Facebook Twitter

საქმე №ას-679-650-2016 13 ოქტომბერი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს „პ-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა. მ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება

დავის საგანი – დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ა. მ-მ (შემდეგში _ მოსარჩელე, აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე ან დასაქმებული) სარჩელი აღძრა სს „პ-ის“ (შემდეგში _ მოპასუხე, კასატორი ან დამსაქმებელი) მიმართ მოპასუხის დირექტორის 2014 წლის 29 აპრილის ბრძანების ბათილად ცნობის, ბანკის ვაკის სერვის პუნქტში ფიზიკური პირების მრჩევლის თანამდებობაზე აღდგენისა და 2014 წლის 29 აპრილიდან სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: 2007 წლის 21 დეკემბრიდან 2014 წლის 29 აპრილამდე მოსარჩელე მუშაობდა მოპასუხე ბანკში. მისი საქმიანობა არაერთხელ გამხდარა ხელმძღვანელობის მხრიდან დადებითი შეფასების საფუძველი. 2014 წლის 11 აპრილს, ვაკის სერვის პუნქტის კოორდინატორმა სიტყვიერად შესთავაზა არჩევანი - პოზიცია დაეტოვებინა 11 აპრილს ან თვის ბოლოს, 30 აპრილს. მოსარჩელე გახდა პიროვნული შეუთავსებლობის მსხვერპლი, თუმცა, მან უარი განაცხადა საკუთარი ნებით თანამდებობის დატოვებაზე.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მოსარჩელე ერთმანეთში ურევს 2007 წელს მის მიმართ გამოსაცდელი ვადის დროს არსებულ გამოწვევებსა და მოთხოვნებს და არსებულ რეალობას. 2007 წლიდან საქართველოს საბანკო სისტემა შეიცვალა, ასევე, გაიზარდა კლიენტებისათვის მისაწოდებელი არასაბანკო პროდუქტების სია და სხვ. განსაკუთრებით ბოლო წლებში, განხორციელდა მთელი რიგი ტექნოლოგიური მიღწევები ამ სფეროში. როდესაც დასაქმებული დადგა ახალი გამოწვევების წინაშე, მისი უნარ-ჩვევები არასაკმარისი აღმოჩნდა დაკავებულ თანამდებობასთან, რაც გამოიხატა დასაქმებულის მხრიდან ბანკის მიერ დადგენილი გეგმის სისტემატურ ჩავარდნაში: 1 თვის წარმატებული მონაცემი ვერ გამოდგება იმის დასტურად, რომ მისი საქმიანობა და ბიზნესის უნარ-ჩვევები იყო საკმარისი. მოპასუხემ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით გააფრთხილა მოსარჩელე გათავისუფლების შესახებ, ასევე, გადაუხადა კომპენსაცია. პიროვნულ ანგარიშსწორებაზე დასაქმებულის აპელირება უსაფუძვლოა, რადგანაც ამგვარი დამოკიდებულება დამსაქმებლის სტრატეგიისათვის მიუღებელია.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

აღნიშნული საქმე განხილულ იქნა ზემდგომი სასამართლოების მიერ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებლის 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ და დასაქმებული აღდგენილ იქნა სს „პ-ის“ ვაკის სერვის პუნქტში ფიზიკური პირების მრჩევლის თანამდებობაზე. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით განაცდურის ანაზღაურება 2014 წლის 1 აგვისტოდან სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ყოველთვიურად 1 380 ლარის (ხელზე ასაღები) ოდენობით.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დამსაქმებელმა, მისი გაუქმება და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 2007 წლის 12 სექტემბრიდან მოსარჩელე მუშაობდა სს „პ-ში“ სხვადასხვა პოზიციებზე: სამომხმარებლო სესხების ექსპერტი, ბიზნეს სესხების ექსპერტი და ფიზიკური პირების მრჩეველი;

1.2.2. 2014 წლის 29 აპრილს, დამსაქმებელმა მიიღო გადაწყვეტილება 2014 წლის 05 მაისიდან მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ;

1.2.3. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლად მიეთითა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი და 38-ე მუხლის მე-2 ნაწილი;

1.2.4. სააპელაციო სასამართლოსათვის საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინების შესაბამისად (სუსგ №ას-151-147-2016, 19.04.2016წ. 39-52-ე პუნქტები), დამსაქმებლის მხრიდან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა მოხდა უკანონოდ.

1.2.5. მოპასუხის ვაკის სერვის პუნქტში კვლავ არსებობს ფიზიკური პირების მრჩევლის თანამდებობა;

1.2.6. სამსახურიდან გათავისუფლებამდე დასაქმებულის ყოველთვიური, ხელზე ასაღები ხელფასი ფიზიკური პირების მრჩევლის თანამდებობაზე შეადგენდა 1 380 ლარს. 2014 წლის მაისში დამსაქმებელმა მოსარჩელეს გადაუხადა გამოუყენებელი შვებულების თანხა _ 1 380 ლარი და გათავისუფლების გამო, ორი თვის კომპენსაცია _ 2 760 ლარი;

1.2.7. აპელანტმა სააპელაციო სასამართლოში დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა იძულებით განაცდურის ანაზღაურების ნაწილში და, ნაცვლად 2014 წლის 29 აპრილისა (გათავისუფლების დღე), იძულებითი განაცდური მოთხოვნილ იქნა 2014 წლის 1 აგვისტოდან იმ გარემოებაზე მითითებით, რომ დასაქმებულს სამსახურიდან გათავისუფლებისას, კომპენსაციის სახით მიეცა ორი თვის ხელფასი და ერთი თვის საშვებულებო თანხა.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ:

1.4.1. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნა და არ გამოიკვლია საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები: მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების დებულებები, ფიზიკური პირის მრჩევლის თანამდებობრივი ინსტრუქცია, გათავისუფლებული მუშაკის ბოლო ათი თვის ფინანსური შედეგები, შეფასება არ მისცა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებების სისწორეს, არამედ, იმსჯელა მხოლოდ დისციპლინურ დარღვევებზე და არა მუშაკის პროფესიულ უნარ-ჩვევებზე;

1.4.2. მოსამართლე გამოთქვამდა საკუთარ სუბიექტურ შეფასებებს, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მოთხოვნები. მისი კითხვა, თუ საიდან დგინდებოდა, რომ ბიზნეს სესხების ექსპერტის პოზიცია უფრო მაღალი თანამდებობაა ვიდრე ფიზიკური პირების მრჩევლის, მიუთითებს სწორედ მიკერძოებაზე, ვინაიდან, საქმიანობის სპეციფიკით, გაცემული სესხის ოდენობით ეს საკითხი ეჭვქვეშ არ უნდა დამდგარიყო.

1.4.3. საქმის მასალებით დასტურდება, რომ დამსაქმებელმა ყოველმხრივ შეუწყო ხელი მოწინააღმდეგე მხარეს, ის სამჯერ იმყოფებოდა დეკრეტულ შვებულებაში, მოგვიანებით დაწინაურდა სწორედ ბიზნეს სესხების ექსპერტის თანამდებობაზე, თუმცა, ვინაიდან, ვერ გაართვა თავი ახალ პოზიციაზე დაკისრებულ სამუშაოს, კვლავ ფიზიკური პირების მრჩევლად იქნა გადაყვანილი. ეს გარემოება დადგენილად ცნო პირველი ინსტანციის სასამართლომ და დაემყარა სხდომის ოქმში ასახულ ჩვენებას. ასევე, დადგენილ იქნა, რომ მოსარჩელე თავს ვერ ართმევდა ბანკის დავალებებს, რაც დადასტურდა მისი მონაცემებით, ერთადერთი გამონაკლისი იყო 2014 წლის თებერვლის შედეგები, თუმცა, მოსარჩელის წარუმატებლობა განპირობებული იყო მისი არადამაჯერებლობითა და არაკომპეტენტურობით (ამ მხრივ კასატორი მიუთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე), რამაც შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განაპირობა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, მოპასუხემ წარადგინა დასაქმებულის მუშაობის შედეგები, თავად მოსარჩელემ დაადასტურა, რომ განხორცილებული რეორგანიზაციისას გათავისუფლდა 400 თანამშორომელი და არა მოსარჩელე, რაც იმაზე მეტყველებს, რომ დამსაქმებელმა მას კიდევ ერთი შანსი მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დამსაქმებელს, სტრუქტურული რეორგანიზაციისას, შეეძლო გაეთავისუფლებინა ის;

1.4.4. სააპელაციო პალატამ მცდარად დაასკვნა, როდესაც შრომითი ხელშეკრულების დებულებების საპირისპიროდ სამუშაო გეგმის ან პრეზენტაციის გაკეთება არ მიიჩნია შრომითი ხელშეკრულების ნაწილად;

1.4.5. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით აპელანტი აღდგენილ იქნა დაკავებულ თანამდებობაზე იმ პირობებში, როდესაც პალატას არც კი გამოუკვლევია, გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის არსებობდა თუ არა ეს პოზიცია. ამ თვალსაზრისით გადაწყვეტილება არააღსრულებადია, რადგანაც 2016 წლის 7 მარტიდან მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა აღარ არსებობს, ვაკის სერვის პუნქტში ამჟამად საქმიანობს ორი თანამშრომელი, რომელთა პოზიცია კლიენტთა მრჩეველია და ის არსებითად განსხვავდება მოსარჩელის მიერ მანამდე დაკავებული თანამდებობისაგან. 2014 წლიდან მოყოლებული ბანკში შეიცვალა სეგმენტი და პოლიტიკა და კლიენტთა მომსახურება ხორციელდება შესაბამისად აღჭურვილი ტექნოლოგიებით, რამაც თანამშრომელთა რაოდენობის შემცირება განაპირობა. ბანკში ამჟამად არსებულ პოზიციაზე მუშაობისათვის გასათვალისწინებელია ისიც, რომ პერსონალს დამატებითი ტრენინგი და სპეციალური ცოდნა ესაჭიროება;

1.4.6. სააპელაციო სასამართლომ მცდარად განმარტა მტკიცების ტვირთი და გათავისუფლების საფუძვლის (სშკ-ის 37-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი) გათვალისწინებით, დასაქმებულის არასათანადო კვალიფიკაციის მტკიცების ტვირთი, არასწორად დააკისრა მოპასუხეს, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-5 მუხლების, ასევე, შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-7 ნაწილის დარღვევაა (ამ თვალსაზრისით კასატორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს იმ განჩინების მოტივებზე, რომელიც საკასაციო სასამართლოს 19.04.2016წ. განჩინებით გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. ამავე განჩინებაზე აპელირებით კასატორი მიუთითებს სასამართლოს მხრიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის დარღვევაზე იმ მოტივით, რომ მოსარჩელეს არ ჰქონდა დაზუსტებული ყოველთვიური განაცდურის ოდენობა. ვრცლად იხ. საკასაციო საჩივარი).

1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ზემოხსენებულ არგუმენტებს და უპირველესად, იმ საკითხს მიუბრუნდება, რომ სააპელაციო პალატის 2012 წლის 21 დეკემბრის განჩინების კანონიერება, მასში ასახული შეფასებები და დასკვნები საკასაციო პალატის მიერ შეფასებულია ამავე საქმეზე 2016 წლის 19 აპრილის განჩინებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატის განჩინება შესულია კანონიერ ძალაში და ამ განჩინებაში მოყვანილი არგუმენტების მიმართ პრეტენზიის წარდგენა შეფასების საგანი ვეღარ გახდება ამავე კოდექსის 266-ე მუხლის კონტექსტში. საკასაციო სასამართლო აქვე მოიხმობს საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესს, რომლის თანახმადაც, საქმის ქვემდგომი სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. მოხმობილი ნორმების ანალიზის შესაბამისად, პალატა განუმარტავს კასატორს, რომ სააპელაციო სასამართლომ საკასაციო პალატის 2016 წლის 19 აპრილის განჩინების სამართლებრივი დასაბუთების ფარგლებში სწორად აღნიშნა, რომ დასაქმებულის გათავისუფლება არამართლზომიერი იყო.

1.6. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის იმ არგუმენტს, რომელიც გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობასა და დასაქმებულის მიერ დაკავებული თანამდებობის არარსებობას შეეხება. ამ თვალსაზრისით საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 27 მაისის სხდომის ოქმს, სადაც მოსამართლის დამაზუსტებელ შეკითხვაზე, არსებობდა თუ არა ბანკში მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობა, აპელანტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ არსებობდა და, ამ პოზიციაზე მუშაობდა ვ. ს-ე, რომელიც ხანგრძლივი სარემონტო სამუშაოების შემდგომ, რამდენიმე დღეა შეუდგა მუშაობას (იხ. 27.05.2016წ. სხდომის ოქმი 12:21:52 სთ), ეს განმარტება მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია, უფრო მეტიც, ბანკის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გათავისუფლებამდე მოსარჩელის მიერ დაკავებულ პოზიციაზე ამჟამად სხვა პირი მუშაობდა, საშტატო ერთეული შემცირებულია, იყო თოთხმეტი და არის თერთმეტი (იხ. 27.05.2016წ. სხდომის ოქმი 13:39:51 სთ). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო მიზნებისათვის (სსსკ-ის 93-ე და 98-ე მუხლები) წარმომადგენლის პოზიცია მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში განიხილება უშუალოდ მხარის პოზიციად და მას თავისუფლად დაემყარება სასამართლო. მატერიალური თვალსაზრისით, წარმომადგენლობა შეიძლება განვიხილოთ დავალების ჭრილში (სკ-ის 709-ე და 712-ე მუხლები), რაც წარმოშობს იმ პრეზუმფციის დაშვების აუცილებლობას, რომ წარმომადგენლის მოქმედება დავალების შინაარსიდან გამომდინარეობს. აღნიშნული მსჯელობის ფონზე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხის წარმომადგენლის განმარტება საშტატო ერთეულის არსებობის თაობაზე საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებული აღიარებაა, რომლის საპირისპიროდაც კასატორს არათუ დასაბუთებული პრეტენზია, არამედ, საპროცესო კოდექსის 133-ე მუხლით განსაზღვრული აღიარების გამაქარწყლებელ არცერთ გარემოებაზე არ მიუთითებია, რაც შესაძლებლობას აძლევს პალატას, სადავო თანამდებობის არსებობა დადასტურებულად მიიჩნიოს.

1.7. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ სწორად გამოიყენა/განმარტა შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილი, 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი და სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი და დაზუსტებული (შემცირებული) სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში სწორად დააკმაყოფილა დასაქმებულის სარჩელი.

1.8. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

1.9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. კასატორის შუამდგომლობა და მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები:

2.1. წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს კასატორმა დაურთო დამსაქმებლის დირექტორის 13.07.2016წ. განმარტება, ფიზიკური პირის თანამდებობრივი ინსტრუქცია და კლიენტთა მრჩევლის თანამდებობრივი ინსტრუქცია, კერძო კლიენტების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ელექტრონული წერილი და ფოტოსურათები ვაკის სერვის პუნქტის ვიზუალური მდგომარეობის შესახებ. შუამდგომლობა მოტივირებულია იმით, რომ დადასტურდეს გათავისუფლებამდე დასაქმებულის მიერ დაკავებული პოზიციის გაუქმების ფაქტი.

2.2. საკასაციო სასამართლო შუამდგომლობის შინაარსობრივ უსაფძვლობაზე აღარ იმსჯელებს და ამ შემთხვევაში მიუთითებს წინამდებარე განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.6. პუნქტში განვითარებულ მსჯელობაზე. დამატებით პალატა მოიხმობს საპროცესო კოდექსის მე-4, 83-ე და 380-ე მუხლებს და განმარტავს, რომ შეჯიბრებითი პროცესის ფარგლებში დამსაქმებელს სრული შესაძლებლობა ჰქონდა სადავო თანამდებობის გაუქმების ფაქტის არსებობის შემთხვევაში წარედგინა მტკიცებულებები ქვემდგომ სასამართლოშიც, მისი მხრიდან მხოლოდ საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების დისპოზიციაზე მითითება შუამდგომლობის გაზიარების საფუძველი ვერ გახდება, უფრო მეტიც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, რამდენადაც საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს წარმოდგენილი მტკიცებულებები.

3. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 12.07.2016წ. #441340764 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2 355,57 ლარისა და მის მიერვე 25.07.2016წ. #442435227 საგადახდო დავალებით გადახდილი 135 ლარის, სულ _ 2 490,57 ლარის 70% _ 1 743,399 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 391-ე, 401-ე, 407-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „პ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ სს „პ-ს“ (ს/#....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 12.07.2016წ. #441340764 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2 355,57 ლარისა და მის მიერვე 25.07.2016წ. #442435227 საგადახდო დავალებით გადახდილი 135 ლარის, სულ _ 2 490,57 ლარის 70% _ 1 743,399 ლარი.

3. კასატორის შუამდგომლობა მტკიცებულებათა საქმისათვის დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

4. სს „პ-ს“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული ბანკის იურიდიული განყოფილების განმარტება, ფიზიკური პირის მრჩევლის თანამდებობრივი ინსტრუქციის, კლიენტთა მრჩევლის თანამდებობრივი ინსტრუქციის ასლები, ასევე, ფოტომასალა 10 (ათი) ფურცლად (ტ.II, ს.ფ. 254-263).

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური