საქმე №ას-667-638-2016 7 ოქტომბერი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ფ. ჯ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ზ-ი (მოსარჩელე)
თავდაპირველი თანამოპასუხე _ მ. ს-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. მ. ზ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე ან თავდები) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ს-ისა (შემდგომში _ თავდაპირველი თანამოპასუხე, მსესხებელი ან გამყიდველი) და ფ. ჯ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, კასატორი ან შემძენი) მიმართ და მოითხოვა 2013 წლის 20 თებერვალს მოპასუხეებს შორის გაფორმებული ქ.თბილისში, ე-ოს ქ#4-ში, მე-4 კორპუსში მდებარე #95 ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მ. ს-ე და მოსარჩელე დასაქმებულნი იყვნენ ერთ დაწესებულებაში (დაცვის პოლიციაში), რის გამოც მოპასუხემ, მისი ოჯახის წევრის მკურნალობისათვის აუცილებელი და სასწრაფოდ საჭირო თანხის უზრუნველყოფის მიზნით, მოსარჩელეს სთხოვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად თავდებად დადგომოდა, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, კრედიტი არ გაიცემოდა. 2012 წლის 7 ივნისს სს „ლ-სა“ და მსესხებელს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სესხად გაიცა 9 980 ლარი, წლიური საპროცენტო განაკვეთი 17%, პირგასამტეხლო _ 0.5%. ამასთან, კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება გაფორმდა მოსარჩელესთან. მსესხებელმა დაარწმუნა თავდები, რომ გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მიღებული სახსრებით დაფარა ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულება, თუმცა, იმის შემდგომ, რაც მსესხებელი გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან, ხოლო მოსარჩელე დააწინაურეს, მოპასუხე, თანამშრომლების თანდასწრებით, დაემუქრა, რომ ბანკიდან გამოტანილ კრედიტს მას გადაახდევინებდა. აღნიშნულის შემდგომ, მოსარჩელემ დაადგინა, რომ მოპასუხე გარკვეული პერიოდის შემდგომ მართლაც არ ასრულებდა ბანკის წინაშე ნაკისრ ვალდებულებას. შეხვედრისას, კი, განუცხადა, რომ, ვინაიდან ბინა სხვის სახელზე ჰქონდა გადაფორმებული, არავითარი პრობლემა აღარ ემუქრებოდა. ამდენად, ბანკის მოთხოვნის დაკმაყოფილებისაგან თავის არიდებისა და მოსარჩელეზე ვალდებულების სრულად გადაკისრების მიზნით, მოსარჩელემ მოჩვენებითი გარიგების საფუძველზე, კუთვნილი ნივთი გადააფორმა მეგობარ - ფ. ჯ-ის სახელზე. სადავო გარიგების მოჩვენებითი ხასიათი, ასევე, დგინდება იმით, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადების მიუხედავად, გამყიდველი 2 წელია სარგებლობს ნივთით.
2. მოპასუხეების პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხავი/განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგნაირად დაასაბუთეს:
2.1. მყიდველის განმარტებით, მოჩვენებითი გარიგების დადებისას, ადგილი არ უნდა ჰქონდეს სამართლებრივი შედეგის დადგომის ფაქტს, მოცემულ შემთხვევაში კი, სამართლებრივი შედეგი დადგა, კერძოდ, მან მოიპოვა საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე და გადაიხადა შეთანხმებული ფასი, რაც დასტურდება თავად ხელშეკრულების შინაარსით. ნივთის შეძენის ინტერესი განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ მსესხებელი, შეუსრულებელი ვალდებულებების გამო, ნივთს ყიდდა სასწრაფოდ და იაფად. ამასთან, შემძენი შევიდა მსესხებლის რთულ მდგომარეობაში და, რამდენადაც ნივთი შეიძინა დაბალ ფასად, ისარგებლა მესაკუთრის უფლებით, თავისუფლად ფლობდეს და განკარგოს კუთვნილი ნივთი, დროებით სარგებლობაში გადასცა იგი გამყიდველს. მოპასუხეები არ არიან მეგობრები, თუმცა, ასეთი ურთიერთობის არსებობაც არ ადასტურებს სადავო გარიგების მოჩვენებითობას, მოსარჩელეს არ წარუდგენია სადავო გარემოების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები.
2.2. მსესხებლის განმარტებით, კრედიტის აღება განპირობებული იყო დედის ავადმყოფობით, ხოლო რამდენადაც მის ერთადერთ შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა ხელფასი, სამსახურიდან განთავისუფლების შემდგომ ვეღარ შეძლო ვალდებულების შესრულება. მას გარკვეულ პირთა წინაშე გააჩნდა შეუსრულებელი სხვა ვალდებულებებიც და იძულებული გახდა, გაესხვისებინა უძრავი ნივთი.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2013 წლის 2 თებერვალს მოპასუხეებს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელმა შემძენს მიჰყიდა ქ.თბილისში, ე-ოს ქუჩა #4-ში, მე-4 კორპუსში მდებარე უძრავი ნივთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.12.08.013.003.01.095).
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შემძენმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. 2012 წლის 7 ივნისს სს „ლ-ს“ და მსესხებელს შორის გაფორმდა №0002/2012/09287 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლითაც კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 9 880 ლარით, წლიური საპროცენტო სარგებელი _ 17%-ით, ხოლო პირგასამტეხლო _ 0.5%-ით;
1.2.2. საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2012 წლის 7 ივნისს სს „ლ-სა“ და მ. ზ-ს შორის გაფორმდა №0002/2012/09287-1 სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც უზრუნველყოფილ იქნა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბანკის მოთხოვნები მსესხებლის მიმართ. თავდებობის ზღვრულ ოდენობად განისაზღვრა 13 663.99 ლარი;
1.2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს „ლ-ის“ სარჩელი, მსესხებელსა და თავდებს ბანკის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სესხის ძირი თანხის _ 8 652.23 ლარის, სარგებლის _ 709.27 ლარის, პირგასამტეხლოს _ 361.85 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის _ 32.13 ლარის გადახდა. გადაწყვეტილება 2014 წლის 1 აპრილს შევიდა კანონიერ ძალაში და 2014 წლის 17 ნოემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი. გადაწყვეტილების აღსრულება მიმდინარეობს მოსარჩელის აქტივების ხარჯზე;
1.2.4. 2013 წლის 20 თებერვალს მოპასუხეებს შორის დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, შემძენმა 25 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, იყიდა მსესხებლის კუთვნილი უძრავი ქონება (მდებარე, ქ. თბილისში, ე-ოს ქუჩა #4, კორპუსი #4, ბინა #95-ში (ს/კ #01.12.08.013.003.01.095));
1.2.5. მოსარჩელე გარიგებას სადავოდ ხდიდა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით: სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ მსესხებელი ემუქრებოდა, რომ ბანკის მიმართ არსებული ვალდებულების შესრულება თავად მოუწევდა; მოპასუხეები ახლო მეგობრები არიან, შემძენთან ნასყიდობის ხელშეკრულების დადების მიუხედავად, გამყიდველი კვლავ აგრძელებს სადავო ბინაში ცხოვრებას, ამასთან, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას, ადგილი არ ჰქონია ხელშეკრულებაში მითითებული ნასყიდობის საფასურის გადახდის ფაქტს. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა დ. ჭ-იამ განმარტა, რომ მოსარჩელე და მსესხებელი დასაქმებული იყვნენ ერთ დაწესებულებაში. მას შემდეგ, რაც გამყიდველი გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან, ეს უკანასკნელი დაემუქრა თავდებს, რომ ბანკის წინაშე არსებულ ვალს არ გადაიხდიდა და მისი დაფარვა მოსარჩელეს მოუწევდა. მანვე განმარტა, რომ საცხოვრებელ კორპუსში, რომელშიც სადავო ბინა მდებარეობს, ცხოვრობს მისი დეიდაშვილი. აღნიშნულის გათვალისწინებით, მისთვის ცნობილია, რომ გამყიდველი ამჟამადაც ცხოვრობს კუთვნილ ბინაში. მოწმედ დაკითხულმა ქ. ნ-ემ, რომელიც მხარეებთან ერთად დასაქმებული იყო ერთ დაწესებულებაში, ასევე დაადასტურა მსესხებლის მხრიდან სოლიდარული თავდების მიმართ მუქარის ფაქტი. მანვე განმარტა, რომ, როგორც მისთვის არის ცნობილი, მოპასუხეები არიან მეგობრები, კერძოდ, გამყიდველს ხშირად ჰქონდა სატელეფონო კავშირი ვინმე ფ-სთან, რომელსაც მოიხსენიებდა, როგორც მეგობარს, ასევე, მისთვის ცნობილია, რომ მოპასუხეები თავის დროზე დასაქმებული იყვნენ ერთ დაწესებულებაში. სააპელაციო სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა კ. კ-ემ მიუთითა, რომ მოსარჩელისა და გამყიდველის უშუალო ხელმძღვანელი იყო, მსგავსად სხვა მოწმეებისა, განმარტა, რომ მსესხებელი, დეპარტამენტში მისი საშტატო ერთეულის გაუქმებისა და სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, მოსარჩელეს დაემუქრა, რომ ბანკის წინაშე არსებული დავალიანების გადახდა მას მოუწევდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მსესხებელთან საუბრისას ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ ბინა უკვე გადააფორმა და სესხთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ შეექმნებოდა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ გამყიდველი 4-5 წელი მისი თანამშრომელი იყო და მასთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, მოწმის განმარტებით, უშუალოდ მსესხებლისგან იცის, რომ მოპასუხეები რამდენიმე წლის მანძილზე ერთად მუშაობდნენ ფოსტა ტელეგრაფში, ასევე, იცის, რომ შემძენი გამყიდველის უახლოესი მეგობარია, იგი მსესხებელს ეხმარებოდა სამკვიდროსთან დაკავშირებით არსებული დავის მოგვარებაშიც, რომელიც გამყიდველს ძმასთან ჰქონდა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მსესხებელთან შეხვედრის მიზნით სადავო ქონების მისამართზე მისულს, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა - მეზობლებმა განუმარტეს, რომ მათ მეზობლად შემძენი არ გადასულა და ბინაში კვლავ თავდაპირველი მესაკუთრე ცხოვრებდა. 2015 წლის იანვარში მოსარჩელის დასახმარებლად შეხვდა შემძენს და გამყიდველის მეუღლეს, შეხვედრაზე შემძენი გამუდმებით იცავდა მსესხებლის ინტერესებს და როგორც დამოუკიდებელი მხარე, საუბარში არ მონაწილეობდა. მოწმის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დასრულების შემდეგ, სადავო საკითხის მოსაგვარებლად კვლავ შეხვდა გამყიდველის მეუღლეს - თ.კ-ს, რომელმაც განმარტა, რომ ბინის გადაფორმება საჭირო გახდა იმ საფუძვლით, რომ თავდაპირველი მოპასუხე მოვალეთა რეესტრში იყო რეგისტრირებული, შესაბამისად, სესხის აღებას თავად ვერ შეძლებდა. ბინის შემძენზე გადაფორმების მიზანი კი, ამ უკანასკნელის მიერ სესხის აღება და მიღებული თანხით მსესხებლის ვალის დაფარვა იყო. მოწმედ დაკითხულმა ვ. ლ-ემ ასევე დაადასტურა შემძენთან და მსესხებლის მეუღლესთან შეხვედრის ფაქტი, მან მიუთითა, რომ შეხვედრაზე იქმნებოდა შთაბეჭდილება იმისა, რომ თ.კ-სა და კასატორს საერთო ინტერესი ჰქონდათ. მოწმემ ასევე განმარტა, რომ, როდესაც მსესხებელს სანზონაში, ე-ოს ქუჩაზე მიაკითხეს, იგი სახლში არ დახვდათ, ადგილზე მისულებს მეზობლებმა განუმარტეს, რომ თავდაპირველი მესაკუთრე კვლავ მათ მეზობლად ცხოვრობდა, უფრო მეტიც, მან ბინა გაარემონტა და შიგნით ახალი ავეჯი შეიტანა. მოწმის მითითებით გამყიდველის მეუღლესთან განმეორებით შეხვედრისას, ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ ბინის მოპასუხეზე გადაფორმების მიზანი იყო დაეცვათ ბინა ბანკის მოთხოვნის საფუძველზე გაყიდვისგან;
1.2.6. მოპასუხეები არიან მეგობრები. ისინი არ ხდიან სადავოდ მათ ნაცნობობას. შემძენს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ სადავო ბინაში არასდროს უცხოვრია, უფრო მეტიც, სადავო ბინის გაყიდვის შემდეგ თავდაპირველ მოპასუხეს საცხოვრებელი ადგილი არ შეუცვლია და ეს უკანასკნელი ოჯახთან ერთად სადავო ბინაში განაგრძობს ცხოვრებას, ამას ადასტურებს პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში თავდაპირველი თანამოპასუხის მიერ ძირითად მისამართად სადავო მისამართის მითითება;
1.2.7. სადავო გარიგებაში არსებული დათქმა ნასყიდობის საფასურის გადახდის შესახებ, მტკიცებულებას ქმნის ხელშემკვრელ მხარეებს შორის გარიგებიდან წარმოშობილი ვალდებულების შესრულების შესახებ, თუმცა, იმ პირობებში, როდესაც გარიგება სადავოდ არის გამხდარი მესამე პირის მიერ მოჩვენებითობის საფუძვლით და გარიგების მოჩვენებითობის ერთ-ერთ საფუძვლად ნასყიდობის საფასურის გადაუხდელობაზეა მითითებული, სასამართლოს დასკვნით, ნასყიდობის საფასურის გადახდის შესახებ ხელშეკრულებაში მითითებული ჩანაწერის გარდა, მყიდველის მიერ გამყიდველის სასარგებლოდ თანხის გადახდის დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, ხელშეკრულებაში მითითებული ჩანაწერი თანხის გადახდის შესახებ, სხვა ზემოაღწერილ გარემოებებთან ერთად (როგორც ირიბი მტკიცებულება), მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ მხარეები მოჩვენებითად მოქმედებდნენ.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ:
1.4.1. სააპელაციო სასამართლომ მცდარად გაიზიარა მოწმეთა ჩვენებები, რამდენადაც დ.ჭ-ია და ქ.ნ-ე თავდაპირველ მოპასუხესთან ერთად იყვნენ დასაქმებული ამავე დაწესებულებაში, რომლებმაც დაადასტურეს მუქარის ფაქტი და ის, რომ მოპასუხეები იყვნენ მეგობრები. სასამართლოს ამ შემთხვევაშიც უნდა გასჩენოდა კითხვა იმის თაობაზე, მოწმეები იყვნენ თუ არა მოსარჩელის მეგობრები. რაც შეეხება მოწმის განმარტებას თავდაპირველი მოპასუხის სატელეფონო საუბრის შესახებ ვინმე „ფ-სთან“, არის სიცრუე, რადგანაც თავდაპირველი თანამოპასუხე კასატორს მიმართავდა მეტსახელით (ტ.). სინამდვილეს არ შეესაბამება მოწმე კ.კ-ის განმარტება იმის თაობაზე, რომ კასატორი გამყიდველს ეხმარებოდა სამკვიდროსთან დაკავშირებულ დავაში;
1.4.2. სასამართლომ, საკუთარი მტკიცების საპირისპიროდ, არ გაითვალისწინა, რომ მოწმის ჩვენებების გარდა პირდაპირი მტკიცებულება სარჩელის საფუძვლიანობის გასადასტურებლად მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი, ხოლო საქალაქო სასამართლომ ამ ჩვენებათა გაზიარებაზე უარი იმით დაასაბუთა, რომ მოწმეები მესამე პირების მიერ გადმოცემულ ინფორმაციას ადასტურებდნენ, რაც არ არის საკმარისი. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებას მოწმეთა ყველა ჩვენება დაუდო საფუძვლად, რომელთაგან გაოცებას იწვევს ვ.ლ-ის განმარტება, რომ თავდაპირველი თანამოპასუხის მეზობლებისაგან შეიტყო მსესხებლის მიერ ბინის გარემონტების შესახებ.
1.5. საკასაციო პრეტენზიათა საწინააღმდეგოდ პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის საფუძველზე გარიგების მოჩვენებითად მიჩნევისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმგვარ პრეზუმირებულ ფაქტებს, რომელთა ერთობლივი ანალიზი ნებისმიერ საშუალო წინდახედულობის ადამიანში ეჭვქვეშ აყენებს გარიგების ნამდვილობას, ბუნებრივია, საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ნორმის აბსტრაქტული შემადგენლობის ყველა ელემენტის მითითება და შესაბამისი მტკიცებულებით გამყარება (რომელიც შეიძლება ასევე მოწმის ჩვენება იყოს, თანახმად სსსკ-ის 102.2 მუხლისა) მოსარჩელეს ეკისრება, ხოლო ამ მტკიცებულებათა გაქარწყლება (სადავო გარიგების ნამდვილობის დადასტურება) მოპასუხეს აწევს ტვირთად. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი შემოიფარგლება მხოლოდ ზოგადი კრიტიკით მოწმეთა ჩვენებების მიმართ და მათგან გამოარჩევს რამდენიმეს, რასაც პალატა უარყოფს და აღნიშნავს, რომ თუნდაც კასატორის პოზიციის გაზიარების შემთხვევაში, სხვა სარწმუნო მტკიცებულებაზე, რომელიც საქმეშია წარმოდგენილი და ქვემდგომ სასამართლოს არ გამოუკვლევია, მხარეს არ მიუთითებია. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ მიუბრუნდება სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციას და აღნიშნავს, რომ გარიგების მოჩვენებითობისას ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით სახეზე ყოველთვის გვაქვს კონტრაჰენტთა გარეგნულად გამოვლენილი ნება, რომელიც კანონის მოთხოვნებს მხოლოდ ფორმალურად აკმაყოფილებს, ანუ ქმნის გარიგების ნამდვილობის მხოლოდ გარეგნულ სახეს, რაც არ შეიძლება, სადავოობისას, მისი ნამდვილობის უალტერნატივიო წინაპირობა გახდეს, რამდენადაც ნების ნამდვილობა სახეზეა არა მხოლოდ მისი გარეგანი, არამედ შინაგანი გამოხატვისასაც და, როგორც წესი, ეს ორი უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს, ანუ მხარე გარეგნულად უნდა აფიქსირებდეს იმ ნებას, რისი მიღწევაც გარიგების დადებით სურს.
1.6. სააპელაციო სასამართლომ, მოცემულ შემთხვევაში, სწორედ საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით შეაფასა საქმის მასალები, მხარეთა განმარტებები და მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც კასატორის ზოგადი შედავების საპირისპიროდ, თანხვედრაშია და მათი ობიექტური შეფასება იძლევა დასკვნის საფძველს, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები მართებულადაა დადგენილი.
1.7. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის განმარტების თაობაზე იხ. სუსგ №ას-1439-1357-2012, 01.07.2013წ.) .
1.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. მოწმის დაკითხვის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დასაბუთება:
2.1. კასატორმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა თ.კ-ის მოწმედ დაკითხვა. შუამდგომლობის თანახმად, ამისი აუცილებლობა სააპელაციო სასამართლოში მოწმეთა დაკითხვამ განაპირობა, ხოლო მითითებული პირი დაადასტურებს იმ გარემოებას, რომ სასამართლოში დაკითხულ პირებს არასოდეს შეხვედრია.
2.2. საკასაციო პალატა, უპირველესად განმარტავს იმას, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მხოლოდ მოწმედ დასაკითხ პირთან შეხვედრისა და მის მიერ დადასტურებულ გარემოებებზე არ არის დამყარებული. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო არ გაიზიარებს მოწმეთა ჩვენებების იმ ნაწილს, რომელიც თავდაპირველი მოპასუხის მეუღლესთან შეხვედრასა და მის განმარტებებს ემყარება, მაინც არ იარსებებს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, რამდენადაც მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასება, როგორც ზემოთ აღინიშნა, გარიგების კონტრაჰენტთა შინაგანი ნების არარსებობას ადასტურებს. გარდა აღნიშნულისა, მხედველობაშია მისაღები საკასაციო სასამართლოს მსჯელობის ფარგლები, კერძოდ: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მსჯელობს მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში ასახულ გარემოებებზე იმგვარად, რომ თავად, როგორც სამართლებრივი შეფასების უფლების მქონე ინსტანცია, არ არის უფლებამოსილი მიიღოს ახალი ფაქტები (მიუხედავად მხარის მიერ მათი წარდგენის შესაძლებლობისა) და დაადგინოს ახალი გარემოებები. შესაბამისად, შუამდგომლობის დაკმაყოფილება ამ საფუძვლითაც გამორიცხულია.
3. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 27.06.2016წ #85 საკრედიტო საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2 294,10 ლარისა და ო. ქ-ის მიერ 25.07.2016წ. #1 საკრედიტო საგადახდო დავალებით გადახდილი 587 ლარის, სულ _ 2 881,1 ლარის 70% _ 2 016,77 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 407-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ფ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორის შუამდგომლობა თ.კ-ის მოწმედ დაკითხვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
3. კასატორ ფ. ჯ-ს (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 27.06.2016წ #85 საკრედიტო საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2 294,10 ლარისა და ო. ქ-ის მიერ 25.07.2016წ. #1 საკრედიტო საგადახდო დავალებით გადახდილი 587 ლარის, სულ _ 2 881,1 ლარის 70% _ 2 016,77 ლარი.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური