბაგა-ბაღის) ზოგიერთ საკითხზე, რომელსაც ის მიიჩნევდა ნაკლად.

ზ)მოსარჩელე არის მპგ (თ--ის) წევრი 2012 წლის 22 იანვრიდან;

თ) მოსარჩელე ეწეოდა აქტიურ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობას, აძლევდა ინტერვიუებს გაზეთებსა და ტელევიზიებს, რაც გახდა მისთვის ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარის თქმის მიზეზი;

ი)გაზეთ „ალ--ს“ 2012 წლის №45 (14.06-18.06.2012 წ) გამოშვების 22-ე გვერდზე დაიბეჭდა ინტერვიუ მოსარჩელესთან. სტატიაში საუბარი იყო ისანი-სამგორის განათლების ორგანოებზე საკრებულოს დეპუტატის გავლენაზე და მოპასუხე სკოლაში სხვადასხვა დროს მომუშავე დირექტორების არაკანონიერ ქმედებებზე, სკოლაში ანტისანიტარულ პირობებზე და ა.შ, რაც გახდა მასთან ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარის თქმის მიზეზი.

კ)მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა სადავო ბრძანებით;

ლ) 2012 წლის ოქტომბრის თვეში მათემატიკის მასწავლებელ ე. ა--ას სკოლიდან წასვლის გამო ვაკანტურ ადგილზე ჩატარდა კონკურსი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეეძლო მხოლოდ სერტიფიცირებულ პედაგოგს. კონკურსის შედეგად მათემატიკის მასწავლებლად გამოსაცდელი ვადით დაინიშნა ლ. კ-ე. მოსარჩელეს კონკურსში მონაწილეობა არ მიუღია.

მ)მოსარჩელესთან ხელშეკრულების გაუგრძელებლობა არ ყოფილა გამოწვეული იმით, რომ სკოლას არ სჭირდებოდა მათემატიკის მასწავლებელი. მოსარჩელის გათავისუფლების შედეგად სკოლაში მიღებული იქნა ახალი მათემატიკის მასწავლებელი სხვა ცხრა მასწავლებელთან ერთად.

37. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პპ: „ა“-„ლ“-ში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები არ პასუხობს დისკრიმინაციულ საფუძველზე მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლით სადავო ბრძანების ბათილად ცნობის განმაპირობებელ ყველა წანამძღვარს, სახელდობრ, პპ: „ე“, „ლ“, „მ“ პუნქტების მიხედვით, 2012 წლის 01 ივლისიდან 2013 წლის 01 სექტემბრამდე ხელშეკრულების მოქმედების ვადა ზოგიერთ მასწავლებელთან, მათ შორის, მოსარჩელესთან აღარ გაგრძელდა. იმავდროულად, დადგენილია, რომ სკოლას რეალურად სჭირდებოდა მათემატიკის მასწავლებელი, რომელი საჭიროების მიზნითაც, სკოლაში მიღებული იქნა ახალი მათემატიკის მასწავლებელი. მითითებული ფაქტობრივი გარემოებები კი, საფუძვლად ვერ დაედება მოსარჩელის მიმართ, დისკრიმინაციული მოპყრობის საფუძვლით, სამსახურიდან გათავისუფლების სამართლებრივ დასკვნას, გამომდინარე იქიდან, რომ 2012 წლის ოქტომბრის თვეში სკოლაში მათემატიკის მასწავლებლის ვაკანტურ ადგილზე ჩატარდა კონკურსი (წინამდებარე განჩინების პ: „ლ“), რომელშიც მონაწილეობის მიღება შეეძლო მოსარჩელესაც. მან მონაწილეობა არ მიიღო. ნიშანდობლივია, რომ ჩატარებული კონკურსის წესების მიხედვით მონაწილეობა შეეძლო მხოლოდ სერტიფიცირებულ პედაგოგს, რაც ვერ გამოდგება დისკრიმინაციული მოპყრობის სამართლებრივ შეფასებად. ამ სამართლებრივი დასკვნის საფუძველია „შრომის თავისუფლების“, როგორც უფლების შეფარდებითი ბუნება. იმავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესიც სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას, ხოლო მე-3 პუნქტი წარმოადგენს ბლანკეტური შინაარსის ნორმას და შრომითი უფლებების დაცვის მომწესრიგებელ ნორმებს ორგანული კანონში სშკ-ში თავმოყრის.. აღსანიშნავია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იყოს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლის და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში. დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, მნიშვნელოვანია დადგინდეს, რა ღონისძიებები გაატარა დამსაქმებელმა, რათა უზრუნველეყო დასაქმებულისათვის დაკავებული პოზიციის შენარჩუნება. ცხადია, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მომწესრიგებელი თითოეული საფუძვლის გამოყენებამდე, დასაბუთებული უნდა იყოს მისი გამოყენების წინაპირობა. დამსაქმებლის მოთხოვნა კონკურენტულ ადამიანურ რესურსებზე, შრომითი ურთიერთობების დინამიურობისა და შრომით ბაზარზე ყოველდღიურად მზარდი მოთხოვნილებების გათვალისწინებით, სრულიად ბუნებრივია, თუმცა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლოებმა ძალზე ფრთხილად და წინდახედულად უნდა იმსჯელონ სასამართლო კონტროლის ფარგლებში, კონკრეტული დამსაქმებლის გადაწყვეტილებასა და საკადრო პოლიტიკაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, ის მოსაზრება, რომ მოსარჩელე არ იყო სერთიფიცირებული პედაგოგი (წინამდებარე განჩინების პპ: „ე“, „ლ“, „მ“), რის გამოც, დამსაქმებლის მიერ დადგენილი საკონკურსო პირობებით მოსარჩელეს შეეზღუდა უფლება, მიზანშეუწონელია. ნიშანდობლივია, რომ საკონკურსო პირობების დაკმაყოფილებლის შემთხვევაში, მოსარჩელეს შეეძლო მონაწილეობის მიღება გამოცხადებულ კონკურში. აღნიშნულის გათვალისწინებით იმგვარი სამართლებრივი დასკვნა, რომ მოსარჩელის მიმართ ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციულ მოპყრობას, მიზანშეუწონელია, ხოლო ის გარემოება, რომ მოსარჩელე იყო პოლიტიკური პარტიის წევრი და გარკეულ განცხადებებს აკეთებდა სხვადასხვა საკითხებზე (წინამდებარე განჩინების პპ: „ზ“), არ გვაძლევს მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის დასკვნის გაკეთების საფუძველს.

38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები არ იძლეოდა იმგვარი დასკვნის გაკეთების სამართლებრივ საფუძველს, რომ დისკრიმინაციული მოპყრობის არარსებობის პირობებში, მოსარჩელესთან, ისევე, როგორც სკოლის დანარჩენ პედაგოგებთან, დაიდებოდა ახალი შრომითი ხელშეკრულება.

39. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივი დასკვნა მოთხოვნის იურიდიული მართებულობის ნაწილში, გაზიარებული ვერ იქნება. აღნიშნული კი, გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

40. სსსკ-ის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესით ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 05 მაისის განჩინება და 2015 წლის 29 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე