საქმე №ა-3280-შ-88-2016 21 ნოემბერი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - შ. (შ.) ნ-უ
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ფ-ა“
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს – გერმანიის დიუსელდორფის შრომითი დავების განმხილველი სასამართლოს 2015 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გერმანიის დიუსელდორფის შრომითი დავების განმხილველი სასამართლოს 2015 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს „ფ-ას“ შ. ნ-უს სასარგებლოდ დაეკისრა ბრუტო 22.125,00 ევროს გადახდა წლიურ პროცენტებთან ერთად საბაზო საპროცესო განაკვეთზე ზევით 5%-ის ოდენობით მიღებული უმუშევრობის შემწეობის გამოკლებით 4.245,89 ევროს ოდენობით. მოპასუხეს ასევე დაეკისრა ბრუტო 9000 ევროს გადახდა წლიურ პროცენტებთან ერთად საბაზო საპროცესო განაკვეთზე ზევით 5%-ის ოდენობით მიღებული უმუშევრობის შემწეობის გამოკლებით 2.787,30 ევროს ოდენობით.
შ. ნ-უმ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის დიუსელდორფის შრომითი დავების განმხილველი სასამართლოს 2015 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილების, ასევე მისი სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანისა და თანდართული დოკუმენტების შესწავლით ირკვევა რომ შპს „ფ-ა“ რეგისტრირებულია საქართველოში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 სექტემბრის განჩინებით შ. ნ-უს შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა ცნობები სასამართლო განხილვის თაობაზე მოპასუხის სათანადოდ ინფორმირების შესახებ და გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ.
2016 წლის 17 ოქტომბერს სასამართლოს განცხადებით მომართა შ. ნ-უს წარმომადგენელმა ი. ნ-იამ და იშუამდგომლა საპროცესო ვადის 2016 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელების თაობაზე. ხოლო, 2016 წლის 21 ოქტომბერს წარმოადგინა მტკიცებულებები, მათ შორის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 მარტის განჩინება, რომლიდანაც დასტურდება, რომ შპს „ფ-ასათვის“ საქმის მასალების ჩაბარება ვერ მოხერხდა იმ მიზეზით რომ სასამართლოსათვის ცნობილ მისამართზე აღარ მდებარეობს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით შ. ნ-უს წარმომადგენელ ი. ნ-იას შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შუამდგომლობის ავტორს გაუგრძელდა საპროცესო ვადა 14 (თოთხმეტი) დღით და დაევალა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება შ. ნ-უს წარმომადგენელ ი.ნ-იას გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე და პირადად ჩაბარდა 2016 წლის 2 ნოემბერს, ამასთან განემარტა რომ, თუ ხარვეზი დადგენილ ვადაში არ გამოსწორდებოდა, შუამდგომლობა არ მიიღებოდა და განუხილველად დარჩებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საპროცესო-სამართლებრივი საფუძველი ეროვნული საპროცესო კანონმდებლობაა, შესაბამისად, ამ კატეგორიის საქმეებზე, სპეციალური კანონით დადგენილ შეზღუდვათა გათვალისწინებით, ვრცელდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 სექტემბრის განჩინებით შ. ნ-უს შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა ცნობები სასამართლო განხილვის თაობაზე მოპასუხის სათანადოდ ინფორმირების შესახებ და გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ.
2016 წლის 17 ოქტომბერს სასამართლოს განცხადებით მომართა შ. ნ-უს წარმომადგენელმა ი. ნ-იამ და იშუამდგომლა საპროცესო ვადის 2016 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელების თაობაზე იმ საფუძვლით რომ, ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული ცნობები უნდა მოიძიოს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, რისთვისაც სჭირდება დამატებითი ვადა. ხოლო, 2016 წლის 21 ოქტომბერს წარმოადგინა მტკიცებულებები, მათ შორის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 მარტის განჩინება, რომლიდანაც დასტურდება, რომ შპს „ფ-ასათვის“ საქმის მასალების ჩაბარება ვერ მოხერხდა იმ მიზეზით რომ სასამართლოსათვის ცნობილ მისამართზე აღარ მდებარეობს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით შ. ნ-უს წარმომადგენელ ი. ნ-იას შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შუამდგომლობის ავტორს გაუგრძელდა საპროცესო ვადა 14 (თოთხმეტი) დღით და დაევალა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება შ. ნ-უს წარმომადგენელ ი.ნ-იას გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე და პირადად ჩაბარდა 2016 წლის 2 ნოემბერს, ამასთან განემარტა რომ, თუ ხარვეზი დადგენილ ვადაში არ გამოსწორდებოდა, შუამდგომლობა არ მიიღებოდა და განუხილველად დარჩებოდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული 14-დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2016 წლის 3 ნოემბერს და ამოიწურა 2016 წლის 16 ნოემბერს. შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა კი, სასამართლოს განცხადებით მოართა საპროცესო ვადის დარღვევით - 2016 წლის 18 ნოემბერს, რაც შუამდგომლობის განუხილველად დატოვების აბსოლუტური საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ. ნ-უს შუამდგომლობა გერმანიის დიუსელდორფის შრომითი დავების განმხილველი სასამართლოს 2015 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე