№330210014409848
საქმე №ას-818-784-2016 02 ნოემბერი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ც- გ-ია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ- ა-გ-ია (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საადვოკატო ხარჯების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ- ა-გ-იამ (შემდეგში: მოსარჩელე ან პირველი აპელანტი) სარჩელი აღძრა ც- გ-იასა (შემდეგში: პირველი მოპასუხე) და გ- ჭ-ის (შემდეგში: მეორე მოპასუხე) მიმართ, რომლითაც მოითხოვა:
2. მოსარჩელის მიერ მეორე მოპასუხის სახელზე 2008 წლის 15 ოქტომბერს გაცემული მინდობილობის ბათილად ცნობა;
3. მოსარჩელეს (წარმომადგენელი მეორე მოპასუხე) და პირველ მოპასუხეს შორის 2012 წლის 27 დეკემბერს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
4. უძრავი ქონების მდებარე - თ-ში, გ-ს ქ. №14-ში მიწის (უძრავი ქონების) (შემდეგში: სადავო უძრავი ქონება) საკუთრების უფლებით მოსარჩელის სახელზე აღრიცხვა.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებითა და 2015 წლის 7 ივლისის დამატებითი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფოლდა. მოსარჩელეს დაეკისრა მოპასუხის წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი - 1000 ლარი.
6. გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
7 პირველმა აპელანტმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილება. ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 ივლისის დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმება და მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
8. მეორე აპელანტმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 ივლისის დამატებითი გადაწყვეტილების უარის თქმის ნაწილში გაუქმება და მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება და 2015 წლის 7 ივლისის დამატებითი გადაწყვეტილება.
10. 2016 წლის 18 ივლისს სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა პირველმა მოპასუხემ და მოითხოვა დამატებითი გადაწყვეტილების მიღება მოსარჩელისათვის პირველი მოპასუხის სასარგებლოდ სააპელაციო სასამართლოში იურიდიული მომსახურების ხარჯის - 4000 ლარის ოდენობით დაკისრების თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაში წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე სასამართლოს არ უმსჯელია.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ივლისის განჩინებით განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
12. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 07 ივლისის დამატებითი გადაწყვეტილებით პირველი მოპასუხის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მოსარჩელეს პირველი მოპასუხის სასარგებლოდ, მოპასუხის მიერ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გადახდილი თანხის ანაზღაურების მიზნით, 1000 ლარის გადახდა დაეკისრა, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ უცვლელად იქნა დატოვებული. შესაბამისად, განმცხადებლის პრეტენზია, რომ სააპელაციო სასამართლოს წარმომადგენლის მომსახურებისათვის გადახდილი თანხის ანაზღაურების შესახებ არ უმსჯელია, საფუძველს მოკლებული იყო.
13. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საადვოკატო მომსახურების ანაზღაურება 1000 ლარის ოდენობით განაპირობა საქმის სირთულემ და მხარეთა ქონებრივმა მდგომარეობამ სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე და აღნიშნული ოდენობით ადვოკატის მომსახურების ანაზღაურების დაკისრება მეორე მხარისათვის საკმარისი იქნებოდა როგორც პირველი, ასევე სააპელაციო ინსტანციით საქმის წარმოებისათვის.
14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მეორე მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 4000 ლარის მოსარჩელისათვის დაკისრება.
15. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მან წარმომადგენელთან გააფორმა იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოებაზე, რომლითაც იურიდიული მომსახურების ღირებულება განისაზღვრა დავის საგნის ღირებულების 4%-ით - 4000 ლარით. ამ ხელშეკრულების საფუძველზე, მეორე მოპასუხემ სრულად გადაიხადა იურიდიული მომსახურების ღირებულება 2015 წლის 07 და 09 სექტემბერს (ტ.1. ს.ფ. 400).
16. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, გამომდინარე იქიდან, რომ სააპელაციო წესით მოცემულ შემთხვევაში, ორი სააპელაციო საჩივარი იხილებოდა, იურიდიულ მომსახურებას სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში წარმოადგენდა როგორც სააპელაციო საჩივრის შედგენა, ისე სააპელაციო შესაგებლის შედგენა. მტკიცებულებებისა და განცხადებების წარდგენა, საქმის არსებით განხილვაში მონაწილეობის მიღება. შესაბამისად, იმაზე მითითება, თითქოს მხარეს გადახდილი ღირებულების ადეკვატური იურიდიული მომსახურება არ მიეღოს ყოველგვარ დასაბუთებასაა მოკლებული.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
19. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
20. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 07 ივლისის დამატებითი გადაწყვეტილებით პირველი მოპასუხის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მოსარჩელეს პირველი მოპასუხის სასარგებლოდ, მოპასუხის მიერ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გადახდილი თანხის ანაზღაურების მიზნით, 1000 ლარის გადახდა დაეკისრა, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ უცვლელად იქნა დატოვებული.
21. დადგენილია ისიც, რომ 2016 წლის 18 ივლისს სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა პირველმა მოპასუხემ და მოითხოვა დამატებითი განჩინების მიღება მოსარჩელისათვის პირველი მოპასუხის სასარგებლოდ სააპელაციო სასამართლოში იურიდიული მომსახურების ხარჯის - 4000 ლარის დაკისრება.
22. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის მეორე მხარისათვის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის წესი მოცემულია სსსკ-ის 53-ე მუხლში. ნორმის პირველი ნაწილის დანაწესით, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4%-ისა. ნორმის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვნ ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოებს. კანონდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი; ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთბელი შეზღუდვის თავიდან აცილება. გონივრულეობის კრიტერიუმად კი, კანონმდებელი მიიჩნევს დავის საგნის ღირებულების არაუმეტეს 4%-ს. ნიშანდობლივია, რომ დავის საგნის ღირებულების 4% წარმოადგენს ზედა ზღვარს (კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას), რომლის ფარგლებშიც ხდება ხარჯების ოდენობის სასამართლოსმიერი განსაზღვრა და ამ თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები იქნა განხორციელებული ადვოკატის მიერ, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვ.
23. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ივლისის განჩინებით განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა რა პირველი მოპასუხის შუამდგომლობა საადვოკატო მომსახურების 1000 ლარის ოდენობით ანაზღაურების შესახებ, აღნიშნული ოდენობით ადვოკატის მომსახურების ანაზღაურების დაკისრება მეორე მხარისათვის საკმარისი იქნებოდა როგორც პირველი, ასევე სააპელაციო ინსტანციით საქმის წარმოებისათვის.
24. სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ მსჯელობას საკასაციო პალატა არ იზიარებს გამომდინარე იქიდან, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო წესით მოცემულ შემთხვევაში, ორი სააპელაციო საჩივარი იხილებოდა. იურიდიულ მომსახურებას სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში წარმოადგენდა როგორც სააპელაციო საჩივრის შედგენა, ისე სააპელაციო შესაგებლის შედგენა. აგრეთვე, მტკიცებულებებისა და განცხადებების წარდგენა, საქმის არსებით განხილვაში მონაწილობის მიღება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპის გათვალისწინებით ადვოკატის მომსახურების ხარჯი მეორე მოპასუხეს უნდა აუნაზღაურდეს 1000 ლარის ოდენობით.
25. ამდენად, კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ზემოთ მოხმობილი ნორმებისა და მსჯელობის საფუძველზე, მ- ა-გ-იას უნდა დაეკისროს ც- გ-იას მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გაწეული ხარჯი 1000 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ც- გ-იას კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ივლისის განჩინება;
3. მ- ა-გ-იას ც- გ-იას სასარგებლოდ დაეკისროს ც- გ-იას მიერ სააპელაციო სასამართლოში საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 1000 ლარის ანაზღაურება;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე