№030210014548044
საქმე №ას-910-876-2016 30 ნოემბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ა- გ–ია (მოსარჩელე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ- ლ-ა, ზ-დ–ია (მოპასუხეები, მოწინააღმდეგე მხარე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის სრულად დაკმაყოფილება; აგრეთვე, 2016 წლის 19 მაისის განჩინების გაუქმება, რომლითაც გაუქმდა 2015 წლის 10 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1 2012 წლის 25 იანვარს, სს,,ს--სა’’ (შემდეგში: ბანკი) და ი.მ. ლ- ლ-ას (შემდეგში: კლიენტი, პირველი მოპასუხე) შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეს გამოეყო საკრედიტო ლიმიტი 500000 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული ხელშეკრულების, შემადგენელი, 2012 წლის 25 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებით, კლიენტს გადაეცა კრედიტი 60000 აშშ დოლარის ოდენობით. კრედიტის დაფარვის ვადად განისაზღვრა 48 თვე, ასევე გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების დარღვევისათვის (სსკ-ის 867-ე, 623-ე და 417-ე მუხლები).
2 2012 წლის 25 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, ზ-
ა---იასთან (შემდეგში: თავდაპირველი მოსარჩელე) და ზ- დ–იასთან (შემდეგში: მეორე მოპასუხე) ბანკმა გააფორმა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც თავდებებმა აიღეს ვალდებულება ბანკის მიმართ ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე (სსკ-ის 891.1, 892.1, 893. 898.1 და 895-ე მუხლები).
3. 2012 წლის 25 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, თავდაპირველ მოსარჩელესა და ბანკს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც, საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (სსკ-ის 286-ე მუხლი).
4. პირველმა მოპასუხემ დაარღვია ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულება.
5. თავდაპირველი მოსარჩელე ბანკის მიმართ იხდიდა პირველი მოპასუხის მიერ კრედიტის თანხას გარკვეულ პერიოდში.
6. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ და მოითხოვა ძირითადი ვალის 7580.70 აშშ დოლარის, მიუღებელი შემოსავლის - 3411.27 აშშ დოლარის და ყოველთვიურად 379.03 აშშ დოლარის სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე და საადვოკატო მომსახურების ხარჯი - 2000 ლარი (სსკ-ის 411-ე და 905-ე მუხლები; სსსკ-ის 53-ე). სარჩელის მოხოვნის გაზრდის შესახებ მოსარჩელის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა (ფოთის საქალაქო სასასამართლოს 06.11.2014წ.-ის განჩინება).
7. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ მოსარჩელემ, როგორც თავდებმა და იპოთეკის საგნის მესაკუთრემ, პირველი მოპასუხის ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვით გადაიხადა კრედიტი. შესაბამისად, იგი ულებამოსილია მოთხოვნა წაუყენოს ძირითად მოვალეს.
8. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
9. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 03 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სარჩელი და პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 7580.70 აშშ დოლარის შესაბამისი ეკვივალენტის ლარის გადახდა, სახ. ბაჟის სახით გადახდილი 397.98 ლარისა და საადვოკატო მომსახურების საფასურის 760 ლარის გადახდა. სარჩელი მეორე მოპასუხის მიმართ, უსაფუძვლობის გამო არა დაკამაყოფილდა.
10. სასამართლომ მიიჩნია, რომ 2013 წლის აპრილიდან 2014 წლის ივლისის თვის ჩათვლით თავდაპირველმა მოსარჩელემ კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გადაიხადა პირველი მოპასუხის ნაცვლად 2012 წლის 25 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყოველთვიურად 1656.30 აშშ დოლარი.
11. 2013 წლის ნოემბრის თვიდან 2014 წლის ივლისის თვის ჩათვლით ზემოაღნიშნული კრედიტიდან გადახდილია 14906.70 აშშ დოლარი.
12. მოთხოვნის ნაწილობრივი დაკმაყოფილების ნაწილში სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 895-ე, 905-ე, 292-ე მუხლებით, ხოლო მიუღებელი შემოსავლის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე ვერ ადასტურებდა სსკ-ის 411-ე მუხლით გათვალისწინებული წანამძღვრების არსებობას.
13. გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 15 ივნისის განჩინება).
14. მოსარჩელემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და მიუღებელი შემოსავლის - 3411.27 აშშ დოლარის დაკისრება, ასევე, ყოველთვიურად 379.03 აშშ დოლარის სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე და საადვოკატო მომსახურების ხარჯის - 1240 ლარის დაკისრება. აპელანტმა გადაწყვეტილებასთან ერთად ასევე გაასაჩივრა ფოთის საქალაქო სასასამართლოს 06.11.2014წ.-ის განჩინება და მოითხოვა დაზუსტებული მოთხოვნის განხილვაზე უარის თქმის ნაწილში განჩინების გაუქმება.
15. თავდაპირველმა მოსარჩელემ სასამართლო ინსტანციებში გასაჩივრების უფლებით მოთხოვნა დაუთმო ა-გ–იას (შემდეგში: მოსარჩელე). ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 თებერვლის განჩინებით თავდაპირველი სარჩელის გამო პირველი მოპასუხის მიმართ, 2013 წლის ნოემბრის, დეკემბრის, 2014 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის, მაისის, ივნისისა და ივლისის თვეებში, თავდაპირველი მოსარჩელის მიერ პირველი მოპასუხის ნაცვლად ბანკში გადახდილი 7580.70 აშშ დოლარის დაკისრების, ასევე აღნიშნული თანხიდან მიუღებელი შემოსავლის - 3411 აშშ დოლარის და გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 379.03 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე, თავდაპირველი მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მოსარჩელე. განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 მაისის განჩინებით გასაჩივრებული განჩინება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა თავდაპირველი მოსარჩელის დაზუსტებულ სარჩელში მითითებული მოთხოვნების ნაწილში უფლებამონაცვლედ ცნობაზე და ამ ნაწილში, საქმე უფლებამონაცვლეობის დადგენის სტადიიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 თებერვლის განჩინებით განსახილველ საქმეში 2013 წლის ნოემბრის, დეკემბრის, 2014 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის, მაისის, ივნისისა და ივლისის თვეებში, თავდაპირველი მოსარჩელის მიერ პირველი მოპასუხის ნაცვლად ბანკში გადახდილი 7580.70 აშშ დოლარის დაკისრების, ასევე აღნიშნული თანხიდან მიუღებელი შემოსავლის - 3411 აშშ დოლარის და გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 379.03 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე, ასევე დაზუსტებული სარჩელის პირველი მოპასუხის ნაცვლად ბანკში გადახდილი 3368 აშშ დოლარის, მიუღებელი შემოსავლის - 673,6 აშშ დოლარის, ასევე გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 168 აშშ დოლარის პირველი მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში თავდაპირველი მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა მოსარჩელე.
17. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ, 2015 წლის 10 სექტემბერს, მოწინააღმდეგე მხარეთა გამოუცხადებლობის გამო მიღებული იქნა განჩინება - დაუსწრებელი გადაწყვეტილება ა-- გ–იას სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, კერძოდ: მოსარჩელის შუამდგომლობა, მოწინააღმდეგე მხარეთა გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დაეკისრა პირველ და მეორე მოპასუხეებს სოლიდარულად, მოსარჩელის სასარგებლოდ 3411,27 აშშ დოლარი; დანარჩენ ნაწილში, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა (სახელდობრ: საადვოკატო მომსახურების ხარჯების 1240 ლარის დაკისრება და ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 6 ნოემბრის განჩინების გაუქმება); სააპელაციო მოთხოვნაზე, მოპასუხეთათვის გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 379.03 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში სააპელაციო წარმოება შეწყდა აპელანტის მიერ აღნიშნულ მოთხოვნაზე უარის თქმის გამო. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 6 ნოემბრის განჩინება დარჩა უცვლელი.
18. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 სექტემბრის განჩინება-დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა საადვოკატო მომსახურების ხარჯების 1240 ლარის, მოპასუხეებზე დაკისრებაზე უარის და ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 6 ნოემბრის დაზუსტებული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის ნაწილში. საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სუსგ 2016 წლის 26 იანვრის Nას-1138-1070-2015 განჩინებით.
19. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 სექტემბრის განჩინება-დაუსწრებელი გადაწყვეტილება გასაჩივრდა საჩივრით აგრეთვე, პირველი მოპასუხის მიერ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 19 მაისის განჩინებით საჩივარი დაკმაყოფილდა და განახლდა საქმის წარმოება.
20. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: სახელდობრ, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 3 დეკემბრის გადაწყევეტილება თავდაპირველი მოსარჩელის სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის დაკისრებაზე (თანხით 3411,27 აშშ დოლარის) უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. თავდაპირველი მოსარჩელის უფლებამონაცვლის სარჩელი მიუღებელი შემოსავლის სახით 3411,27 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და დაეკისრა პირველ და მეორე მოპასუხეს სოლიდარულად მიუღებელი შემოსავლის სახით 568.55 აშშ დოლარი. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნის განხილვაზე უარის თქმის (თანხით 3368 აშშ დოლარი, ძირითადი თანხა და 673.6 აშშ დოლარი მიუღებელი შემოსავალი); საადვოკატო მომსახურების თანხის 1240 ლარისა და ასევე, ყოველთვიურად აღსრულებამდე 379.03 აშშ დოლარის მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრებაზე - საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში - გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
21. სააპელაციო სასამართლომ დადგენლად მიიჩნია წინამდებარე განჩინების პ:6; 9; 13; 17; 18 და აღნიშნა რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში განხილვის საგანს წარმოადგენდა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი, პირველი და მეორე მოპასუხისათვის სოლიდარულად, მიუღებელი შემოსავლის - 3411.27 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში.
22. ამ თვალსაზრისით, სააპელაციო პალატამ მიუთითა წინამდებარე განჩინების პ:1;2;3.
23. ამასთან, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თავდაპირველმა მოსარჩელემ, როგორც თავდებმა და იპოთეკის საგნის მესაკუთრემ, პირველი მოპასუხის ნაცვლად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვით გადაიხადა კრედიტი, 2013 წლის აპრილიდან 2014 წლის ივლისის თვის ჩათვლით. გადახდილი თანხა კი შეადგენდა - 7580 აშშ დოლარს. აღნიშნული თანხის, პირველი მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. შესაბამისად დადგენილია, რომ მითითებული თანხის გამოყენების შედეგად თავდაპირველი მოსარჩელე მიიღებდა გარკვეულ შემოსავალს. სწორედ ამ მიუღებელი შემოსავლის კვლევა წარმოადგენდა სააპელაციო პალატის მსჯელობის საგანს. აპელანტის მოსაზრებით, თანხა 7580.79 აშშ დოლარი ბანკში სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანის გზით მოუტანდა მას სარგებლის (პროცენტი) სახით, ყოველთვიურად, 5% (379.03$) და 9 თვეზე გაანგარიშებით ის მიიღებდა 3411.27 აშშ დოლარის სარგებელს (379.27*9=3411,27) და ამ თანხას იგი ბიზნეს საქმიანობას მოახმარდა და მიიღებდა გარკვეულ მოგებას.
24. გამომდინარე აღნიშნულიდან ირკვევა, რომ მოპასუხე 3411,27 აშშ დოლარს, როგორც მიუღებელ შემოსავალს ითხოვს ორი გარემოების გამო: 1) ეს გახლავთ ის, რომ მან განიცადა მინიმალური ზიანი, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ძირითადი თანხის 7580 აშშ დოლარის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებით იგი მიიღებდა ყოველთვიურ 5%-ს გასესხებული თანხისა. მოთხოვნა 9 თვიან პერიოდს მოიცავს და 2) თანხას, რომელსაც იგი მიიღებდა 9 თვიანი პერიოდის გათვალისწინებით, 3411,27 აშშ დოლარს, იგი ბიზნესში დააბანდებდა, რაც მოგებას მისცემდა.
25. ამ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ თანხის 7500 აშშ დოლარის დეპოზიტზე განთავსებით მოსარჩელე მიიღებდა სარგებელს, ოღონდ არა ყოველთვიურ 5%-ს, არამედ ყოველწლიურ 10%-ს: შემდეგი გაანგარიშებით: დადენილია, რომ ძირითადი დავალიანება ლ-- ლ-ასი ა-- გ--იას წინაშე შეადგენს 7580 აშშ დოლარს. (პერიოდი, რასაც მოთხოვნა მოიცავს შეადგენს 9 თვეს). წლიური 10%, 9 თვეზე გაანგარიშებით შეადგენს (12 თვის ¾ ) 7.5%-ს. 7580.7აშშ დოლარის 7.5% არის 568,55 აშშ დოლარი.
26. არ იქნა გაზიარებული მოსარჩელის პოზიცია სარგებლის სახით მიღებული შემოსავლის - 5%-ის ბიზნესში დაბანდებისა და აქედან, შესაძლო მოგების მიღების შესახებ, სათანადო მტკიცებულებებათა არარსებობს მოტივით.
27. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, რომლითაც მოითხოვა : გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის სრულად დაკმაყოფილება; აგრეთვე, 2016 წლის 19 მაისის განჩინების გაუქმება, რომლითაც გაუქმდა 2015 წლის 10 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება. კასატორის მოსაზრებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2015 წლის 10 სექტემბრის სხდომაზე არ გამოცხადდნენ მოპასუხეები და გამოცხადებულმა აპელანტმა იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება. სასამართლომ კი, მოწინააღმდეგე მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, მართალია მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუმცა აპელანტის მოთხოვნა მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რითაც დაარღვია კანონი, რადგან ამ შემთხვევაში, მოსამართლე უნდა დაყრდნობოდა მომჩივანის ახსნა-განმარტებას და მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი უნდა დაეკმაყოფილებინა. კასატორის პრეტენზია მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაში მდგომარეობს, რომელი გარემოებაც არ იქნა დადგენილი სააპელაციო სასამართლოს მიერ, რის გამოც, დარღვეულია კანონი. აღნიშნული კი, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველია.
სამოტივაციო ნაწილი:
VIII. საკასაციო პალატის დასკვნები:
28. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 03 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
29. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
30. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი ითხოვს : გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და სააპელაციო საჩივრის სრულად დაკმაყოფილებას; აგრეთვე, 2016 წლის 19 მაისის განჩინების გაუქმებას, რომლითაც საჩივარი 2015 წლის 10 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე დაკმაყოფილდა.
31. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნაზე მიუღებელი შემოსავლის განსაზღვრის ნაწილში ნამსჯელია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებაში. ირკვევა, რომ მოსარჩელე ზიანს ითხოვს არა ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისათვის. მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 411-ე, ასევე, 394-ე მუხლები. ამ ნაწილში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია იმგვარი ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც მოსარჩელეს ძირითადი თანხის საბანკო დაწესებულებაში ანაბარზე განთავსების გზით მისცემდა სარგებელს არა მოთხოვნილი ოდენობით, არამედ, 568,55 აშშ დოლარის ოდენობით.
32. სააპელაციო პალატის მსჯელობა მიუღებელი შემოსავლის განსაზღვრის ნაწილში დაეფუძნა სსკ-ის 411-ე მუხლის სწორ განმარტებას, რომელიც შესაბამისობაშია დადგენილ სასამართლო პრაქტიკასთან, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი სტაბილური პრაქტიკის მიხედვით, მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის ნაწილში, მოსარჩელემ იმგვარი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს, რომელიც შექმნიდა ობიექტურ, რეალურ სურათს ასეთი შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებით და არა ვარაუდს, ალბათობას შემოსავლის მიღების თაობაზე, გამომდინარე იქიდან, რომ 411-ე მუხლი მხოლოდ იმ შემოსავლის ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც ობიექტური მოცემულობითაა ნაკარნახევი და არა კრედიტორის სუბიექტური შეფასებით. ამ თვალსაზრისით, საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს 411-ე მუხლის მეორე წინადადებას, რომლის თანახმად, „მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო“. საგულისხმოა უშუალოდ ტერმინი „მიუღებელი შემოსავალი“, სახელდობრ შინაარსი, რომელიც მის მიღმა დგას. 411-ე მუხლის შესაბამისად, მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ „მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით, ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება.
33. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი იმგვარი საკასაციო პრეტენზია, რომლითაც წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით დასაშვები იქნებოდა. საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლად ვერ იქნება მიჩნეული კასატორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ, 2015 წლის 10 სექტემბრის სხდომაზე არ გამოცხადდნენ მოპასუხეები და გამოცხადებულმა აპელანტმა იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება. სასამართლომ კი, მოწინააღმდეგე მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, მართალია მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუმცა აპელანტის მოთხოვნა მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რითაც დაარღვია კანონი, რადგან ამ შემთხვევაში, მოსამართლე უნდა დაყრდნობოდა მომჩივანის ახსნა-განმარტებას და მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი უნდა დაეკმაყოფილებინა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ აღნიშნულ განჩინების იურიდიული ძალაზე ერთხელ უკვე იმსჯელა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მოსარჩელის საკასაციო საჩივრის საფუძველზე, რომელიც დაუშვებლად ცნო იხ., სუსგ 2016 წლის 26 იანვრის Nას-1138-1070-2015. განჩინებით. იმავდროულად, კასატორის მოსაზრება ვერ იქნება გაზიარებული, რადგან მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელ წანამძღვარს აგრეთვე მოთხოვნის იურიდიული მართლზომიერების კვლევა წარმოადგენს (სსსკ-ის 387.2. 372-ე, 230-ე მუხლები).
34. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება კასატორის ის პრეტენზიაც, რომელიც შეეხება მომჩივანის - პირველი მოპასუხის საჩივრის დაკმაყოფილებასა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ, 2015 წლის 10 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას, გამომდინარე იქიდან, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 19 მაისის განჩინების გაუქმების დასაშვებ პროცესუალურ საფუძველზე, საკასაციო საჩივარი მითითებას არ შეიცავს.
35. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
36. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში მოცემული მსჯელობა სრულად შეესაბამება სსკ-ის 411-ე მუხლის შემადგენლობასთან დაკავშირებით დადგენილ სტაბილურ პრაქტიკას.
37. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
38. საკასაციო საჩივარს ერთვის ელ. წერილი, ბანკის მოწერილობა, საგაზეთო სტატია (ოთხი ფურცელი). სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო სასამართლოს მხრიდან ახალ მტკიცებულებათა გაზიარება-შეფასების საფუძველი, შესაბამისად, მის ავტორს უნდა დაუბრუნდეს წარმოდგენილი დოკუმენტები ოთხ ფურცლად.
39. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა-- გ-იას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. დაუბრუნდეს ა-გ-იას წარმოდგენილი დოკუმენტები ელ. წერილი, ბანკის მოწერილობა, საგაზეთო სტატია ოთხ ფურცლად (ტ.2. ს.ფ. 267-271);
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე