Facebook Twitter

16 სექტემბერი, 2016 წელი

№ას-615-588-2016 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მზია თოდუა

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს „ი“

მოწინააღმდეგე მხარე – პ.ნ–ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა პ.ნ–ძეს (შემდეგში მოსარჩელე) სარჩელი: შპს „ი–ის“ (შემდეგში მოპასუხე) მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 2014 წლის ივლისის, აგვისტოსა და სექტემბრის თვის 16 დღის სახელფასო დავალიანების გადახდა ხელზე მისაღები 4661 ლარის ოდენობით.

2. საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

5. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ივლისის განჩინებით, კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე, მას დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საკასაციო საჩივრის წარმოდგენა გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზების მითითებით) და 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

6. 2016 წლის 18 ივლისის განჩინებით, კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა, განჩინების ჩაბარებიდან 3 დღით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

7. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას, სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

9. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ივლისის განჩინებით, კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 3 დღით.

10. საქმეში წარმოდგენილი სატელეფონო შეტყობინების აქტით დასტურდება, რომ ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინება კასატორს ეცნობა 2016 წლის 18 ივლისს.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 3-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2016 წლის 19 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 21 ივლისს. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2016 წლის 21 ივლისის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია.

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

13. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

14. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 299-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 396.3, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ი–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე მზია თოდუა