Facebook Twitter

15 სექტემბერი, 2016 წელი,

№ას-643-614-2016 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლეები : მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ.ი. (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ქ. (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი :

1. მ.ი. (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) და მ.ქ. (შემდეგში: მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) 2011 წლის 1 ნოემბრიდან იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ საქორწინო ურთიერთობაში.

2. 2014 წლის 6 იანვრიდან ისინი ერთად აღარ ცხოვრობენ.

3. მოსარჩელესა და მოპასუხეს ჰყავთ ორი მცირეწლოვანი შვილი: გ.ი. (შემდეგში პირველი შვილი) და ბ.ქ. (შემდეგში მეორე შვილი), რომლებიც ამჟამად დედასთან ცხოვრობენ.

4. 2014 წლის 16 მაისს დაიბადა მეორე შვილი (ბ.). მის დაბადების სააქტო ჩანაწერში მოპასუხე არ იყო მითითებული მამად {„თუ ბავშვი შეეძინება დაუქორწინებელ დედას და არ არსებობს მშობელთა ერთობლივი განცხადება ან სასამართლოს გადაწყვეტილება მამობის დადგენის შესახებ, დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის მამის მონაცემები არ მიეთითება“. სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონის 26.4 მუხლი}.

5. მოსარჩელე ამჟამად უმუშევარია.

6.მოპასუხეს არ გააჩნია სტაბილური შემოსავალი, იგი მშობლებთან ერთად ცხოვრობს, სადაც ეწევა მეურნეობას, აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და ხეხილის ბაღები.

7. მოპასუხე არ ასრულებს შვილების რჩენის მოვალეობას {საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 1212-ე მუხლი}.

8. 2015 წლის 29 ოქტომბერს, მოსარჩელემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მეორე შვილის მამობის დადგენის, მამის გვარის მიკუთვნებისა და ორივე მცირეწლოვან შვილზე ალიმენტის - ყოველთვიურად 400 ლარის (თითოეულ ბავშვზე 200 ლარის) სრულწლოვანებამდე დაკისრების მოთხოვნით. {სსკ-ის 1190-ე, 1213-ე მუხლები}.

9. მოპასუხემ სარჩელი მამობის დადგენისა და გვარის მიკუთვნების ნაწილში ცნო სრულად, ხოლო ალიმენტის დაკისრების ნაწილში ნაწილობრივ, კერძოდ, მან თანხმობა განაცხადა ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე 100 ლარის ოდენობით ალიმენტის გადახდაზე.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მეორე შვილის, ბ–ს მამად, აღიარებულ იქნა მოპასუხე; მას მიენიჭა მამის გვარი; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მცირეწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტი, თითოეულისათვის 150 ლარის, სულ 300 ლარის გადახდა, 2015 წლის 29 ოქტომბრიდან მათ სრულწლოვანებამდე. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 1190-ე, 1195-ე, 1198-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე და 1234-ე მუხლები.

11. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, კერძოდ, თითოეული ბავშვის სასარგებლოდ, ალიმენტის 85-85 (სულ 170) ლარის დაკისრება.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 30 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად, შემდეგი დასაბუთებით:

12.1. არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით, იმ მიზნით, რომ მოცემული დავა დასრულებულიყო მორიგებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და დაინიშნა მოსამზადებელი სხდომა; პალატის განმარტებით, სასამართლოს აღნიშნული ქმედების ვალდებულება აქვს მსგავსი კატეგორიის დავებზე, როდესაც არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესები არის უპირატესად გასათვალისწინებელი;

12.2. სასამართლომ დაასკვნა შემდეგი: „სასამართლოს მხრიდან დავის მორიგებით დასრულების მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა; აპელანტი გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას ეთანხმებოდა თითოეული ბავშვისათვის ალიმენტის სახით 85 ლარის დაკისრების ნაწილში, შესაბამისად დავის საგნის ღირებულება შეადგენს თითოეულ ბავშვზე 65 ლარს, რაც თითოეულის შემთხვევაში სსსკ-ს 365-ე მუხლით დადგენილ ოდენობაზე, 1000 ლარზე ნაკლებია (65*12=780). შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო“.

12.3. პალატის მოსაზრებით, ვლინდებოდა სარჩელთა სუბიექტური ერთობა, რადგანაც მოსარჩელე, როგორც ბავშვების კანონისმიერი წარმომადგენელი, მოითხოვდა თითოეული ბავშვის სარჩოდ 150 ლარს (სულ 300 ლარის), შესაბამისად, დავის საგნის ღირებულება უნდა გამოანგარიშებულიყო თითოეულის მიმართ ცალ-ცალკე, რადგან სახეზე იყო ინდივიდუალური სარჩელები.

13. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

13.1. დაუსაბუთებელია სასამართლოს განმარტება, რომ შესაძლებელი იყო, ბავშვების დედას მხოლოდ ერთ ბავშვზე შემოეტანა სარჩელი ალიმენტის მოთხოვნის შესახებ და არა ორივეზე;

13.2. ასევე უსაფუძვლოა სასამართლოს დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ მან იმიტომ მიიღო სააპელაციო საჩივარი განსახილველად, რომ გაითვალისწინა არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესები. თუ მოსამართლეს სააპელაციო საჩივარი არ მიაჩნდა დასაშვებად, დასაშვებობის ეტაპზევე უნდა ეთქვა უარი მის მიღებაზე;

13.3. იმ არგუმენტებით, რომლებსაც სასამართლო იყენებს აღნიშნული განჩინების დასაბუთებისას, არც ერთი სააპელაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაუშვებლად ცნობილი იმ საფუძვლით, რომ შესაძლებელია მხარეები მორიგდნენ.

13.4. დაუშვებლად ცნობილ სააპელაციო საჩივრებზე არბიტრის როლის მორგება უკანონოა. მორიგების საკითხის გარკვევა და მოსამართლის ვალდებულება, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ მოარიგოს მხარეები, ეხება მხოლოდ უკვე დაშვებულ და არა დაუშვებლად საცნობ სარჩელსა თუ სააპელაციო საჩივარს.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 14 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

15. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ.ი–ს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

16. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.

17.1. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სააპელაციო სასამართლოს დასკვნის მართებულობა, სსსკ-ის 365-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე სააპელაციო საჩივრის დაუშვებლობასთან დაკავშირებით, სახელდობრ, ის რომ დავის საგნის ღირებულება არ აღემატებოდა 1000 ლარს და ამის გამო საჩივარი დაუშვებელი იყო. აღნიშნული ნორმის ამგვარი განმარტება არ გამომდინარეობს მისი შინაარსიდან, კერძოდ, მითითებული ნორმის ბოლო წინადადება ადგენს დავის საგნის ღირებულების გამოანგარიშების წესს: „ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს“. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ალიმენტის მოთხოვნის კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაცია შეძლო {სსკ-ის 1212-1214-ე მუხლები} და საჩივრის ავტორს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სასარგებლოდ მცირეწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდისათვის დაეკისრა ყოველთვიურად ალიმენტის 300 ლარის (თითოეულისათვის 150 ლარი) გადახდა, 2015 წლის 29 ოქტომბრიდან მათ სრულწლოვანებამდე. მომჩივანი ამ გადაწყვეტილების შეცვლას და მისთვის ალიმენტის სახით 300 ლარის ნაცვლად, 170 ლარის დაკისრებას მოითხოვდა. აქედან გამომდინარე, სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და 365-ე მუხლის ბოლო წინადადების მიხედვით, სააპელაციო საჩივრის ფასი 1560 ლარია (65+65=130, 130*12=1560) და არა 780 ლარი, როგორც ეს გასაჩივრებული განჩინებით იქნა განსაზღვრული.

17.2. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებაზე: “სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება ,,თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე’’ (იხ., Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5), "თუმცა, აღსანიშნავია, რომ შეზღუდვამ პირის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ უნდა შეამციროს იმდენად ან იმ ფარგლებით, რომ დაირღვეს ძირითადი უფლების არსი. გარდა ამისა, შეზღუდვა არ იქნება კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფის შესაბამისი, თუ იგი არ ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს და თუ გამოყენებულ საშუალებასა და მისაღწევ მიზანს შორის არ იქნება დაცული გონივრული პროპორციულობა (Ashingdane v. the United Kingdom საჩივრის # 8225/68,28.05.1985)" და მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორს, სსსკ-ის 365-ე მუხლის სააპელაციო სასამართლოსეული განმარტებით, დაუსაბუთებლად შეეზღუდა სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება ირღვევა იმ შემთხვევაშიც, როდესაც გადაჭარბებულად ფორმალური პროცედურის შედეგად, საჩივარს, მისი ფორმალური მხარის გაუმართაობის გამო დაუშვებლად ცნობენ.1 (ECtHR, 16/11/2000, Sotiris a. Nikos Koutras ATTEE v GRE, საჩ. ნომ. 39442/98, §§ 20 et seq; cf. ასევე ECtHR, 21/9/2004, Zwiazek Nauczycietwa Polskiego v POL, საჩ. ნომ. 42049/98, §§ 37 et seq; ECtHR, 30/7/2009, Dattel (ნომ. 2) v LUX, საჩ. ნომ. 18522/06, §§ 44 et seq; ECtHR, 29/03/2011 (GC), RTBF v BEL, საჩ. ნომ. 50084/06, §§ 71 et seq).

18. ამრიგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად უნდა იმსჯელოს სააპელაციო საჩივარზე, გამომდინარე იქიდან, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1.მ.ი–ს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. კერძო საჩივრის ავტორს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს.

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი