Facebook Twitter

№330210015001092368

საქმე №ას-905-871-2016 30 ნოემბერი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი – მ- ფ-ე (მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს-ი“ (მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებით განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 02 ნოემბრის განჩინებით მ-ფ-ის (შემდგომში: „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) საკასაციო საჩივარი შპს „ს-ის“ (შემდეგში: „მოპასუხე“ ან „მოწინააღმდეგე მხარე“) წინააღმდეგ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ივნისის განჩინებაზე, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.

2. 2016 წლის 15 ნოემბერს, უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორმა, რომელმაც მოითხოვა დამატებითი განჩინების გამოტანა, იმ საფუძვლით, რომ სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რადგან სარჩელი შეეხებოდა შრომით დავას. შესაბამისად, სამივე ინსტანციის სასამართლოში მის მიერ გადახდილი ბაჟი მას სრულად უნდა დაუბრუნდეს (იხ., განცხადება).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

3. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი განცხადება და მიიჩნევს, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგი არგუმენტაციით:

4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-31 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით, ზეპირი მოსმენის გარეშე, გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.

5. სარჩელში დავის საგანს წარმოადგენდა მოპასუხის 2015 წლის 20 იანვრის N1-1/2705 ბრძანების ბათილად ცნობის, მოსარჩელის სამუშაო ადგილზე აღდგენა და იძულებით განაცდენილი დროის ხელფასისა და ხელფასის დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07% ანაზღაურება.

6. პირველი ინსტანციის სასაართლოში მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი (ს.ფ. 46); სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში სააპელაციო საჩივარზე - 150 ლარი (ს.ფ. 186, 187), ხოლო საკასაციო საჩივრისათვის - 300 ლარი (ს.ფ. 287, 288). იმავდროულად, აღსანიშნავია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 02 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარზე გადახდილი 300 ლარიდან კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკან დაუბრუნდა 210 ლარი სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საპროცესო სამართლებრივი საფუძვლით (იხ., განჩინების სამოტივაციო ნაწილი პ: 44, სარეზოლუციო ნაწილი პ: 2).

7. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 261-ე მუხის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტით გათვალისწინებული საპროცესო სამართლებრივი საფუძვლით, დამატებითი განჩინების გამოტანის წინაპირობები, რადგან აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს ისეთ შემთხვევას, როდესაც საქმის განხილვის დასრულებისა და გადაწყვეტილების/განჩინების გამოტანის დროს სასამართლოს არ აქვს გადაწყვეტილი სასამართლო ხარჯების საკითხი, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში არ აქვს ადგილი. პირიქით, ამ შემთხვევაში, სასამართლოს კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახემწიფო ბაჟის 300 ლარის 70%-ის დაბრუნების საკითხი გადაწყვეტილი აქვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2016 წლის 02 ნოემბრის განჩინებაში (იხ., განჩინების სამოტივაციო ნაწილი პ: 44, სარეზოლუციო ნაწილი პ: 2).

8. ხოლო განმცხადებლის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან მისი დავა გამომდინარეობს შრომით სამართლებრივი ურთიერთობიდან, რის გამოც, სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე/აპელანტი/კასატორი გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და მის მიერ სამივე ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სრულად ექვემდებარება უკან დაბრუნებას, ვერ იქნება გაზიარებული. სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათი ვრცელდება იმ ფიზიკურ პირებზე, რომელთა სასარჩელო მოთხოვნასაც წარმოადგენს ხელფასის გადახდევინება და სხვა მოთხოვნები შრომის ანაზღაურების თაობაზე, გამომდინარე შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან. განსახილველ შემთხვევაში კი, როგორც აღინიშნა მოსარჩელე მოითხოვდა არა მხოლოდ ხელფასის გადახდევინებას, არამედ გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას და სამსახურში აღდგენას, რომელ ნაწილშიც იგი არ წარმოადგენდა შეღავათით მოსარგებელე პირს და მაშასადამე არ ექცეოდა სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოქმედების სფეროში. ამდენად მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა არ ექვემდებარება უკან დაბრუნებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 411-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ-ფ-ის განცხადება დამატებითი განჩინების გამოტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე