Facebook Twitter

საქმე №ას-700-671-2016 7 ოქტომბერი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „უ-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ჯ. ს-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სახელფასო დავალიანებისა და ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ჯ. ს-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „უ-ის“ (შემდგომში _ მოპასუხე ან კასატორი) მიმართ 11 205 ლარის, ანაზღაურების ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის ამ თანხის 0,07%-ისა და კომპენსაციის სახით 2 თვის შრომის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ საფუძვლებს: მოსარჩელე საკუთარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე 2014 წლის 10 ივლისიდან გათავისუფლდა შპს „ბ-ის“ დირექტორის თანამდებობიდან და იმავე დღეს დაინიშნა სამეთვალყურეო საბჭოს წევრად. სამეწარმეო რეესტრში შესაბამისი ცვლილებების განხორციელების მიზნით წარდგენილ იქნა განაცხადი. 2014 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „ბ-ის“ განცხადებაზე შეჩერდა წარმოება იმ საფუძვლით, რომ საზოგადოების წესდების მე-6 მუხლის 6.1 პუნქტის თანახმად, სამეთვალყურეო საბჭოს წევრის რაოდენობა განსაზღვრული იყო 3 წევრით. ხარვეზის გამოსწორების მიზნით, შპს-ს წესდების 6.1 პუნქტში შევიდა ცვლილება და სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობა გაიზარდა ოთხამდე, რაც 2014 წლის 24 ივლისს დარეგისტრირდა სამეწარმეო რეესტრში. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრად 2014 წლის 1 ოქტომბრამდე დაინიშნა, ის საკუთარ მოვალეობას ასრულებდა 2015 წლის 12 მარტამდე, შესაბამისად, მას უნდა აუნაზღაურდეს სახელფასო დავალიანება სრულად.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მოსარჩელეს სრულად აქვს მიღებული კუთვნილი ანაზღაურება. ის საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დანიშნული იყო 2014 წლის 1 ოქტომბრამდე. ამის შემდეგ აღარ ასრულებდა სამეთვალყურეო საბჭოს წევრის მოვალეობას, შესაბამისად, მოთხოვნა უსაფუძვლოა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების _ 11 205 ლარისა და ამ თანხის დაყოვნებისათვის 518,53 ლარის ანაზღაურება, ხოლო ორი თვის საკომპენსაციო თანხის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. შპს „ბ-ის“ პარტნიორთა 2014 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით, 2014 წლის 11 ივლისიდან 2014 წლის 1 ოქტომბრამდე მოსარჩელე დაინიშნა ამავე შპს-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრად. მისი სახელფასო ანაზღაურება შეადგენდა თვეში 2076 ლარს;

1.2.2. საზოგადოების წესდებით სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობა განსაზღვრული იყო 3 პირით, განხორციელდა წესდებაში ცვლილება და რეესტრში მოსარჩელე სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დარეგისტრირდა 2014 წლის 24 ივლისიდან;

1.2.3. საზოგადოების 100%-იანი წილის მქონე პარტნიორმა, შპს „უ-ის“ დირექტორმა, 2015 წლის 12 მარტს მიიღო გადაწყვეტილება შპს-ს სამეთვალყურეო საბჭოს გაუქმებისა და წევრების დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაუქმდა სამეწარმეო რეესტრში სამეთვალყურეო საბჭოს წევრად მოსარჩელის რეგისტრაცია;

1.2.4. 2015 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით, განხორციელდა მოპასუხისა და შპს „ბ-ის“ შერწყმა და რეორგანიზაციის შედეგად უფლებამოსილი სუბიექტი სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია შპს „უ-ი“;

1.2.5. 2015 წლის 12 მარტამდე მოქმედი შპს „ბ-ის“ წესდების თანახმად, კომპანიის უმაღლეს მმართველ ორგანოს წარმოადგენდა პარტნიორთა კრება. პარტნიორთა რიგითი კრება ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც (5.1. მუხლი). პარტნიორს ან პარტნიორთა ჯგუფს, რომელთა წილობრივი მონაწილეობა კომპანიაში აღემატება 20%-ს, უფლება აქვს რიგგარეშე კრების მოწვევისა (5.3. და 5.3.2. მუხლები). პარტნიორთა კრება უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება სამეთვალყურეო საბჭოს წევრების არჩევასა და გათავისუფლებაზე (5.12. და 5.12.3. მუხლები). სამეთვალყურეო საბჭოს ყოველ წევრს საერთო კრება ირჩევს 4 წლის ვადით. სამეთვალყურეო საბჭოს წევრს უფლებამოსილება უგრძელდება ვადის გასვლის შემდეგ მორიგი საერთო კრების მოწვევამდე. ვადამდე გადარჩევა შესაძლებელია საერთო კრების მიერ ნებისმიერ დროს (6.2. მუხლი). სამეთვალყურეო საბჭოს სხდომები ტარდება კვარტალში ერთხელ მაინც. კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება წევრთა სულ მცირე ნახევარი (6.5. -6.5. მუხლები);

1.2.6. შპს ,,ბ-ის“ სამეთვალყურეო საბჭოში მოპასუხის გარდა, დანიშნული იყო სამი წევრი, რომლებიც მოპასუხე მხარის განმარტებით, თავიანთ უფლებამოსილებას ასრულებდნენ 2015 წლის 12 მარტამდე, სამეთვალყურეო საბჭოს გაუქმებამდე;

1.2.7. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხულმა კ. კ-ემ განმარტა, რომ არის შპს ,,ბ-ის“ დირექტორი, მოსარჩელესთან, როგორც სამეთვალყურეო საბჭოს წევრთან, კავშირი ჰქონდა იმგვარად, რომ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებას ახდენდა. სამეთვალყურეო საბჭოში რა კრებები ტარდებოდა მისთვის უცნობია. 2014 წლის 1 ოქტომბრიდან სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება აღსასრულებლად აღარ მიუღია, შესაბამისად, ამ პერიოდში ჩატარდა თუ არა კრებები მისთვის უცნობია. მოსარჩელე სარგებლობდა სამსახურებრივი ავტომანქანით, რაც დაუბრუნდა 1 ოქტომბრიდან რამდენიმე თვის შემდეგ, თუმცა, თარიღი ზუსტად არ ახსოვს. მოსარჩელის გარდა, სამეთვალყურეო საბჭოს სხვა წევრებთან სხვადასხვა საკითხებზე ჰქონდა სატელეფონო კომუნიკაცია.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ:

1.4.1. სასამართლო პრქტიკის საწინააღმდეგოდ, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი და მოპასუხე მხარეს დააკისრა იმისი მტკიცების ტვირთი, რომ მოსარჩელე 2014 წლის 1 ოქტომბრის შემდგომ აღარ ასრულებდა სამეთვალყურეო საბჭოს წევრის უფლება-მოვალეობებს, მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხე მხარემ საკუთარი გულისხმიერებიდან გამომდინარე, წარადგინა მოწმის ჩვენება, რომელმაც დაადასტურა, რომ ამ პერიოდიდან სამედიცინო დაწესებულებას მოსარჩელესთან ურთიერთობა არ ჰქონია, თუმცა სასამართლომ არც ეს გარემოება მიიღო მხედველობაში და მოპასუხეს დამატებითი მტკიცებულების წარდგენა მოსთხოვა, ამასთანავე, სასამართლომ არასწორად მიუთითა მოწმის მიკერძოებასა და იმ გარემოებაზე, რომ გათავისუფლების შემდგომ მოსარჩელე კვლავ სარგებლობდა სამსახურებრივი ავტომობილით;

1.4.2. გარდა მტკიცების ტვირთის არასწორად განაწილებისა, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ სამეთვალყურეო საბჭოს გაუქმებამდე გრძელდებოდა შრომითი ურთიერთობა მხარეთა შორის. ამ შემთხვევაში, სასამართლომ არასწორად განმარტა საწარმოს წესდების 6.2. და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9.71 მუხლები. კანონის მოხმობილი ნორმა ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილების შეწყვეტის რეგისტრაციას ეხება და იგი არ ვრცელდება სამეთვალყურეო საბჭოს წევრის უფლებამოსილებაზე. ნორმის პირველ პუნქტში გარკვევითაა მითითებული მისი სუბიექტი და მასში მოცემული „პირის“ ცნებაში შეიძლება ივარაუდებოდეს სამეთვალყურეო საბჭო და არა მისი წევრი. წევრის სამეწარმეო რეესტრში მითითება ატარებს მხოლოდ ინფორმაციულ ხასიათს და წევრის ვინაობის მითითება კანონის მოთხოვნებიდან არ გამომდინარეობს. საწარმოს წესდების 6.2. მუხლის არასწორი განმარტებით, სასამართლომ გვერდი აუარა საწარმოს პარტნიორის ნებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე სამეთვალყურეო საბჭოს წევრად რამდენიმე თვით _ 2014 წლის 1 ოქტომბრამდე და არა წესდებით გათვალისწინებული პირობით/ვადით უნდა დანიშნულიყო.

1.5. საკასაციო პრეტენზიათა საწინააღმდეგოდ პალატა განმარტავს, რომ ვინაიდან დავა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებას შეეხება, ამ შემთხვევაში, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული შრომითი ურთიერთობის ფარგლებში წარმოშობილი დავის თვალსაზრისით მტკიცების ტვირთის განაწილების წესი. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „ზოგადი წესის თანახმად (სსსკ-ის 102.1 მუხლი), სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს უნდა დაეკისროს...“. პალატა მიიჩნევს, რომ დამსაქმებელს, როგორც შრომის ორგანიზაციულ მოწესრიგებაზე უფლებამოსილ პირს, სრული შესაძლებლობა გააჩნდა, წარედგინა სათანადო მტკიცებულებები დასაქმებულის მიერ დაკავებული პოზიციის შესახებ (იხ. სუსგ №ას-1205-1132-2015, 26 თებერვალი, 2016 წელი). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხისათვის შესაძლებელი იყო იმ მტკიცებულებათა წარდგენა, რაც უტყუარად დაამტკიცებდა იმას, რომ სადავო პერიოდიდან მოსარჩელე დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებდა, შესაბამისად, სასამართლოს მხრიდან საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის დარღვევა არ დასტურდება, რაც შეეხება მოწმის ჩვენებას, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იგი კანონით (სსსკ-ის 102.2 მუხლი) აღიარებული მტკიცებულებაა, თუმცა, თავად ამ მტკიცებულების ღირებულებითი ძალა ექვემდებარება ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ კვლევას (სსსკ-ის 105-ე მუხლი), მოწმის ჩვენების გაზიარების საკითხის შეფასებისას, სასამართლო მას ამოწმებს სადავო გარემოებასთან მიმართებით და ადგენს იურიდიული მნიშვნელობის მქონე სადავო ფაქტის ნამდვილობის საკითხს, რამდენადაც, საპროცესო კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოწმედ შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ. კანონის ამგვარი დათქმა მიანიშნებს მოწმის ჩვენების, როგორც შინაარსობრივად სუბიექტური მტკიცებულების გაზიარების შესაძლებლობას სასამართლოს შინაგან რწმენაზე დამყარებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სასამართლო არასწორად დაეყრდნო მოწმის ჩვენებას ნაწილობრივ და მიიჩნევს, რომ ქვემდგომი სასამართლოს მხრიდან მართებულად შეფასდა მოწმის ჩვენება, რომელიც მიუთითებდა მოსარჩელესთან სამსახურებრივი ურთიერთობის გაგრძელების ფაქტზე.

1.6. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (სამეთვალყურეო საბჭოს წევრის მოთხოვნაზე მიუღებელი ხელფასისა და კანონისმიერი პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე იხ. სუსგ №ას-948-894-2010, 23.12.2010წ. მოხმობილ საქმეზე საკასაციო პალატამ დაუშვებლად მიიჩნია საკასაციო საჩივარი და გაიზიარა ქვემდგომი სასამართლოს დასკვნა შრომის კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად საწარმოსათვის შრომის ანაზღაურებისა და დაყოვნების გამო პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ) .

1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 06.07.2016წ. #877268 ელექტრონული საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 586,18 ლარის 70% _ 410,326 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „უ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ შპს „უ-ს“ (ს/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 06.07.2016წ. #877268 ელექტრონული საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 586,18 ლარის 70% _ 410,326 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური