საქმე №ას-683-654-2016 16 სექტემბერი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ შპს „ბ-ა“
მოწინააღმდეგე მხარე _ ზ. ბ-ე
თავდაპირველი მოსარჩელე _ შპს „ჯ. +“
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარება, ქონების მფლობელობაში დაბრუნება, საიჯარო ქირის დავალიანებისა და ზიანის ანაზღაურების დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
შპს „ჯ. +-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ბ-ას“ მიმართ და მოითხოვა 2012 წლის 23 იანვრის საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარება, მოპასუხისათვის საიჯარო ქირის _ 27 000 ლარის დაკისრება, მისი დავალდებულება, შეწყვიტოს მოსარჩელის კუთვნილი ბლოკის საამქროთი სარგებლობა და ხელი არ შეუშალოს მესაკუთრეს ქონების გამოყენებაში, ასევე, საიჯარო ქონების დაყოვნებისათვის ზიანის ანაზღაურების მიზნით ყოველთვიურად 3 000 ლარის დაკისრება.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ არ ცნო სასარჩელო მოთხოვნა და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მხარეთა შორის 2012 წლის 23 იანვარს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება შეწყვეტილად იქნა მიჩნეული და მოპასუხეს დაევალა მოსარჩელისათვის ამ იჯარის საფუძველზე გადაცემული სამშენებლო ბლოკის საამქროსა და სხვა ქონების დაბრუნება, მასვე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირის _ 27 000 ლარის გადახდა, ხოლო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტების მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა, მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ _ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3 000 ლარის ყოველთვიურად გადახდა 2012 წლის 23 იანვრის იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქონების მესაკუთრისათვის გადაცემამდე. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
8. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 ივნისის განჩინებით ზ. ბ-ის განცხადება დაკმაყოფილდა, განმცხადებელი ცნობილ იქნა მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით დადგენილ სამართლებრივ ურთიერთობაში იმგვარად, რომ შპს „ბ-ამ“ შეასრულოს მითითებული გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულება (ყოველთვიურად 3 000 ლარის გადახდა შპს „ჯ. +-სა“ და შპს „ბ-ას“ შორის 2012 წლის 23 იანვარს დადებული იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქონების შპს „ჯ. +-ისათვის“ გადაცემამდე) ზ. ბ-ის სასარგებლოდ. შესაბამისად, გაუქმდა ამავე გადაწყვეტილების საფუძველზე შპს „ჯ. +-ის“ სასარგებლოდ 2016 წლის 14 მარტს გაცემული სააღსრულებო ფურცელი და გაიცა ახალი კრედიტორად ზ. ბ-ის მითითებით.
9. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს „ბ-ამ“ და მოითხოვა შპს „ჯ. +-ის“ უფლებამონაცვლედ ზ. ბ-ის მიჩნევის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლები, საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ შპს „ბ-ას“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.2. კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებამონაცვლის დაშვების კანონიერება, ამ თვალსაზრისით კი, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე:
1.2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით მხარეთა შორის 2012 წლის 23 იანვარს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება შეწყვეტილად იქნა მიჩნეული და მოპასუხეს დაევალა მოსარჩელისათვის ამ ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული სამშენებლო ბლოკის საამქროსა და სხვა ქონების დაბრუნება, მასვე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირის _ 27 000 ლარის გადახდა;
1.2.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა რა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3 000 ლარის ყოველთვიურად გადახდა 2012 წლის 23 იანვრის იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქონების მესაკუთრისათვის გადაცემამდე;
1.2.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხის საკასაციო საჩივარი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
1.2.4. ამ გარემოებათა შეფასების შედეგად დგინდება ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე ქვემდგომი სასამართლოების გადაწყვეტილებები შესულია კანონიერ ძალაში, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლისა;
1.2.5. საქმის მასალებით დასტურდება ისიც, რომ შესაბამის ნაწილში, როგორც პირველი ინსტანციის, ისე _ სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი (იხ. საქმის მასალები);
1.2.6. ქვემდგომ სასამართლოს არ დაუდგენია და არც მხარე ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებული სარჩელის ნაწილში გადაწყვეტილება არც ნებაყოფლობით და არც იძულებით არ აღსრულებულა;
1.2.7. სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ზ. ბ-ემ და წარადგინა კრედიტორ შპს „ჯ. +-თან“ წერილობით დადებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, მოთხოვნის დამთმობმა (კრედიტორმა) განმცხადებელს _ მოთხოვნის შემძენს გადასცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის #2/ბ-570-13 სამოქალაქო საქმეზე გაცემული სააღსრულებო ფურცლით დადასტურებული მოთხოვნის უფლება კერძო საჩივრის ავტორის მიმართ (იხ. 12.04.2016წ. მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება). სწორედ ამ ხელშეკრულების საფუძველზე მოითხოვა განმცხადებელმა მოსარჩელის უფლებამონაცვლედ აღიარება და ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემა.
1.3. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლება წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის ობიექტს, რომელიც მატერიალური სახით არ არსებობს, თუმცა მიმოქცევადი სიკეთეა, რომლის მფლობელსაც გააჩნია ამ მოთხოვნის განკარგვის შესაძლებლობა (იხ. სკ-ის მე-7 მუხლი: კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ობიექტი შეიძლება იყოს ქონებრივი ან არაქონებრივი ღირებულების მატერიალური და არამატერიალური სიკეთე, რომელიც კანონით დადგენილი წესით ბრუნვიდან არ არის ამოღებული), მათ შორის მის უზრუნველყოფის საგნად გამოყენების შესაძლებლობა (სკ-ის 254-ე მუხლი). სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი. მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი. დასახელებული ნორმა ადგენს მოთხოვნის დათმობის ნამდვილობის კრიტერიუმებს და მის გამომრიცხველ გარემოებად მიიჩნევა შემდეგი: მოთხოვნის დათმობა ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს; გარიგება ეწინააღმდეგება კანონს; ცედენტისა (მოთხოვნის მფლობელის) და ცესიონერის (მოთხოვნის მიმღების) ნება ეწინააღმდეგება მოთხოვნის თავდაპირველი მფლობელისა და მოვალის შეთანხმებას. ამ უკანასკნელ შემთხვევაში კი, შეთანხმება ნამდვილია, თუკი არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი.
1.4. განსახილველ შემთხვევაში, მოვალე კერძო საჩივრით განჩინების გაუქმებას მოითხოვს გარიგების მართლსაწინააღმდეგობის საფუძვლით (სკ-ის 58-ე მუხლი) და განმარტავს, რომ მას თავად გააჩნია შპს „ჯ. +-ის“ მიმართ მოთხოვნა, რომლის გაქვითვასაც აპირებდა და ამ გზით შეწყდებოდა ვალდებულება (მიიჩნევს, რომ კანონის ანალოგიით სასამართლომ უნდა გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 358-ე მუხლი). მოთხოვნის გაქვითვის თაობაზე მან აცნობა მოსარჩელეს, ხოლო ამ უკანასკნელმა, მოპასუხის მიმართ არსებული ვალდებულების თავიდან არიდების მიზნით საკუთარი მოთხოვნა დაუთმო მესამე პირს, რაც ამ დათმობის სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე ბათილად აღიარების წინაპირობაა. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს ასევე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლზე და განმარტავს, რომ ერთსა და იმავე გადაწყვეტილებაზე, მოცემულ შემთხვევაში, არ შეიძლებოდა რამდენიმე სააღსრულებო ფურცლის გაცემა, სასამართლომ აღნიშნულით დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნა და გასცდა მხარის მოთხოვნას უკვე გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმებით, ამასთანავე, სასამართლო უფლებამონაცვლის დადგენისას ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე და 266-ე მუხლებით და ნათელია, გარდა თვალთმაქცობისა, მხარეებს არასწორად აქვთ დაყენებული მოთხოოვნა უფლებამონაცვლედ ცნობისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე. მოთხოვნის დათმობის მოჩვენებითობას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ შპს „ჯ. +-მა“ კერძო საჩივრის ავტორის წინააღმდეგ კვლავ მიმართა სასამართლოს და დაუსაბუთებლად ითხოვს არსებული ვალდებულებიდან გამომდინარე მოპასუხისათვის ზიანის _ 500 000 ლარის დაკისრებას, ასეთ შემთხვევაში, მას მოთხოვნის მიმღებისათვის უნდა დაეთმო მოთხოვნის უფლებაც, რაც ამ ვალდებულებიდან გამომდინარეობს.
1.5. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის მხრიდან, როგორც მატერიალური, ისე _ საპროცესო ნორმების არასწორი გაგების გამო უარყოფს ზემოხსენებულ (წინამდებარე განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.4. პუნქტში მითითებული) მოსაზრებებს და განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 442-ე-447-ე მუხლებით რეგულირებული ვალდებულების შეწყვეტის წესი წარმოადგენს ვალდებული პირის, რომელიც იმავდროულად კრედიტორიცაა, უფლებას, ცალმხრივი ნების გამოვლენით გაქვითოს ვალდებულებითი ურთიერთობა, რაც მის შეწყვეტას იწვევს. ამ ურთიერთობის სპეციფიკა ისაა, რომ ნების ადრესატმა გამოვლენილი ნება უნდა მიიღოს. კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მას საპასუხო მოთხოვნა გააჩნდა შპს „ჯ. +-ის“ მიმართ და ამ პირობებში გამოავლინა ნება (სკ-ის 51-ე მუხლი), გარდა ამისა, მხარე არ მიუთითებს გარიგების ბათილობის დამადასტურებელ რეალურ მტკიცებულებებზე, რაც სასამართლოს შეუქმნიდა შინაგან რწმენას იმისა, რომ სახეზე იყო სამოქალაქო კოდექსის 54-ე ან 56-ე მუხლით განსაზღვრული წინაპირობები. რაც შეეხება მხარის მტკიცებას, რომ უფლებამონაცვლეობის საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე და 266-ე მუხლებით, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ მოხმობილი ნორმები არეგულირებენ, ერთ შემთხვევაში, დამატებით გადაწყვეტილების გამოტანის, ხოლო, მეორე შემთხვევაში, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის საკითხებს. სასარჩელო მოთხოვნის ფარგლების გაცდენასთან მიმართებით პალატა ასევე აღნიშნავს, რომ უფლებამონაცვლედ პირის დაშვება, თავისთავად იწვევს სამართლებრივ ურთიერთობის ადრესატად ამ პირის მიჩნევას, მით უფრო, თუკი სახეზეა კრედიტორული მოთხოვნა, რომელიც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასტურდება, შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების აღსრულება (იძულებითი) სწორედ უფლებამონაცვლის სასარგებლოდ ხდება. მოცემულ შემთხვევაში, ზ.ბ-ე მოითხოვდა მის სასარგებლოდ სააღსრულებო ფურცლის გაცემას, თუმცა ამ მოთხოვნის არარსებობის პირობებშიც კი, სასამართლო ვალდებული იყო, უფლების თავდაპირველი მფლობელის სახელზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი გაეუქმებინა, რაც იმას მოწმობს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლი არ არის დარღვეული, ასევე, არ არის დარღვეული სასამართლოს მხრიდან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მოთხოვნები. საკასაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებასაც შპს „ჯ. +-ის“ მიერ ახალი სარჩელის აღძვრის თაობაზე, რადგანაც ეს გარემოება ცდება განსახილველ საკითხს, საკასაციო სასამართლოსათვის, ბუნებრივია, უცნობია ბათუმის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებული ახალი სამოქალაქო დავის თაობაზე, ხოლო კერძო საჩივრის ავტორს, როგორც ფაქტის მიმთითებელ მხარეს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებაც არ წარმოუდგენია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლი წარმოადგენს საპროცესო უფლებამონაცვლეობის მარეგულირებელ ნორმას და მისი პირველი ნაწილი სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) პროცესის ნებისმიერ სტადიაზე დასაშვებად მიიჩნევს სასამართლოს მხრიდან ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია იმგვარი შედავება, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლების შესაბამისად, ამ განჩინების გაუქმებას გამოიწვევდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ბ-ას“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე